„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!...
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია...“
აწმყო ნამდვილად არ გვწყალობს, მომავალი კი ჩვენი უნდა იყოს, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.
დღეს არ მინდა კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ვისაუბრო, არ მინდა ვინმეს ხელი დავადო და შემდეგ ის სამიზნედ ვაქციო. უბრალოდ მინდა კონკრეტულ თემას შევეხო და მის ირგვლივ არსებულ დიდ პრობლემებზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ხალხის გარკვეული ჯგუფის მიერ არის გამოწვეული, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია.
მერჩივნა ამ თემაზე საერთოდ არ მესაუბრა და სხვა რამეზე დამეწერა, რადგან სხვის პირად ცხოვრებაზე, ან მის გადაწყვეტილებაზე მსჯელობა, მითუმეტეს მისი ოჯახური მდგომარეობის გარეთ გამოტანა უხერხული და არასასიამოვნოა, მაგრამ ფაქტია ეს უკვე მოხდა...
დღეს ერის ორ (ან მეტადაც) ნაწილად გახლეჩვის მცდელობებს ვხედავთ. მოვლენები თითქმის ყველა დარგში ანალოგიურად ვითარდება. პოლიტიკიდან დაწყებული სიძულვილისა და ნეგატივის ნიაღვარი მოედინება და გზად ყველაფერს ანგრევს.
სიხარულს არ გვაცდიან. ნებისმიერი ნაბიჯის პოლიტიზირება, სახალხოდ განხილვა და მაქსიმალურად ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა ხდება და ამის მიზეზიც სწორედ ეს არის.
ეს თემა ძალიან დიდია და სპორტის ფარგლებს სცდება. ამიტომ, არ მინდა მას გავყვე და გადავუხვიო. მაქსიმალურად შევეცდები (რამდენადაც შესაძლებელია) სპორტის ჩარჩოებში დავრჩე.
ბოლო წლებში „ბულინგმა“ ჩვენ ქვეყანაში ფეხი ზედმეტად მოიკიდა. მედიის, სოცმედიის და სოციალური ქსელების მეშვეობით, ადამიანების ნაწილი ერთმანეთის შეურაცხყოფითა და დისკრიმინაციით არის დაკავებული.
„ჰარი პოტერში“ არიან ასეთი არსებები - დემენტორები, რომლებიც ადამიანების დადებითი ემოციებითა და მოგონებებით იკვებებიან. „ბულინგი“, სიძულვილის ენა - ეს ორი რამ ჩვენი საზოგადოების ნაწილში მსგავს რამეს აკეთებს. აქცენტი მხოლოდ ნეგატივზე კეთდება. ისეთ დადებით მოვლენაზეც კი როგორიც ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰაში გამარჯვება იყო, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სამწუხარო და ბევრისთვის ამაზრზენი ქმედება... ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
რა გვჭირს? ასე რატომ დავბეჩავდით? სხვაგან მსგავსი რამ ხდება?
პოლიტიკა და სპორტი - ეს ორი სფერო ბევრ ქვეყანაში ერთმანეთშია „შეზრდილი“. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა ერთია როდესაც პოლიტიკა და სპორტი იკვეთებიან და მეორეა, როცა პირადად სპორტსმენის ცხოვრებაში იჭრები და მას ზიანს აყენებ. ამ შემთხვევაში ზიან-ში ფიზიკური ზიანი არ იგულისხმება, საუბარია ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ფორმა გახლავთ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არც ამ მხრივ არის გამონაკლისი.
ბოლო დროს მთელი საზოგადოება შეწუხებულია და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
სამწუხაროდ, ბასილაშვილი საქართველოში არც პირველი სპორტსმენია და არც ბოლო იქნება, ვისი ცხოვრება თუ, რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის განხილვის საგანი გახდა. ვისაც გაუაზრებლად და უსამართლოდ აკრიტიკებენ და ბრალს მტკიცებით ფორმაში ისეთ რამეში სდებენ, რაც სასამართლოს მიერ ჯერ არ დამტკიცებულა.
კარგად გვახსოვს რამხელა კრიტიკა დაიმსახურა ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყველა რეკორდის ავტორმა ლაშა ტალახაძემ, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის მხარდამჭერ ვიდეოკლიპში გამოჩნდა.
ანალოგიურად დიდი კრიტიკა და სამწუხაროდ კრიტიკაზე მეტიც დაიმსახურა ჩვენმა ლეგენდარულმა ქალბატონმა, ჭადრაკის დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც ასევე პოლიტიკას შეეხო და შემდეგ, მას ზედმეტად მკაცრად შეეხნენ...
ცნობილი ადამიანები - იქნება ეს სპორტსმენი, მსახიობი თუ სხვა სფეროს ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, მათი ცნობადობა მაინც თავის როლს ასრულებს და როდესაც ამდენად პოპულარული ხარ, დგამ ასეთ სარისკო ნაბიჯს, ამას ყოველთვის მოჰყვება მკაფიო შედეგებიც, თუმცა დაუკრეფავში გადასვლა და ელემენტარული ჰუმანაურობის დაკარგვა, კანონის ფეხქვეშ გათელვა დაუშვებელია.
არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ მისი არჩევანის გამო მიწასთან გაასწორო. შენ შეგიძლია შენი კრიტიკული და მწვავე აზრი პირად საუბრებში შინაურულ წრეში გამოთქვა, მაგრამ საჯაროდ, როდესაც ცნობილ ადამიანს, ან უბრალოდ რიგით მოქალაქეს დაუნდობლად აკრიტიკებ - უნდა იცოდე, რომ ამით მის პირად ცხოვრებაში იჭრები, მას აზიანებ და გავლენას მისი ოჯახის წევრებზეც ახდენ.
არასდროს იცი, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს შენი 1 სიტყვა მაინც სხვის მთელს ცხოვრებაზე - სიტყვა ხანდახან ყველაზე დამაზიანებელი იარაღია, რომელსაც აშენებაც და ნგრევაც თანაბრად კარგად შეუძლია.
ახლა ისევ ბასილაშვილის თემას მინდა დავუბრუნდე. რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია? თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო გარანტიის დაცვით.
უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთანავე, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. - ბოლო დროს ჩვენთან „დაგუგლვა“ აქტუალური თემაა და დიახ, თუ „დავგუგლავთ“ ასეთ ტექსტს მარტივად მიაგნებთ. ამისთვის კანონების ცოდნა და იურისპრუდენციაში ღრმად შესვლა საჭირო არ არის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ჩვენი ელჩი მსოფლიოში, რომელიც ქვეყნის პოპულარიზებისთვის ჩოგნის ერთი მოქნევით იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე რეალური ელჩები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან მივლენილნი. მათ შრომას არ ვაკნინებ, უბრალოდ სპორტს იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ მასთან რაიმეს გატოლება ძალიან მიჭირს. ეს ალბათ იმიტომ, რომ სპორტში დადებითი ემოცია დიდი დოზით არის, ხოლო სიხარულისგან გამოწვეულ ემოციასა და გრძნობებს რთულია რაიმე წინ დაუყენო.
„ბასილას“ მსგავსად საბედნიეროდ კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომლებიც მსოფლიო რუკაზე ჩვენ ქვეყანას შესამჩნევს ხდიან. მაგალითად ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ორი ბუმბერაზი ადამიანი, რომლებიც პოლიტიკასთან შეხებისთვის უკიდურესად იქნენ გაკრიტიკებულნი.
ცნობილი ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობა - ეს ტენდენცია დასავლეთიდან მოდის და ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც სპორტსმენი, თუ მსახიობი პოლიტიკაში ერთვება, რადგან ისინიც ჩვენი მსგავსი ადამიანები არიან და არჩევანის გაკეთება მათაც უწევთ.
ყველაზე ცნობილი და მაგალითის მოსაყვანად მარტივი ლებრონ ჯეიმსი გახლავთ, რომელიც პოლიტიკაში იმდენად ღრმად არის შესული, სადმე კენჭი რომ იყაროს დიდი უპირატესობით მოიგებს.
ლებრონი არასდროს ერიდება თავისი პოზიციის დაფიქსირებას და წინასაარჩევნო კამპანიებშიც იღებს მონაწილეობას, თუმცა ამის გამო მას არავინ აგინებს.
„არ ვაპირებ, რომ ჩემი თავი შევზღუდო და თავი მხოლოდ სპორტს მივუძღვნა, რადგან მესმის ეს პლატფორმა და ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი ხმა“. - ამბობს ლებრონი.
გამორიცხულია, რომ ამის გამო ვინმემ ლებრონს სამარცხვინო, თავსლაფდასხმული, ფულის მონა, არარაობა, ან რაიმე მსგავსი უწოდოს, რადგან იქ თვითშეგნება მეტია და ადამიანის არჩევანს პატივს სცემენ. კრიტიკაც ზომიერად იციან.
დიახ, ცნობადი სახეა, მილიონობით მიმდევარი ჰყავს და მისმა ნაბიჯმა შესაძლოა მასებზე გავლენა მოახდინოს, თუმცა ვინ არ იზამდა ამას? თქვენ, რომ ამხელა გავლენა გქონდეთ არ გამოიყენებდით? კარგი რაა... პირველმა იმან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია...
დასავლეთში ასეთი რამ „მოსულა“ და ჩვენთან არა? ბოლოს ისევ „ბასილათი“ დავასრულებ.
არ მესმის და ალბათ არც უნდა მესმოდეს, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როდესაც შენი ქვეყნის იმიჯს 1 ადამიანი ამხელა საქმეს უკეთებს, მთელი ქვეყნის გაბედნიერებას ახერხებს და რამდენიმე წუთით, ან საათით ყველა პრობლემას ავიწყებს - რატომ უნდა ახდენდე „ბულინგს“ მასზე და მის ცხოვრებაზე? რატომ უნდა გაუსწრო და დაასწრო კანონს მოქმედება? კანონზე წინ ვინც დგება, საბოლოოდ რადაც იქცევა ყველამ კარგად ვიცით.
ძალიან მრტივია დაელოდო კანონის აღსრულებას და შემდეგ, თუ ბოღმის ამონთხევა გინდა, ამის საშუალება მოგეცემა კიდეც.
მოდით სასამართლოს დაველოდოთ და ფინალს ადრე თუ გვიან ყველანი ვიხილავთ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სპორტსმენი იქნება, პოლიტიკოსი, თუ რიგითი მოქალაქე სულ ერთია. იქამდე კი კვლავ დიდი სიამოვნებით მოვისმენ - Game! Set! Match! Basilashvili!