მესამე ცდა - დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
MMA Junkie-ის ინფორმაციით, UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მომდევნო შერკინებას 1-ელ მაისს გამართავს. მერაბი UFC Fight Night 190-ის ფარგლებში კოდი სტამანს დაუპირისპირდება.
დვალიშვილი და სტამანი ერთმანეთს კარგად იცნობენ და მათი ბრძოლა მესამედ დაიგეგმა. თავდაპირველად მათ 5 დეკემბერს უნდა ეჩხუბათ, მაგრამ ამერიკელს პრობლემები ჰქონდა და ოქტაგონზე გასვლაზე უარი განაცხადა. შერკინება 6 თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა მერაბს კორონავირუსი დაუდგინდა და ბრძოლა გაუქმდა. საბოლოოდ, მხარეები კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მათ ჩხუბს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს და ბოლო მონაცემებით, თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებს. სტამანმა ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
ცნობისთვის, ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველის ბრძოლას ვიხილავთ. გიგა ჭიკაძე UFC-ის ვეტერანს, კაბ სუონსონს დაუპირისპირდება, UFC Fight Night 190-ის მთავარი ჯახი კი ირჟი პროხაზკასა და დომინიკ რეიესს შორის გაიმართება.