ერთი ფილმია (Boss Level), რომლის მოკლე შინაარსი ასეთია - ერთი და იგივე დღე იქამდე იტვირთება და მეორდება, სანამ მთავარი პერსონაჟი გამოსავალს ვერ იპოვის. იქამდე კი დაუსრულებლად კვდება და კვდება. საქართველოს ნაკრები და ჩვენ ყველანი, მისი გულშემატკივრებიც ასევე ვართ - იქამდე წავაგებთ, იქამდე „მოვკვდებით“ სანამ არ მოვიგებთ და სანამ მიზანს არ მივაღწევთ.
ლეგენდარულ ქართულ ფილმში „შერეკილებში“ ცნობილი ფრაზა - „აქედან ვერ ამოშლით“ მახსენდება. გამორიცხულია ქართველებში ფეხბურთის სიყვარული წაიშალოს და საბოლოოდ გაქრეს.
ფეხბურთის სიყვარული ქალის შეყვარებასავით არის. უმეტეს შემთხვევაში ცხოვრების ბოლომდე გიყვარს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ეს სიყვარული ცალმხრივია, რა დროსაც ერთი მხარე ძალიან იტანჯება. მსგავსად ვართ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებიც. გვიყვარს ფეხბურთი, გვიყვარს ჩვენი გუნდი და ვიტანჯებით დაუსრულებლად, მაგრამ ქართველები ჯიუტი ხალხი ვართ, ბევრის გაძლება და გადატანა შეგვიძლია, ამასაც ავიტანთ და გვირაბის ბოლოს სინათლე, თუ არ გამოჩნდება, მაშინ გვირაბს დავანგრევთ!
მოვა ის დრო, როცა მოსაგებს მოვიგებთ. მჯერა, რომ ამ სწორ გზაზე ვილი სანიოლი დაგვაყენებს. ამ კაცის მენტალიტეტის მჯერა. ტაქტიკურად მას ჯერ კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ ნიშნები დადებითი აქვს. მისი საფეხბურთო მენტალიტეტი კი ცალსახად გამარჯვებულის არის. ეს კაცი ვერ აიტანს დამდგარ გუნდს, ვერ აიტანს დაცვაში სანგრების გათხრას, ვერ აიტანს ანტიფეხბურთს, ვერ აიტანს მისი გუნდისგან უემოციო თამაშს, რადგან მისი საფეხბურთო კარიერა ასეთი არ იყო. როგორია მწვრთნელი სანიოლი?
მისი პრესკონფერენციები მხოლოდ სიტყვებად არ რჩება, ისინი მოედანზე ნელ-ნელა გაცოცხლებას იწყებენ და ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი სწორედ ეს არის.
ესპანეთთან, რომ არ წაგვეგო? ეს არ იქნებოდა სენსაცია და სასწაული. რატომ? 2012 წელს ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს ის მატჩი, რომ არ წაეგო ნამდვილად სასწაული იქნებოდა, რადგან თამაშის სცენარის მიხედვით „ფურია როხას“ აშკარად მოსაგები ჰქონდა და თან, ის გუნდი ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი იყო. სანიოლის კოლექტივმა კი მეტოქეს არაფერი დაუთმო, მომენტებიც შეუქმნა და საპირისპიროდ ლორიას ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია.
ამ მატჩში ჩვენ ფეხბურთი ვითამაშეთ, გავრისკეთ, მსოფლიოს დავანახეთ რომ პროგრესის მატარებელი ამჯერად არ გაგვიტარებია - „ბილეთები ჩვენც შევიძინეთ“.
ამ აუცილებელი შესავლის შემდეგ უშუალოდ მატჩის განხილვაზე გადავალ, მატჩისა, რომელმაც ჩვენი მწვრთნელისა და მისი ხედვების შესახებ ბევრი რამ დაგვანახა.
შემადგენლობები და ტაქტიკა - სანიოლმა ენრიკე პირველ ტაიმში დაჩაგრა
ლუის ენრიკემ საბერძნეთთან ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ, შემადგენლობაში ერთბაშად 7 ცვლილება გააკეთა და საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ გადახალისებული, არც ისე შიშისმომგვრელი ესპანეთის ნაკრები ვიხილეთ.
20 წლის ბრაიან ხილს თბილისში არაფერი გამოუვიდა. ამ საღამოს სხვა ტალანტმა გაიბრწყინა და მას თეთრი მაისური ეცვა...
„ფურია როხას“ დაცვის ხაზში ექსტრაკლასის მოთამაშე მხოლოდ ალბა იყო. ლუის ენრიკეს ნახევარდაცვის ცენტრი როგორც ყოველთვის ბურთის კონტროლზე გახლდათ ორიენტირებული, თუმცა სამივე მათგანი ბუსკეტსი-პედრი-რუისი საკმაოდ ნელი მოთამაშეები არიან და სწრაფი კონტრშეტევებისას დაცვის დაზღვევას ვერ ახდენდნენ. რაც ჩვენი ნაკრებისთვის პლუსი იყო.
ვილი სანიოლმა ამჯერად კანკავა-გვილია-კიტეიშვილის ცენტრით თამაში არჩია და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
რატომ გვილია და არა კვეკვესკირი? იმიტომ, რომ სანიოლი ხვდებოდა ბურთის დაჭერა ამ მატჩში ნაკლებად მოგვიწევდა და აქცენტი უფრო მეტად ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებაზე, ცენტრში კანკავასთვის დახმარებაზე და მთლიანობაში პრესინგზე გააკეთა.
კვეკვესკირი ასე უბურთოდ თამაშისას ნაკლებად სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე გვილია. დიახ, ვაკო საკმაოდ ცუდ ფორმაშია და ბოლო 1 წელი კლუბშიც სუსტი ჰქონდა, სანიოლმაც სწორედ ამიტომ არ გამოიძახა ნაკრებში, მაგრამ ოქრიაშვილის ტრავმამ საბოლოოდ ასეთი სურათი მოგვცა.
შვედეთთან კვეკვესკირმა ითამაშა, ესპანეთთან კი გვილიამ. სანიოლს ამჯერად ართმევაზე და პრესინგზე უკეთესად მოთამაშე კადრი სჭირდებოდა.
ასევე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი - ესპანელები ინდივიდუალურად ხიფათს ვერ გვიქმნიდნენ, რასაც ყვითელი ბარათების რაოდენობაც ადასტურებს. თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთზე შენგელიას გაძევებას, ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ 1 გაფრთხილება მიიღეს, რაც ასეთი დაძაბული მატჩისთვის საკმაოდ ცოტაა.
სანიოლმა ბიჭებს სწორი მითითებები მისცა, რაც მათ კარგად შეასრულეს და მეტოქეს საკმაოდ სუფთად ეთამაშებოდნენ. მცირე ჯარიმები, ეგრეთწოდებული ტაქტიკური ფოლები ზედმეტი უხეშობის გარეშე და ეს ყველაფერი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იმიტომ არის, რომ მეტოქემ ამის შედეგად ბევრი მომენტის შექმნა ვერ შეძლო.
კაშია მორატას პერსონალურად მეურვეობდა და ამას კარგადაც აკეთებდა. მთლიანობაში ჩვენი დაცვის ოთხეული კარგად გამოიყურებოდა.
რაც შეეხება შემტევ ტრიოს, თავდასხმაში მოსალოდნელი სამეული ვიხილეთ. ხვიჩა შიგადაშიგ ცენტრისკენ იწევდა და რამდენიმეჯერ გარღვევაც შემოგვთავაზა. ეს შემთხვევითი არ იყო. ესპანელთა ნელ შუა ხაზზე ზემოთ გესაუბრეთ. მათ „კვარას“ დაჭერის მცირე შანსი ჰქონდათ.
საბა ლობჟანიძეს გადაგდებულ ბურთებზე ბრძოლა, თავისი სისწრაფის გამოყენება (თუმცა ალბას წინააღმდეგ უწევდა თამაში...) და კაკაბაძის დაზღვევა ევალებოდა. ბუდუ ზივზივაძე კი ამ შეხვედრაში ყველაზე მეტად დაიჩაგრა. ამდენი ხნის ლოდინისა და დაუმსახურებლად ნაკრებს მიღმა დატოვების შემდეგ, როგორც იქნა გამოიძახეს და პირველი თამაში თვით ესპანეთის წინააღმდეგ მოუწია. ჩვენი ფორვარდი ძირითადად უბურთოდ დარბოდა და მხოლოდ 1-2 მომენტში ლობჟანიძეს ფლანგზე კარგად გააყოლა. სულ ეს იყო.
ზივზივაძეს სხვა მატჩებშიც მიეცემა შანსი, სადაც უფრო მეტ მომენტს შევქმნით და ბურთსაც მეტად დავიჭერთ, რა დროსაც მისი შესაძლებლობები უკეთ გამოჩნდება.
ჯამში უნდა ვთქვა, რომ სანიოლის შერჩეული თერთმეტეული სწორი იყო. პრესინგი საკუთარ ნახევარზე, დიდი ძალებით თავის დაცვა და კონტრშეტევაზე სწრაფი გადასვლა. ამან იმუშავა და გავიტანეთ კიდეც. ამაზე უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით...
მომენტების დეტალური განხილვა, სტატისტიკა - რა ვნახეთ და რა შეგვეძლო
დვალის და გვილიას შეცდომა - ჩვენმა ნაკრებმა პირველ ტაიმში ერთი უხეში შეცდომა დაუშვა და ეს მე-11 წუთზე მოხდა.
როგორც იტყვიან ხოლმე „ბურთი შეტენა“ - დვალმა ამ მომენტში გვილია რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ვაკოს მისამართით სწრაფი პასი გააკეთა, ამ დროს პედრიმ სცენარი წინასწარ გათვალა და მისი მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, პარალელურად მორატა მეორე მხრიდან აპრესინგებს, შედეგად გვილია იბნევა და ლამაზი ბრუნით ცდილობს მეურვეებს დაუსხლტეს, თუმცა ეს მისი ძლიერი მხარე არ არის და ბურთი იკარგება. შედეგად გაშვებული გოლისგან ლორიამ გვიხსნა.
მე-18 წუთზე კუთხურის შემდეგ კაშიას სახიფათო თავური სასიამოვნო სანახავი იყო, რადგან ბოლო წლებში ჩვენი ნაკრებისგან სტანდარტულებისას ხიფათის შექმნას მოკლებულები ვართ.
მომდევნო საინტერესო მომენტი 26-ე წუთზე ვიხილეთ. კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში ვითარება დაიძაბა. კიტეიშვილმა ბურთი ხელში ჩაიგდო და გამოსავალი იპოვა, საბოლოოდ შეტევა რომელიც გაცილებით მწვავედ უნდა დასრულებულიყო კაკაბაძის შორეული და არაზუსტი დარტყმით დასრულდა.
კადრში კარგად ჩანს - კაკაბაძეს წინ საკმაო სივრცე აქვს, რომ არ იჩქაროს და თავი აწიოს. ესპანელთა დაცვა არასწორად არის განლაგებული და ზივზივაძე-კვარაცხელია დაკარგული ჰყავთ. ფეხბურთში ბევრი ასეთი მომენტი გვინახავს, როდესაც საჯარიმოში დაცვის ზურგსუკან რბილი ჩაგდების შემდეგ, წამებში გუნდი საგოლე შეტევას იღებს. ამ სიტუაციაში ასეთი პასი იდეალური გამოსავალი იქნებოდა.
ესპანეთის ნაკრებმა ბურთის ფლობა და უამრავი შესრულებული გადაცემა სახიფათო მომენტებად ვერ გარდაქმნა, რაც ჩვენი მწვრთნელის სწორი ტაქტიკის დამსახურება იყო. სანიოლის გუნდი ხაზებს შორის ზონებს თითქმის არ ტოვებდა, რაც ნაკლებად ინდივიდუალისტი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ „ფურია როხას“ პრობლემებს უქმნიდა.
საქართველოს ნაკრები თავდაცვისას 4-5-1 სქემით მოქმედებდა. დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის ზონები მაქსიმალურად არის გადაკეტილი და მეტოქეს მინიმალური სივრცე აქვს.
ესპანეთი იძულებულია ბურთი უკან წაიღოს, თუმცა ამ მომენტში სანიოლის გუნდის განლაგება დიდად არ იცვლება და სიმჭიდროვე ნარჩუნდება.
რაც შეეხება ხვიჩას გოლს. თავიდანვე ვხედავდით, რომ ესპანელები კვარაცხელიას შეჩერებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მომენტში მან თამაში გაამწვავა და მეტოქის 2 ფეხბურთელს ყვითელი ბარათიც მიაღებინა.
საგოლე შეტევისას ყელაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. იერიში კაშიას ბურთის ჩაჭრით დაიწყო და ფლანგზე კაკაბაძე მოძებნა, რომელიც 2-3 მოთამაშეს დაუსხლტა და საჯარიმოსთან მდგომ კიტეიშვილს გადააწოდა. უკვე იკითხებოდა, რომ ბურთი ხვიჩამდე მივიდოდა...
კვარაცხელიამ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა. მარჯვენა ფეხით მიიღო და გაისწორა, მარცხენათი კი უნაი სიმონს დიდებულად შეუსრულა.
„საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი!“ - ინგლისელი კომენტატორის ემოციები და ფრაზები ყველაფერზე მეტყველებს...
მეორე ტაიმში ლუის ენრიკემ საჭირო ცვლილებები გააკეთა. მიხვდა თავის შეცდომას და იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებს ბრაიან ხილით თამაშს ვერ მოუგებდა. დანი ოლმოსა და ტიაგო ალკანტარას თამაშში ჩართვის შემდეგ, ესპანელებმა თამაშზე კონტროლი დააწესეს და ჩვენდა სამწუხაროდ საწყის 10 წუთშივე გაგვიტანეს.
პირველი გოლისას ესპანელები 8 კაცით გვიტევდნენ და ამ მომენტში კონტრშეტევა ჩვენ უნდა წამოგვეწყო... 1-2 ნაბიჯი ფლანგისკენ და პასი კონტრშეტევას იწყებდა.
თუმცა ის საპირისპიროდ მივიღეთ, რაც გოლით დასრულდა. ამ მომენტში ჩვენმა დაცვის ხაზმა მატჩში ერთადერთი უხეში შეცდომა დაუშვა. საჯარიმოში რიცხობრივი უპირატესობა 6-3-ზე გვქონდა, თუმცა ესპანელებმა სისწრაფის ხარჯზე სივრცე შექმნეს და გოლით დააგვირგვინეს.
გოლის გაშვების შემდეგ, როდესაც ესპანეთი ზეწოლას ზრდიდა, ასეთ დროს „კვარას“ გარდა მეორე ინდივიდუალისტიც გვჭირდებოდა, რომ მეტოქეს საფრთხე მხოლოდ მისგან არ ეგრძნო. მეორე ტაიმში „ფურია როხას“ საქართველოს ნაკრებისგან დიდი ხიფათი არ უგრძვნია. მათი დომინანტური და თავდაჯერებული თამაში გარკვეულწილად ამის დამსახურებაც იყო.
გაშვებული ბურთის შემდეგ, სანიოლის გადაწყვეტილებამ მისი მენტალიტეტი და ხედვა კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა. შენგელიასა და ბერიძის მოედანზე შეშვებით ჩვენმა მწვრთნელმა შეტევა გააძლიერა და დაცვაში გამოკეტვაზე არც უფიქრია.
სულ სხვა საქმეა რამდენად გამოგვადგა ეს შეცვლები. სამწუხაროდ დანაკლისი კვლავ დიდი იყო და მწვრთნელს არჩევანი შეზღუდული ჰქონდა.
დაახლოებით 70-ე წუთიდან ქართველ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და ჩვენი მწყობრად მოთამაშე გუნდი, გამართული მექანიზმი მოიშალა... საშინლად მძიმე კალენდარი, პლუს ამას რამდენიმე ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა... „არ ვაპირებ ჩემს გუნდზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად კარგად გვეთამაშა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში მუდმივად არ თამაშობენ ან მცირე სათამაშო დრო აქვთ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მატჩის მიწურულს გადაღლილობის მომენტი იყო“, - თქვა სანიოლმა შეხვედრის შემდეგ.
ესპანეთი მომენტის შექმნის საშუალებას აღარ გვაძლევდა, თუმცა ამას ვერც თავად ახერხებდნენ.
და დადგა 92-ე წუთიც... მეორე გაშვებული გოლის მომენტში ქვილითაიას წინააღმდეგ საჰაერო ორთაბრძოლის დროს ჩემი აზრით წესები დაირღვა და მსაჯს ეს გამორჩა. ერიკ გარსია ახტომის დროს მას აშკარად ხელით ეყრდნობა და ბურთს მხოლოდ ამის შემდეგ იგებს. პლუს ამას, ტიაგო ალკანტარა წინა მხრიდან მას ბლოკს უკეთებს და ორმხრივი ძალისხმევით ქვილითაიას ანეიტრალებენ. ვფიქრობ, აქ ჯარიმის მიცემა სავსებით შესაძლებელი იყო.
თავად ქვილითაიას მომენტი საერთოდ არ გაუპროტესტებია. შეტევის გაგრძელებისას კი შენგელიას ალბას წაქცევა შეეძლო, თუმცა პროვოცირებაზე არ წავიდა.
შეტევა გაგრძელდა და ნახევარდაცვის ცენტრალურმა სამეულმა პოზიციების დროულად დაკავება ვერ შეძლო, რამაც ალბას გრძელი პასის გაკეთების საშუალება მისცა. ოლმომ ბურთი დასარტყმელ პოზიციზე მიიღო...
ამ მომენტში გუნდს დაღლილობა ეტყობოდა და ნახევარდაცვის სამეულმა პოზიციების დროულად დაკავება ვერ შეძლო. ზონებს შორის სივრცე გაჩნდა, რომელიც ალბამ იმწამსვე გამოიყენა.
კვეკვესკირის, კანკავასა და გვილიას განლაგება ოლმოს გოლის დროს
ამის შემდეგ უკვე ყველაფერი გასაგებია. გიორგი ლორიამ აშკარა შეცდომა დაუშვა. კარის ხაზიდან ძალიან წინ იყო გამოსული, რაც ოლმომ ერთი გახედვით შენიშნა და იმწამსვე დაურტყა.
დასკვნა - სანიოლი სწორ გზას ადგას
ძალიან დასანანია, როცა ასეთი მატჩების წინ ამხელა დანაკლისი გვაქვს ხოლმე. ამ ორ მატჩში ოქრიაშვილის სტილის მოთამაშე დაგვაკლდა და დააკლდა ხვიჩასაც, რომელმაც ბევრი დრიბლინგი გააკეთა და ბურთის „თრევა“ ხშირად უწევდა, რამაც მისი დაღლა გამოიწვია და მატჩი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.
ინდივიდუალური სამუშაოს გადანაწილება გვჭირდება, რასაც სანიოლი აუცილებლად მიხედავს. მისი ხედვა და მიდგომა სწორია და მჯერა, რომ გუნდი შედეგისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლის.
ჩაკვეტაძის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ამ ბიჭს უბრალოდ იღბალი და სწორი მკურნალობა სჭირდება. მას უნდა გაუმართლოს და ამ დაუსრულებელ ტრავმებს წერტილი დაესვას, რათა თამაში კვლავ შეძლოს და ნაკრებში ძველებურად იფრინოს. მოვიცადოთ, ამჟამად ჯანმრთელია და თამაშობს, ფორმის აღდგენას ცდილობს. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტად აღარ დაიმტვრევა...
„ჩაკვეს“ გარდა მომდევნო ტურის (საბერძნეთის შემდეგ) მატჩებისთვის აი ამ ბიჭის იმედიც უნდა გვქონდეს, რომელმაც უკრაინა ძალიან დაამწუხრა, როცა მათ ნაკრებზე უარი თქვა და მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა.
მჯერა, რომ სანიოლი ამ 3 მატჩის შემდეგ სწორ დასკვნებს გამოიტანს. გუნდს უკეთ გაიცნობს, თავის ფილოსოფიასა და ხასიათს ყველა მათგანამდე მიიტანს. იქამდე კი ნაკრებს საბერძნეთში წარმატებები ვუსურვოთ - იმედია ფორტუნა ზურგს არ გვაქცევს და მარტის შეხვედრებს უქულოდ არ დავასრულებთ.