პეპის რეინკარნაცია - გვარდიოლას ახალი სიტი და მისი ჯოკერი
Aa Aa

პეპის რეინკარნაცია - გვარდიოლას ახალი სიტი და მისი ჯოკერი

FA თასის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტი“ „სუონსს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ეს გამარჯვება პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ისტორიული და სარეკორდო გამოდგა.

„სიტი“ გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 15 გამარჯვება მოიპოვა. ასეთი შედეგი კი სხვა არცერთ ინგლისურ კლუბს არასდროს ჰქონია.

როგორც ჩანს გვარდიოლამ ბოლო სეზონებში არსებული პრობლემები აღმოფხვრა და ეს გუნდის თამაშზე, ციფრებზე და შედეგებზე პირდაპირ აისახა. ყველაფერს დეტალურად განვიხილავ და შევეცდები „სიტის“ ახალი ვერსია მარტივად და გასაგებად დაგანახოთ.

წარმატების მთავარი მიზეზი - გვარდიოლამ როგორც იქნა დაცვა დაალაგა

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 22 მატჩის შემდეგ, „ქალაქელებს“ მხოლოდ 14 გოლი აქვთ გაშვებული. მათ შედეგთან ახლოსაც კი არცერთი გუნდი არ არის. „სიტის“ უკანა ხაზს ასე დამაჯერებლად აქამდე არ უთამაშია.

ბოლო სეზონებში ხშირად იყო მატჩები, როცა „სიტის“ დაცვაში მხოლოდ 1 ცენტრალური მცველი ჰყავდა ჯანმრთელად და ფერნანდინიოს პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე. უამრავი როტაცია და ექსპერიმენტი უშედეგო გამოდგა. საბოლოოდ, გვარდიოლა სწორ დასკვნამდე მივიდა და 2020 წლის ზაფხულში „ბენფიკადან“ რუბენ დიაში შეიძინა.

ეს ყველაფერი ლაბირინთში უიმედოდ სიარულს ჰგავდა, თუმცა საბოლოოდ პეპმა "გამოსასვლელს მიაგნო".

ფიზიკურად ძლიერი მცველი, რომელიც პოზიციურად საკმაოდ სწორად მოქმედებს და თანაგუნდელებს დროულად აზღვევს. დიაში პეპის განახლებული გუნდის წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ.

სანამ რუბენზე ვრცლად ვისაუბრებ, იქამდე ერთ ბასკ ბიჭზე უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა.

2018 წელს, „ბილბაოდან“ აიმერიკ ლაპორტის შეძენის შემდეგ, ბასკი მცველი „სიტის“ უკანა ხაზში მთავარი ფიგურა გახდა. როცა ის მოედანზე იყო, გუნდის დაცვა დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ტრავმებმა ისიც გააწამეს და ბევრ მნიშვნელოვან მატჩს დააკლდა.

პეპი მას მსოფლიოში საუკეთესო ცაცია ცენტრალურ მცველს უწოდებს. დაცვიდან ბურთის ამოტანა, ზუსტი პასები, დიაგონალები - ლაპორტი გვარდიოლას სქემაში იდეალურად ჯდება.

„ის გვაძლევს საშუალებას, რომ დაცვიდან შეტევაში უფრო სწრაფად გადავიდეთ. ლაპორტი ამას სხვა მცველებზე უკეთ აკეთებს. ტემპის მომატებას ხელს უწყობს. მარცხენა მცველის მიმართულებით გადაცემას სწრაფად და ზუსტად აკეთებს. მის პოზიციაზე მოთამაშე მემარჯვენე მცველი შეტევის წამოწყებას უფრო აჭიანურებს“. - ამბობს გვარდიოლა.

ეს იყო ტრავმებამდე...

დავუბრუნდეთ რუბენს. დიაშის შეძენის შემდეგ, გვარდიოლამ მისი და ჯონ სტოუნსის დუეტი გამოსცადა, რამაც გაამართლა. ინგლისელი უკანახაზელის საუკეთესო წლები ბევრს უკვე ჩავლილი ეგონა, თუმცა მიმდინარე სეზონი საპირისპიროს გვიმტკიცებს.

სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ბოლო 12 შეხვედრიდან 9-ში „სიტის“ დაცვის ცენტრში სტოუნსი-დიაშის დუეტმა ითამაშა. „ქალაქელებმა“ ხსენებულ მატჩებში მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ამ დუეტის მოედანზე ყოფნისას (ბოლო 12 მატჩში) გუნდმა საკუთარ კარში მხოლოდ 2 ბურთი მიიღო. პეპის ახალი დუეტი უბრალოდ შესანიშნავია.

როცა მოედანზე მათი დუეტი არ იყო, „სიტიმ“ 10 ასეთ მატჩში 12 გოლი გაუშვა.

ლაპორტი გამოჯანმრთელების მიუხედავად ძირითადში იშვიათად ხვდება, რასაც ცოტა თუ წარმოიდგენდა. დეკემბრიდან მოყოლებული აიმერიკმა სასტარტოდან მხოლოდ 2-ჯერ დაიწყო.

გვარდიოლა თვლის, რომ ბასკი უკანახაზელი ამ მომენტისთვის თანაგუნდელებს კონკურენციას ვერ უწევს და მისგან მეტს ელის: „ყოველი მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობას ვარჩევ. ხანდახან ჩემ გადაწყვეტილებას ხელს ტრავმები, ან რომელიმე მოთამაშის ცუდი ფორმა უშლის. ის ბიჭები, რომლებიც თვლიან, რომ თამაშს მხოლოდ იმიტომ იმსახურებენ, რადგან ბოლო 3-4 სეზონის განმავლობაში ბრწყინავდნენ, ცდებიან.

არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ტიტული მოიგე წარსულში, შენ იგივე დონე ახლაც უნდა აჩვენო“.

ჯერჯერობით ლაპორტი სტოუნსსა და დიაშს შესაბამის კონკურენციას ვერ უწევს, თუმცა ეს გუნდის დაცვის ხაზს ოდნავადაც არ უქმნის პრობლემებს.

„სიტის“ პროგრესზე ციფრები პირდაპირ მიუთითებენ. 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პეპმა გუნდი ჩაიბარა, „ქალაქელები“ მიმდინარე სეზონში საშუალოდ 1 მატჩში ყველაზე ცოტა გოლს უშვებენ.

გვარდიოლას ფორმაციის „სიტის“ დაცვაში ინდივიდუალური შეცდომები ყოველთვის ახასიათებდა. მეკარის, მცველის, ან რომელიმე სხვა მოთამაშის მხრიდან დაშვებული შეცდომა, რომელსაც სახიფათო მომენტი, ან სულაც გოლი მოჰყვა - ასეთ რამეს გასულ სეზონებში ხშირად ვნახულობდით. წელს ვითარება შეიცვალა.

სტატისტიკა ამას გვეუბნება: სიტის ფეხბურთელების შეცდომები, რომლებსაც კარში დარტყმა, ან გოლი მოჰყვა - მიმდინარე სეზონში ყველაფერი გაცილებით უკეთესადაა.

თუ რამდენად ენდობა პეპი დიაშისა და სტოუნსის დუეტს, ეს „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩში კარგად გამოჩნდა, როდესაც გვარდიოლამ ლაპორტი ცვლილებაზე შეუშვა, თუმცა დაცვის ცენტრს არ შეეხო და ბასკი მარცხენა ფლანგზე გაამწესა.

დიაში - "სიტის ვან დეიკი"

რატომ ვირჯილი? „რუბენი არამხოლოდ კარგად თამაშობს, არამედ აიძულებს გუნდელებს, რომ თავადაც კარგად ითამაშონ“, - ამბობს გვარდიოლა.

ვან დეიკმაც სწორედ ასეთი ეფექტი მოახდინა „ლივერპულზე“ და პირველ რიგში გუნდის უკანა ხაზზე. ნიდერლანდელის გარეშე „მერსისაიდელები“ რა მდგომარეობაშიც არიან ამას ყველა ვხედავთ.

„როგორც კი ის „სიტიში“ თამაშს დაიწყებს, იმწამსვე დაცვის ლიდერი გახდება. დიაში არ დაელოდება იმას, რომ ეს ვინმე სხვამ გააკეთოს - ამას თავად იზამს.

ის გუნდელებს ეუბნება, თუ როდის უნდა ამოიტანონ ბურთი, როდის არის საჭირო გაიხედონ ზურგსუკან. მისი ლიდერული თვისებები ეჭვს არ იწვევს“. - ამბობს „ბენფიკას“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ჰელდერ კრიშტოვაუ.

„მე თანაგუნდელებს არასდროს ვუყვირი იმიტომ, რომ მწვრთნელს თავი მოვაწონო. ამას ვაკეთებ, რადგან გუნდს მომენტი არ გამოეპაროს“, - ამბობს დიაში.

დიაშის მითითებებს ყველაზე ხშირად სტოუნსი იყენებს. ამის ნათელი მაგალითი „ასტონ ვილასთან“ მატჩი იყო, როდესაც ინგლისელმა ორიენტაცია დაკარგა, თუმცა რუბენი იქვე იყო.

„სიტი“ კონტრშეტევის დროს თავდაცვას ცდილობდა, სტოუნსი უკან დროულად ჩადის და შეტევის შეჩერებას ცდილობს, თუმცა ბურთით მყოფ მეტოქეს თვალს ადევნებს და მისთვის სივრცის შეზღუდვა აქვს განზრახული. ამ დროს, დიაში მას ეუბნება, რომ იქვე მყოფ ბარკლიზე გადავიდეს.

დიაში მალევე თავად გადადის ბარკლიზე, რომელიც უკვე ბურთით არის. კონტრშეტევაზე მყოფ მესამე ფეხბურთელს კი სხვა თანაგუნდელები აზღვევენ. რუბენი გრილიშის მოძრაობას ამჩნევს და სტოუნსს მისი დაფარვისკენ მიუთითებს.

როცა გრილიში მათთან საკმაოდ ახლოს მიდის, დიაში ამ დროს სტოუნსს ხელს ჰკრავს და გრილიშისკენ უბიძგებს. ამავდროულად ბარკლის პერსონალურად მეურვეობს.

შედეგად, სტოუნსი ხურავს სივრცეს და გრილიშის მიმართულებით უკვე შეტევის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. ამ დროს დიაში ბარკლის დარტყმას ბლოკავს და „სიტი“ კონტრშეტევას წარმატებით იგერიებს.

დიაშმა ამ მომენტზე მატჩის შემდეგ თავად ისაუბრა: „ჯონი სივრცეს კარგად აკონტროლებდა, მაგრამ თავიდან ის ვერ მხედავდა და არ იცოდა, რომ უკვე ვაზღვევდი. ვუთხარი, რომ იქვე ვიყავი და მას უფრო ფლანგისკენ წასვლა და არეალის ჩაკეტვა შეეძლო. ამის გაკეთება ძალიან სწრაფად მომიწია, თუმცა მთავარია სტოუნსმა დროულად გაიგო, რომ ჩემგან დაზღვევა ჰქონდა“.

„სიტი“ მიმდინარე სეზონში დაბლოკილი დარტყმების მაჩვენებლითაც ლიდერია. ჯამში მათ 40 დარტყმა დაბლოკეს, რომელთაგან 35% დიაშზე მოდის.

პორტუგალიელი მცველი გუნდს იდეალურად მოერგო. შიდა სამზარეულოში უკვე საუბრობენ, რომ ის „სიტი“-ს მომავალი კაპიტანია. გუნდის ყოფილი ფეხბურთელი გარეთ ბერი მას ახალ ვენსან კომპანის უწოდებს: „როდესაც ვინმესთან დიაშზე ვსაუბრობ, პირველი სიტყვა რაც მახსენდება არის - ლიდერი.

ის კომპანის მაგონებს. როდესაც გუნდში მივედი, ვენსანი 23 წლის იყო, მაგრამ მასთან საუბრისას იფიქრებდი, რომ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთან გქონდა საქმე“.

გარდა დაცვაში მოგვარებული პრობლემებისა გვარდიოლამ ცვლილებები მთლიანად გუნდის თამაშშიც შეიტანა და შეტევაში რამდენიმე ახალი იდეა წარმატებით განახორციელა.

ცრუ ცხრიანი, მეტი პრესინგი, ბურთის შეგნებულად დათმობა და ფოდენი...

მიმდინარე სეზონში არის მატჩები, როცა „სიტი“ დაწინაურების შემდეგ რიგ მომენტებში ბურთს თმობს და თავდაცვაზე გადადის. პეპის ფორმაციის გუნდის შესრულებით ასეთ რამეს იშვიათად ვხედავდით.

დაცვაში კარგი თამაში მხოლოდ მცველების დამსახურება არ არის. გუნდი თავს ერთობლივი ძალებით იცავს. დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ძალიან მცირე სივრცე რჩება, რომლის გამოყენება მეტოქეებს უჭირთ.

გვარდიოლამ ექსპერიმენტებზე უარი თქვა და ყველა ფეხბურთელი საკუთარ პოზიციაზე გაამწესა. ჟესუსს პეპი ისე არ ენდობა, როგორც ფორმაში მყოფ აგუეროს, რომელიც ბოლო დროს სულ ტრავმირებულია ხოლმე. ცენტრფორვარდის პრობლემის გამო პეპმა ცრუ ცხრიანის ტაქტიკას მიმართა და რაჰიმ სტერლინგი გამოიყენა.

„სიტის“ სათამაშო სქემა თავდაპირველად ფურცელზე ასე გამოიყურება

მატჩის მსვლელობისას კი ფეხბურთელები პოზიციებს საკმაოდ ხშირად ცვლიან, მანევრირებენ, მაღალ პრესინგს მიმართავენ და მეტოქეს თავბრუს ახვევენ.

„ენფილდზე“ „ლივერპულთან“ მატჩში (4:1) გვარდიოლამ მაღალ პრესინგს მიმართა, რამაც იმუშავა.

კლოპი ცდილობს, რომ ცენტრალური მცველების დუეტი უფრო გაშალოს, განაპირა მცველებმა კი უფრო წინ აიწიონ. ალისონი ამის შედეგად საჯარიმოში არსებულ სივრცეს ითვისებს და შეტევას თავისი ზუსტი პასებით იწყებს.

გვარდიოლამ ეს იცოდა და სწორედ ამიტომ საკმაოდ ხშირად იყენებდა მაღალ პრესინგს, რაც „ლივერპულს“ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.


რა თქმა უნდა არავინ ელოდა, რომ ალისონი ამდენ შეცდომას დაუშვებდა, თუმცა გარკვეულწილად პრესინგმა ამაში თავისი როლი მაინც შეასრულა.

„სიტის“ ზეწოლა მეორე ტაიმშიც ზუსტად ისეთივე იყო, როგორც მატჩის სტარტისას. ყველაზე კარგად „ქალაქელების“ მაღალმა პრესინგმა მეორე გოლისას იმუშავა.


გვარდიოლამ მიმდინარე სეზონში 20 წლის ფილ ფოდენის გამოყენება უფრო მეტად დაიწყო და კლუბის სკოლის აღზრდილს მნიშვნელოვან თამაშებში სულ უფრო ხშირად ენდობა. ისიც იმედებს ამართლებს. „ლივერპულთან“ ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ.

არახალია, რომ პეპს უნივერსალი მოთამაშეები უყვარს. ცრუ ცხრიანით მოთამაშე „სიტის“ კი სწორედ ფოდენის მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც მატჩის მსვლელობისას პოზიციას გამუდმებით იცვლის.

ფილმა თამაში მარცხენა ფლანგიდან დაიწყო, თუმცა შეტევებისას სტერლინგი ძირითადად თავის საყვარელ პოზიციას უბრუნდებოდა, ფოდენი კი საჯარმოში ფორვარდად იწევდა.

ფოდენის პოზიცია სტერლინგის მოპოვებული პენალტის მომენტში

მეორე ტაიმში ფოდენმა უფრო მარჯვნივ გადაიწია და მეორე გოლისას მაჰრეზის პოზიცია დაიკავა. პრესინგის შედეგად ბურთი მასთან მივიდა და საგოლე გადაცემაც გაიფორმა.

ფოდენის პოზიცია მეორე გოლის დროს

შემდეგ იყო ულამაზესი გოლი, ასევე მარჯვენა გარემარბის პოზიციიდან - ჩვენ ფოდენის კარიერაში უდაოდ საუკეთესო მატჩი ვიხილეთ.

„სიტის“ აკადემიის აღზრდილი ფოდენი თავის შანსს საკმაოდ დიდ ხანს ელოდა და საბოლოოდ, დავიდ სილვას გუნდიდან წასვლის შემდეგ, გვარდიოლამ მას მნიშვნელოვანი როლი მისცა, რომელსაც ფილი ჯერჯერობით იდეალურად იყენებს.

შეგვიძლია 20 წლის ინგლისელს გვარდიოლას ჯოკერი ვუწოდოთ, რომელიც პეპს თავისი პროგრესული გეგმების განსახორციელებლად სჭირდებოდა.

სიტის ნავსის გატეხვის ყველაზე კარგი შანსი აქვს

ჩემპიონთა ლიგა „ქალაქელებისთვის“ კვლავინდებურად რჩება აუღებელ ციხესიმაგრედ. „სიტი“ ნახევარფინალამდე მისვლასაც ვერ ახერხებს და ხშირად ისეთ გუნდებთან მარცხდება, რომლებსაც ლოგიკურად აღემატება და წესით უნდა უგებდეს.

მიმდინარე სეზონში პეპმა გუნდი ისეთ ფორმაში შეიყვანა, რომ დე ბრუინის არყოფნა დიდად არ ეტყობათ. ბერნარდო სილვა საჭიროების შემთხვევაში ფლანგიდან ცენტრში იწევს და ბელგიელის პოზიციას ირგებს, თან არც ისე ცუდად.

ძლიერი მეკარე, დალაგებული დაცვის ხაზი, მრავალფეროვანი ნახევარდაცვა და მუდმივად ცვალებადი, უნივერსალი შემტევი სამეული - ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტი“ როგორც მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა ტოპ სამეულში იმყოფება.

თუ, გუნდი პროგრესს გააგრძელებს, ვინ იცის რა მოხდება გაზაფხულზე...

უკვე წლებია გვარდიოლას გულშემატკივრები და არამარტო ისინი, პეპისგან ჩემპიონთა ლიგის თასთან მიახლოებას ელიან. გავრისკავ და ვიტყვი, რომ მას საამისოდ წელს ყველაზე კარგი შანსი ექნება.

დროა გვარდიოლამ მწვერვალზე ასვლა მესის გარეშეც შეძლოს.

ყველაფერს მალე ვნახავთ, მთავარი საკლუბო ტურნირი 16 თებერვლიდან დაგვიბრუნდება და სეზონიც გადამწყვეტ ფაზაში შევა.

გაზიარება: