ქართველი ტალანტები ლა მასიაში: უცნობი და საინტერესო დეტალები
Aa Aa

ქართველი ტალანტები ლა მასიაში: უცნობი და საინტერესო დეტალები

როცა ლევან ყენიას ''ლა მასიაში'' გატარებული პერიოდის გახსენებას ვთხოვ, მას თითქმის არაფერი ახსოვს. მას შემდეგ დიდი დრო, დაახლოებით 15 წელი გავიდა. იხსენებს, რომ ორი კვირა იმ პერიოდის აღიარებულ ტალანტთან, ბოიან კრკიჩთან ერთად ვარჯიშობდა და სავარჯიშო პროცესთან მიმართებით იმ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ''ლა მასიაში'' განსხვავებული ვარჯიშები იყო და ტექნიკის დახვეწაზე გაცილებით მეტი აქცენტი კეთდებოდა.

ყენიას კარიერა ტრავმებთან ბრძოლის ისტორიაა და არანაკლებ სევდიანი ამბავია თუნდაც იმ დიდ სანაკრებო მარცხთან შედარებით, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს საკუთარ კედლებში კარგავ, ევროპულ ფეხბურთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავი უფრო დიდი საფეხბურთო გამარჯვებაა ვიდრე სუსტი საფეხბურთო ქვეყნისთვის ძალიან გამარტივებული გზით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. ამიტომ გულდასაწყვეტი ის ამბებია, როცა ქართველი ტალანტების შესაძლებლობების რეალიზება სხვადასხვა მიზეზებით, ლევან ყენიას შემთხვევაში კი ტრავმების გამო ვერ მოხერხდა.

ესპანელი სპეციალისტი იაგო აგილარი, რომელიც 2005-07 წლებში თბილისის ''ლოკომოტივის'' ყველა ასაკობრივი გუნდის კოორდინატორი იყო, იხსენებს პერიოდს, როცა ლევან ყენია კატალონიის ''ბარსელონას'' 16-წლამდე გუნდში ბოიან კრკიჩთან და იაგო ფალკესთან ერთად ვარჯიშობდა, მთავარი მწვრთნელი კი პეპ გუარდიოლას ამჟამინდელი ასისტენტი როდოლფო ბორელი იყო. 

როდოლფო ბორელი და პეპ გუარდიოლა

აგილარი ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით ყენიას გარშემო მყოფი ადამიანები ფეხბურთელისგან ბევრს ელოდნენ მინდორზე, თუმცა მის მიმართ მომთხოვნები არ იყვნენ იმ ''უხილავ ვარჯიშებთან'' მიმართებით, რაც სწავლას, სწორ კვებასა თუ ვარჯიშზე მაქსიმალურად დახარჯვას გულისხმობს, თუმცა ამ ფაქტორის მიუხედავად აგილარის ინტერვიუდან ნათელია დავასკვნათ, რომ ყენია კონცენტრირებული მხოლოდ ფეხბურთზე იყო და ის სრულიად არ ჰგავდა იმ სხვა არაერთ ქართველ ტალანტს მინდორზე ხშირად ღამის კლუბში რომ ხედავდნენ და ბურთზე ხშირი კონტაქტი ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან რომ ჰქონდათ. ლევან ყენია ფეხბურთზე კონცენტრირებული იყო და მისი დიდი საფეხბურთო ოცნება ტრავმებმა გააქრო, თუმცა ფელიქს მაგათთან შეხვედრამდე ბარსელონაში გატარებული პერიოდი იყო.

ლევან ყენია ლა მასიაში

''ნათლად მახსოვს ბევრი რამ ლევანის იმ გამოცდილებიდან, რომელიც მან ‘’ბარსელონაში’’ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურ კლუბში მარტივი დავალებები არ მისცეს, არ ნერვიულობდა და თავის საქმეს ნამდვილად კარგად ასრულებდა. ბარსელონას 16-წლამდე გუნდს შეტევით პოზიციებზე მართლაც კარგი ტალანტები ჰყავდა. მაგალითად, ბოიან კრკიჩი და იაგო ფალკე. როცა ისინი ბარსელონურ დერბიში მნიშვნელოვან მატჩს ესპანიოლის წინააღმდეგ მართავდნენ, ლევანს წინა ინდივიდუალური გამოცდა აკადემიის ერთ-ერთ მწვრთნელთან ჩაუტარდა, ხოლო ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორი ლევანის შესაძლებლობების ანალიზს აკეთებდა.

მისი გამოცდა წარმატებულად შეფასდა, ლევანი ბარსელონას 16-წლამდე გუნდს შეუერთდა. სავარჯიშო პროცესის პირველ ნაწილში მას ბურთს არავინ აძლევდა, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის ქცევა პროფესიონალთა ქცევას ჰგავდა და ლევანს მეტოქედ, კონკურენტად აღიქვამდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გაიაზრეს, რომ მათთვის ლევანთან ურთიერთქმედება და ინტერაქცია კარგი იყო. ამგვარად, ლევანი ბურთს უფრო ხშირად იღებდა და უფრო მეტს თამაშობდა. ჩემი აზრით, ლევანს ჰქონდა ის საფეხბურთო დონე, რომ ‘’ბარსელონას’’ 16-წლამდე გუნდში ეთამაშა. სინამდვილეში, ‘’ბარსელონას’’ 16-წლამდე გუნდის ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა პროფესიონალურ დონეზე ვერ ითამაშა, ხოლო ლევანმა ნამდვილად კარგ დონეზე იასპარეზა.

ვერ ვიტყვი, რომ მას კატალონიური კლუბის მხრიდან წინადადება ჰქონდა. მაშინ ბარსელონას 16-წლამდე გუნდს როდოლფო ბორელი წვრთნიდა, რომელიც ახლა გუარდიოლას ერთ-ერთი ასისტენტია. ბოლო სავარჯიშო დღეს როდოლფი ჩემთან მოვიდა და მკითხა ლევანი რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო. ასევე, მას აინტერესებდა ფეხბურთელის აგენტის ვინაობა. ლევანს აგენტი არ ჰყავდა და კარიერის ''ბარსელონაში'' გაგრძელების თვალსაზრისით ''ლოკომოტივი'' მას დიდ შანსს აძლევდა,  ლევანი ‘‘ბარსელონას’’ წარმომადგენლებთან სასაუბროდ მივიწვიე, თუმცა FIFA-ს კანონებმა ყველაფერი ძალიან გაართულა, 15 წლის ლევანი ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არ იყო. ასე რომ, ‘‘ბარსელონას’’ მისი დამატება არ უცდია.

ამის შემდეგ ლევანტეში წავედით, სადაც მისმა თამაშმა შთაბეჭდილება მოახდინა. ''ლევანტე'' ყენიას დატოვებას ცდილობდა, თუმცა ის საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს უნდა შეერთებოდა, რის შემდეგაც ‘‘შალკეში’’ წავიდა (იხილეთ).

ლევან ყენია, გუსტავო ვარელა და მანუელ ნოიერი

ლევანი ძალიან კარგი ბიჭი იყო, მას ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და მხოლოდ ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული. ჩვენ დღემდე გვაქვს კონტაქტი. მე ვზრუნავ ჩემს გარშემო მყოფებზე, მაგრამ მე ასევე მომთხოვნი ვარ მათთან, მაგრამ მახსოვს გაოცებული ვიყავი, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები მასთან მიმართებით მომთხოვნები არ იყვნენ. ჩემი აზრით ლევანის გარშემო მყოფ ხალხს მასთან მიმართებით დიდი მოლოდინები ჰქონდათ, რამაც ის წნეხის ქვეშ მოაქცია, ეს წნეხი ძალიან კარგად დაძლია, მაგრამ მეორე მხრივ ამავე ძალით არ უბიძგებდნენ და მუხტს არ აძლევდნენ, როცა საქმე სწავლას, სწორ კვებასა თუ ყოველ ვარჯიშზე მაქსიმალურად დახარჯვის ეხებოდა''.

