''რთული, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება'' - აბრამოვიჩმა ლამპარდი გაუშვა
Aa
Aa

''რთული, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება'' - აბრამოვიჩმა ლამპარდი გაუშვა

ლონდონის ''ჩელსი'' მთავარ მწვრთნელს ფრენკ ლამპარდს დაემშვიდობა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

''არისტოკრატების'' მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა განაცხადა: ''კლუბისთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე. ფრენკთან შესანიშნავი პიროვნული ურთიერთობა მაქვს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ძალიან პატიოსანი, სამართლიანი პიროვნებაა და მუშაობის მაღალი ეთიკით გამოირჩევა. ვფიქრობთ, ამ ვითარებაში მწვრთნელთა ცვლილება საუკეთესო გადაწყვეტილებაა''.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით ფრენკ ლამპარდი შესაძლოა ''ლესტერის“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა შეცვალოს. Goal.com-ის ცნობით აბრამოვიჩი ტომას ტუხელის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც პსჟ-დან წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ''ჩელსიმ'' 19 მატჩში 29 ქულა მოაგროვა და მე-9 ადგილზეა, რაც ცხადია ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ძალიან ცუდი შედეგია. ლამპარდის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 5 მარცხი იწვნია. ''არისტოკრატები“ მეოთხეადგილოსან „ლივერპულს“ 5 ქულით ჩამორჩებიან.

ლამპარდი ''ჩელსის'' 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. 2019 წლის ოქტომბერში ლამპარდი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. 2019-20 წლების სეზონში ''ჩელსი'' პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

''ჩელსის'' გარდა ლამპარდი მხოლოდ ერთ კლუბს, ''დერბი ქაუნთის'' ხელმძღვანელობდა (2018-19).

42 წლის სპეციალისტი ლონდონელთა ცოცხალი ლეგენდაა. ფეხბურთელობისას ''ჩელსისთან'' ერთად პრემიერ ლიგა (3-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (ერთხელ) და ევროპა ლიგა (ერთხელ) მოიგო.

მსგავსი სიახლეები