გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ჩაშლილი ტრანსფერების საუკეთესო ხუთეულს, როცა ძალიან ამბიციურ კლუბებში გადასვლასთან ახლოს იყვნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო კონკრეტულ კლუბებში კარიერა არ გაუგრძელებიათ. ეს მოთამაშეები არიან შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ნემსაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი მაკარიძე. ხუთივე ტრანსფერისას ფეხბურთელებს ისეთ კლუბებში გადასვლის შანსი ჰქონდათ, სადაც ვარსკვლავები ასპარეზობდნენ ან იმ ტიპის კლუბები იყვნენ, სადაც ამომავალ ვარსკვლავებს გრანდებისთვის იდეალურად ამზადებენ.
როცა შოთიმ, აჩის გამო, ''დეპორტივოს'' უარი უთხრა
1995-96 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე შენოლ გიუნეშის ''ტრაბზონი'', რომლის მაისურით შოთა და არჩილ არველაძეები ასპარეზობდნენ, ჯონ ტოშაკის ''დეპორტივოს'' ''დაეჯახა''. თუ 21-ე საუკუნის დასაწყისში ''რიაზორი'' ვალერონის, ტრისტანისა და როი მაკაის შთამბეჭდავ თამაშთან ასოცირდებოდა, 90-იან წლებში ლა-კორუნიის პროვინციაში ბრაზილიელი ბებეტო ბრწყინავდა. 1994 წლის მუნდიალის ტრიუმფატორმა ''ტრაბზონს'' დუბლი ''რიაზორზე'' შეუსრულა და ტოშაკის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:0 მოიგო.
კარიერის მიწურულს შოთა მართლაც გადაბარგდა ლა ლიგაში, თუმცა ახალგაზრდულ ასაკში, კარიერის საუკეთესო წლებში ევროპის Top 4 ჩემპიონატში (გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია) გადასვლასთან ასე ახლოს აღარ ყოფილა.
1996 წლის 22 მაისს სტამბოლში ''დეპორტივოს'' ოფიციალური პირები შოთა და არჩილ არველაძეებს შეხვდნენ. მოლაპარაკებას მათი ბავშვობის მწვრთნელი ჯემალ ჩიმაკაძეც ესწრებოდა. მას შემდეგ რაც ესპანელებს აცნობეს, რომ არჩილ არველაძე დაახლოებით 4-5 თვეში დაუბრუნდებოდა მინდორს, ''დეპორის'' წარმომადგენლებს მის მიმართ ინტერესი გაუქრათ და შოთა არველაძეს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით წლიური ხელფასი 750 000 გერმანულ მარკას შეადგენდა, მაგრამ მან ძმის რთული მდგომარეობის გამო 10-საათიანი მოლაპარაკება უარით დაასრულა.
ფოტო 1995-96 წლების სეზონიდან, როცა შოთა არველაძე 25 გოლით (პენალტის გარეშე) სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ''გოლის მეფე'' გახდა, ასე უწოდებენ თურქები საუკეთესო ბომბარდირს. მისი ტრაბზონული კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონია, თუმცა ეს არ იკითხება მოცემულ ფოტოში მისი მოწყენილი გამომეტყველებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ შოთა არველაძეს ესპანური გუნდისთვის არ გაუტანია, ორმატჩიანი დაპირისპირებიდან გამომდინარე მის მიმართ იმდენად დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ ბებეტოს შეცვლის კანდიდატად მოიაზრებდნენ, თუმცა შოთა არ იყო ერთადერთი ალტერნატივა, 1996 წლის ზაფხულში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ რივალდო ''პალმეირასიდან'' ''დეპორში'' აღმოჩნდა და ტოშაკის გუნდი კიდევ რამდენიმე ძლიერ შემტევით გაძლიერდა.
''დეპორში'' ჩაშლილ ტრანსფერზე შოთა არველაძემ ავტობიოგრაფიულ წიგნში (''გუშინ...'') დაწერა:
''ვცადე, მათთვის (დეპორტივოს წარმომადგენლებისთვის) აჩის მდგომარეობა ამეხსნა. ისიც კი შევთავაზე, რომ სანამ აჩი მინდორს არ დაუბრუნდებოდა, მისთვის ხელფასი არ მიეცათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება... ჯემალს არაფერი უთქვამს. ალბათ, აინტერესებდა, დამოუკიდებლად რა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ესპანეთი - საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, ძალზე ამბიციური კლუბი, ბებეტოებით და სხვა ვარსკვლავებით... აქეთ კი - აჩი... არა, - ჩემი აჩი!.. თითქოს მხოლოდ სამი ასოა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი და მომავალი... ვიცოდი, რომ თუ მე წავიდოდი, "ტრაბზონი" მას ამ მდგომარეობაში კონტრაქტს არ გაუგრძელებდა და თბილისში მოუწევდა რეაბილიტაციის გავლა, რასაც შეიძლება ძალიან ცუდად ემოქმედა მის კარიერაზე. მოლაპარაკება ათ საათს გაგრძელდა... გადავწყვიტე, "დეპორტივოსთვის" უარი მეთქვა. ისე მოვიქეცი, როგორც აჩი მოიქცეოდა ჩემს ადგილას... ჩემი აჩის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასდროს დავაყენებდი!..''
ტყუპების ბოლო სეზონი ''ტრაბზონში'' - 1996-97 წლებში მათთან ერთად გიორგი ნემსაძე და გოჩა ჯამარაული თამაშობდნენ. მოცემულ ფოტოში არველაძეებთან ერთად სასტარტოში გიორგი ნემსაძეა.
იმ პერიოდში ''დეპორტივოს'' პრეზიდენტი ავგუსტო სეზარ ლენდოირო იყო, რომლის მმართველობისას ესპანურმა კლუბმა ლა ლიგა (1999-00), ესპანეთის თასი (2001-02) და ესპანეთის სუპერთასი (2000, 2002) მოიგო. ამავდროულად ლამაზი ფეხბურთის ხარჯზე ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი შთამბეჭდავი სენსაცია შემოგვთავაზა. ''დეპორტივო'' განსაკუთრებით ძლიერი ხავიერ ირურეტას მთავარი მწვრთნელობისას იყო (1998-2005). აქედან გამომდინარე ნათელია თუ რამდენად ამბიციური კლუბი იწვევდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს.
როცა კალაძემ რონალდუ ''ამოკეტა'' და ''ჩელსიში'' ტრანსფერი ჩაიშალა
2005 წლის ზაფხულში, წარმატებული საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ''მილანს'' ერნან კრესპოს გამოსყიდვა სურდა, არგენტინელი ''ჩელსის'' ფეხბურთელი იყო, ხოლო ''არისტოკრატთა'' მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მარცხენა მცველის პოზიციაზე უპირველესად 27 წლის კახა კალაძის კანდიდატურას განიხილავდა. მას ქართველის ალტერნატივად ბასკი ასიერ დელ ორნო ესახებოდა.
კალაძემ რომან აბრამოვიჩი 2004 წლის ზაფხულში აშშ-ში გამართულ ტურნირზე გაიცნო, როცა კალაძე ჟოზე მოურინიოს ყურადღების არეალში პირველად მოექცა, ''განსაკუთრებულს'' მისი დამატების სურვილი გაუჩნდა და ერთი სეზონის შემდეგ კალაძე დასავლეთ ლონდონში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო. როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი ნადია კარმინატი აღნიშნავს, კალაძის დამატება რომან აბრამოვიჩსაც ძალიან სურდა, რუსი მილიარდელი კალაძის ''ფანი'' იყო.
მცირე სათამაშო დროის მიუხედავად 2004-05 წლების სეზონში კალაძისთვის იყო ერთი ძალიან გამორჩეული მატჩი, როცა ''მილანმა'' სერ ალექს ფერგიუსონის ''მან. იუნაიტედი'' ''ოლდ ტრაფორდზე'' დაამარცხა.
კრესპოს გოლით მოგებული მატჩი ''ოლდ ტრაფორდზე''
''თაიმსი'': ''კალაძემ ''ოლდ ტრაფორდზე'' ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა, როცა კრიშტიანუ რონალდუ ''ამოკეტა'', თუმცა ''მილანში'' რეგულარულად თამაში მაინც არ უწევდა, რადგან მისი კონკურენტი უკვდავი საფეხბურთო კლასის მქონე პაოლო მალდინი იყო''.
Independent-თან ინტერვიუში კალაძე მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ''მილანში'' სასტარტო შემადგენლობას არა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, არამედ სხვა პიროვნებები არჩევდნენ. კითხვაზე, 2004-05 წლების სეზონში ''მილანის'' რიგებში ხშირად რატომ არ თამაშობდა, ფეხბურთელის პასუხი ასეთია:
''ალბათ, შემადგენლობას არა მთავარი მწვრთნელი, არამედ სხვა პიროვნებები არჩევდნენ. მათ შესახებ საუბარი არ მსურს''.
''მილანთან'' ერთად მოპოვებული დიდი საკლუბო ტურნირებიც კი ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კალაძეს კლუბთან მიმართებით დიპლომატიურად ესაუბრა. ის აშკარად მიანიშნებს, რომ ''სან სიროზე'' უსამართლობას გრძნობდა, რომ მისი სათამაშო დროის მკვეთრ შემცირებას არა ანჩელოტის გადაწყვეტილებები, არამედ კლუბის მმართველთა შეხედულებები, კლუბის სტრუქტურა განაპირობებდა.
''თავდაჯერებას არც მაშინ დავკარგავ თუ ლონდონის ''ჩელსის'' სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა მომიწევს. ასე არ ხდება ''მილანში'', რადგან იქ სტრუქტურა კარნახობს თუ ვინ იქნება მოედანზე და ვინ დარჩება სათადარიგოთა სკამზე.
ჟოზე მოურინიომ მითხრა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე მხედავს, თუმცა მან ასევე იცის, რომ ცენტრალურ მცველადაც შემიძლია თამაში''.
2004-05 წლების დასრულების შემდეგ მცირე სათამაშო დროით იმედგაცრუებული ქართველი ფეხბურთელი ივნისის შუა რიცხვებში მოსკოვში ''ჩელსის'' წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ''ჩელსის'' აღმასრულებელ დირექტორ პიტერ კენიონსა და ''მილანის'' ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შორის შეთანხმება ვერ შედგა. კენიონთან შეხვედრამდე გალიანი აღნიშნავდა, რომ კალაძე-კრესპოს გაცვლასთან ერთად ''ჩელსი'' 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებდა, თუმცა ინგლისურ მხარეს კიდევ 2 მილიონი სურდა. ტრანსფერი არ შედგა, რადგან მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
საბოლოოდ, ქართველის ნაცვლად ''განსაკუთრებულმა'' ასიერ დელ ორნო დაიმატა. ვინ იცის როგორ განვითარდებოდა კალაძის კარიერა პრემიერ ლიგაში, ესპანელმა მცველმა კი პორტუგალიელის მოლოდინი ვერ გაამართლა.
''განსაკუთრებულმა'' მარცხენა მცველის პრობლემა 2006 წლის ზაფხულში გადაჭრა, როცა ''ჩელსიმ'' ლონდონის ''არსენალიდან'' ეშლი კოული გადაიბირა.
2005 წლის 30 ივნისს, მაშინ როცა ტრანსფერი ჩაიშალა და ქართველმა მცველმა ''მილანთან'' ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში მისი დიდი იმედგაცრუება არ იგრძნობა და ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე არ საუბრობს.
''მცირედით იმედგაცრუებული ვარ იმ ვითარების გამო თუ როგორც წარიმართა მოლაპარაკება ლონდონის ''ჩელსისთან'', მაგრამ არ შემიძლია უკმაყოფილო ვიყო ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მოედანზე არ ვატარებდი იმდენად დიდ დროს, რამდენიც მე მსურდა, ''მილანთან'' გაფორმებული ახალი კონტრაქტით ბედნიერი ვარ''.
ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა Reuters-თან ''სტემფორდ ბრიჯზე'' ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა, სადაც ამ ფაქტთან მიმართებით მისი განსხვავებული ემოციური მდგომარეობა ჩანს. ამჯერად, კალაძე აღიარებს, რომ ''ჩელსიში'' ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ძალიან იმედგაცრუებული იყო. მაშინ როცა ტრანსფერის ჩაშლამდე დარწმუნებით საუბრობდა კარიერის ევროპის უდიდეს ქალაქ ლონდონში გაგრძელების შესახებ, მისი ფიქრები ახალ გარემოსთან შეგუებაზე იყვნენ მიმართულნი და ''მილანზე'', რომლის მაისურით ჩემპიონთა ლიგა 2003 წლის 28 მაისს მოიგო, გული აცრუებული ჰქონდა.
2006 წლის 9 სექტემბერს კალაძემ Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა:''მილანში'' გატარებული ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ ახალი გამოწვევა მსურდა. მოლაპარაკებას რომან აბრამოვიჩთან ვაწარმოებდი, ლონდონის ''ჩელსისთვის'' თამაში ძალიან მაგრად მინდოდა. არ ვიცი შემდეგ რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ და ასე მგონია, რომ მათ სიტყვა გატეხეს. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.
ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ''მილანში'' დარჩენა გადავწყვიტე, კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მას შემდეგ ცენტრალური მცველის პოზიციაზე რეგულარულად ვთამაშობ. ჩემთვის ეს ამპლუა უპირატესია''.
ძალიან უიღბლო გიორგი ნემსაძე
90-იანი წლების საქართველოს ნაკრების ლიდერთა შორის გიორგი ნემსაძე ალბათ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია. ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანს, ვინც ''დანდი'' 2003 წელს შოტლანდიის თასის ფინალში გაიყვანა და მოგვიანებით კლუბის დიდების დარბაზში შეიყვანეს, თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერები ისეთ გუნდებში ჩაეშალა, როგორებიც ქინქლაძის პერიოდის ''მან. სიტი'', არიგო საკის მადრიდის ''ატლეტიკო'' და მარტინ ონილის ''სელტიკი'' იყვნენ.
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ნემსაძით 1996 წლის ოქტომბერში დაინტერესდა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა ჩივაძის გუნდი 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ნემსაძემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. 1998 წელს საკი მადრიდის ''ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი გახდა და აგენტ ივან ბენეშის დახმარებით ნახევარდაცვის გაძლიერებას ქართველი საყრდენის დამატებით გეგმავდა, თუმცა წინასწარი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ხესუს ხილი დააკავეს და ქართველი შვეცარიულ ''გრასჰოპერსში'' დარჩა.
გარდა იმისა, რომ ნემსაძე ძალიან ტექნიკური საყრდენი იყო, დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეეძლო და ამ თვისებების სინთეზი ძალიან ბევრი ფეხბურთელისგან გამოარჩევდა, თუმცა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში, დიდ კლუბში არასდროს უთამაშია.
ძალიან ახლოს არიგო საკის გუნდთან - ხესუს ხილის სკანდალური დაკავება
სტუმრობა რომში - ხიზანიშვილის შეხვედრა ფაბიო კაპელოსთან
ზურაბ ხიზანიშვილის ''რომაში'' ჩაშლილი ტრანსფერი უცნობი ამბავია, იმდენად უცნობი, რომ იმ პერიოდის იტალიურ თუ ბრიტანულ მედიაში არ გახმაურებულა. 2000-02 წლებში მისი მწვრთნელი ''დანდიში'' ''იუვენტუსის'' ექს-ფეხბურთელი, იტალიელი ივანო ბონეტი იყო, რომელიც თვლიდა, რომ ხიზანიშვილი სერია ა-ს სათამაშო სტილთან უფრო ახლოს იყო, მას სერია ა-ში გადასვლას ურჩევდა და არა უფრო ამბიციური ბრიტანული კლუბისთვის თამაშს.
ზურაბ ხიზანიშვილისა და კრის სატონის ორთაბრძოლა
2001-03 წლებში ''დანდიში'' ზურაბ ხიზანიშვილმა პროგრესის დიდი შესაძლებლობა გამოიყენა. მისი თანაგუნდელი არგენტინელი კლაუდიო კანიჯა იყო, რომელიც ვარჯიშისა და თამაშისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით სამაგალითო იყო, რაც ახალგაზრდა ქართველი მცველისთვის სწავლის და განვითარების შანსი იყო. გარდა ამისა, მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ივანო ბონეტი ასრულებდა, რომელიც ხიზანიშვილში დიდ მომავალს ხედავდა და ''რომას'' მთავარ მწვრთნელ ფაბიო კაპელოსთან რეკომენდაცია გაუწია.
კლაუდიო კანიჯა და ივანო ბონეტი
''დანდისთან'' კონტრაქტის დასრულებამდე დაახლოებით 9 თვით ადრე ქართველი მცველი რომში ჩაფრინდა, ფაბიო კაპელოს შეხვდა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაცია ორი თვის შემდეგ უნდა გასაჯაროვებულიყო, თუმცა ხელის მოწერიდან ორი კვირის შემდეგ სერია ა-ში არაევროკავშირელ ლეგიონერებთან მიმართებით წესი გაამკაცრეს, თითოეულ გუნდს მხოლოდ სამი არაევროკავშირის მოქალაქე ფეხბურთელი უნდა ჰყოლოდა. იმ პერიოდში ''რომასთვის'' კაფუ, ალდაირი, გუარდიოლა, ემერსონი, ბატისტუტა და ტოტი თამაშობდნენ, თუმცა ქართველი მცველის რომაული ტრანსფერი ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო ჩაიშალა.
გაბრიელ ბატისტუტა, ფაბიო კაპელო, ფრანკო სენსი და ფრანჩესკო ტოტი
გიორგი მაკარიძის ჩაშლილი ტრანსფერი იურგენ კლოპის გუნდში
2008 წელს, როცა იურგენ კლოპი ''დორტმუნდის'' შენებას იწყებდა, იმ პერიოდის გამორჩეული ქართველი ტალანტი, ამპლუით მეკარე, 18 წლის გიორგი მაკარიძე გერმანულ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო. ტრანსფერის რეალურობას ის ფაქტი ზრდიდა, რომ ქართველი თავისუფალი აგენტი იყო და გერმანულ კლუბს მაკარიძის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევდა. მიუხედავად ამისა, ტრანსფერი არ შედგა. გიორგი მაკარიძე იურგენ კლოპის გუნდში ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს:
''2008 წელს ''დორტმუნდში'' შოთა არველაძის დახმარებით ერთი კვირით ჩავედი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო. დეკემბერში გერმანიიდან წამოსვლის წინ გუნდის დირექტორმა მითხრა, რომ ენის სწავლის დაწყება უკვე შემეძლო და იანვარში ''დორტმუნდის'' ფეხბურთელი გავხდებოდი. მაშინ დეკემბერი იყო, დანარჩენზე ჩემს ინგლისელ აგენტთან ისაუბრებდა.
მაკარიძის კარიერის იდეალური დასაწყისი - სენსაციური გამარჯვება შოტლანდიასთან
''დინამოსთან'' კონტრაქტი დამთავრებული მქონდა და გერმანულ კლუბს ჩემს სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევდა. ამ ფაქტორის მიუხედავად კლუბის დირექტორი და აგენტი ვერ შეთანხმდნენ. პარალელურად ''ლე მანი'' გადაწყვეტილების მისაღებად მცირე დროს მაძლევდა, ფრანგული კლუბი კონტრაქტის გაფორმებისკენ მაჩქარებდა. გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას ერთი კვირა ველოდებოდი, აგენტი დროს მიწელავდა და ბოლოს ვუთხარი, რომ ''ლე მანის'' შემოთავაზებულ კონტრაქტს ხელს ვაწერდი. და ასეც მოხდა, ჩემი მომავალი ფრანგულ გუნდს დავუკავშირე. იმ პერიოდში ''ლე მანი'' საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო''
ფოტო: gettyimages, trabzonspor.org.tr