ამბავი, რომელიც მოხდა, ან არ მოხდა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს
Aa Aa

ამბავი, რომელიც მოხდა, ან არ მოხდა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს

მოდი ერთ რამეს გკითხავთ - რა არის იდეის არსი? ის შესაძლოა იდეადვე დარჩეს, ან არ დარჩეს და განხორციელდეს, თუმცა შეიძლება მისი განხორციელება შენ ვერ შეძლო, მაგრამ სხვას გადასცე, რომელმაც შეიძლება ასევე სხვას გადასცეს და საბოლოოდ იდეა სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი ადამიანის ხელში აღმოჩნდება და თავის დანიშნულებასაც შეასრულებს.

ეს არის ისტორია არსაიდან - ამბავი, რომელიც შეიძლება ყველასი იყოს, ან პირადად შენი აღმოჩნდეს. ამბავი, რომელიც მოხდა, ან არ მოხდა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს...

პატარა „ბიჭი“, რომელიც ერთ კონკრეტულ დროში არ ცხოვრობდა...

სივრცე და დრო ერთმანეთთან განუყოფელად არის დაკავშირებული. ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება. იდეა კი არის ისეთი რამ, რასაც დროში და სივრცეში გადაადგილება შეუძლია. იდეა იქამდე იმოგზაურებს და იარსებებს, სანამ რეალობად არ იქცევა, შემდეგ კი წარუშლელ კვალად - ისტორიად გარდაიქმნება, რომელიც ასევე იმ იშვიათთაგანია, რაც დროს უძლებს.

რომაელი ფილოსოფოსი სექსტუს ემპირიკუსი ამბობდა, რომ - „დრო შედგება წარსულისგან, აწმყოსგან და მომავლისგან, მაგრამ წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი ჯერ არ არსებობს, აწმყო კი არის უხილავი საზღვარი ამ ორ არარსებულს შორის“.

ჩვენი მთავარი გმირისთვის დრო ცვალებადი იყო, უცვლელი კი მხოლოდ ფეხბურთი, რომელიც ყველა დროში მის მონუსხვას ახერხებდა. „ბიჭს“ არ აინტერესებდა, რომ ეზოდან სახლში ასვლისას და შემდეგ ისევ ეზოში ჩაბრუნებისას სხვა დრო და ეპოქა ხვდებოდა, ის ამას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მისთვის იგი მთავარი არ იყო. ეს უბრალოდ მისი ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ, რომელიც არც თუ ისე უმნიშვნელოა, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ერთი „ბიჭის“ ამბავი, რომელსაც ფეხბურთი ძლიერ უყვარდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, ან რამდენად მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მის ცხოვრებაში.

„ბიჭის“ ისტორიაში დეტალები შესაძლოა თქვენთვის ნაცნობიც იყოს, რაღაცები არ გეცნობათ, მაგრამ ეს არის ამბავი, რომელიც უნდა მომეყოლა.

„ბიჭი“ შესაძლოა გამოგონილი პერსონაჟია, შესაძლოა რეალურია, ან მომავალში გახდება რეალური. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მის ამბავში ნამდვილად არიან რეალური პიროვნებები. მაგალითად ფეხბურთელები, რომლებმაც მას ცხოვრების გზა დაანახეს, მოტივაცია მისცეს, პიროვნულად გაზარდეს და სწორისა და არასწორის გარჩევაში უანგარო დახმარება გაუწიეს.

ყველაფერი შემოდგომაზე დაიწყო. რატომ შემოდგომაზე? არ ვიცი, უბრალოდ შემოდგომა იყო. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგა იწყება შემოდგომაზე. გარეთ არც სითბო იყო და არც სიცივე, უბრალოდ მზე ანათებდა, მაგრამ არა ზედმეტად, ხეებით მოცულ ეზოში სასიამოვნო ჩრდილი იყო, რაც ბავშვებისთვის სათამაშოდ იდეალურ გარემოს ქმნიდა.

რომელი წელი იყო? ვინ იყო იმ დროს პოპულარული ფეხბურთელი, ვინც ბავშვების გულს იგებდა? კონკრეტული გვარები ვიცი, მაგრამ ისინი ერთ ეპოქაში არ თამაშობდნენ, რადგან როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ჩვენი გმირი უბრალოდ „ბიჭია“, რომელიც ეზოში სათამაშოდ ჩადის, შემდეგ სახლში ადის, ღამით ფეხბურთს უყურებს, შემდეგ დასაძინებლად წვება და ნანახ მატჩს მის გონებაში გადაათამაშებს, სიზმრადაც ნახავს. დილა ისევ თენდება, მაგრამ ეზოში ჩასვლისას სხვა დროა. წინა დღით „ბიჭმა“ ტიერი ანრის თამაშს უყურა და ისე მაგრად მოეწონა, მისი მოძრაობები გონებაში სამუდამოდ დარჩა.

მომდევნო დღეს მენდიეტას „ვალენსია“ თამაშობდა. პატარა გუნდი იყო დიდი გულით და „დიდ ბიჭებს“ ამწარებდა. „ბიჭს“ ისიც მოეწონა, რადგან „ვალენსია“ გრანდი არ იყო, თუმცა მასზე ძლიერ და მდიდარ გუნდებს უგებდა, ამ ფაქტმა კი „ბიჭი“ დააფიქრა, ფეხბურთს ცოტა სხვა თვალითაც შეხედა და მასში არამხოლოდ სპორტი დაინახა - ამ მომენტში „ბიჭი“ გაიზარდა, ცოტათი, მაგრამ მაინც, ის გაიზარდა და ახლა უფრო მეტი იცოდა, რადგან მეტი ჰქონდა ნანახი და ფიქრი, აზროვნება, კითხვების დასმა მეტად შეეძლო, მისი გონებრივი არეალი გაფართოვდა, ეს კი გონებრივად გაზრდას ნიშნავს. ამ შემთხვევაში სხეული და ასაკი მთავარი როდია.

მომდევნო დღეს „ბიჭმა“ „ბარსელონას“ თამაშს უყურა. ლამაზად თამაშობდნენ, მაგრამ დიდად შედეგიანები ვერ იყვნენ. ბიჭს ერთი ფერადკანიანი ფორვარდი მოეწონა, რომელსაც ყელზე „რაღაც“ ჰქონდა ჩამოკიდებული. არ იცოდა რა იყო, მაგრამ „ბიჭს“ მოეწონა, დააინტერესა, მისი ტიპაჟით მოიხიბლა და თავისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის სტატუსი მიანიჭა.

მომდევნო დღეც გათენდა, თუმცა უკვე სხვა დრო იყო, სხვა ეპოქა, მაგრამ ფეხბურთის ლამაზად თამაში კვლავ იცოდნენ. სათამაშო ეზოც ისევე სასიამოვნოდ გამოიყურებოდა, ისევე ჩრდილში იყო მოქცეული და „ბიჭში“ ისევ აღძრავდა ბურთის თამაშის დაუოკებელ სურვილს.

„ბიჭს“ მომდევნო დღეს ზოგიერთი მოთამაშე მწვრთნელის როლში დახვდა. „ბიჭი“ ამან დააფიქრა - მიხვდა, რომ ფეხბურთი შენს ცხოვრებაში შესაძლოა 10-15 წლიანი კარიერის შემდეგ არ დასრულდეს და კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს, შესაძლოა შენი ცხოვრების ბოლომდეც კი.

„ბიჭი“ ამ მომენტში კიდევ უფრო გაიზარდა - მისმა გონებამ და პიროვნებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და კიდევ უფრო ღრმად დაფიქრდა მის ოცნებაზე.

იქვე გვერდით, ქუჩის მეორე მხარეს „ბიჭი“ სხვა ბიჭებსაც ხედავდა, სხვა უბნიდან იყვნენ, მაგრამ იქვე მის მეზობლად. მათთან მისვლა და თამაშიც შეეძლო, თუმცა „ბიჭს“ მათი გასართობი არ მოსწონდა. ისინი ბურთით არ თამაშობდნენ, ცდილობდნენ, რომ თავიანთ ასაკზე უფრო დიდები გამოჩენილიყვნენ, ეს კი ხშირად კარგად არ სრულდება ხოლმე.

„ბიჭს“ უნდოდა, რომ ბავშვი ყოფილიყო, რომელსაც ოცნება ჰქონდა. მისი რეალობად ქცევის პროცესი კი უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მის ქვეცნობიერში ხდებოდა. „ბიჭი“ ჯერ პატარა იყო და არ იცოდა, რომ უკვე მიზნისკენ სვლა დაწყებული ჰქონდა. ის მხოლოდ აკვირდებოდა და სწავლობდა, მაგრამ დაკვირვება და სწავლა თავისებურად მიზნისკენ სწრაფვაა, რაც შენს პიროვნებას ზრდის.

კიდევ ერთი დილა გათენდა, მომდევნო ეპოქამ წინა ჩაანაცვლა, „ბიჭი“ ბურთთან ერთად ეზოში ჩავიდა... რაღაც შეიცვალა... ის უკვე მოზარდი იყო. აღარ იყო მხოლოდ პატარა „ბიჭი“, რომელიც უბნელებთან ერთად ერთობოდა და ერთმანეთს ოცნებებს იზიარებდნენ, კუმირებით ეჯიბრებოდნენ და მათ როლებს ირგებდნენ - „ბიჭმა“ უკვე იცოდა რა უნდოდა და ვინ უნდოდა, რომ ყოფილიყო, თუმცა მისი უბნელებიც შეიცვალნენ და ზოგ მათგანს ის ვერ ცნობდა.

ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ბევრ მათგანს შეცვლილი ჰქონდა. „ბიჭი“ პირველად შეეჯახა წინაღობას - მას სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა და მისი სახელი „ეჭვი“ იყო.

„ეჭვმა“ „ბიჭისა“ და მისი მეგობრების გონებაში ფეხბურთისადმი ნდობის დაკარგვა სცადა და ზოგიერთ მათგანში ეს შეძლო კიდეც.

უბანში ზოგიერთმა ბიჭმა მატჩების ნახვის შემდეგ აღტაცების გამოხატვა შეწყვიტა და დაფიქსირებული შედეგის მიმართ კითხვები გაუჩნდა...

„ბიჭი“ მიხვდა, რომ „ეჭვი“ სერიოზული მეტოქე იყო, რომლისთვისაც გვერდი აუცილებლად უნდა აევლო.

„ბიჭი“ ჭკვიანი და ძლიერი იყო. ის ყოველი დღის შემდეგ განვითარებას ცდილობდა, იზრდებოდა, მეტს სწავლობდა და ბევრს ფიქრობდა.

მომდევნო დღეც გათენდა...

„ეჭვმა“ „ბიჭის“ მეგობრების ნაწილს გონება მთლიანად შეუჭამა, რის შემდეგაც ისინი „ბიჭს“ ვეღარ უგებდნენ და ცალკე ერთობოდნენ.

მომდევნო დილას, „ბიჭმა“ ეზოში ჩასვლისას ახალი გმირი ნახა - ერთი ფერადკანიანი ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავი იყო, ყველაფერი ჰქონდა, თითქმის ყველაფერიც მოიგო, მაგრამ მაინც უბრალო ადამიანად რჩებოდა. თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს მისივე ღარიბ თანასოფლელებს უნაწილებდა, აშენებდა სკოლებსა და საავადმყოფოებს. უბრალო თანამშრომლებს საპირფარეშოს დასალაგებლადაც ეხმარებოდა. მას ასეთი რაღაცები არ ეთაკილებოდა.

„ბიჭი“ მისით მოიხიბლა და მიხვდა, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სპორტი - „ბიჭმა“ მასში საბოლოოდ დაინახა სწორი გზა, რომელიც მას არა გმირად, არამედ მისივე ოცნებაზე გაცილებით მეტად აქცევდა, ვიდრე მას წარმოდგენა შეეძლო - უბრალოდ კარგ ადამიანად აქცევდა.

„ბიჭმა“ მასში ძალიან დიდი ძალა იგრძნო, ეს არ იყო რაღაც ზებუნებრივი ფიზიკური შესაძლებლობები, არა - „ბიჭმა“ საკუთარ თავში თავდაჯერება იგრძნო, ის უფრო მკვეთრად ხედავდა იმ გზასა და მიზანს, რომელზეც წლების წინ უბრალოდ ოცნებობდა. ამჯერად ეს ყველაფერი რეალობას ძალიან ჰგავდა...

„ეჭვმა“ „ბიჭს“ თავი დაანება, მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა, რადგან „ბიჭი“ მეოცნებე იყო და მას რწმენა აძლიერებდა.

მორიგი დილა გათენდა, „ბიჭი“ საყვარელ ეზოში ჩავიდა, თუმცა გარემო სრულიად შეცვლილი იყო - მას იქ სასიამოვნო ჩრდილი აღარ დახვდა, არც შემოდგომა იყო, არც მეგობრები იყვნენ იგივენი, გარემო კი უფრო დიდი და მრავალფეროვანი იყო, ეზოს გარედან კი უცხო ხმები შემოდიოდა. რა მოხდა? რა და „ბიჭი“ უკვე იდეა აღარ იყო, მან ხორცი შეისხა და ის ნამდვილი ბიჭი გახდა.

რა მოხდა შემდეგ მის ცხოვრებაში? საბოლოოდ ვინ გახდა ბიჭი? ეს უკვე თქვენი საქმეა, ისტორიის დასრულება თქვენთვის მომინდია. შეგიძლიათ იგი კიდევ გააგრძელოთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ „ბიჭმა“ სწორი გზით იარა და თავისი ოცნება ისე გამოწვრთნა, რომ საბოლოოდ იგი მყარ რეალობად აქცია.

შეუძლებელი არაფერია - არსებობს მხოლოდ პესიმისტური და ოპტიმისტური შეხედულებები.

გახსოვდეთ, რომ მეოცნებეები სამყაროს ცვლიან, ცნობისმოყვარე გონებას კი წინ მივყავართ. ამ ყველაფერს რწმენა აერთიანებს, მას კრავს და ხელშესახებ რეალობად აქცევს.

გაზიარება: