ანალიზი: ალბათ ასე აჯობებდა - რა გვანახა სანიოლის დებიუტმა
Aa Aa

ანალიზი: ალბათ ასე აჯობებდა - რა გვანახა სანიოლის დებიუტმა

შვედეთი-საქართველოს მატჩს ქართველი გულშემატკივრები დიდი მოლოდინებითა და ოპტიმიზმით ელოდნენ. იყო გადამეტებული და ზომიერი ოპტიმიზმიც. საბოლოოდ კი ნაცნობი სცენარი ვიხილეთ - ცუდად არ გვითამაშია, მომენტებიც შევქმენით, ქულის აღებაც სავსებით რეალური იყო, მაგრამ დავმარცხდით.

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ვილი სანიოლის პირდაპირი კრიტიკა, ან თუნდაც შექება ამ მომენტისთვის არ მიმაჩნია სწორ საქციელად.

„გუნდში ახალი მოსული ვარ და ბევრი რამ არ ვიცი, თუმცა ჩემი ფეხბურთელების ბევრ ვიდეოს ვუყურე და ასე თუ ისე გავიცანი“. - ამბობდა სანიოლი მატჩამდე.

მწვრთნელს, რომელმაც ნაკრებთან მხოლოდ 2 ვარჯიში ჩაატარა და მეორე დღეს შვედეთში სათამაშოდ გაფრინდა, ძნელია ასეთ მოკლე დროში ბევრი მოსთხოვო. ამ 3 მატჩში სანიოლმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგვაოცოს, ან მისი გუნდის შემხედვარე სამომავლოდ ოპტიმიზმის საფუძველი მოგვეცეს.

შვედეთთან შეხვედრაში რამდენიმე საიტერესო დეტალი გამოიკვეთა. შევეცდები ეს ყველაფერი თქვენამდე მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად მოვიტანო.

დებიუტანტებმა თავი არ შეირცხვინეს

გურამ გიორბელიძემ და გრიგოლ ჩაბრაძემ მწვრთნელისგან მიცემული შანსები საკმაოდ კარგად გამოიყენეს და დავინახეთ, რომ დაცვის ფლანგებზე სანიოლს სამომავლოდ იმედი უნდა ჰქონდეს.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მოთამაშე ბათუმის „დინამოელი“ ჩაბრაძის ასე დამაჯერებელი თამაში. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ ნაკრებში ჩვენი ჩემპიონატიდანაც ვიხილოთ ვინმე და მან თავი არ შეირცხვინოს.

ძირითადში არ ველოდი, მაგრამ ალბათ ყველას გვინდოდა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მეტი ეთამაშა, თუმცა წინ კიდევ 2 მატჩია და სანიოლი მას მეტ დროს მისცემს. იგივეს თქმა შეიძლება ბუდუ ზივზივაძის შესახებაც.

ზოგადად ცენტრფორვარდის პოზიცია ჩვენთვის დიდი პრობლემაა და ამაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

დაცვა ცუდი არ იყო - ნახევარდაცვის სამეულის ეს ვერსია იდეალური არ არის

განაპირა მცველებზე უკვე ვისაუბრე. დაცვის ცენტრში კი 33 წლის გურამ კაშიამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და ლიდერის თვისებებიც გამოავლინა.

ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ მან მიიღო. Sofascore-ის ვერსიით კაშიას თამაში 7.2 ქულით შეფასდა.

პირველ ტაიმში მისი ვარდნა სასიამოვნო სანახავი იყო.


რაც შეეხება ლაშა დვალს, მისგან მეტს ველით. „ფერენცვაროშის“ ტანმაღალმა მცველმა ბევრი ორთაბრძოლა წააგო და რამდენიმეჯერ პოზიციურადაც შეცდა, თუმცა საერთო ჯამში დაცვის ოთხეული ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

ჩემი მოკრძალებული აზრია - შვედეთის წინააღმდეგ 3-4-3 სქემით თამაში სავარაუდოდ უკეთესი იქნებოდა. სამი ცენტრალური მცველი მეტოქის სახიფათო ჩაწოდებებს უფრო მარტივად გაუმკლავდებოდა. მასპინძლებმა ყველა სახიფათო მომენტი სწორედ საჰაერო ორთაბრძოლების დროს შეგვიქმნეს.

ამ სქემით თამაშისას პრესინგი გაცილებით მარტივდება, დაცვაში სივრცეები ნაკლებად რჩება და განაპირა მცველები შეტევაში უფრო თამამად ერთვებიან. ამასთან ერთად კვარაცხელიასა და ლობჟანიძეს უკან სირბილი და მცველების დაზღვევა ნაკლებად მოუწევდათ, რაც შეტევაში მათ პროდუქტიულობას გაზრდიდა.

შვედებმა 2 ყველაზე მწვავე მომენტი ჩაწოდების შემდეგ შეგვიქმნეს. პირველ ჯერზე ლორიამ გვიხსნა. მეორედ ვეღარ.

პირველი პასის მომენტში ჩაბრაძესა და კაშიას შორის სივრცე დარჩა, რომელიც მეტოქემ მომენტალურად აითვისა. მეორე ჩაწოდებისას დვალი შეცდა, კაშიამ დააზღვია, კაშია კი ჩაბრაძემ ვეღარ დააზღვია, ზლატანმა კი სივრცე სწრაფად და ნაყოფიერად გამოიყენა.

აქედან გამომდინარე 3 ცენტრალური მცველით თამაში შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო. ყველამ იცოდა, რომ შვედები 4-4-2-ით ითამაშებდნენ და წინ იბრას ალექსანდრ ისაკი შეუწყვილდებოდა, რომელიც ასევე ტანმაღალი (1.90) გახლავთ.

შვედეთის ნაკრების მთავარი კოზირი პრაქტიკულად ყოველთვის ჩაწოდებები იყო. მათი ნახევარდაცვა ამ საუკუნეში დიდი კრეატივით ნაკლებად გამოირჩევა.


სანიოლმა პირველივე მატჩში არ გარისკა და ძირითადად იმ სქემით ითამაშა, როგორც ვაისის ფორმაციის ნაკრები თამაშობდა, რაც ალბათ მოსალოდნელიც იყო. მომდევნო შეხვედრებში ფრანგი სპეციალისტისგან ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, კანკავა-კვეკვესკირი-აბურჯანიას ტრიოს - სამივე მათგანის მოედანზე ერთდროულად ყოფნა გუნდის სათამაშო ტემპზე გავლენას ახდენს და მას დაბლა წევს.

გარდა იმისა, რომ სამივე არც ისე სწრაფია, არცერთის პლუსი არ არის ცენტრიდან გარღვევები და თამაშის გამწვავება. ბურთის ფლობა, ჩაშლა - ამ ტრიოს კარგად ეს გამოსდის, შვედეთთან მატჩში კი ცენტრში მეტი სიმწვავე და სისწრაფე დაგვაკლდა. ზედმეტად ბევრი გვერდით და უკან პასი გაკეთდა.

კვარაცხელია და ქვილითაია - არასწორი გადაწყვეტილებები და შეცდომები

უშუალოდ მომენტებზე გადავიდეთ. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ სანიოლი კონტრშეტევაზე თამაშს გეგმავდა და მომენტიც მალევე შეიქმნა. 0:0-ზე მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიას შეხვედრაში ყველაზე რეალური მომენტი შეექმნა. ამდენად რეალური საგოლე შანსი არც შვედებს ჰქონიათ.

ამ ეპიზოდმა დაგვანახა, რომ შვედების უკანა ხაზი საკმაოდ ნელი და ტლანქია. მათ წინააღმდეგ უფრო სწრაფი თერთმეტეულით უნდა გვეთამაშა.

სამწუხაროდ ქვილითაიამ კვლავ ვერ შეასრულა. ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან უნიათოდ დაარტყა და ვერც გვერდით კარგ პოზიციაში გახსნილი საბა ლობჟანიძე შენიშნა.


მეტი გამოცდილება, ბოლო ტურში გატანილი ბრწყინვალე გოლი - სანიოლზე გავლენა ამ ფაქტორებმა მოახდინეს და ქვლითაია ძირითადში სწორედ ამიტომ ვიხილეთ, თუმცა...

სადაც სანიოლმა ჩაბრაძისა და გიორბელიძის შემთხვევაში გარისკა და ასეთი დონის მატჩში მათი დებიუტი შედგა, იქვე მარტივად იყო შესაძლებელი, რომ ქვილითაიას ნაცვლად ზივზივაძეს, ან მიქაუტაძეს დაეწყოთ თამაში.

შვედებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი ნაკრები ჰყავს. მათი მცველები კი ალბათ ყველაზე მაღლები არიან. მათ წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან უფრო მეტ ტანმორჩილ და სწრაფ ფეხბურთელს უნდა ეთამაშა. ქვილითაიასა და აბურჯანიას ნაცვლად ძირითადში შესაძლებელი იყო სხვები გვეხილა. ამის საშუალება არსებობდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე მწვრთნელს სიტუაციაში გასარკვევად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და მისი დადანაშაულება არასწორი იქნება.

ახლა ხვიჩაზე გადავიდეთ. კვარაცხელიას პირველ ტაიმში 2 მომენტი შეექმნა, როცა გამწვავება შეეძლო და უკეთ თამაშიც მართებდა, თუმცა ორივე შემთხვევაში იჩქარა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი შანსი მე-16 წუთზე ჰქონდა. ვხედავთ, რომ „კვარას“ სივრცე აქვს, ასეთ დროს კი მას გარისკვა და გამწვავება სჩვევია, თუმცა დააყოვნა, ბურთი უფრო კუთხურის ხაზისკენ წაიღო და პასის გასაკეთებლად მოემზადა, რა დროსაც მეტოქემ დატოვებული სივრცე შეზღუდა და ქვილითაიას მისამართით გაკეთებული პასი უკვე განწირული იყო.


ხვიჩას მეორე მომენტი 32-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც კონტრშეტევაზე წავედით. აქ ვხედავთ, რომ ფეხბურთელები 3-3-ზე იყვნენ და იყო შანსი შეტევა საკმაოდ მწვავე გამოსულიყო, თუმცა ქვილითაია „კვარას“ ძალიან ცუდად ეხსნება. იმის ნაცვლად, რომ ცენტრისკენ შეეწია და კარზე წასულიყო, რაც კვარაცხელიას მეტ სივრცეს და არჩევანს მისცემდა, მან ფლანგისკენ შემოიწია.

ამ დროს კვარა დაიბნა, ან უბრალოდ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი ქვილითაიას დაუტოვა, შემდეგ კი ის მანევრი თავად განახორციელა, რაც როგორც უკვე აღვნიშნე ქვილითაიას ევალებოდა. საბოლოოდ შეტევამ სიმწვავე დაკარგა და ბურთიც დაიკარგა.


ამ მომენტებიდან აშკარად ჩანს, რომ კვარაცხელიასთვის ქვილითაია საკმაოდ ცუდი მეწყვილეა და იმედია მომდევნო მატჩებში ცვლილებებს ვიხილავთ.

სანიოლის დროული, მაგრამ არც ისე სწორი შეცვლები

მეორე ტაიმის დასაწყისში ყველამ მცირე შოკი მივიღეთ, როცა მოედანზე კვარაცხელია აღარ დაგვხვდა. როგორც გაირკვა ხვიჩას მცირე დაზიანება ჰქონდა და სანიოლმა აღარ გარისკა.

მოედანზე გამოჩენილმა კიტეიშვილმა ნახევარდაცვას მეტი სისწრაფე მისცა და პრესინგის დროს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ზოგადად მეორე ტაიმი სანიოლის გუნდმა კარგად დაიწყო.

იძულებითი შეცვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილების დრო მოვიდა, რომელმაც არ გაამართლა. კვეკვესკირის გასვლისა და გვილიას შემოსვლის შემდეგ, ნახევარდაცვაში ბევრი არაზუსტი პასი გაკეთდა. თამაში არც აბურჯანიას მისდიოდა და მისი შეცვლაც შეიძლებოდა.

აბურჯანია-გვილია-კიტეიშვილის ტრიომ სანიოლის ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. აშკარა იყო, რომ მწვრთნელს ამ შეცვლების შედეგად ცენტრიდან თამაშის გამწვავება სურდა, თუმცა შედეგად ბევრი უზუსტო პასი და ბურთის უაზროდ დაკარგვა ვიხილეთ.

პირადად ჩემთვის გვილიას მოედანზე ხილვა დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან სანიოლმა თავდაპირველ სიაში ის საერთოდ არ შეიყვანა. ფეხბურთელი, რომელსაც არ იძახებ და შემდეგ ტრავმის გამო მისი დამატება იძულებით გიწევს - ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მისი მოედანზე გამოჩენა აშკარად მოულოდნელი იყო, რასაც დადებითი შედეგი ბუნებრივია არც მოჰყოლია.

ცვლილებაზე ვიხილეთ შენგელიაც, რომელსაც ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში გამართულ შეხვედრაში (1:1) მოხდა, ამჯერადაც იგივე ვნახეთ - რეალური შანსი და გაცუდებული დარტყმა.

შენგელიას დარტყმის დროს ყოველთვის „ოდნავ კუთხისკენ“ გაშვება აკლდება ხოლმე.


ზოგადად მომენტების გამოუყენებლობა გვღუპავს. ეს ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. საბერძნეთმა ესპანეთიდან ქულა წაიღო. გოლების გატანა კოსოვოსაც უყვარს. თანამედროვე ფეხბურთი ასეთია - თუ მომენტს ვერ გამოიყენებ, იქ უკვე ახალი ხედვები, ახალი ფეხბურთელები და ახალი სათამაშო სქემა აზრს კარგავს. დროა გოლის გატანა ვისწავლოთ და იმედი მაქვს სანიოლი ამ მხრივ შემადგენლობაში სწორ ცვლილებებს განახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში ბოლო ადგილი არ აგვცდება.

„წყევლა“, რომელიც თავს არ გვანებებს

ერთა ლიგაზე ჩაკვეტაძის გამოკლება, შემდეგ მაკედონიასთან კვარაცხელიას კორონავირუსი, ამჯერად ოქრიაშვილის ტრავმა ბოლო ტურში მატჩის წინ და შვედეთთან პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩას დაზიანება...

მომენტების გამოუყენებლობა ჩვენი პრობლემაა, მაგრამ ყველა პრინციპული მატჩის წინ ამხელა დანაკლისი ნამდვილი უიღბლობაა. როდემდე უნდა გაგვწიროს ფორტუნამ?

დიდი იმედი მაქვს, ესპანეთთან მატჩისთვის ხვიჩა სრულ მზადყოფნაში იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გუნდის ლიდერია, მისი თამაშის სანახავად თბილისში „მილანისა“ და „იუვენტუსის“ (და არამარტო მათი) სკაუტები ჩამოდიან, რათა „კვარას“ თამაშს დააკვირდნენ.

სანიოლი ჯერ გუნდს არ იცნობს, თუმცა პროგრესის იმედი უნდა გვქონდეს

ჩვენი მწვრთნელი თავის საქმეს ახლა იწყებს და ჯერ მისი შეფასება ძალიან ადრეა. რაც დავინახეთ არის ის, რომ სანიოლი საკმაოდ თამამია. როგორც თავად ამბობს, მისი გუნდი შეტევაზე იქნება ორიენტირებული და თანამედროვე ფეხბურთის თამაშს შეეცდება:

„გუნდის მიზანი თანამედროვე ფეხბურთის თამაშია ანუ უფრო სწრაფად თამაში. ფეხბურთელებმაც უნდა აიმაღლონ თვითშეფასება, ეს კი გარკვეულ რისკებზე წასვლას საჭიროებს. საქართველოს დარი გუნდი ვერ მიაღწევს ვერაფერს ურისკოდ. არ აქვს აზრი დაცვაში თამაშს და მეტოქის შეცდომის ლოდინს. უნდა ვიყოთ ამბიციურები და მეტოქეებს შეცდომები თავად დავაშვებინოთ.

რაც აქ ვარ, ვგრძნობ, რომ ყველა იზიარებს ჩემს აზრს, რომ უნდა შეიცვალოს კურსი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა დამაჯერებელი შედეგები, უმისოდ საკუთარი თავის რწმენას ვერ განვივითარებთ“.

არ მგონია, რომ სანიოლის ხელმძღვანელობით იგივე ფეხბურთი ვიხილოთ, რასაც ვაისის ფორმაციის ნაკრები გვთავაზობდა. გარკვეული დროის გასვლისა და ადაპტაციის შემდეგ, პროგრესს უნდა ველოდოთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, დრო, რომელიც სანიოლს საკმაოდ ცოტა აქვს - ვირას „დინამო არენას“ გაბრაზებული ესპანეთის ნაკრები ესტუმრება.

გაზიარება: