''იუვეს'' პროექტს იდეალურად შეესაბამება'' - Tuttosport-ი ხვიჩაზე წერს
იტალიური Tuttosport-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ტურინის ''იუვენტუსი'' ყაზანის ''რუბინის'' 20 წლის შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ''ჯენოას'' 25 წლის უზბეკ ფორვარდს, ელდორ შომუროდოვს აკვირდება.
ავტორიტეტული გამოცემა კვარაცხელიას შესახებ წერს: ''ქართველ ტალანტს დიდებული ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. ხვიჩა კვარაცხელია იდეალურ შესაბამისობაშია ''იუვენტუსის'' ახალგაზრდულ პროექტთან, ე.წ. ''პარატიჩის სტილთან''. კვარაცხელიასთან მიმართებით ''იუვენტუსის'' გარდა ''მილანი'' და მიუნხენის ''ბაიერნი'' ძალიან აქტიურობენ''.
იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგი ინფორმაცია გაავრცელა. Tuttomercatoweb-ის ცნობით ''მილანის'', ''იუვენტუსისა'' და ''ნაპოლის'' გარდა 20 წლის ქართველი ტალანტით მილანის ''ინტერი'' დაინტერესდა. ''რუბინის'' შემტევის შეძენა ბერგამოს ''ატალანტასაც'' სურს. ამავე წყაროს ცნობით კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ ტურში ''რუბინმა'' ''როსტოვი'' სტუმრად დაამარცხა, თუმცა ქართველ ტალანტს გოლით ან საგოლე პასით თავი არ გამოუჩენია. მატჩის შემდეგ ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა: ''არ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა შესამჩნევი არ იყო. მან რამდენიმე ბრწყინვალე ეპიზოდი შექმნა, რამდენჯერმე კარისკენ სახიფათოდ დაარტყა და კარგი პასები შეასრულა. ყველა ელის, რომ ყოველი ეპიზოდისას ხუთ მოწინააღმდეგეს მოატყუებს, მაგრამ ეს შეუძლებელია''.
ევროპული კლუბების მხრიდან დიდი ინტერესი მოქმედებს თუ არა ხვიჩას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, სლუცკის პასუხი ასეთია: ''ამ თემაზე მასთან არ მისაუბრია. მე ვხედავ როგორ ვარჯიშობს, როგორ მუშაობს და მასთან არ მიწევს დამატებითი საუბრები''.