გიორგი არაბიძე ლა მასიაში

''მე ავარჩიე გიორგი არაბიძე და ის ზაფხულში ‘‘ლა მასიაში’’ გამოსაცდელად გაემგზავრა, თუმცა იმ ზაფხულში ‘‘ხიმნასტიკ ტარაგონას’’ ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორად დავინიშნე, ასე რომ გიოსთან ერთად ბარსელონაში დიდხანს ვერ დავრჩი. შემდგომში როგორც ბარსელონას აკადემიის დირექტორმა მითხრა, ბარსელონას 10-წლამდე გუნდში არაბიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი გუნდის სამ თუ ოთხ ფეხბურთელს შორის მოხვდა, მაგრამ კატალონიაში დარჩენისთვის ძალიან პატარა იყო. დირექტორმა მითხრა, რომ არაბიძის პროგრესს თვალს მიადევნებდნენ, ყოველ ზაფხულს ''ბარსელონაში'' მიიწვევდნენ, მაგრამ ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორი შეიცვალა და გიორგი აღარ მიუწვევიათ.

მახსოვს, როცა ‘‘ლა მასიაში’’ გასამგზავრებლად გიორგი არაბიძე ავარჩიე, მას სატელევიზიო ინტერვიუ ჰქონდა და ჟურნალისტთან ძალიან კარგად ისაუბრა. შევთავაზე თარჯიმანს, რომ გიორგისთვის რჩევები მიეცა თუ რა უნდა ეთქვა, ძირითადად თანაგუნდელებისა და მწვრთნელების მიმართ მადლიერების გამოხატვაზე უნდა ესაუბრა. მნიშვნელოვანია ფეხბურთელებს პოზიტიური წინამძღოლი ჰყავდეთ.

 

გიორგისთან მხოლოდ მაშინ ვმუშაობდი, როცა 9 წლის საყვარელი ბიჭი იყო. ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელობა ადვილია, მაგრამ მათ უნდა იფიქრონ, რატომ არის თითოეულ ქვეყანაში დაბალი საშუალო მაჩვენებელი იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც პროფესიონალურ დონეს აღწევენ. გიორგიმ სახლი ძალიან ადრეულ ასაკში დატოვა და ზოგიერთი კლუბი ფეხბურთელებს სათანადოდ ვერ ეხმარება. როგორც გითხარით, მოთამაშეებს არ სჭირდებათ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ზედმეტად უმარტივებენ, არამედ მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან, სრულყოფილებისკენ გზას უჩვენებენ და ამ გზაზე მათი წინამძღოლები იქნებიან''. 

რა შეიცვალა ბავშვთა ფეხბურთში?

როცა იაგო აგილარი 2005-07 წლებში საქართველოში მუშაობის პერიოდს იხსენებს, ვხვდებით, რომ მას შემდეგ ფაქტობრივად ბევრი არაფერი შეცვლილა. თბილისში ახლაც სამი კლუბია, რომლებიც ფეხბურთელთა გაზრდაზე ზრუნავენ და შესაბამისად ასაკობრივ ჩემპიონატებში კონკურენცია კვლავ დაბალია, თუმცა მწვრთნელთა განათლების კუთხით პროგრესი აშკარაა, რაც პროფესიულ ფეხბურთზეც აისახება. რა პრობლემები იყო 2005-07 წლებში ბავშვთა ფეხბურთში? იაგო აგილარის ხედვა ასეთია:

''მაშინ რამდენიმე პრობლემა იყო. ვცდილობდით შეგვეცვალა სამწვრთნელო სტილი, რომელიც ოდნავ მოძველებული იყო. რაღაცები დღეს უფრო ადვილია, რადგან FIFA, UEFA და ეროვნული ფედერაციები მწვრთნელთა განათლებისთვის ძალისხმევას დებენ. 2005-07 წლებში საქართველოში რამდენიმე კლუბი ზრუნავდა ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე: ლოკომოტივი, თბილისის დინამო და შესაძლოა საბურთალო. ფეხბურთელთა აღზრდის კუთხით კლუბებს შორის კონკურენციის ნაკლებობა იყო. ასევე იყო საფეხბურთო მატჩების ნაკლეობა, მოთამაშეებს სჭირდებოდათ უფრო მეტი სათამაშო გამოცდილება''.

''უხილავი ვარჯიშები''

''უხილავი ვარჯიში'' ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების განვითარების უმთავრესი საფუძველია, რაც სწორ კვებას, სათანადო დასვენებას, ენერგიის კონტროლსა და სხვა ფაქტორებს გულისხმობს. ამ ყველაფერს მატჩიდან მატჩამდე ქომაგები ვერ ხედავენ, მაგრამ მოედანზე ვლინდება და ფეხბურთელად ჩამოყალიბების გზაზე უმნიშვნელოვანესია. ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რამდენად აქვს მოზარდს ''უხილავი ვარჯიშების'' ერთგულების შესაძლებლობა, თუმცა ფინანსური ფაქტორის გარდა პროგრესისთვის დიდი მოტივაციაა საჭირო. კითხვაზე ქართველი ტალანტები რატომ იღებენ მძიმე ტრავმებს, აგილარის პასუხი შემდეგია:

''ტრავმებს ყველგან იღებენ, ყველა ქვეყანაში. რაც არ არის ყველგან, ესაა ადრეული ასაკიდანვე გქონდეს კონკურენტულ გარემოში თამაშის შესაძლებლობა, რომ მოთამაშეები მიეჩვიონ მომთხოვნ გარემოებებში ფეხბურთის თამაშს. ასევე, ‘‘უხილავი ვარჯიში’’ არ არის ყველგან, რაც გულისხმობს სწორ კვებასა და სათანადო დასვენებას, კონტროლს რომ ზედმეტად არ გადაიტვირთო, კონკრეტული ვითარების გააზრების უნარი გქონდეს და ა.შ.''

დარციმელია ლა მასიაში

იაგო აგილარმა ''ბარსელონაში'' კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, დავით დარციმელია ჩაიყვანა, თუმცა ფეხბურთელის მოგონებები ''ლა მასიაში'' გატარებული ორკვირიანი პერიოდიდან ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ლეო მესისთან და რონალდინიოსთან გადაღებული ფოტოები.

დარციმელია, რომლის გოლითაც 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, უკრაინაში, უნგრეთსა და შვედეთში გატარებული წარუმატებელი პერიოდების შემდეგ ფეხბურთიდან გაქრა, თუმცა მისთვის დაუწვიყარია ის დღეები, როცა ''ლა მასიაში'' ვარჯიშის პარელელურად ლეო მესისა და რონალდინიოს სავარჯიშო პროცესს თვალს ადევნებდა.

ერთი სახალისო ამბავი საქართველოში მუშაობის პერიოდიდან

''ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მიღებული მაქვს გასაოცარი გამოცდილებები განსხვავებულ ქვეყნებში. მახსოვს ჩემი პირველი ზამთარი საქართველოში, როცა მითხრეს, რომ ჩვენ არ შეგვეძლო ვარჯიში, რადგან ყველგან თოვლი იყო და მწვრთნელები წავიყვანე, რომ საფეხბურთო მინდორი თოვლისგან ნიჩბებით გაგვეწმინდა''.

ქუჩის ფეხბურთზე

''90-იან წლებში ბავშვები ფეხბურთს ქუჩებსა და სკვერებში უფრო ხშირად თამაშობდნენ. ეს მათ კოორდინაციას აუმჯობესებდა. მეორე მხრივ, ფეხბურთი ბევრ ასპექტში ვითარდება და ნაკლები სივრცეებია, რადგან გუნდები ტაქტიკურად მომზადებულები არიან და ფინტეს მწვრთნელებს თამაში უფრო მაღალ დონეზე აჰყავთ''.

აგილარის დანერგილი ხედვები ქართულ ფეხბურთში

''საქართველოში ბევრი სიახლე დავნერგე. იმ საკითხებს შევეხები, რაც უპირველესად მახსენდება. ახალგაზრდული გუნდების ერთ მთლიანობად გარდაქმნაა და არა ინდივიდზე დამოკიდებულად. მწვრთნელები კონკრეტული ასაკის გუნდთან ზედიზედ რამდენიმე წელი მუშაობდნენ და მათ ფეხბურთელების მიმართ საკუთრების განცდა ჰქონდათ. მათ ვუთხარი, რომ ბავშვები მშობლებს ეკუთვნოდნენ და კონტრაქტი თბილისის ლოკომოტივთან აკავშირებდათ და მე როგორც ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორი გადავწყვეტდი რომელი მწვრთნელი რომელ გუნდთან იმუშავებდა. ასე რომ ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა მწვრთნელებისგან მიეღოთ ცოდნა.

შემდეგ ჩვენ შევცვალეთ სამწვრთნელო სტილი, ყველაფერი ხდებოდა ბურთის გარშემო. ბავშვები დიდ დროს უთმობნდნენ ფიტნეს ვარჯიშებს, რაც ხშირად პროფესიონალი ფიტნეს მწვრთნელების გარეშე ხდებოდა. აქედან გამომდინარე არსებობდა ტრავმების რისკი და ისინი ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით სწორად ვერ ვითარდებოდნენ.

როცა ვხედავდით, რომ ჩვენი აკადემიის გუნდები წარმატებულად ასპარეზობდნენ, კონკრეტული ასაკის გუნდებს ერთი წლით უფროსების ჩემპიონატებში ვარეგისტრირებდით. ჩვენი მთავარი მიზანი ფეხბურთელების განვითარება იყო და არა 10-წლამდე ან 12-წლამდე ტურნირის მოგება. ასე რომ ჩვენ ვცდილობდით მათთვის მიგვეცა ისეთ გარემოში თამაშის საშუალება, სადაც მათგან ბევრს ითხოვდნენ''.

იაგო აგილარი ''ბარსელონას'' ფეხბურთელ სერხი რობერტოსთან მუშაობდა. ესპანელი სპეციალისტი მასთან მუშაობის პერიოდს იხსენებს, მისი როგორც ფეხბურთელის პლუსებს გამოყოფს და სერხი რობერტოს პიროვნულად ახასიათებს.

''სერხის ‘‘ხიმნასტიკ ტარაგონას’’ 14-წლამდე გუნდში ვწვრთნიდი, შემდეგ საქართველოში წამოვედი და ერთი წლის შემდეგ მან კონტრაქტი ‘‘ბარსელონასთან’’ გააფორმა. ის ყველაფერში შესანიშნავი იყო: კარგი სტუდენტი, ზრდილობიანი, ნიჭიერი ერთი-ერთზე თამაშისას, კარგი ბურთის კონტროლი და პასი ჰქონდა, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისას, მამაცი დუელისას. ასევე, მას შესანიშნავი მშობლები ჰყავდა''.

იაგო აგილარის თვალით დანახული ქართველი ფეხბურთელების შეფასება საინტერესოა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელთა გარშემო არსებულ ფაქტორებს კრიტიკულად აფასებდა. მისი ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ ქართველი ფეხბურთელების პროგრესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი გარემოა. არა იმდენად ინფრასტრუქტურული ან სხვა სახის ეკონომიკური პრობლემები, არამედ ყველაზე ახლო ადამიანების მხრიდან რბილი დამოკიდებულება, მაგრამ ეს მინდორს მიღმა საკითხებია, უშუალოდ მინდორზე კი მისი აზრით გიორგი გოროზია და ნიკა ჭანტურია გამორჩეულად მშრომელები იყვნენ.

''ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიდან, რომლებთანაც მიმუშავია, შრომისმოყვარეობით ნიკა ჭანტურია და გიორგი გოროზია გამოირჩეოდნენ, ამ კუთხით მათ დავასახელებდი, მაგრამ ერთადერთი, ვინც ყველაფერს აკეთებდა, რომ პროცესი კარგად წარმართულიყო, ლექსო თოფურია იყო. მას ჰქონდა ოცნება ქართულ ფეხბურთს დახმარებოდა და გასაოცარია, რასაც 2005 წლიდან დღემდე აკეთებს''.

გაზიარება: