გულის ოპერაცია, რომელმაც კარიერა საფრთხეში ჩააგდო - ანხელ კორეას შთამაგონებელი ამბავი
Aa Aa

გულის ოპერაცია, რომელმაც კარიერა საფრთხეში ჩააგდო - ანხელ კორეას შთამაგონებელი ამბავი

როდესაც 2014 წელს ანხელ კორეა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადადიოდა, სამედიცინო შემოწმების დროს ექიმებმა კარდიოგრამისას გულზე რაღაც დარღვევა დააფიქსირეს.

იმავე წლის 28 მაისს, 19 წლის ფეხბურთელს მედიკოსებმა გულის სიმსივნე  დაუდგინეს. „ექიმებმა უცებ მითხრეს, რომ საოპერაციო ვიყავი. მე არ მინდოდა ოპერაციის გაკეთება, რადგან „ლიბერტადორესის თასზე“ ნახევარფინალი უნდა მეთამაშა. ამისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდი და მატჩს სულმოუთქმელად ველოდი“, - იხსენებს კორეა. თუმცა, არჩევანის გაკეთების დრო აღარ იყო. „იძულებულები გავხდით, საუკეთესო ვარიანტი ამოგვერჩია. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და და შესაძლებელი იყო, ორგანიზმი მალე გამოჯანმრთელებულიყო, რაც სინამდვილეში ასეც მოხდა“.

ივნისში ფეხბურთელი გაფრინდა ნიუ-იორკში, სადაც მისთვის გულზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ოპერაციის წინ ანხელი ექიმებს გაესაუბრა: "ისინი შემპირდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მე არ ვრისკავდი საფეხბურთო კარიერას, მაგრამ ეს ტყუილი იყო. მათ მომატყუეს. ოპერაციამდე ყველაფერი დამიმალეს, რათა მე ამ ყველაფერს დავთანხმებოდი. მაშინ ვიფიქრე, რომ ნარკოზიდან თუ გამოვიდოდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ არადა, მაშინ ეგრე უნდა ყოფილიყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მადლობა ღმერთს, მე ვთამაშობ ფეხბურთს“, - იხსენებს არგენტინელი.

ფორმაში ჩადგომას დასჭირდა 6 თვე - ფეხბურთელმა „ლიბერტადორესის თასის“ ნახევარფინალსა და ფინალს ტელევიზორში უყურა.

შეხვედრა რომის პაპთან, რომელიც „სან-ლორენსოს“ გულშემატკივარია

ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი ვატიკანში რომის პაპმა, ფრანცისკემ დაპატიჟა. "მე მას მადლობა გადავუხადე საკუთარ ქალაქში, ახლა დროა, ეს ვატიკანში გავაკეთო", - სიცილით თქვა კორეამ.

საიდან ასეთი ნაცნობობა? პაპი - არგენტინელი ეპისკოპოსია, ხოსე ბერგოლიო, რომელიც ბავშვობაში „სან-ლორენსოს“ გულშემატკივარი იყო. პაპად არჩევამდე ის შეხვდა საყვარელ გუნდს და ფეხბურთელები დალოცა. საღამოზე ახალაგაზრდული გუნდიც იმყოფებოდა, მათ შორის, 16 წლის ანხელ კორეაც.

„როდესაც ვთქვი, რომ პაპმა დამლოცა-მეთქი, გუნდში არავის არ სჯეროდა, სანამ ფოტოები არ ვანახე“.

მძიმე ბავშვობა - სიღარიბე, კრიმინალური უბანი და მამისა და ძმის სიკვდილი

კორეას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა - როგორც სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელთა უმრავლესობას. ის იზრდებოდა კრიმინალურ უბანში - როსარიოს გარეუბან ლას ფლორესში, მრავალშვილიან ოჯახში. 10 შვილი, რომლებიც რაღაცით მაინც იყვნენ კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაახლოებულები. ხდებოდა ბევრი შეტაკება და ბავშვებიც იღუპებოდნენ.

„ასეთ რაიონში ცხოვრება ძალიან რთულია. ყველა ქვემოთ გექაჩება. ყველა გეუბნება, რომ გახდები ნარკომანი ან კრიმინალი და სიცოცხლეს მაინც ციხეში დაასრულებ, მაგრამ სხვანაირი ადამიანებიც არსებობდნენ. ისინიც კრიმინალები და ნარკომანები, მაგრამ მემუქრებოდნენ, რომ თუ მე დამინახავდნენ რომელიმე დაჯგუფებაში, თვითონ მომკლავდნენ და მარიგებდნენ, რომ მე მთელი ჩემი სიცოცხლე ფეხბურთისთვის მიმეძღვნა. მჯეროდა ამის და იქიდან წამოსვლის ერთადერთი შანსი სწორედ ეს იყო“, - ყვება „ატლეტიკოს“ ფორვარდი.

მისი ბებია და და კვლავ როსარიოში ცხოვრობენ. როდესაც ფეხბურთელი 10 წლის იყო გარდაიცვალა მისი მამა, ორ წელიწადში კი მისი უფროსი ძმა, მარსელო დაიღუპა. „არა, ამას ვერ მოვყვები, რა მოხდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი ტრავმა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ მომიშუშებს, მაგრამ ამაზე არ ვჩერდები და წინსვლას ვაგრძელებ“, - ამბობს კორეა.

კორეას არ წარმოუდგენია ცხოვრება ფეხბურთის გარეშე. ფეხბურთი დაეხმარა მას რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმები მოეშუშებინა: „როდესაც ვიყავი 10 წლის და მამაჩემი გარდაიცვალა, იმის შემდეგ ფეხბურთს თან მიაქვს ყველაფერი ცუდი. შემდეგ დავკარგე ძმა, ფეხბურთი მაშინაც ძალიან დამეხმარა. როდესაც მოედანზე გავდივარ და ვთამაშობ, ყველა ტკივილი მავიწყდება. ასე იყო როსარიოს ქუჩებში რომ ვთამაშობდი და ახლაც ასეა -  „ატლეტიკოში“.

ანხელი და მისი დედა - ქალი, რომელიც არ ჭამდა, რათა ბავშვებს არ ეშიმშილათ

2020 წლის 26 მარტს, ფეხბურთელმა დედის მხარდასაჭერად, რომელიც კიბოს ებრძვის, თავი გადაიპარსა და „ინსტაგრამზე“ დადო ფოტო წარწერით: „ეს ომია, ეს ჩვენი ომია. ძალიან მიყვარხარ დედა“.

ანხელს არ უნდოდა ბუენოს აირესში, „სან-ლორენსოს“ აკადემიაში გადასვლა, იმიტომ, რომ როსარიოში დატოვებდა მეგობრებს და საყვარელ დედას, მარსელას. მეორე მხრივ, ხვდებოდა, რომ მას ფული უნდა გამოემუშავებინა. დედასთან მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

„ის ნამდვილი მებრძოლი იყო. ის სრულად განკარგავდა ოჯახის ბიუჯეტს. მთელი ბავშვობა ჩვენ გვიყოფდა საჭმელს და თვითონ რომ ეჭამოს, არ მინახავს. სულ მიკვირდა თუ როგორ ძლებდა მშიერი. როცა გავიზარდე, მივხდი, რომ ის არ ჭამდა საჭმელს, რათა ჩვენ არ ვყოფილიყავთ მშივრები“.

კორეამ ფეხბურთის თამაში სწორედ დედის გამო დაიწყო. საფეხბურთო მოედანზეც პირველად მან მიიყვანა.

მარსელას საყვარელი ფეხბურთელი კარლოს ტევესია. როდესაც კორეა პირველად არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს, დედამ ხმოვანი მესიჯი გაუგზავნა შვილს ტევესზე და უთხრა, რომ კარლიტოსთვის მოესმენინებინა: “დღესაც არ იცის ეს ტევესმა. მე ამის ძალიან მერიდება, მაგრამ კარლიტოს, რომ არ მოვასმენინო დედაჩემი მომკლავს“, - განაცხადა ნაკრების ერთ-ერთი შეკრებისას კორეამ. დღემდე უცნობია, მოუსმინა თუ არა კარლოს ტევესმა მარსელას მესიჯს.

გაზიარება: