კვეკვესკირი - წამი, როცა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ტრანსფერი ჩაიშალა
Aa Aa

კვეკვესკირი - წამი, როცა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ტრანსფერი ჩაიშალა

''ყველაზე მეტად ''დინამო არენაზე'' ტრიბუნების გუგუნი მენატრება, კონკრეტულად ის მომენტი, როცა ეროვნული ჰიმნი მთავრდება და ყველა ერთხმად მღერის, ჰიმნის დამთავრებისთანავე კი მთელი სტადიონი გუგუნებს'' - ამბობს ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გასულ წელს მატჩების უდიდესი ნაწილი ქომაგთა გარეშე ჩაატარა და ყველაზე მეტად გულშემატკივრებით სავსე სტადიონის ფონზე საშინაო სანაკრებო შეხვედრა ენატრება.

ათ წელზე ოდნავ მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც 18 წლის ნიკა კვეკვესკირი პირველად ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიამ მიიწვია, მაგრამ მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში მოგვიანებით, კახა ცხადაძის მწვრთნელობისას შედგა, თუმცა გარემოსთან ადაპტირება და დიდი პასუხისმგებლობის გააზრება მაშინ დაიწყო, როცა ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაია კალაძეს, კობიაშვილს, ხიზანიშვილსა და იაშვილს წვრთნიდა. ჩემი პირველი კითხვა ამ თემას ეხება:''ასეთ გარემოში მოხვედრიდან გამომდინარე 18 წლის ბიჭისთვის რამდენად რთული იყო ემოციების კონტროლი?''

''მაშინ ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რისთვისაც დღემდე თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საშუალება არ მომეცა, ასეთი დონის ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი ჩემთვის უდიდესი პრივილეგია, პატივი და მოტივაცია იყო. პირველი შეხვედრისას ემოციების კონტროლი რთული იყო. როცა პირველად ხვდები შენს კუმირებს, ფეხბურთელებს, რომლებთან ერთად ვარჯიში რამდენიმე დღის წინ მიუწვდომლად გეჩვენებოდა, დღეს შენი თანაგუნდელები არიან და ის დისტანცია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ჩანდა, წამში ინგრევა. გამოცდილმა ფეხბურთელებმა ძალიან თბილად და რაც მაშინ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ და ტოლსწორად მიმიღეს, თითქოს ჩვენს შორის ეს დისტანცია არასდროს ყოფილა''.

90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულმა ფეხბურთმა უამრავი ტალანტი დაკარგა, რომლებიც არა ლევან ყენიასავით ტრავმებმა გააქრეს, არამედ შრომის მნიშვნელობის გაუაზრებლობამ მოსწყვიტა საფეხბურთო ორბიტას. არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ფეხბურთზე მაღლა ნარკოტიკები ან აზარტული თამაშები დააყენა და ისეთ უფსკრულში გადაეშვა, რომ საუკეთესო საფეხბურთო თვისებები დაკარგა. ცხადია, დღეს ისეთ ლამაზ ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობთ, როგორც ჯამარაულისა და ქინქლაძის პერიოდში, მაგრამ ყოველდღიური შრომის მნიშვნელობა და დისციპლინის დაცვა ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს გაცილებით უკეთ აქვთ გააზრებული. შემდეგი კითხვა დისციპლინას ეხება: ''გააზრებულად როდის, კარიერის რა ეტაპზე მიხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დისციპლინა?''

''უდისციპლინო ფეხბურთელი არც ახალგაზრდულ ასაკში ვიყავი, მაგრამ რაც უფრო იზრდები და ვითარდები, უფრო და უფრო აფასებ ყველაფერს და ხვდები, რომ ფეხბურთში ყოფითი და სათამაშო დისციპლინა ფუნდამენტური საკითხია. ყოველშემთხვევაში ჩემთვის ასეა და ასე იყო თავიდანვე. მახსოვს მამაჩემი პატარა ასაკშიც კი მეუბნებოდა, მწვრთნელის დავალებას ბოლომდე ნუ ასრულებ, ჩარჩოში ექცევი, ეცადე დავალებების 80 პროცენტი შეასრულო და 20 პროცენტი შენი კრეატივი გამოიყენოო. გამოდის რომ სათამაშო დისციპლინა, პატარა ასაკშიც კი მქონდა''.

კვეკვესკირი ბევრისთვის უცნობ ფაქტს იხსენებს, 2011-12 წლების სეზონში თბილისის ''დინამოში'' ყოფნისას იმ პერიოდისთვის უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში, ესპანურ ლა ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. თბილისის ''დინამოსთან'' ერთად ბარსელონაში შეკრებაზე ყოფნისას ''სარაგოსასთან'' ყველა დეტალი შეათანხმა, თანაგუნდელებს დაემშვიდობა, კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამდა, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი არ შედგა.

''ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ''დინამოდან'' გამაცილეს, მაგრამ ყველასთვის ძალიან მოულოდნელად ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა, ''სარაგოსა'' ფინანსური დავალიანების გამო დასაჯეს, ტრანსფერის განხორციელების უფლება არ მისცეს და ამ ფაქტორის გამო ლა ლიგის კლუბში ვერ გადავედი.

ბოლო წლებში ევროპიდან ისეთი ვარიანტი არ მქონია, სადაც გადასვლა ღირდა. თუ სპორტული თვალსაზრისით და არა ფინანსური კუთხით, საინტერესო შემოთავაზება იქნება, დასავლეთ ევროპულ ჩემპიონატში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავ.''

მახსოვს მისი პასები და ცრემლები ათენის აეკ-თან მტკივნეული მარცხის შემდეგ, რომან ფიფიას ახირებების გამო კარგი გუნდის აშენების გამქრალი იმედი, უცნაურ დროს გაშვებული ალექს გარსია და უმცროსი დუშან უჰრინი, რომელმაც სიჯიუტითა და ზედმეტად მკაცრი მიდგომებით კვეკვესკირი მეორე გუნდში დააქვეითა და რეგრესის გზაზე დააყენა. ანალოგიურად, თბილისის ''დინამოში'' უარი თქვეს დავით ხოჭოლავაზე, ''დინამოდან'' გაშვების შემდეგ ''შუქურაში'' წავიდა, გავიდა დრო და ხოჭოლავას ''შახტარმა'' ზიდანის ''რეალი'' მადრიდში დაამარცხა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი იყო.

დღეს კვეკვესკირი და ხოჭოლავა ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითოები, რადგან მათი კარიერიდან გამომდინარე რეგრესი არ ნიშნავს დასასრულს და ნებისმიერი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა შესაძლებელია: ''შენ და დავით ხოჭოლავა იდეალური მაგალითები ხართ, ფეხბურთელმა უსამართლობის შემდეგ როგორ დააღწიოს თავი კრიზისს და პროგრესის გზაზე დაბრუნდეს. როცა ''დინამოს'' მეორე გუნდში დაგაქვეითეს, შენს ფიქრებში რა სიტყვები იყო, რაც ოპტიმისტურად განგაწყობდა?''

''სიტყვებს ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ იმდროისთვის მოტივაცია ჩემი ოჯახი იყო. მეუღლე დანებების საშუალებას არ მაძლევდა. პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანების წინაშე. ცხადია, ერთ-ერთი ფაქტორი ფეხბურთის სიყვარული იყო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულით ფონს ვერ გავიდოდი, რომ არა ჩემი ოჯახი და მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა.''

მისი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალური მარცხია, როცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან მხოლოდ ერთი ნაბიჯი, მხოლოდ ერთი მატჩი აშორებდა. არ მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით ბიზნესსექტორი ქართულ საკლუბო ფეხბურთს ''მოაწყდებოდა'' და ლოკალურ დონეზე ფეხბურთის ბიზნესად გადაქცევის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, რადგან ფეხბურთის განვითარების უმთავრესი საფუძველი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ადამიანთა ცხოვრებას გაცილებით ბედნიერს გახდიდა, ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაიზრდებოდა და რეალური იმედი გაჩნებოდა, რომ შესაძლოა დღეს ქართველები მაგარ ევროპულ ჩემპიონატებში არ თამაშობენ, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენენ, კალაძე-კობიაშვილის შემდეგ არსებული წყვეტა დასრულდებოდა და ქართველ მოთამაშეებს უძლიერეს ჩემპიონატებში კვლავ ვიხილავდით.

შემდეგი კითხვა ორნაწილიანია, სანაკრებო და საკლუბო თემებს ეხება: ''მაკედონიასთან მატჩამდე ასეთი რამ თქვი: ‘‘ცეცხლი გვიკიდია და ერთი სული გვაქვს თამაში დაიწყოს.’’ ფეხბურთელებში რატომ ვერ დავინახეთ გამარჯვების სულისკვეთება, სად გაქრა ცეცხლი განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდევმა გოლი გაიტანა? როგორ ფიქრობ, ახლა როცა 28 წლის ხარ, მაკედონიასთან მარცხმა კარიერის ევროპაში გაგრძელების შანსიც ხომ არ გაგიქრო?''

''ბოლო წლების განმავლობაში ასეთი უფანტაზიო, არაკრეატიული საქართველოს ნაკრები არავის უნახავს. გასაგებია, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ვისზეც ჩვენი შეტევითი პოტენციალი იდგა, მაგრამ არსებული კადრებითაც შეგვეძლო გამარჯვების მიღწევა სწორი ფსიქოლოგიური მზაობა რომ გვქონოდა. შეუძლებელია შექმნა რაიმე ღირებული, როცა ძალიან დაძაბული ხარ, მით უმეტეს ფეხბურთში. მთავარ მიზეზად სწორედ ეს მიმაჩნია. მხოლოდ სულისკვეთებით თამაშს ვერ მოიგებ და არც სულისკვეთება ჩანს მინდორზე, როცა არაფერი გამოგდის. 

ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესს გაზრდიდა, მაგრამ მაკედონიასთან მარცხმა ყველაზე მთავარი ოცნება წამართვა, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.''

''ახლახანს გურამ კაშიას ძველ ინტერვიუს ვუსმენდი, ''თავისუფლების დღიურებში'' ასეთი რამ თქვა, რომ სკოლაში მათემატიკის სწავლა ფეხბურთის თამაშში დამეხმარაო. შენთვის თუ იყო ისეთი სასკოლო საგანი, რაც ფეხბურთში გამოგადგა უშუალოდ მინდორზე ან მინდორს მიღმა?''

''ასე კონკრეტულად არ დავფიქრებულვარ, მაგრამ მათემატიკას მეც კარგად ვსწავლობდი და რადგან ''კაშომ'' თქვა, ალბათ მეც გამომადგა. ვფიქრობ, ზოგადი განათლება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია თავისი სოციალური სტატუსისა და თავდაჯერების მოსაპოვებლად.''

ყველაფერს ტვინი წარმართავს. ნებისმიერი მოულოდნელი მოქმედება, რაც ქომაგს სიამოვნებას ანიჭებს, გონებიდან მოდის. მარადონას ინგლისთან შესრულებული დრიბლინგი დიდებულია, მაგრამ ესთეტიური თვალსაზრისით გუტის ქუსლით პასი ბენზემას მიმართ უფრო აახლოებს ფეხბურთს ხელოვნებასთან. შესაძლოა, ვიღაც ბრიტანელ ქომაგს მოსწონს როი კინის სიხისტე, სუბიექტური საკითხია, მაგრამ ფეხბურთი მეტწილად იმ ფეხბურთელების გამო უყვარდებათ, რომლებიც მოედნის ხედვით გამოირჩევიან, განსაკუთრებულ ეპიზოდებს ქმნიან და წლების შემდეგ ეს ეპიზოდები კვლავ რეიტინგულია ინტერნეტსივრცეში.

ჩემთვის ფეხბურთის სილამაზე იმ ფეხბურთელების თამაშთან ასოცირდება, რომლებიც მოედნის ხედვით და ლამაზი პასით გამოირჩევიან. 2020 წელს ნიკა კვეკვესკირის მონაწილეობით არაერთი მატჩი ვნახე, ის ძალიან კარგად იცავდა სათამაშო დისციპლინას, მაგრამ შეტევით ფაზაში ძალიან იშვიათად ასრულებდა ლამაზ და ეფექტურ გადაცემას, ისეთ პასს, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და აქედან გამომდინარე შემდეგი კითხვა კრიტიკულია: ''შეტევით ფაზაში პასების კუთხით რატომ აღარ ხარ ისეთივე პროდუქტიული, როგორიც იყავი მაგალითად 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში სერბეთთან საშინაო მატჩში?''

''ძალიან ღრმა და გასაანალიზებელი თემეაა, რაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული. ამ ყველაფერზე კონკრეტული თამაშიდან გამომდინარე სხვადასხვა პასუხი მექნებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც მგონია, რომ საყრდენი ნახევარმცველის პასების პროდუქტიულობა მარტივად შეიძლება სტატისტიკური მონაცემების ნახვით შეფასდეს. თუ ეფექტურობას ან სანახაობრივ მხარეს ვგულისხმობთ და თუ ეს ყველაფერი ადრინდელთან შედარებით უფრო ნაკლები იყო, ვეცდები გამოვასწორო.''

2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლი, კვეკვესკირის პასები სერბეთთან მატჩში

საყრდენი ნახევარმცველის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება

''ერთი დადებითი თვისებით ფონს ვერ გახვალ, მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ მოედნის ხედვას ვიტყვი. ეს ისეთი თვისებაა, რომელიც უფრო თანდაყოლილია. მონდომებითა და შრომით სხვა აუცილებლად საჭირო თვისებების გამომუშავება შესაძლებელია''.

რამდენად მნიშვნელოვანია პერიფერიული მხედველობა

''ჩემი აზრით ამ კომპონენტის ქონით ან არქონით შეიძლება განისაზღვროს ფეხბურთელის კლასი. ასე რომ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პერიფერიული მხედველობა და მისი მეშვეობით სიტუაციის ანალიზის უნარიც თუ გაგაჩნია, ეს ფაქტორები მინდორზე დიდ უპირატესობებს გაძლევს''.

ყველაზე ბინძური და ყველაზე მაღალი კლასის ოპონენტები

''ჯეიმს მაკლინი ყველაზე უხეში მეტოქეა, ვისთანაც მითამაშია, იმიტომ რომ ფეხებში აშკარად განზრახ გირტყამს, იმის მერეც კი, როდესაც უკვე უბურთოდ ხარ. ყველაზე ტექნიკურ მეტოქეებში კი სამ ფეხბურთელს შევიყვან უკომენტაროდ: ანდრეს ინიესტა, ტონი კროსი და დავიდ სილვა''.

არჩევანი დიდ ფინანსურ შემოსავლებსა და ფეხბურთს შორის

''ორი დიდი სიის შედგენა შეგვიძლია ფეხბურთელებისგან, სადაც ერთ მხარეს იქნებიდან ფეხბურთელები, რომლებმაც ფინანსები პირველ ადგილზე დააყანეს, მეორე მხარეს ის დიადი სპორტსმენები, რომლებიც ფეხბურთით და გამარჯვებებით შეპყრობილნი არიან. რომელ მხარეს უფრო მეტი გვარი დაგროვდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უფრო ინდივიდუალური და სუბიექტური საკითხია, რომელსაც თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად უმკლავდება''.

საყვარელ რეჟისორ, ლარს ფონ ტრიერის შესახებ

''ვერ ვიტყვი, რომ ფილმებში ძალიან კარგად ვერკვევი თუმცა არის ფილმები, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, რაღაც საკითხებზე განსხვავებული რაკურსით შეხედვის საშუალება მომცეს. ფონ ტრიერის ფილმები კი ჩემი აზრით უფრო თავისუფალ და მრავალმხრივ ადამიანად გაქცევს''.

ფინანსური ფაქტორი და რომანტიული ფეხბურთის მტრები

''მეც რომანტიული ფეხბურთის მოყვარული ვარ. რომანტიული ფეხბურთის პირველი მტრები მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მზად არიან გამარჯვება ნებისმიერი ხერხითა და გზით მოიპოვონ, რაც იმას განაპირობებს, რომ ფეხბურთელები რეალობას ერგებიან, ინდივიდუალურობაზე წინ ტაქტიკურ განათლებას, ფიზიკურ მომზადებას და უნივერსალურობას აყენებენ. ეს ყველაფერი ძალიან ადრეულ ასაკშიც კი ხდება. კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება და საბოლოოდ ალბათ ფინანსებთან მივდივართ. პასუხი მარტივია, ფინანსების ზრდამ ფეხბურთზე გავლენა იქონია და არა მხოლოდ ფეხბურთზე, ფინანსურმა მოთხოვნილებებმა და ფინანსურმა აუცილებლობებმა კაცობრიობა და ცხადია ფეხბურთიც შეცვალა''.

მესიზე და ''ბარსელონაზე''

''მესიმ კარიერა ''ბარსელონაში'' უნდა დაასრულოს, ''კამპ ნოუს'' სახელი უნდა შეუცვალონ და მესიმ კარიერის ბოლო მატჩი თავის სახელობის სტადიონზე უნდა ჩაატაროს, ესაა ჩემი აზრი და სურვილი. წასვლით კი ის წავიდა, ვინც უნდა წასულიყო. ფაქტია, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებდა, ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა და პასუხი მან აგო, ვისაც უნდა ეგო. დიდი იმედი მაქვს, რომ ''ბარსელონას'' კრიზისი ძალიან მალე დასრულდება და ისევ ისე ვისიამოვნებთ, როგორც რამდენიმე წლის წინ და ბოლოს და ბოლოს გაღიმებულ მესის ვნახავთ.''

ფოტო: fcdinamo, gff, gettyimages 

გაზიარება: