დაარტყა, თუ აწვდიდა? ეს კითხვა ფეხბურთის ქომაგებში არაერთხელ დასმულა.
"ეს ჩემთვის უამრავჯერ უკითხავთ, ალბათ ათასჯერ მაინც. პასუხი მუდამ ერთი მაქვს - მე კარში დავარტყი", - თქვა რონალდინიომ 2012 წელს.
დაარტყა, თუ ჩააწოდა? მის მიერ „ჩელსის“ კარში გატანილი გოლი იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიფიქრო - „გაუჩომ“ ნამდვილად დაარტყა. ეს დაგეგმილი შედევრი იყო და არა შემთხვევითი.
დღეს პატარა ბიჭის შესახებ ვისაუბრებ, რომლის პირველი სიყვარული ბურთი იყო. ის, ისე მაგრად შეუყვარდა, რომ მისი დანახვისას სულ იღიმოდა.
პატარა ბიჭი გაიზარდა და თავისი ჯადოსნური ღიმილი მთელს მსოფლიოს გადასდო. როდესაც ის ბურთთან ერთად ხალხის წინაშე ჩნდებოდა, ყველა იღიმოდა და ბედნიერი იყო.
ასე დაიწყო კიდევ ერთი ჯადოსნური საფეხბურთო ისტორია, რომელიც ამ უმდიდრეს წიგნში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა თავია.
ფეხბურთი, რომ ადამიანი იყოს რონალდინიო იქნებოდა. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა რისი კეთება გიწევს - თუ, შენს საქმეს ისეთივე სიყვარულითა და დადებითი განწყობით მიუდგები, როგორც ამას „გაუჩო“ აკეთებდა, ერთი რამ აუცილებლად მოხდება - დაგაფასებენ, შეგიყვარებენ და ბევრი შეეცდება, რომ მოგბაძოს.
დიახ, დინიო (ასე ვეძახი ყოველთვის) არ იყო სტაბილურობის ეტალონი. ის არც რონალდუ ყოფილა და არც მესი. ყველას გვინდოდა, რომ მისი სამბა ცოტა უფრო დიდ ხანს გვენახა, მაგრამ რაც ვნახე მე იმითაც ბედნიერი ვარ.
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? რთული კითხვაა და დარწმუნებული ვარ ყველას თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის მეც, მაგრამ ახლა ამაზე პასუხის გაცემა სწორად არ მიმაჩნია, თუმცა ერთს ვიტყვი - ფორმის პიკი ყველა ფეხბურთელს ჰქონია და გვინახავს, თუ რას სჩადიოდნენ ლეგენდები თავიანთი კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს. შემიძლია ვთქვა, რომ ფორმის პიკში მყოფ რონალდინიოზე ძლიერი ფეხბურთელი არასდროს არავინ ყოფილა. ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებაა და მეტი არაფერი.
რასაც დინიო თავის საუკეთესო წლებში აკეთებდა, ეს რაღაც სხვა იყო...
ყოველი მატჩის წინ, ყოველ საღამოს განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, როცა იმ დღეს რონალდინიო თამაშობდა, ველოდი რაღაც განსაკუთრებულს და ეს მოლოდინი ხშირ შემთხვევაში მართლდებოდა ხოლმე.
კარგი მუსიკის მოსმენა ადამიანის განწყობაზე პირდაპირ ისახება, ასევე იყო გაუჩოს თამაშის ყურებაც - ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდი და იცოდი, რომ ყოველ წამს რაღაც განსაკუთრებულს ნახავდი.
მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპის „ლივერპული“ ხარისხიანი მძიმე მეტალის მოსმენას შეადარა, რონალდინიოს თამაში კი ცალსახად სამბას ჰანგებით იყო გაჟღენთილი.
როდესაც ბურთს მიიღებდა თითქოს მუსიკაც ირთვებოდა. მისი დრიბლინგი კი სიმღერის კარგი მისამღერივით იყო, რომელსაც ელოდები და იცი, რომ აუცილებლად „გაგისწორებს“.
მისი თამაში ფანტასტიკის ჟანრის ფილმივით იყო. როდესაც კინოთეატრში მიდიხარ, სათვალეებს იკეთებ და 2 საათის განმავლობაში დროებით რეალობას წყდები. განტვირთვისთვის კარგი რამაა, ალბათ დამეთანხმებით. ასევე იყო რონალდინიოს თამაშის ყურებაც.
მისი საფეხბურთო კარიერა, რომ მხატვრული ფილმი ყოფილიყო, ის კრისტოფერ ნოლანის რომელიმე კინოშედევრი იქნებოდა.
როცა ნოლანის ფილმის სანახავად ვემზადები, გარანტირებულად ვიცი, რომ რაღაც განსხვავებულს, განსაკუთრებულს ვნახავ, რომლის ყურების შემდეგ ადრენალინის მოზღვავებას ვიგრძნობ - ჩემთვის „გაუჩოსა“ და ბურთის ურთიერთობაც ასეთივე სასიამოვნო საცქერი იყო.
შემდეგ დინიომ მოტივაცია დაკარგა და სასწაულების ჩადენას მოუკლო. ხანდახან, თუ შეგვახსენებდა თავს სხვა კონტინენტიდან და ნოსტალგიას დაგვიკმაყოფილებდა.
"ფეხბურთელისთვის განვითარება მთავარი რამაა. ყოველთვის უნდა ცდილობდე, რომ მოუმატო და არსებულით არ დაკმაყოფილდე. რონალდინიომ იცოდა, რომ საუკეთესო იყო და ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტი უშლიდა ხელს განვითარებაში. მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ბრაზილიელს უფრო მეტი შეეძლო. მას არ ჰქონდა ისეთი სტიმული და იმხელა მოტივაცია, როგორიც ეს დღეს მესის და რონალდუს აქვთ. მათ ერთმანეთი ჰყავთ და ისინი ერთმანეთთან მუდმივ შეჯიბრში არიან“. - ეს სიტყვები ჰენრიკ ლარსონს ეკუთვნის და ალბათ ის მართალიც არის.
ყველა რონალდუს სჭირდება მესი და ყველა მესის სჭირდება რონალდუ. მსგავსი კონკურენცია, რომ სასარგებლოა ამას ბოლო ათწლეულიც გვიმტკიცებს.
რონალდინიომ იცოდა, რომ საუკეთესო იყო. დიახ, მას 1 ოქროს ბურთზე მეტი არ მოუგია და ჩემპიონთა ლიგაც 1-ჯერ მოიგო. სანაკრებო წარმატებასაც მიაღწია, შემდეგ უბრალოდ გაჩერდა. ის თვლიდა, რომ მწვერვალს მიაღწია და თავის წლებში საუკეთესო იყო. შესაძლოა ხალხი ასე არ თვლიდა და საკმაოდ ბევრი მიიჩნევდა ასე, მაგრამ მთავარი იყო რას ფიქრობდა თავად დინიო.
ვინ იცის, მესის ან რონალდუსნაირ „კიბორგს“, რომ იმ წლებში ეთამაშა, იქნებ მომღიმარ ბიჭს პორტუ ალეგრიდან, ცოტა უფრო დიდი ხნით გაეგრძელებინა ჩვენთვის სასწაულების დემონსტრირება.
მისი განსაკუთრებული სათამაშო სტილი, არანორმალურად მაგარი ტექნიკური არსენალი და საფირმო ღიმილი - რონალდინიო იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველას უყვარდა. ბევრი დიდი მოთამაშე გვინახავს, მაგრამ კონკურენტი გუნდის ქომაგებს ისინი რაღაც მიზეზთა გამო სძულდათ და სძულთ. „გაუჩო“ კი არავის სძულდა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიღებული მადრიდული აპლოდისმენტები ამ ყველაფერს ადასტურებს.
„ღმერთი ყველას ასაჩუქრებს. ვიღაცას წერა შეუძლია, ვიღაცას ცეკვა. მან მე ტექნიკა და ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მომცა და მე ამ ნიჭის გამოყენებას მაქსიმალურად ვცდილობ“. - რონალდო დე ასის მორეირა, კაცი რომელიც იღიმოდა და ჩვენ გაღიმებასაც ახერხებდა, ხალხის გაღიმება კი ადვილი როდია, ამას ნებისმიერი პროფესიონალი არტისტი დაგიდასტურებთ.
ბოლოს მესის სიტყვებით დავასრულებ. როცა რონალდინიომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ლეო მას ემოციური პოსტით დაემშვიდობა:
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შენ ბევრი რამ მასწავლე. მუდამ მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ გასახდელ ოთახში ჩემი პირველად შემოსვლის დროს ყველაფერი გამიადვილე. მე იღბლიანი ვარ, რადგან წილად მხვდა პატივი, რომ შენთან ერთად ბევრი რამ გამეზიარებინა. შენ ბურთის ფენომენალურად ფლობასთან ერთად, დიდი პიროვნებაც ხარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტე, ფეხბურთი შენს ღიმილს არასდროს დაივიწყებს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ რონი!"