„გერმანული ხასიათი, ნამდვილი გერმანული სული“ - ასეთი ფრაზები საუბრისას მოსმენილი გექნებათ. პირადად ჩემთვის ეს პირველ რიგში მიუნხენის „ბაიერნთან“ ასოცირდება.
გუნდი, რომელიც მაშინ ხდება თავისი საუკეთესო ვერსია, როცა ნამდვილ გერმანულ სულს ავლენს. უკვე ვნახეთ იუპ ჰაინკესის ფორმაციის გამანადგურებელი მანქანა, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ამჯერად კი ჰანსი ფლიკის გუნდის დრო დადგა.
იდენტურები არ არიან, მაგრამ ერთმანეს ჰგვანან. ჰაინკესის გუნდსაც არავინ თვლიდა ფავორიტად. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბორისოვოს „ბატესთან“ წაგების (1:3) შემდეგ, „რეკორდმაისტერს“ სერიოზულ მეტოქედ ცოტა თუ განიხილავდა. ფლიკის მოსვლამდე კი მიუნხენელებს ნიკო კოვაჩი წვრთნიდათ და არც მათ მიიჩნევდნენ ფავორიტებად, თუმცა ზამთარში გუნდი ფლიკმა ჩაიბარა, რის შემდეგაც ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდა.
„ბაიერნი“ ტრანსფერებისთვის დიდ თანხებს გაუაზრებლად არასდროს ხარჯავს. სხვა კლუბებმა იციან რომ მათთან მოლაპარაკებები სხვაგვარად უნდა აწარმოონ. „სიტის“, პსჟ-ს, „ბარსას“ და კიდევ რამდენიმე გუნდს სახელი აქვთ გატეხილი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს - როცა „ბაიერნი“ მოლაპარაკებებს იწყებს, მეორე მხარის წარმომადგენელმა იცის, რომ მათ წინ უდიდესი ისტორიის და ტრადიციების მქონე გუნდი დგას, რომელიც თავის ხელწერას არასდროს ღალატობს. მათთან მოლაპარაკება მოწიწებით უნდა აწარმოონ. ეს არის რეალური მოლაპარაკებები და არა არაბი შეიხების ფულით გაჟღენთილი გაუფასურებული რეალობა.
„ბაიერნი" სამწუხაროდ ერთადერთი გრანდია, რომელიც დღემდე ძველი წესებით თამაშობს და ცდილობს რეალობას არ აყვეს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაა მათი გამონათებები ძალიან კაშკაშა და მიმზიდველი, დამაჯერებელი, ძალიან დომინანტური და ის ყველას მოსწონს. ამ ყველაფრის მიღმა კი უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი და წვრილმანი იმალება, რაც ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, შვეიცარიული საათივით იდეალურად მოწესრიგებული და ხარისხიანია.
დღეს მინდა ჰანსი ფლიკის გუნდზე გესაუბროთ. რა შეცვალა მან „რეკორდმაისტერში“? რომელი ნაბიჯები იყო გარდამტეხი? ვინ არის ქალი, რომელიც კლუბში ძალიან ბევრ რამეს აკონტროლებს და მას ყველა აღმერთებს..?
შევეცდები ყველაფერზე დეტალურად, მარტივად გასაგებად და საინტერესოდ ვისაუბრო.
ფლიკის 2 გარდამტეხი ნაბიჯი, რომელმაც „მკვლელი მანქანა“ გააცოცხლა
ნიკო კოვაჩის „ბაიერნს“ ის ხასიათი აკლდა, რომელსაც „რეკორდმაისტერისგან“ ვართ მიჩვეულები. ფლიკს გუნდში მხოლოდ ძლიერი ხასიათი და უდრეკი მენტალიტეტი არ მიუტანია. მან პირველ რიგში შემადგენლობაში 2 გარდამტეხი ცვლილება განახორციელა.
კოვაჩის გუნდის შემადგენლობა ხშირ შემთხვევაში ასე გამოიყურებოდა
პირველი - ჰანსი ფლიკმა იოზუა კიმიხი მარჯვენა მცველის პოზიციას მოაშორა და ნახევარდაცვის ცენტრში შეწია, სადაც მის ნიჭს გაცილებით დიდი გასაქანი მისცა.
და მეორე - ფლიკმა ტომას მიულერს სათამაშო დრო გაუზარდა. ამასთან ერთად, მას პოზიციაც შეუცვალა და თუ კოვაჩი მოედნის ცენტრში ხანდახან იყენებდა, ამჯერად ტომასს თითქმის ყველა მატჩში ლევანდოვსკის ზურგსუკან ვხედავთ.
ფლიკის ფორმაციის გუნდის თერთმეტეული ხშირ შემთხვევაში ასეთია (და ასეთი იყო. "ტიაგო")
მიულერი ნახევარდაცვასა და ლევანდოვსკის იდეალურად აკავშირებს. მოედანზე მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელად დიდია. ის პირველია, ვინც გუნდელებს პრესინგისკენ მოუწოდებს. არც დაცვაში ჩასვლას და შეტევის წამოწყებას ერიდება.
ყველაფერი შეგიძლიათ თქვენი თვალით იხილოთ
ციფრები ყველაფერზე თავად მეტყველებენ. მიულერმა ამ არასრულ სეზონში ბუნდესლიგაში უკვე 20 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანი სასტარტოდან დაიწყო.
გასულ მთლიან სეზონში კი ჯამში სასტარტოდან 26-ჯერ დაიწყო, 7-ჯერ ცვლილებაზე შევიდა. მთელი სეზონის განმავლობაში 2259 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სიტუაცია შუა სეზონში კოვაჩის დათხოვნის შემდეგ გამოსწორდა და მიულერის სათამაშო დრომ, მის როლთან ერთად სწორედ ამ მომენტიდან მოიმატა.
კოვაჩის დროს, 2018-19 წლების სეზონში მიულერმა ჯამში 45 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სეზონში კი უკვე ყველა ტურნირის ეგიდით 31 მატჩში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.
როგორც ხედავთ, მიმდინარე წელს გერმანელს ოცი მატჩი აქვს ჩატარებული და მოედანზე პროცენტულად გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე წინა სეზონნახევრისას.
მიულერი კოვაჩის დროს მატჩების 50%-ში იღებდა მონაწილეობას. აქ ნაგულისხმევია მთლიანობაში ნათამაშები წუთების რაოდენობა. ფლიკის გუნდში მისვლის შემდეგ მისი როლი გაიზარდა და ამჟამად 80%-ზე მეტია.
ფლიკმა დაცვაც შეცვალა. უფრო მობილურად და სწრაფად აქცია. დავიდ ალაბა ცენტრში შეწია, ფლანგზე კი ძალიან სწრაფი ალფონსო დევისი გაამწესა. ამ მანევრმა მიუნხენელთა უკანა ხაზი მსუბუქი და შეტევაზე ორიენტირებული გახადა.
გარდა შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებისა, ფლიკმა ჰაინკესის დროინდელი მაღალი და აგრესიული პრესინგიც დააბრუნდა.
ფლიკის მანქანა - როგორ იქმნება ილუზია? ხაფანგი პასისთვის...
„ბაიერნის“ თამაშში ყველაზე თვალშისაცემი კომპონენტი პრესინგი გახლავთ. მიუნხენელები ამ სათამაშო ასპექტს იმდენად მაღალ დონეზე ფლობენ, რომ ჯერჯერობით სერიოზულ მატჩში მისი დაძლევა ვერცერთმა მეტოქემ ვერ შეძლო.
ფლიკის გუნდი პრესინგს არა მხოლოდ მეტოქის, არამედ საკუთარ ნახევარზეც იდეალურად იყენებს. ლევანდოვსკის გარდა ყველა ფეხბურთელი ცენტრს უკან არის განლაგებული. „რეკორდმაისტერი“ მაქსიმალურად ცდილობს ცენტრი შეავიწროვოს და მეტოქეს სივრცე შეუზღუდოს.
„ბაიერნი“ არასდროს მიმართავს ყრუ დაცვას. ისინი ყოველთვის მზად არიან კონტრშეტევა წამოიწყონ - ფლიკის გუნდი, თავდაცვის დროსაც გოლის გატანაზე ფიქრობს.
ამის საუკეთესო მაგალითი „შალკესთან“ მატჩია. ვხედავთ, თუ როგორ იცავს თავს „ბაიერნი“. მეტოქეს ნელ-ნელა უკან დახევას აიძულებს, რასაც მათი დაბნევა და წინ სარისკო პასი მოჰყვება, რომელსაც ფლიკის ბიჭები ჭრიან და ბურთი კიმიხს მისდის. მის წინ მთელი 7 მეტრიანი სივრცეა. იოზუას შეუძლია ახლოს მდგომ გუნდელს გადააწოდოს, ან სულაც თავად წაიღოს ბურთი, თუმცა მისი სათამაშო ინტელექტი და მოედნის ხედვა იდეალურ არჩევანს აკეთებინებს - კიმიხი ზუსტი გადაცემით სანეს კონტრშეტევაზე უშვებს, რაც საბოლოოდ გნაბრის გოლით სრულდება. ყველაფერი ხელოვნების დონეზეა დახვეწილი.
ფლიკის გუნდის კიდევ ერთი გენიალური კონტრშეტევა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ვიხილეთ. მთავარ როლში აქაც იოზუა კიმიხი გვევლინება.
„ბაიერნი“ როგორც წესი თავდაცვის დროს 4-1-4-1-ს, ან 4-2-3-1-ს იყენებს. ამ დროს გარემარბები განაპირა მცველებს აზღვევენ, ნახევარდაცვის ცენტრალური სამეული კი ცენტრალურ მცველებთან ერთად 5-კაციან კედელს ქმნის, რომლის გარღვევაც რთული საქმეა.
მიუნხენელები გერმანული ნაგაზის მსგავსად დაგეშილები და ჩასაფრებულები არიან, რომ მეტოქემ მცირე შეცდომა მაინც დაუშვას - მომენტს უმალვე იყენებენ და კონტრშეტევა წამებში იწყება. მოწინააღმდეგე გონს მოსვლას ვერ ახერხებს.
ფლიკი თავდაცვისას ინტენსიურ და მაღალ პრესინგს იყენებს. მისი "ბაიერნი" არასდროს იხევს ზედმეტად უკან და ცდილობს თავი კარიდან შორს დაიცვას. ფეხბურთელები ბურთის დაბრუნებას მეტოქის ნახევარზევე ცდილობენ.
ბაიერნის განლაგება თავდაცვისას - მაქსიმალურად შევიწროებული ცენტრი
ფლიკის ბიჭები მეტოქეს ილუზიას უქმნიან: ხანდახან ფეხბურთელები აგებენ ხაფანგებს პასისათვის. ტოვებენ თავისსა და მოწინააღმდეგეს შორის მცირე სივრცეს - ამ მომენტში მეტოქე იჯერებს, რომ სივრცე გამონახა და ბურთის გასათამაშებლად კარგი მომენტია...
ყველაფერი ამ დროს ხდება - "თაგვი" მახეშია, ბურთი მიუნხენელების ხელში და იწყება საგოლე კონტრშეტევა.
„ბაიერნი“ ყოველთვის ზედმეტად მაღლა იწევს და ზურგსუკან დიდ სივრცეს ტოვებს. გარდა აგრესიული პრესინგისა მიუნხენელეს ასე თამაშის საშუალებას მანუელ ნოიერი აძლევს, რომელიც ფაქტობრივად ბოლო მცველის როლს ირგებს და კარიდან გამოსვლა, ერთი მოთამაშის მოტყუება და შემდეგ შეტევის წამოწყება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ალბათ, მის გვერდით უნდა ითამაშო და განიცადო ის, რასაც ნოიერი აკეთებს. ვხედავთ და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა დონის ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუმცა „მანუს“ გვერდით ერთი გუნდის შემადგენლობაში თამაში სულ სხვა შეგრძნება იქნება...
ფრაუ კრიუგერი - ქალი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და მხოლოდ რუმენიგეს ემორჩილება
დღეს მხოლოდ ტაქტიკაზე საუბარი არ მინდოდა. ეს გუნდი ყოველმხრივ გენიალურია. ამჯერად გუნდის შიდასამზარეულოში შევიხედოთ და ამაში ერთად დავრწმუნდეთ.
გავიცნოთ კლუბის შეუცვლელი წევრი. ცნობისთვის, პეპ გვარდიოლას მისი „მანჩესტერ სიტიში“ წაყვანა უნდოდა... ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
„რეკორდმაისტერის“ მატჩებისას ხშირად შენიშნავთ ქერათმიან ქალბატონს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმყოფება.
ეს კატლინ კრიუგერი გახლავთ. 35 წლის კატლინის ცხოვრება თავიდან ბოლომდე „ბაიერნთან“ არის დაკავშირებული. ის მიუნხენთან ახლოს მდებარე ქალაქ ეჰინგში დაიბადა და ბავშვობიდანვე „ბაიერნის“ ქომაგი იყო.
2003 წელს კატლინი მიუნხენელთა ქალთა მეორე გუნდის წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი პირველ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა 2009 წლამდე ითამაშა, შემდეგ ტრავმის გამო კარიერის დასრულება მოუხდა.
კრიუგერი ფეხბურთს ბოლომდე გაჰყვა და საერთაშორისო მენეჯმენტი შეისწავლა. 2009 წელს „ბაიერნში“ გასაუბრება წარმატებით გაიარა და თვით ული ჰიონესიც კი მოხიბლა. "როდესაც „ბაიერნი“ ამგვარ სამუშაოს გთავაზობს, ვფიქრობ, დაუფიქრებლად უნდა დათანხმდე. ერთ დღეს მისტერ ჰიონესმა მკითხა, წარმომედგინა, თუ არა კრისტიანთან (ნერლინგერი, ბაიერნის სპორტული დირექტორი) ერთად მუშაობა. ამის შემდეგ 3 თვიანი საცდელი პროცესი გავიარე და მუშაობა ოფიციალურად დავიწყე".
კატლინი კლუბში მთელს საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს. სასტუმროების დაჯავშნა, გუნდს ვარჯიშისთვის ყველა საჭირო დეტალით (ხელსაწყო-იარაღით) უზრუნველყოფს. მისი სამუშაო გარე თვალისათვის დაფარულია. კრიუგერის შესახებ, რომელიც პირველი გუნდის ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს, პრესამ საკმაოდ დიდ ხანს არაფერი იცოდა.
როცა „ბაიერნს“ გასვლითი მატჩი აქვს, კატლინი ერთი დღით ადრე ქალაქში ჩადის და გუნდის საცხოვრებელ სასტუმროს ინსპექტირებას უკეთებს. შემდეგ მიდის და ამოწმებს სათამაშო მოედანს, ბალახის ხარისხს, ასევე ამოწმებს საპრესკონფერენციო დარბაზს.
კრიუგერი ფეხბურთელებს უგვარებს ყველა წვრილმანს. მისი კაბინეტის კარი 24 საათი გაღებულია და კლუბის ნებისმიერ წევრს შეუძლია დასახმარებლად მას მიმართოს. ასევე, მოთამაშეებს უკონტროლებს WhatsApp-ის ჩატს - მათი ყველა მიმოწერა კატლინის ზედამხედველობით ხდება.
მისი საქმიანობიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საინტერესო ფაქტი 2018 წელს დაფიქსირდა, როცა „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „სევილიას“ სტუმრობდა. მიუნხენელებს შეხვედრამდე „ლა კარტუხას“ ოლიმპიურ სტადიონზე უნდა ევარჯიშათ. კატლინმა არენა მოინახულა და აღმოაჩინა, რომ ბალახის საფარი ანდალუსიელთა საშინაო სტადიონის „სანჩეს პისხუანის“ (სადაც მატჩი უნდა გამართულიყო) გაზონზე ბევრად მაღალი იყო.
შემდეგ, კრიუგერის მოთხოვნით გაზონი იმავე სიმაღლეზე გაკრიჭეს და „ბაიერნმაც“ მხოლოდ ამის შემდეგ ივარჯიშა.
კატლინი მატჩის მიმდინარეობისას სათადარიგოთა სკამზე იმყოფება და მედშტაბის წევრებისგან ინფორმაციას პირველი ის იღებს - რამდენად რთული ტრავმა აქვს ფეხბურთელს. შემდეგ მწვრთნელს ინფორმაციას თავად გადასცემს.
ასევე, კატლინი მეოთხე მსაჯს ატყობინებს, თუ ვინ უნდა შევიდეს ცვლილებაზე. ის 24 საათის განმავლობაში ფეხბურთელებთან აქტიურ კავშირშია. მათთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ოჯახის წევრებთან. როგორც გერმანულ პრესაში ვკითხულობთ, კრიუგერი განსაკუთრებით იოზუა კიმიხთან, დავიდ ალაბასთან და სერჟ გნაბრისთან მეგობრობს.
გუნდის შიდა სამზარეულოში მასზე უფრო ინფორმირებული ადამიანი არ არსებობს. აქედან გამომდინარე კატლინ კრიუგერი მედიისათვის სანუკვარი რესპოდენტია, მაგრამ ის ინტერვიუს თითქმის არასდროს იძლევა.
„კატლინის გარეშე ტრებლის მოგებას ვერ შევძლებდით. ლოკდაუნის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები სხვებზე უკეთეს ფორმაში იყვნენ და ეს სწორედ მისი დამსახურებაა“. - თქვა ჰანსი ფლიკმა ტრიუმფალური სეზონის შემდეგ.
სად და როგორ უნდა იზეიმოს გუნდმა ტიტულ(ებ)ის მოგების შემდეგ? ეს არავინ იცის. ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ფრაუ კრიუგერი ფლობს.
კატლინი კლუბში ამ თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობს და მას უიშვიათესი უვადო კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მას მხოლოდ ერთი უფროსი ჰყავს და მხოლოდ მას ემორჩილება - კარლ-ჰაინც რუმენიგეს.
როდესაც „ბაიერნში“ მატიას ზამერმა დაიწყო მუშაობა, ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერდა, რომ ეს კატლინის პოზიციებს შეასუსტებდა და მის საქმიანობაში ეჭვი შეიტანეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იუპ ჰაინკესმა ზამერს განუცხადა - კრუგერის გაშვების შემთხვევაში ის კლუბს თავადაც დატოვებდა.
როგოც ზემოთ აღვნიშნე, პეპ გვარდიოლას მისი „მანჩესტერ სიტიში“ წაყვანა სურდა. როცა პეპი მიუნხენს ტოვებდა კრიუგერის დაყოლიება სცადა, თუმცა ეს თავადაც კარგად იცოდა, რომ შეუძლებელი იყო. მისი მთელი სამწვრთნელო შტაბი კატლინით აღფრთოვანებული იყო და ყველა ხვდებოდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას კლუბისთვის.
„ის ერთადერთია, ვისაც ყველაფრის გაკეთება შეუმჩნევლად შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ტიპის პრობლემა გაგიჩნდა - შეგიძლია კატლინთან მიხვიდე და ის მას მოაგვარებს“. - ამბობს მანუელ ნოიერი.
"ყოველთვის მინდოდა სპორტის სექტორში მუშაობა, მაგრამ რეალისტი ვიყავი და ვიცოდი, რომ ამ ინდუსტრიაში დიდი კონკურენცია იყო, ეს მიმზიდველი სამუშაოა. ის ფაქტი, რომ დღეს ჩემ საყვარელ სპორტის სახეობაში ვარ დასაქმებული, ჩემ კლუბში - ეს ლატარიის მოგებას ჰგავს". - კატლინ კრუგერი.
სწორი მენეჯმენტი - პანდემიის მიუხედავად ფლიკს საკმაოდ გრძელი სკამი ჰყავს
პანდემიამ ბევრი კლუბი დააზარალა. გრანდებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები შეექმნათ. ვერ განახორციელეს დაგეგმილი ტრანსფერები და სამომავლო გეგმები მინიმუმ 2-2 წლით გადაედოთ. „ბაიერნში“ კი მსგავსი არაფერი მომხდარა.
ფლიკს მიმდინარე სეზონში საკმაოდ ღრმა და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს. თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 (ორი და მეტიც) მოთამაშე ჰყავს. მხოლოდ სანეს და დუგლას კოშტას თადარიგში ყოლა რად ღირს.
სტატიის დასაწყისში „რეკორდმაისტერის“ სწორ მენეჯმენტზე ვისაუბრე. ამ რთული წლის ფონზე მათი იდეალურად გამართული სტრუქტურის მუშაობა კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდა.
„ბაიერნი“ ამ სეზონშიც ყველაფრის მოსაგებად გაიწევს და მათი შეჩერება კვლავინდებურად წარმოუდგენლად რთული იქნება, თუმცა გასული სეზონისგან განსხვავებით, მიუნხენელებს ამჯერად კონკურენტები ნამდვილად ეყოლება.
ბოლოს მწვრთნელის განუსაზღვრელად დიდ როლზე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა.
ფეხბურთზე საუბრისას ხშირად მოვისმენთ ხოლმე, რომ მთავარი შემადგენლობაა, ფეხბურთელების გარეშე ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს იზამს. ამ „ბაიერნზეც“ მსგავსი სტილის საუბრები მიდიოდა. ამბობდნენ, რომ გუნდი დაძველდა და სიახლე იყო საჭირო. კომანს და გნაბრის ვისთვის რა უნდა მოეგოთ, ან რაღა დროს მიულერი იყო...
შეხედეთ კოვაჩის ბაიერნს და შემდეგ ფლიკის გუნდს. შემადგენლობებში არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა. ფაქტობრივად იგივე გუნდი, იგივე მოთამაშეებით, მაგრამ განსხვავებული მწვრთნელით.
რაც ფლიკმა გააკეთა, ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ჯერ არის მწვრთნელი და შემდეგ ფეხბურთელები. სწორი მიდგომა, ტაქტიკა, სწორად შერჩეული სიტყვები, რომლებიც გუნდის მენტალიტეტს აყალიბებს - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაგარი ფეხბურთელი ხარ, თუ შესაბამისად მაგარი მწვრთნელი არ გყავს, შენი თავისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ვერ მოახდენ.