ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე იტალიელი სპეციალისტის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. აპენინებზე დაბადებულმა სტრატეგოსებმა და ინოვატორებმა საკუთარი ხედვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელეს და თავიანთი კვალი დედამიწის მრავალ წერტილში დატოვეს. გამორჩეულ იტალიელ თავკაცებზე საუბრისას ელენიო ერერას, მარჩელო ლიპის, არიგო საკის, კარლო ანჩელოტის, ნერეო როკოს და სხვა ლეგენდარული სპეციალისტების სახელებს გაიგონებთ. დღეს, კი კატენაჩოს სათამაშო სქემის ოსტატზე და მის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე, ნერეო როკოზე ვისაუბრებთ. ადამიანზე, რომელიც ხშირად ბევრს ავიწყდება, არადა, მან ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა.
1912 წელს, ქალაქ ტრიესტეში, რომელიც მაშინ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, განსაკუთრებული ადამიანი, სახელად, ნერეო როკო დაიბადა. „ელ პარონს“ მშობლიური ქალაქი სიგიჟემდე უყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში ბევრ იტალიურ კლუბში იმუშავა, ქალაქში დაბრუნების შანსს ხელიდან არასდროს უშვებდა.
იტალიური ფეხბურთის ისტორიის განთიადზე ტრიესტინელობა უცხოელობასთან ასოცირდებოდა და იქაურ ფეხბურთელებს გაცილებით ნაკლებად სცემდნენ პატივს, ვიდრე „მილანში“ და „ტორინოში“ მოღვაწე მოთამაშეებს. როკო ტრიესტეში ფეხბურთს დიდი დეპრესიის პერიოდში თამაშობდა. მაშინ, როცა ფეხბურთელების ხელფასები საკმაოდ დაბალი გახლდათ და ხშირ შემთხვევაში, მათ ძალიან უნდა გამართლებოდათ ანაზღაურება რომ მიეღოთ. ფეხბურთელთა უმრავლესობა იძულებული ხდებოდა, სხვა სამუშაო მოეძებნა და გამონაკლისი არც სერია A-ში მოასპარეზე მოთამაშეები იყვნენ. ეს პრობლემა „ტრიესტინას“ დონის პატარა კლუბებში განსაკუთრებით აქტუალური იყო. ასეთ გუნდების გულშემატკივრები უმეტეს წილად თამაშებზე დასასწრებად ფულს არ იხდიდნენ, სპონსორები კი დიდ ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ.
ახალგაზრდობის „ტრიესტინაში“ გატარების შემდეგ, როკო „ნაპოლიში“ გადავიდა. იგი ვარსკვლავი არასდროს ყოფილა, მაგრამ ცნობილი იყო, როგორც ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანის შემდეგ რეაქცია პრაქტიკულად არასდროს ჰქონდა. როკოსთვის ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესი გახლდათ და იგი გოლის აღნიშვნაში და საზეიმო ცერემონიის მოწყობაში აზრს ვერ ხედავდა.
„ელ პარონს“ „სკუადრა აძურას“ რიგებშიც უთამაშია. როკომ იტალიის ნაკრების მაისური ერთადერთხელ, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოირგო, რომელშიც მან და კომპანიამ მეტოქე უშანსოდ, 4-0, გაანადგურეს. როკოს საფეხბურთო კარიერა წარუმატებელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა იმ მწვერვალებთან, რომლებიც მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას დაიპყრო.
კატენაჩოს გამომგონებლის ვინაობის შესახებ დებატები წლებია მიმდინარეობს, მაგრამ სადავო არაა იმ მწვრთნელის სახელი, რომელმაც აღნიშნული სქემა ყველაზე კარგად გამოიყენა. ნერეო როკომ კატენაჩო უმაღლეს დონეზე აიყვანა და პირველი იტალიელი სპეციალისტი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის თასი სამშობლოში ჩაიტანა. 1963 წელს, „ელ პარონის“ გაწვრთნილმა „მილანმა“ ეუსებიოს „ბენფიკა“ 2-1 დაამარცხა.
როკოს ხშირად მის უშუალო კონკურენტს, ლეგენდარულ ელენიო ერერას ადარებენ. ეს უკანასკნელი „ინტერის“ მწვრთნელი გახლდათ და კატენაჩო თავის კოლექტივს მანაც იდეალურად მოარგო. ამ ორი გიგანტის გუნდები იტალიურ ფეხბურთში თითქმის ერთ დეკადაზე მეტი დროის განმავლობაში დომინირებდნენ.
ერერასგან განსხვავებით, რომელიც, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სავარჯიშო მოედანზე უაღრესად მკაცრი და დისციპლინის მოყვარული ადამიანი გახლდათ, როკო რესტორნებსა და ბარებში Gazetta Dello sport-ის რედაქტორთან, ჯანი ბრერასთან ერთად დიდ დროს ატარებდა. იგი ხშირად ყოფილ ფეხბურთელებთან ერთად ალკოჰოლს მიირთმევდა და ყოველდღიურ პრობლემებს განიხილავდა. ასეთი შეხვედრები როკოს ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მას ადგილობრივ პრესაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება მისცა.
სერია A-ში „ელ პარონის“ პირველი კლუბი „ტრიესტინა“ იყო, სადაც იგი 1947-48 წლების სეზონში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ირგებდა. მაშინ იტალიურ ფეხბურთში „გრანდე ტორინოს“ ეპოქა იდგა და მართალია, როკოს „ტრიესტინამ“ მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ „ტორინოს“ 16 ქულით ჩამორჩა, მაგრამ „ელ პარონის“ გუნდმა გაუსწრო „მილანს“ - კლუბს, რომლის ისტორიაშიც როკოს სახელი ოქროს ასოებითაა შესული. სათქმელია ისიც, რომ ეს შედეგი „ტრიესტინასთვის“ დღემდე საუკეთესოა.
1949 წელს, როცა სერია A ჯერ კიდევ „გრანდე ტორინოს“ დაკარგვით მიყენებულ ტკივილს უმკლავდებოდა, როკომ ტრევიზოში დაარსებული კლუბი ჩაიბარა. „ელ პარონს“ განვითარება და გამოცდილების მიღება სურდა. თანაც, სერია B-ში ზეწოლა გაცილებით ნაკლები იყო და როკომ იდეალურად გაითავისა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლაში თავისი შეგირდების გაძღოლას.
სერია B-ში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ნერეო უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად და მშობლიური კლუბის კიდევ ერთხელ ჩასაბარებლად მზად იყო. „ტრიესტინაში“ მის ხელახლა დანიშვნას კლუბის მესვეურები და გულშემატკივრები აგრესიულად შეხვდნენ. აშკარა იყო, რომ როკოს საკუთარი გეგმების მაქსიმალურად განსახორციელებლად განსაკუთრებული კლუბი სჭირდებოდა. მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი სწორედ ამ დროს დადგა. „ტრიესტინას“ თავკაცის პოსტიდან გათავისუფლებულ როკოს „პადოვას“ წარმომადგენელი, ბრუნო პოლაცი დაუკავშირდა. „ტრიესტინადან“ გაშვების მიზეზი რამდენიმე წარუმატებლობა იყო და „ელ პარონის“ მშობლიურ ქალაქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჯოხი მასზე გადატყდა. პოსტის დაკარგვის შემდეგ, როკო ხორცის ბიზნესში წასვლას აპირებდა, როცა „პადოვასგან“ შეთავაზება მიიღო და პოლაცის ასე უპასუხა: „თუ სახლს გამომიყოფთ, ყოველთვიურად უფრო მაღალი ანაზღაურება მექნება და ყოველკვირა პრობლემების შექმნის გარეშე ტრიესტეში წასვლის საშუალებას მომცემთ, შემიძლია, მოვიდე და გუნდი გადავარჩინო, მაგრამ არაფერს გპირდებით და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“.
როცა როკო „ბიანკოსკუდატის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, „პადოვა“ სერია B-ში გამოდიოდა და გავარდნის პირას იყო. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბში საკუთარი ფილოსოფია დაამკვიდრა, კატენაჩო შემოიტანა და დისციპლინა დანერგა, რამაც შედეგი გამოიღო. „პადოვამ“ სეზონის დარჩენილ 11 შეხვედრაში 12 ქულა აიღო და სერია B-ში დარჩა, როკოს რეპუტაციამ კი ნელ-ნელა ზრდა დაიწყო.
„პადოვამ“ წარმატებული სვლა მომდევნო სეზონებშიც განაგრძო. როკოს კოლექტივი პირველ დივიზიონში დაწინაურდა და 1957-58 წლების სეზონში სერია A-ს გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა ყველაფერი მალევე დასრულდა. „ბიანკოსკუდატის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და სერია A-ში ადგილი ვეღარ შეინარჩუნა.
1961 წელს, „მილანის“ სახელგანთქმულ მწვრთნელს, ჯუზეპე ვიანის, გულის შეტევა დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეთაურობით „როსონერიმ“ სკუდეტო დაისაკუთრა, ვიანი ხვდებოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო პოსტი უნდა დაეტოვებინა და მის შემცვლელად სწორედ როკო მოგვევლინა.
„ელ პარონის“ მილანური კარიერა მშვენივრად დაიწყო. მან პირველივე სეზონში „შავ-წითლებს“ იტალიის ჩემპიონობა მოაგებინა და მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო, როგორც კატენაჩოს ოსტატი, 1961-62 წლების სეზონში მისმა „მილანმა“ 34 შეხვერაში 83 გოლი გაიტანა. როკო თითოეულ შეხვედრას ზუსტად ისე უდგებოდა, როგორც ამას თანამედროვე სპეციალისტები აკეთებენ. იგი საკუთარი შეგირდებისგან ითხოვდა, რომ მათ თავიანთი ვიზავი უყურადღებოდ ერთი წამითაც არ დაეტოვებინათ და სურდა, რომ მისი ბიჭები ყოველთვის ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში ყოფილიყვნენ.
„მილანში“ იყო ფეხბურთელი, რომელიც როკოს სტილს ვერ შეეგუა. ლეგენდარულ ინგლისელს, ჯიმი გრივსს გუნდთან მსუყე კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ 10 შეხვედრის შემდეგ „როსონერის“ რიგები დატოვა. გრივსს საკლუბო ცხოვრება უყვარდა. იგი თანამემამულე გარი ჰიჩენსს, რომელიც „ინტერის“ ღირსებას იცავდა, ხშირად ხვდებოდა და მასთან ერთად ერთობოდა, ეს კი „შავ-წითლების“ დამრიგებელს არ მოსწონდა. უდისციპლინო გრივსი ინგლისში დააბრუნეს და იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომლის სანაცვლოდ 100000 ფუნტი გადაიხადეს.
გრივსის წასვლის შემდეგ, „ელ პარონს“ კრეატიული და მომენტების შემქმნელი ფეხბურთელი დასჭირდა. ნერეოს ბევრი არ უფიქრია, მან „ბოკა ხუნიორსის“ საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშე, დინო სანი გადაიბირა. ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მოასპარეზე სანიმ როკოს „მილანში“ სამ სეზონში 63 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანი მწვრთნელი გახდა და როგორც თავად განაცხადა, ამ სფეროში მისი წარმატება როკოსგან მიღებულმა ცოდნამ განაპირობა.
„როსონერის“ თავკაცის პოსტზე როკოს დანიშვნის შემდეგ, მასსა და „ინტერის“ მთავარ მწვრთნელს, ელენიო ერერას შორის მეტოქეობამ აიღო სათავე. ორივე სპეციალისტი კატენაჩოს მიმდევარი გახლდათ, თუმცა ითვლებოდა, რომ „ელ პარონი“ მეტად ტრადიციულ სტილს მიჰყვებოდა. იმ პერიოდში გავრცელებული იყო აზრი, რომ „მილანი“ უფრო აგრესიულ დაცვით სქემას იყენებდა და გაუვალი უკანა ხაზით გამოირჩეოდა.
ნერეო როკოს „მილანს“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავდა. გუნდის კაპიტანი ჩეზარე მალდინი იყო და მასთან ერთად მოედანზე გუნდს კალჩოს „ოქროს ბიჭუნა“, ჯანი რივერა უძღვებოდა, ყველაფრის თავი და თავი კი „ელ პარონი“ გახლდათ. ხშირად იყო შემთხვევები, როცა სათადარიგოთა სკამთან მყოფი როკო ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებდა, მსაჯებს უყვიროდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ამცირებდა და ყველას ანადგურებდა, ვინც გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობებოდა.
საშინაო სარბიელზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, ნერეო როკოს „მილანი“ ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა. „როსონერის“ მეტოქე უძლეველი „ბენფიკა“ იყო, რომლის რიგებშიც მაშინდელი ექსპერტების აზრით, პელეს შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ეუსებიო, თამაშობდა. ტიტანების ბრძოლა „უემბლიზე“ უნდა ჩატარებულიყო. იმ დღემდე ჩემპიონთა თასი არცერთ იტალიურ გუნდს ჰქონდა მოპოვებული და „გრანდე ტორინოს“ ტრაგედიის შემდეგ, არცერთი იყო ისეთი პერსპექტიული, როგორც როკოს „მილანი“.
მატჩი საფეხბურთო კლასიკად იქცა, რომელშიც ქომაგებმა საფეხბურთო ფილოსოფიებისა და ჟინის ბრძოლა იხილეს. კატენაჩო „ბენფიკას“ „ყველა შეტევაში“ სტილს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი პორტუგალიელების უპირატესობით წარიმართა და „არწივები“ ეუსებიოს სწრაფი გოლის წყალობით დაწინაურდნენ. პირველივე წუთებზე მიღებული ბურთის მიუხედავად, „მილანმა“ სტილს არ უღალატა, დაცვაში სიმტკიცე შეინარჩუნა და მრისხანე მეტოქე გაანეიტრალა. მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა და ლეგენდარულმა ალტაფინიმ დუბლი გაიფორმა, „მილანმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი დაისაკუთრა. ამ გამარჯვების შემდეგ, როკოს სახელი კალჩოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა, „როსონერის“ ლიდერები, მალდინი, რივერა და ალტაფინი კი ნამდვილ გმირებად იქცნენ, რომლებსაც ხშირად მოსისხლე მტერი გუნდების ქომაგებიც აპლოდისმენტებით ეგებებოდნენ.
ალტაფინიმ 14 გოლით ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დაიბევა. მალდინი დაცვაში დომინირებდა, ხოლო ჯანი რივერა ნახევარდაცვას განაგებდა. კატენაჩო წარმატების გარანტად იქცა, ნერეო როკო კი მისი მეფე გახლდათ.
ევროპული ტრიუმფის შემდეგ, როკომ 1949 წელს „განადგურებულ“ გუნდში გადაწყვიტა გადასვლა. სუპერგას კატასტროფის შემდეგ, „ტორინო“ საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბდა, რომელიც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ადგილს ვერა და ვერ იმკვიდრებდა. როკო ის ადამიანი გახლდათ, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო. იგი შესანიშნავი მოტივატორი გახლდათ. ნერეო როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, საკუთარ შეგირდებთან დიდ დროს ატარებდა იქნებოდა. იგი მათ ასწავლიდა, ამცირებდა და ფეხბურთელების მოთაფლვასაც არ ერიდებოდა. „ელ პარონი“ ყველაფერს აკეთებდა, რათა თითოეული მოთამაშისგან მაქსიმუმი მიეღო. როკო ნებისმიერი მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს დეტალურად სწავლობდა და ნებისმიერ სისუსტეს, რომელსაც მოწინააღმდეგეში აღმოაჩენდა, მატჩების მიმდინარეობისას აქტიურად უტევდა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ტორინოს“ ჰყავდა სპეციალისტი რომელსაც გუნდის აღორძინება და მისთვის ძველი დიდების დაბრუნება შეეძლო. მაშინ მწვრთნელთა უმრავლესობა „ტოროს“ თავკაცის პოსტის ჩაბარებაზე უარს ამბობდა. ისინი ხვდებოდნენ, რომ „გრანატას“ ისტორიის გამო მოლოდინი დიდი იქნებოდა და რისკზე წასვლას ვერ ბედავდნენ, „ტორინოს“ გულშემატკივრები კი სუპერგას ტრაგედიის დავიწყებას ვერ ახერხებდნენ. ყველაფერი „ელ პარონმა“ შეცვალა და „ტორინოს“ ქომაგებში დიდების დაბრუნების იმედი გააჩინა.
ნერეო როკო „გრანატას“ ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა, ორფეო პიანელიმ გადაიბირა. ეს ის ადამიანია, რომელმაც „ტოროში“ თამაშზე ჯიჯი მერონი დაითანხმა. 1967 წელს, მერონიმ და როკომ კოპა იტალია მოიგეს და სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავეს. ვალენტინო მაცოლას შემდეგ „ტორინომ“ ასეთი შედეგი პირველად აჩვენა, თუმცა მალე გუნდში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. 1967 წლის შემოდგომაზე, ჯიჯი მერონის გზის გადაკვეთისას მანქანა დაეჯახა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
„გრანატას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიღწეული წარმატების შემდეგ, როკო „მილანში“ დააბრუნეს. „როსონერიში“ მისი მეორე ვადა გაცილებით შთამბეჭდავი და წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. „შავ-წითლები“ სერია A-ში სასურველ შედეგს სისტემატურად აღწევდნენ და მტრობა, რომელიც ერერასა და როკოს შორის არსებობდა, განახლდა. ამ პერიოდში ნერეოს ბიჭებმა თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრეს, კოპა იტალია მოიგეს და „ელ პარონის“ კარიერაში ალბათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
1968-69 წლების სეზონის დასკვნითი ნაწილი უმნივნელოვანესი მომენტებით დახუნძლული გამოდგა. მთელი მსოფლიო ადამიანის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმასა და ვიეტნამის ომზე საუბრობდა, საფეხბურთო სამყარო კი უაღრესად საინტერესო მატჩს ელოდებოდა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ტიტანების შერკინება უნდა გამართულიყო - ნერეო როკოს „მილანი“ იოჰან კრუიფის უძლეველი „აიაქსის“ წინააღმდეგ.
„მილანის“ გზა ფინალამდე ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. პირველ რაუნდში როკოს ბიჭებმა „მალმიოს“, ორი მატჩის ჯამში 5-3 სძლიეს. მეორე ეტაპზე მათი მეტოქე „სელტიკი“ გახლდათ. გლაზგოური ბარიერის დაძლევის შემდეგ „როსონერი“ მოქმედ ჩემპიონს, ლეგენდარული მეტ ბასბის „მანჩესტერს“ დაუპირისპირდა.
საფეხბურთო სამყარო თვლიდა, რომ როკოს გუნდი „წითელი ეშმაკების“ დამარცხებას ვერ მოახერხებდა. პირველი შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და მატჩს 80000 გულშემატკივარი დაესწრო. „მილანმა“ ორი სწრაფი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი „ელ პარონმა“ თამაში ჩაკეტა და „ბასბის ბიჭებს“ მომენტის შექმნის შანსი არ მისცა.
„ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრა მეტ ბასბისთვის ჩემპიონთა თასზე ჩატარებული ბოლო მატჩი გამოდგა. „იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს და ფინალის საგზური „მილანმა“ მოიპოვა.
გადამწყვეტი შესახებ ბევრი იწერებოდა. ტოტალური ფეხბურთისა და კატენაჩოს დაპირისპირებას ყველა მოუთმენლად ელოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ნიდერლანდური სისტემა, რომელსაც იოჰან კრუიფი მეთაურობდა, საფეხბურთო სამყაროს გვირგვინის მოსარგებად ემზადებოდა. „აიაქსის“ თავკაცი, რინუხ მიხელსი „მილანის“ მთავარ მწვრთნელს, ნერეო როკოს შეერკინა.
ექსპერტები თვლიდნენ, რომ კრუიფის გენიალურობა ნებისმიერ სათამაშო სქემას გაანადგურებდა და როკოს ტაქტიკის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი სხვა აზრზე იყო. მან ფეხბურთლები შთააგონა, რომ მისი და მისი სისტემის რწმენა ჰქონოდათ. ბოლოს და ბოლოს იგი ხომ კატენაჩოს ოსტატი და ის ადამიანი იყო, რომელიც მზად გახლდათ პრესის კრიტიკა საკუთარ თავზე მიეღო. მისმა ფეხბურთლებმა ეს კარგად იცოდნენ და წარუმატებლობის შიშის გარეშე ითამაშეს, რაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა.
როკოს მიერ თავისი შეგირდებისადმი მიცემული დავალებები საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ დარჩა. „ყველაფერს დაარტყით, რაც მოძრაობს! თუ ბურთი იქნება უკეთესია“. „ელ პარონმა“ „მილანის“ ერთ-ერთ მცველს დაავალა: „მათი ნახევარმცველი გასახდელიდან საპირფარეშომდე აიყვანე“. როკოს სიტყვებიდან ერთი რამ აშკარა იყო. „მილანი“ „აიაქსისთვის“ ამოსუნთქვის საშუალების მიცემას არ აპირებდა. თასი ამსტერდამში არცერთ შემთხვევაში არ უნდა წასულიყო.
მატჩის დაწყების დროს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იმდენი ჟურნალისტი იყო, რომ შეხვედრის სტარტი 15 წუთით გადაიდო, რადგან მინდვრიდან მათ გაყვანას დიდი დრო დასჭირდა. ცალკე სათქმელია ის, რომ ეს პირველი მატჩი იყო, რომლის ყურება გულშემატკივრებს ფერადი გამოსახულებით შეეძლოთ და ტრანსლაციებისთვის საჭირო აპარატურა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პრობლემებს უქმნიდა.
პირველივე წუთიდან აშკარა იყო, რომ დომინანტი „მილანი“ იქნებოდა. იტალიელები ბურთს აკონტროლებდნენ, „აიაქსს“ კი შეტევაში კრეატივი აკლდა. „როსონერიმ“ ანგარიში მერვე წუთზე პიერო პრატის გოლით გახსნა და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს „აიაქსის“ ფეხბურთელები შოკში ჩავარდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს პრატიმ დუბლი გაიფორმა და „მილანი“ შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარი იმავე სცენარით წარიმართა, „აიაქსი“ როკოს კოლექტივის მიერ დაწესებული ზღუდებიის გადალახვას ვერ ახერხებდა. იტალიელები ნიდერლანდელების ნებისმიერ შეტევას უმარტივესად უმკლავდებოდნენ, იოჰან კრუიფი კი ხშირ შემთხვევაში მაყურებლის როლში იყო და ბურთის მიღებას იშვიათად ახერხებდა.
ანჯელო სორმანიმ ანგარიში 3-0 გახადა, რასაც პრატის მესამე გოლი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსმა“ ერთი ბურთის შეგდება მოახერხა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნერე როკოს კატენაჩომ რინუს მიხელსის სათამაშო სქემა მიწასთან გაასწორა.
იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ევროპაში კვლავ ნომერ პირველი იყო. კატენაჩო კი კვლავ საუკეთესო სისტემად იქნა აღიარებული. ამ გამარჯვებით როკომ კარიერის პიკს მიაღწია.
ნერეო როკო „მილანში“ 1973 წლამდე დარჩა და შემდეგ, „ფიორენტინას“ გაწვრთნა სცადა, თუმცა ფლორენციაში მისმა მეთოდებმა არ გაამართლა. 1977 წელს ნერეომ „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტი ჩაიბარა და 1979 წელს, მშობლიურ ტრიესტეში გარდაიცვალა.
ნერეო როკომ საფეხბურთო სამყაროს ისტორიაში თვისი კვალი დატოვა. იგი კატენაჩოს გიჟი მეფეა, რომელმაც „მილანთან“ ერთად საოცრებები მოახდინა.