ტაქტიკური ანალიზი: „რონალდ დაჯექი ორიანი!“ პსჟ-მ ბარსას წესი აუგო
Aa Aa

ტაქტიკური ანალიზი: „რონალდ დაჯექი ორიანი!“ პსჟ-მ ბარსას წესი აუგო

„ამ მომენტისთვის „ბარსელონაზე“ უკეთეს გუნდს ვერ ვხედავ“, - რონალდ კუმანმა ეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა...

ალბათ ბევრმა თქვენგანმა „ბარსელონა“ - პსჟ-ს უყურა და ჩემს მსგავსად ნანახით დიდად გაკვირვებულები არ დარჩით. „ბლაუგრანამ“ მორიგი სირცხვილი ჭამა და ფსკერისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ წაგებით არც არაფერი დაწყებულა და არც დასრულებულა - 2017 წლიდან დღემდე, „ბარსა“ სამარეს საკუთარი ხელით ითხრის და საფლავში ჩაწოლას ცდილობს.

ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ - ვალვერდეს, სეტიენის და კუმანის ფორმაციის „ბარსელონა“ დაახლოებით ერთი და იგივე გუნდია. შემადგენლობებში არსებული მცირედი ცვლილებებით, თუმცა იდენტური პრობლემებით და გაბახებული მენტალიტეტით. ეს გუნდი 4 წელია ნაწილებად იშლება და ნელ-ნელა მხოლოდ სახელი რჩება.

„ენფილდზე“ 0-4-ის შემდეგ ამ ფორმაციის „ბარსა“ და კონკრეტულად ეს თაობა ოფიციალურად მოკვდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ძირეული ცვლილებები არ გაატარა. ვერ მიხვდნენ, ან არ მიხვდნენ. არ ვიცი, ბართომეუს შემთხვევაში ნებისმიერი შეთქმულების თეორია, ან გიჟური მოსაზრება შესაძლოა რეალურიც კი იყოს...

„ბარსელონაში“ ძირეული ცვლილებების მომენტი გამოეპარათ. მესის ზედმეტად ჩამოეკიდნენ და წარსულის მოგონებებით ცხოვრება განაგრძეს.

სავარაუდოდ, ეს მარცხი კლუბში ბევრ რამეს შეცვლის, რადგან 7 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებია და 99%-ით ლაპორტა მას მოიგებს, რასაც ავტომატურად ცვლილებების მთელი კასკადი მოჰყვება.

ამ მცირე შესავლის შემდეგ უშუალოდ მატჩის განხილვაზე გადავალ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და ამჟამინდელი პრობლემები ბოლო 4 წელზე ნაწილდება, კუმანმა თავისი წილი შეცდომები პსჟ-სთან მატჩში ნამდვილად დაუშვა.

შევეცდები ჩემი ხედვა მარტივად და მკაფიოდ გადმოვცე.

კუმანმა შემადგენლობა და სქემა ვერ გამოიცნო - პოჩეტინომ პირიქით

პსჟ უფრო ძლიერი გუნდია და ორი მატჩის ჯამში ამ „ბარსელონას“ მაინც გააგდებდა, მაგრამ რონალდ კუმანს როგორც მინიმუმ შეეძლო ეს თამაში 1-4 არ წაეგო, საერთოდაც ფრეზე, ან მოგებაზეც ეფიქრა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმაციის „ბარსას“ უსუსურობა კუმანის ბრალი ნაკლებად არის, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კონკრეტულად ამ მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა.

ვის ვის და ყველაზე კარგად კუმანს უნდა სცოდნოდა, რომ მისი გუნდის უკანა ხაზი არასაიმედო იყო და მბაპეს დონის ცივსისხლიან მკვლელს ვერ გაუძლებდა. არამარტო მას.

პოჩეტინომ 3 გამოკვეთილი ფორვარდით თამაში არჩია. იკარდი კლასიკური ცხრიანი იყო. მბაპე-კინის დუეტი ფლანგზე და საჯარიმოში სისტემატურად მოძრაობდა. არგენტინელმა სპეციალისტმა ეს მანევრი კარგად გამოიყენა. ისინი პოზიციებს გამუდმებით იცვლიდნენ - ხან ფლანგიდან უტევდნენ, ხანაც საჯარიმოში იწევდნენ და მეტოქის დაცვაზე ზეწოლას ახდენდნენ.

პოჩეტინომ რა თქმა უნდა იცოდა, რომ „ბარსას“ დაცვა საშინელ ფორმაში იყო.

კუმანმა კი წინასწარ საერთოდ, საერთოდ, საერთოდ ვერაფერი გათვალა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ „ბარსელონას“ ისეთ მეტოქესთან როგორიც პსჟ არის, 3 ცენტრალური მცველით უნდა ეთამაშა. რატომ? პასუხს პოჩეტინოს მიერ არჩეული სქემა გვცემს.

„ბარსას“ დაცვამ მიმდინარე სეზონში ყველა რთულ შეხვედრაში ფიასკო განიცადა. სუსტ მეტოქეებთანაც კი, გუნდი გოლებს სტაბილურად უშვებს, თუმცა მათი უსუსურობა შედარებით ძლიერ გუნდებთან კიდევ უფრო კარგად ჩანს.

კუმანმა 3-5-2 სქემა ამ სეზონში ერთხელ გამოსცადა და გუნდი საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. ეს გადაწყვეტილემა მან დაცვის ცუდი თამაშით ახსნა და პრესამ მისი არჩევანი მოიწონა.

ამჯერად კუმანმა თავდაცვა შემტევების ხარჯზე სცადა. დემბელეს და გრიზმანს განაპირა მცველების დახმარება დაავალა. შედეგად, შემტევების ზედმეტად თავდაცვითი ფუნქციებით დატვირთვამ, გუნდს შეტევაში რესურსი გაუნახევრა, დაცვაში კი ამ მანევრმა არ იმუშავა. ერთი გადაწყვეტილებით კუმანმა 2 შეცდომა დაუშვა და თამაშიც სწორედ აქ წააგო. გაშვებულ პირველ ორ გოლში ბრალი სწორედ დემბელესა და გრიზმანს მიუძღვით.

ახლა უფრო კონკრეტულად და დეტალურად...

პირველი 2 გოლი გადამწყვეტი იყო, კუმანის სქემამ ფიასკო განიცადა

პირველი გაშვებული გოლის მომენტში მბაპემ ცენტრისკენ შეიწია და შეტევის განვითარებას ელოდა. კილიანი ნებისმიერ წამს მზად იყო საჯარიმოში შეჭრილიყო.

მარკინიოსმა მარტოდ მყოფი კურზავა დაინახა და უზუსტესი გადაცემით თავისუფალ სივრცეში ბურთთან ერთად დატოვა. ამ მომენტამდე დესტი მბაპეს გაჰყვა და ცენტრისკენ იყო შეწეული, ისევე როგორც ალბა, რომლის ადგილსაც გრიზმანი იკავებდა. წესით, დესტი დემბელეს უნდა დაეზღვია, მაგრამ უსმანს ჩამოეძინა...

დემბელეს შეცდომამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია - პიკემ, რომელიც მბაპეს პერსონალურად აყვანას ცდილობდა, მარკინიოსის პასის შემდეგ პოზიცია დაკარგა, მბაპემ მასთან 1-2 მეტრი მოიგო, რაც ვერატის დიდებული გადაცემის შემდეგ სრულიად საკმარისი სივრცე აღმოჩნდა და შეტევა გოლით დასრულდა.


ანალოგიური რამ განმეორდა მეორე გოლის დროსაც. პარედესის ჩინებული პასი - ალბა ამჯერადაც ცენტრისკენ არის შეწეული, თუმცა გაუგებარია რატომ მეურვეობენ ის და ლენგლე მოიზე კინს ერთდროულად?..

ამ მომენტში ფლანგზე გრიზმანს ჩამოეძინა და ფლორენცის საგოლე შეტევა გადამწყვეტ ფაზაში შეჰყავს. ყურადღება მიაქციეთ საპირისპირო ფლანგს. მბაპემ მარცხნიდან შემოირბინა - მას დემბელე და დესტი მეურვეობდნენ, თუმცა დემბელემ რატომღაც თავი არ შეიწუხა და ამ სახიფათო შეტევისას დაცვას არ დაეხმარა.

დემბელე უბრალოდ დგას, დესტს კი მბაპემ პოზიციური ბრძოლა მოუგო, მცირე გამართლების მომენტიც იყო - ყველაფერი ლოგიკური გოლით დასრულდა.

პოჩეტინომ და კუმანმა მესი თამაშიდან მარტივად გამოთიშეს

იდრისა განა გეიე, ლეანდრო პარედესი და მარკო ვერატი - ბუსკეტსის, დე იონგისა და პედრის წინააღმდეგ. მატჩამდე ბევრი თვლიდა, რომ ნახევარდაცვაში „ბარსას“ სამეული უფრო კრეატიული იყო და ლოგიკურად ბურთი კატალონიელებს უნდა გაეკონტროლებინათ.

ზედმეტად თავდაცვითმა ტაქტიკამ „ბარსელონას“ შეტევა დაასუსტა. მესის გრიზმანი და დემბელე ვერ ეხმარებოდნენ, ლეო კი ცენტრფორვარდად იდგა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არგენტინელმა შეხვედრის უდიდესი ნაწილი უბურთოდ გაატარა.

მესის თამაშიდან კარში არ დაურტყამს, რაც გუნდისთვის სრული კატასტროფაა და სავსებით ლოგიკურია, რომ „ბარსამ“ თამაში უშანსოდ დათმო.

პოჩეტინოს შუა ხაზი აშკარად მეტს დარბოდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებს მარტივად იგებდა. კუმანის ბიჭებმა კი ვერც ბურთი დაიჭირეს და ვერც დაცვითი სამუშაოები შეასრულეს. ვერატიმ და პარედესმა ნამდვილი მასტერკლასი აჩვენეს.

ამ ყველაფრის გვირგვინი შესრულებულ გადაცემებში არსებული სხვაობა იყო. მაგალითისთვის, პარიზელთა რიგებში ყველაზე ხშირად პასებს მარკინიოსი (70), პარედესი (73) და ვერატი (63) ასრულებდნენ. კატალონიელთა მხრიდან კი ეს ბუსკეტსს (48), პედრის (23), დე იონგს (40) ევალებოდათ. როგორც ხედავთ, რიცხვებში სხვაობა აშკარაა. "ბარსამ" ცენტრი წააგო, შედეგად დაცვაზე ზეწოლა გაიზარდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე გოლების დროს, შეტევაში მთავარი გამამწვავებელი პასი მარკინიოსმა და პარედესმა შეასრულეს. "ბარსელონამ" მთელი მატჩის განმავლობაში ასეთი მხოლოდ 2 მომენტი შექმნა და ორივე მესის ანგარიშზეა. მგონი ყველაფერი გასაგებია - პარიზელები გუნდურადაც გაცილებით მაღლა დგანან.

როგორც ზემოთ აღვნიშნე უმჯობესი იყო დაცვაში მცველებს ემუშავათ და კუმანს ერთით მეტი ცენტრალური მცველი გამოეყენებინა, ვიდრე ფორვარდებისთვის ზედმეტი შავი სამუშაო დაევალებინა.

საბოლოო ჯამში პოჩეტინოს ძალიან მოძრავმა, ხისტმა და კრეატიულმა სტილმა „ბარსა“ საჭირო მომენტებში უბურთოდ დატოვა, კუმანის სქემამ კი ამ ყველაფერს ხელი შეუწყო - შედეგად მივიღეთ უბურთო მესი, რომელიც ასეთ ვითარებაში ნაკლებად სახიფათოა.

ბევრი ფიქრობდა, რომ ნეიმარისა და დი მარიას არყოფნას „ბარსელონა“ გამოიყენებდა და მეტოქეს შემტევ, აგრესიულ სტილს შესთავაზებდა, რაც პარიზელთა დაბნევას გამოიწვევდა, თუმცა კუმანი ზედმეტად შეშინდა და შესაბამისი შედეგიც მიიღო.

დემბელეს ფაქტორი - არასაიმედო, უინტელექტო და დაუღვინებელი

უსმან დემბელეს ფიზიკური მონაცემები იდეალური აქვს. მისი აღნაგობის, სისწრაფისა და ტექნიკის მქონე ფეხბურთელი მეტოქე გუნდის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარი უნდა იყოს, თუმცა ფრანგს გონება დიდად არ უჭრის.

დემბელეს შეტევები ძირითადად დრიბლინგით, შემდეგ შეჩერებით და უკან პასით სრულდება ხოლმე. მომენტების რეალიზებაში ფრანგი კიდევ უფრო სუსტია.

1:0-ის შემდეგ, პსჟ-ს ჰქონდა რამდენიმე წუთიანი პანიკური მონაკვეთი, როცა „ბარსას“ მეორე გოლის გატანა შეეძლო. მესიმ მცველები დააბნია, შეცდომა, ლეო ხელსაყრელ პოზიციაზეა, პასი დემბელეს მიმართულებით და...

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ამ მომენტმა „ლივერპულთან“ გაფუჭებული მომენტი გაახსენა...


დემბელეს გვარდიოლას სტილის გამოცდილი და ზედმეტად კრეატიული მწვრთნელი თუ უშველის, რომ ცოტა რამ ასწავლოს და პოტენციალის გამოვლენაში დაეხმაროს.

ვალვერდეს, სეტიენისა და კუმანის ხელში ფრანგს საჭირო მიმართულებით განვითარება არ უწერია.

კუმანის გუნდი დიდ მატჩებს ვერ იგებს

რონალდ კუმანის „ბარსამ“ ამ სეზონში ვერცერთი პრინციპული მატჩის მოგება ვერ შეძლო:

ბარსელონა 1-1 სევილია

ბარსელონა 1-3 რეალი

ატლეტიკო 1-0 ბარსელონა

ბარსელონა 0-3 იუვენტუსი

ბარსელონა 2-2 ვალენსია

სევილია 2-0 ბარსელონა

ასევე, მარცხი სუპერ თასის ფინალში „ბილბაოსთან“ და ბოლო ფიასკო პსჟ-სთან.

ეს რა თქმა უნდა, გუნდის ცუდ სათამაშო ფორმაზე და სუსტ შემადგენლობაზეც მეტყველებს, თუმცა ახლადდანიშნულმა კუმანმა ჩვენი გაკვირვება ჯერჯერობით ვერაფრით შეძლო. როგორც მინიმუმ, მას ის მაინც უნდა მოეხერხებინა, რომ „კამპ ნოუზე“ „იუვენტუსთან“ 0:3 არ წაეგო (0:2-ზე პირველ ადგილს ბარსა იკავებდა) და დღეს მის გუნდს პსჟ-ს ნაცვლად „პორტუსთან“ ეთამაშა.

ნიდერლანდელს თავის გასამართლებლად მხოლოდ ისღა რჩება, რომ ეს მისი გუნდი არ არის და მისი მოთხოვნებიდან კლუბმა ფაქტობრივად არაფერი შეასრულა... დიახ, სრული სიმართლეა, თუმცა ვშიშობ კლუბის ახალი პრეზიდენტი სეზონის ბოლოს რონალდს კარისკენ მიუთითებს და მისი თავის გასამართლებელი არგუმენტები არსებულ რეალობას ვერ გადაწონის.

და მაინც, დაახლოებით როგორი იქნებოდა კუმანის ფორმაციის „ბარსა“ ტრანსფერებისა და ნაკლები ტრავმიანობის შემთხვევაში?

ვფიქრობ, დაახლოებით ასეთი იქნებოდა

ნიდერლანდელის ტაქტიკას და სათამაშო სქემას ვაინალდუმის ტიპის მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი სჭირდება. ბუსკეტსი ამ ფორმაციის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია და მნიშვნელოვან მატჩებში მისი შეცდომები თითქმის ყოველთვის თვალშისაცემია.

სერხიო ყოველთვის ნელი იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად საერთოდ შენელებულ კადრს დაემსგავსა. ორთაბრძოლებს ხშირად აგებს და გადაცემების დროსაც შეცდომებს უშვებს. ასევე სუსტია პრესინგშიც.

„კამპ ნოუზე“ პარედესის საოცარი თამაში ვიხილეთ. ფეხბურთელი, რომელიც „ზენიტში“ გადასვლის შემდეგ თითქოს დაიკარგა, ჩაქვრა და მას ვერც ტომაშ ტუხელმა უშველა. არგენტინელი ერთი საშუალოზე მაღალი დონის უხეში სტილის ნახევარმცველად იყო ქცეული, თუმცა პოჩეტინომ მისი უკეთესი მხარე კვლავ დაგვანახა და „ბარსას“ წინააღმდეგ მისი საუკეთესო ვერსია ვიხილეთ. მწვრთნელის საქმეც ხომ ეს არის.

ჩავი ვეღარ ითმენს და უკვე აღარაფერს მალავს - რა შეიცვლება 7 მარტიდან?

პსჟ-სთან მარცხის შემდეგ, ესპანურ პრესაში მეორე დღესვე ჩავი ერნანდესის ინტერვიუს ამონარიდი გამოქვეყნდა.

„არ ვმალავ, რომ მინდა „ბარსელონას“ მწვრთნელი ვიყო. ეს ბევრჯერ მითქვამს, თუმცა კლუბსა და ამჟამინდელ მწვრთნელს პატივს ვცემ.

ამჟამად „ალ-სადის“ მწვრთნელი ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. „ბარსელონაში“ მალე არჩევნები ჩატარდება და ვნახოთ ვინ მოიგებს და რა მოხდება ამის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში „ბარსას“ გაწვრთნა ჩემი ოცნებაა“. - ამბობს ჩავი, რომელიც როგორც ჩანს მზადაა ნებისმიერ პრეზიდენტთან ითანამშრომლოს და „ბლაუგრანას“ 2021 წლის ზაფხულიდან უხელმძღვანელოს.

ესპანურ პრესაში არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმდაც შესაძლოა კუმანი ნაადრევად დაითხოვონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ფიასკოს ესპანეთის თასზეც განიცდის და 3 მარტს „სევილიას“ ვერ გააგდებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი ანდალუსიაში 0:2 აქვთ წაგებული.

თასებიდან გამოვარდნის შემთხვევაში, „ბარსელონას“ მხოლოდ ლა ლიგის მატჩები რჩება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, რადგან „ატლეტიკოს“ პოტენციურად მათთან 11-ქულიანი ფორა აქვს.

ამრიგად, დასკვნა ასეთია: პსჟ უდავოდ აღმავლობას განიცდის და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ყალიბდება. "ბარსელონა" კი ფსკერისკენ მთელი სიჩქარით მიექანება. მათი ერთადერთი იმედი არჩევნები და ახალი პრეზიდენტია, რომელსაც იმაზე მეტი შრომა მოუწევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის მმართველს.

გაზიარება: