კონსტანტ იგივე სტენ ვან დენ ბუისი ბელგიური ფეხბურთის ისტორიაში ბევრით არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია. მთელი აქტიური კარიერა საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის ადგილობრივ გუნდებში გაატარა და რომ არა ერთი ფაქტი, მას, როგორც ფეხბურთელს, წლების შემდეგ, "ლიერსის" ფანების გარდა, ალბათ, არავინ გაიხსენებდა. "ლიერსში" მეტ-ნაკლებად კვალი დატოვა - 8 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
 
ნებისმიერ ვებგვერდზე შედიხარ ვან დენ ბუისის პროფაილში და სახელ-გვარის შემდეგ ეგრევე გხვდება წინადადება - „ცნობილია იმით, რომ ერთი საფეხბურთო მატჩისას 3 ავტოგოლი გაიტანა“. როგორ? რანაირად? - საინტერესოა არა?!.. მოდით, გავარკვიოთ, როდის და რა ვითარებაში მოხდა ფეხბურთის ისტორიაში ეს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და უნიკალური ფაქტი.
 
ბელგიის უმაღლესი ლიგის 1994-95 წლების სეზონის მე-19 ტურში, „ჟერმინალ ეკერენი“, რომელიც 1999 წლიდან „ჟერმინალ ბეერსხოტის“ სახელითაა ცნობილი, „ანდერლეხტს“ ეთამაშებოდა. სხვათა შორის, ბრიუსელელებს იმ პერიოდში წვრთნიდა იოჰან ბოსკამპი, რომელმაც შემდგომში თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრებში იმუშავა.
ვან დენ ბუისი მაშინ „ეკერენის“ რიგებში თამაშობდა და ბელგიური ფეხბურთის მთავარი გრანდის წინააღმდეგ მოტივაცია არ აკლდა. „ანდერლეხტი“ მაშინაც, ისევე როგორც ბევრ სხვა წელს ყოფილა, ქვეყნის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ.
მაშ ასე, 1995 წლის 22 იანვარი. „ეკერენი“ საკუთარ არენაზე მოქმედ ჩემპიონს ხვდება. მასპინძელთა ძირითადშია სტენ ვან დენ ბუისი, რომელიც, ტრადიციულად, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯება. მე-4 წუთზე, „ეკერენი“ დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ, 27-ე, 54-ე და 61-ე წუთებზე, ვან დენ ბუისის ჯერი დადგა.
ფეხბურთის ისტორიის ამ უნიკალური ჰეთ-თრიქის ამსახველი უკეთესი კადრები ფიზიკურად არ არსებობს. როგორც ხედავთ, პირველი ავტოგოლისას ვან დენ ბუისმა დარტყმულის დაფარება სცადა, თუმცა კარისკენ აშკარად არაზუსტად დარტყმული ბურთი მის ფეხზე აისხლიტა და კარში შევარდა - ეს ერთი! მეორე ნახევრის დასაწყისში, „ანდერლეხტის“ ფეხბურთელი, დეგრისი ჯარიმიდან აწვდის, ბურთი თავზე ვან დენ ბუისს ეხება და... - ეს მეორე!
ნახსენებ ორივე მომენტში ცალსახა ავტოგოლია და ამაზე სხვადასხვა აზრი ნაკლებად თუ იარსებებს, თუმცა მესამე ეპიზოდში, როცა ასევე უეჭველი ავტოგოლი გადიოდა, ვან დენ ბუისის „ფენომენალური სტატისტიკის“ გაფუჭება იოჰან უალემმა სცადა. „ანდერლეხტის“ ფორვარდმა ვან დენ ბუისის თავიდან ასხლეტილი და პრაქტიკულად უკვე კარში გასული ბურთი, ხაზიდან კარში თავად შეაგდო და გოლი მიითვალა, მაგრამ „გულუხვი“ სტატისტიკოსები ამ გოლსაც სტენ ვან დენ ბუისს უთვლიან და ფეხბურთის ისტორიის „განსაკუთრებულ ჰეთ-თრიქს“ მას მიაკუთვნებენ.
რეალურად რომ ვთქვათ და თავადაც კარგად ხედავთ, რომ გოლი მართლაც უალემმა გაიტანა, მაგრამ ისიც უეჭველზე უეჭველია, რომ თუკი ის ბურთს არ შეეხებოდა, ავტოგოლს ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა, ვან დენ ბუისის შეხების შემდეგ ბურთი კარში ყველა ვარიანტში შევარდებოდა. ზოგჯერ ზედმეტი ოფიციალურობა და პედანტიზმი არასწორია - მე ვთვლი, რომ ვან დენ ბუისს ავტოგოლების ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული და ის ფეხბურთის ისტორიის უნიკალური ფურცლის ავტორია.
ვან დენ ბუისი ფოტოზე ბელგიური ფეხბურთის ლეგენდასთან, მიშელ პრიუდომთან ერთადაა გამოსახული. იგი პრიუდომის ასისტენტი 2008-10 წლებში "გენტში" იყო, 2013-17 წლებში კი "ბრიუგეში" ეხმარებოდა.
წარმოიდგინეთ, საყრდენი ნახევარმცველი ხარ, საკუთარი გუნდის კარის დაცვას ცდილობ და იმას ახერხებ, რომ 3 სხვადასხვა ეპიზოდში ავტოგოლი გაგაქვს!.. ფეხბურთს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე 150 წელზე მეტია თამაშობენ, მაგრამ ოფიციალურ მატჩში ერთ კაცს თავისი გუნდის კარში 3 გოლი, უნებურად (ნებით - კი ბატონო და ამაზეც ვილაპარაკებთ), არასდროს გაუტანია და თუ ოდესმე ამ სპორტის ისტორიაში მაგნიტური დღე არსებულა, ერთ-ერთი ასეთი 1995 წლის 22 იანვარი იყო, როცა სტენ ვან დენ ბუისისთვის მზე ძალიან, ძალიან მწვავედ აცხუნებდა.
სიტყვა „უნებურად“ ვახსენეთ და აქვე გავიხსენოთ ის მატჩი, რომლის შესახებაც ფეხბურთის ერუდირებულმა გულშემატკივრებმა კარგად იციან. 2002 წელს, მადაგასკარის ჩემპიონატში, „ოლიმპიკ ლ’ემრინის“ ფეხბურთელებმა, „ადემასთან“ მატჩისას, თავიანთ კარში 149 გოლის გატანა მოასწრეს. ისინი ცენტრიდან ბურთს ათამაშებდნენ და ეგრევე ავტოგოლი გაჰქონდათ, რითაც მსაჯების მიერ მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ.
ვის ან რის მიმართ ჰქონდა პროტესტი იმ დღეს ვან დენ ბუისს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ისეთი რაღაც მოახერხა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა და ამ სპორტის გულშემატკივარს საკუთარი გვარი ირონიის სინონიმად შემოუნახა.
საბოლოოდ, „ჟერმინალ ეკერენმა“ იუპილერ ლიგის ის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და „ინტერტოტოს თასის“ საგზური მოიპოვა, „ანდერლეხტი“ კი ჩემპიონი გახდა.
1957 წელს დაბადებულ ვან დენ ბუისს „ეკერენამდე“, რომელშიც კარიერა დაასრულა, „ვუუსტვეცელში“, „ბერხემ სპორტში“, „ლიერსში“, „მოლენბეეკსა“ და „მეხელენში“ უთამაშია. 1996 წლიდან კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, მაგრამ ისიც დაახლოებით ისე მიდის, როგორც სტენისთვის „ანდერლეხტთან“ მატჩი. ჩვენი სტატიის გმირი „სტანდარდში“ (2008), „გენტსა“ (2008-10) და „ბრიუგეში“ (2013-17) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2019 წლის ივლისიდან იმავე „სტანდარდში“ სკაუტის თანამდებობაზე მუშაობს.