„რა 10 მილიონი?! სალაპარაკოც არაფერია" - რუბინის დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საიმანოვის მიხედვით, 10 მილიონი ევრო, რომელიც Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებადაა მითითებული, რეალობასთან ახლოს არაა.
„კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს რაც შეეხება, აქ სალაპარაკოც არაფერია. Transfermarkt-ზე მეც შემიძლია ფასი ჩავწერო და ის 25 მილიონი ევრო ეღირება. რაზე უნდა მოვახდინოთ ორიენტირება? დაახლოებით ხომ ვიცით, რა ღირს ასეთი ფეხურთელი. რა 10 მილიონი?! გაიარეთ და 10-ად ვინმე სხვა აიყვანეთ.
ჩვენი ჩემპიონატიდან ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მინდოდა. მის ვინაობას არ დავასახელებ, რადგან არ მსურს, კოლეგები დავაღალატო. მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მომთხოვეს. ეს თანხა უნდოდათ ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელსაც ცვლილებაზე ათამაშებენ. კი ბატონო, ის რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ლიდერი კლუბის წარმომადგენელია, მაგრამ 8 მილიონი?! ხვიჩა ყველა მაჩვენებლით მას რამდენიმე თავით სჯობს“.
შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში კვარაცხელიას ევროპულ კლუბებს უკავშირებენ. საუბარი იყო „დორტმუნდზე“, „სევილიაზე“, „იუვენტუსსა“ და „ნაპოლიზე“, ცოტა ხნის წინ კი დაიწერა, რომ ხვიჩას გადაბირებით „გალათასარაი“ ინტერესდებოდა.