Aa Aa

"ქაოსი კიბეა" - სულიერად გატეხილი ბარსა, რომელიც ფუჭ ილუზიებს ეჭიდება

„ბარსელონა“ უკვე ოთხი წელია პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს და პროგრესის ნაცვლად ყოველი ახალი სეზონიდან გუნდს ახალი პრობლემა ემატება.

უკანასკნელ 10 წელში ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მილანის“ ფსკერზე დაშვება ვიხილეთ, ახლა იგივე პროცესი „ბარსელონაშიც“ მიმდინარეობს.

ყველა გუნდს ინდივიდუალური პრობლემები აქვს. შესაძლოა იდენტური მიზეზების გამო ორ სხვადასხვა კლუბს დიდი პრობლემა შეექმნას, მაგრამ ამ შემთხვევაში „ბარსაში“ არსებული ვითარება ნამდვილად უნიკალური და განსხვავებულია.

ყველაფერი ქრონოლოგიურად მოხდა. ისე იდეალურად ჩამოიშალა გუნდი, რომ ამას ალბათ მათი მოსისხლე მტრები ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

„ბარსელონაში“ ბოლო 4 წელია ქაოსია. როგორც ცნობილი სერიალის GOT-ის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს - ქაოსი კიბეა, კლუბი მასზე ასვლას ცდილობს, მისგან თავის დაღწევას, მაგრამ უშედეგო მცდელობებმა და ყოველწლიურმა მტკივნეულმა მარცხმა ისინი გატეხა. ამჟამინდელი მდგომარეობით კი „ბარსა“ კიბეზე ასვლას არც ცდილობს, კლუბმა თითქოს ამაზე უარი თქვა და ამჯობინა მესის მოჭიდებოდა, თუმცა ეს უკვე ფუჭი ილუზიაა, რადგან ლეო სასწაულმოქმედი არ არის, რომ ასეთი ჭაობიდან გუნდი მარტომ ამოიყვანოს. ასე, რომ მხოლოდ კიბეა რეალური გამოსავალი და მხოლოდ მასზე ასვლის შემდეგ შეძლებს „ბლაუგრანა“ თავისი სახის დაბრუნებას.


შევეცდები კატალონიელთა რიგებში არსებულ ქაოსზე გესაუბროთ და ყველაფერი გამოკვეთილად, თანმიმდევრობით და ობიექტურად დავალაგო, რაც ბოლოს ლოგიკური დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.

პირველი პრობლემა: „დაუსჯელობის სინდრომი“ - როცა „სისხლის გამოშვება“ აუცილებელია

გუნდმა ბოლო წლებში იმდენი ანტირეკორდი დაამყარა და იმდენი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ისტორიაში, რომ ეს ყველაფერი კლუბის 50, ან 100 წლიან ისტორიას ეყოფოდა, თუმცა კატალონიელებმა ეს სულ რაღაც 4 წელში მოახერხეს.

0:3 „რომასთან, 0:4 „ლივერპულთან“, 2:8 „ბაიერნთან“ - ეს მატჩები ერთმა გუნდმა და ერთმა შემადგენლობამ წააგო, მაგრამ დასჯით მხოლოდ მწვრთნელები დაისაჯნენ.

დიახ, როცა ასე აგებ მწვრთნელი უნდა გაუშვა. ვალვერდეს ზედმეტი აცადეს და ესეც მიუტევებელი შეცდომა იყო, რომელიც კლუბმა დაუშვა.

ასეთი მტკივნეული დამარცხებების შემდეგ, კარგი ანალიზია საჭირო, რასაც შემადგენლობის სერიოზული გადახალისება უნდა მოჰყვეს.

„სირცხვილი არის სიტყვა რომელიც ახლა თავში პირველად მომდის. მზად ვარ კლუბი პირველმა დავტოვო, თუ გუნდს ახალი სისხლი დასჭირდება. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება საუკეთესო ბარსასთვის“, - ეს პიკემ „ბაიერნთან“ 2:8-ის შემდეგ თქვა და მზად იყო გუნდი დაეტოვებინა, რადგან ხვდებოდა, რომ იმ მომენტში რაღაც მსგავსი იყო საჭირო, რაც პირველ რიგში კლუბს უნდა გაეკეთებინა.

„ბარსამ“ ეს არ გააკეთა, ახლა კი პანდემიის დროს კლუბს ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისი შეექმნა და ლამის გაკოტრდნენ.

ესეც ძალიან უცნაურია და ბევრ კითხვას ბადებს, რადგან „ბარსელონამ“ 2019 წელს ერთ მილიარდიანი რეკორდულად დიდი ბიუჯეტი დაამტკიცა. კლუბმა ბოლო წლებში ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა და ბართომეუ მის მთავარ წარმატებად სწორედ ამას თვლიდა. ამ ყველაფრის ფონზე კი პანდემიამ „ბლაუგრანა“ ევროპაში ყველაზე მეტად დაძირა.

ფინანსური პრობლემები ყველას შეექმნა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი „ბარსასთვის“ ეს ორმაგად და სამმაგად დიდი პრობლემა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ბართომეუს გუნდი ამ მხრივაც ძალიან სუსტად მუშაობდა, უბრალოდ არ ჩანდა, რადგან პანდემია ხომ ყოველ წელს არ არის ხოლმე.

მცირე გადახვევის შემდეგ თემას დავუბრუნდეთ. ძნელია მიმდინარე სეზონის წარუმატებლობები რონალდ კუმანს დაბრალდეს, რადგან ნიდერლანდელი სრულიად დემორალიზებულ გუნდში მივიდა, მოითხოვა 2-3 ტრანსფერი, რათა შემადგენლობა და სქემა თავის გემოზე მოეწყო, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა.

ეს არის მკვდარი გუნდი, რომლის გაცოცხლებასაც ყოველწლიურად ელექტროშოკით ცდილობენ. ეს არ არის ფლეისთეიშენი, რომ წააგო, შემდეგ თავიდან ჩართო და უკეთ ითამაშებ, შეცდომებს გაიაზრებ და შენ მეტოქეს მოუგებ. ეს რეალური გუნდია ცოცხალი ადამიანებით, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ - მენტალურად დანგრეულები არიან და მათ უბრალოდ ახალი სახეებით ჩანაცვლება სჭირდებათ.

ამ ფორმაციის „ბარსამ“ თავისი ისტორია უკვე დიდი ხანია დაწერა და დაასრულა, მაგრამ კლუბი რატომღაც ბოლო გვერდს სულ ხელახლა კითხულობს, ფურცლავს და წიგნის დახურვას არ აპირებს. შედეგად, ბოლო გვერდი გაცვდა, დაიხა და სადაცაა საერთოდ ამოვარდება...

დიახ - ეს არის „ბარსელონას“ ნომერ პირველი და მთავარი პრობლემა, რომელიც ყველაფრის დასაბამი და საძირკველია. 4-წლიანი შეცდომების შედეგი, რომელიც მხოლოდ სირცხვილს და სახის დაკარგვას იწვევს.

მეორე პრობლემა: შემადგენლობა, სქემა და დამატებითი ფაქტორი - ტრავმები

გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებისა და ახალი სისხლის გადასხმის აუცილებლობაზე უკვე ვისაუბრეთ. კატალონიელთა პრობლემები დაცვის ხაზიდან იწყება.

გუნდმა 2:8 წააგო და მხოლოდ დესტი იყიდა. ისე ჩანს თითქოს მარჯვენა მცველის ბრალი იყო, რაც „ბაიერნთან“ მოხდა და კლუბმა ეს პოზიცია გააძლიერა.

არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. „ბარსელონას“ 2-3 ახალი მცველის შეძენა ჰაერივით ესაჭიროებოდა, მაგრამ კლუბი კვლავ პიკე-ლენგლეს ძალიან, ძალიან ცუდ დუეტს ენდო.

აქ პრობლემა მხოლოდ პიკესა და ლენგლეს ცუდ სათამაშო ფორმაში არ არის - მათი სათამაშო სტილი იდენტურია და არ შეიძლება ისინი მოედანზე ერთად იდგნენ.

ორივე მათგანი ეგრეთქოდებული პოზიციური ცენტრალური მცველია. მაღალი, ტლანქი და მეორე სართულზე ძლიერი, რომელსაც გვერდით შედარებით მოძრავი, დამზღვევი პარტნიორი სჭირდება. მაგალითად, როგორიც პუიოლი და მაშერანო იყვნენ. როგორც რამოსი აზღვევს ხოლმე ვარანს, ასევე სჭირდება პიკეს ვიღაც, ვინც მის ზურგს გაამაგრებს და დატოვებულ სივრცეებს აითვისებს.

უკვე დიდი ხანია პრობლემები აქვს ხორდი ალბასაც. შეტევაში ძირითადად კარგია და ბევრ საგოლე პასსაც ასრულებს, თუმცა დაცვაში მოუკლო, იმპულსური გახდა და დიდი ზეწოლის დროს ბავშვურ შეცდომებს უშვებს. ერთი სიტყვით ძალიან არასაიმედოა, ეს კი კონკურენციის არქონის ბრალია.

ალბას ჯერ ლუკა დინი, შემდეგ კი ხუნიორ ფირპო მიუყვანეს, რომლებიც მასთან შედარებით საკმაოდ დაბალი დონისანი არიან.

როცა შენი მეკარე, ან დაცვის ხაზი არადამაჯერებელია და უაზრო შეცდომებს უშვებს, ასეთ დროს შეტევის ხაზი თავდაჯერებას კარგავს და შიშით თამაშობს. შედეგად კი წინ ეფექტურობა, სიმწვავე იკარგება, ვისაც ფეხბურთი უთამაშია ადვილად მიხვდება, რასაც ვამბობ.

მოედნის ცენტრი ნელია - დე იონგი კარგია, მაგრამ ბუსკეტსი და პიანიჩი ძალიან ნელები არიან და შეტევებისას ტემპს აგდებენ. კონტრშეტევბისას უჭირთ დაცვის დაზღვევა, რაც დიდ პრობლემებს ქმნის.

კუმანმა სეზონის სტარტზე დე იონგის გვერდით ვაინალდუმის გამწესება ტყუილად არ განიზრახა. ნიდერლანდელი 2 ნახევარმცველით თამაშს აპირებდა და ცენტრში მაქსიმალურად სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი შუახაზელები სჭირდებოდა.

ასეთი სქემით თამაშისას პიანიჩისა და ბუსკეტსის სტილის ნახევარმცველები პრობლემებს ქმნიან ხოლმე, რადგან შესაბამისი სისწრაფე არ აქვთ. ფიზიკური ორთაბრძოლებისას არც ისე შედეგიანები არიან და მაღალ პრესინგსაც ვერ თამაშობენ.

9 ნომრის არყოლა - ეს არის პრობლემა, რომელსაც „ბარსა“ ვერსად გაექცევა და თავს ვერანაირად აარიდებს. ბრაიტვეიტი ლა ლიგაში და ზოგადად საშუალო დონის გუნდებთან კარგია და გოლებიც გააქვს, მაგრამ გუნდს მჭიდროდ დაცვაში ჩამჯდარი მეტოქეების წინააღმდეგ მაღალი კლასის ცენტრფორვარდი სჭირდება - „სევილიასთან“ და „კადისთან“ მატჩებმა ეს კარგად დაგვანახეს.

ასევე, სწრაფი ფლანგების ყოლა აუცილებელია. ფატის და დემბელეს ტრავმამ კუმანი საერთოდ გარემარბების გარეშე დატოვა, რამაც დამატებითი პრობლემები წარმოშვა.

მესიმ, რომ მთელი თავისი არსენალი სრულად გამოიყენოს, მას წინ 9 ნომერი სჭირდება. მისი თამაშის სტილი შეიცვალა და „ბარსა“ ლეოს ძალიან არასწორად იყენებს.

მესი საჯარიმოს მიმართულებით მწვავე გადაცემებს გამუდმებით ასრულებს და იქ მათ შესაბამისი „მიმღები“ უნდა დახვდეს. გუნდს კი ამჟამად ასეთი არავინ ჰყავს.

სუარესის ისე გაშვება, რომ მისი შემცვლელი წინასწარ დაბევებული არ ჰყავდათ, იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება კლუბის პრეზიდენტმა დაუშვას.

სტაბილური შემტევი მხოლოდ მესია. ლეოს გარდა ხიფათი ვისგანაც იქმნებოდა ფატი და დემბელე იყვნენ, ისინი კი ტრავმის გამო ლაზარეთში იმყოფებიან. ამისთვის არც კუმანი და არც კლუბი მზად არ აღმოჩნდა - „ბლაუგრანას“ სათადარიგოთა სკამი ძალიან სუსტია.

კოუტინიო და გრიზმანი - ორივე ერთად არ გამოდის

კუმანის სქემიდან (4-2-3-1) გამომდინარე კოუტინიოსა და გრიზმანის მოედანზე ერთად ყოფნა გუნდისთვის წამგებიანია.

ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ორივე მათგანი თავს ყველაზე კომფორტულად ფორვარდის უკან 10 ნომრად გრძნობს.

ფლანგზე არცერთისგან ხიფათი არ იქმნება და ყოველი მატჩი დაკარგულია, როცა კუმანი კოუტინიოსა და გრიზმანს გარემარბებად იყენებს.

ერთ-ერთს თადარიგში დარჩენა მოუწევს და ლოგიკურია, რომ ეს მათ შორის კონკურენციას გააჩენს. კონკურენციის დროს კი ფეხბურთელები როგორც წესი ფორმაში შედიან.

კუმანის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ინდივიდუალური შეცდომები, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს...

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდის ცუდ თამაშში და ამჟამინდელ პრობლემებში მხოლოდ ნიდერლანდელ სპეციალისტს ვერ დავადანაშაულებთ. რა თქმა უნდა, თავისი წილი შეცდომები მანაც დაუშვა.

კუმანი დროულად რეაგირებს, შეცვლებს არ აგვიანებს, რისკავს კიდეც, თამამი ნაბიჯების გადადგმას არასდროს უშინდება. როცა რაღაც ისე ვერ არის პირდაპირ ამბობს ხოლმე და თვლათმაქცობა, ან რაიმეს დამალვა არ უყვარს. პრობლემებს არასდროს გაურბის.

ცდილობს რაღაც ახალს მიაგნოს. მაგალითად, რამდენიმეჯერ შეტევის გაძლიერების მიზნით, ბუსკეტსის ნაცვლად პედრის-დე იონგის დუეტი სცადა და 18 წლის შუახაზელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ეს ყველაფერი მისი პლუსებია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს მისი გუნდი არ არის. ვისი ყიდვაც უნდოდა არავინ უყიდეს. 2:8-ის შემდეგ გუნდში მოვიდა და მხოლოდ 2-3 მოთამაშის დამატება მოითხოვა, როდესაც ნახევარი გუნდი გასაყიდი იყო, მაგრამ კუმანს მხოლოდ სერჟინიო დესტი მიუყვანეს.

ის არ არის იდეალური მწვრთნელი „ბარსელონასთვის“, მაგრამ ფეხბურთელების მიერ დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები რიცხობრივად ძალიან ბევრია და გუნდი ამის გამო ბევრ ქულას კარგავს.

მაგალითისთვის - „ატლეტიკოსთან“ ძალით წააგეს, როდესაც უღიმღამო 0:0-ზე ტერ შტეგენი რატომღაც კარიდან გამოვარდა და ლამის მოედნის ცენტრამდე აირბინა, რაც „ბარსას“ კარში კარასკოს გოლით დასრულდა. შინაარსობრივად იგივე მოხდა „კადისთანაც“. ორივე გაშვებული გოლი ცენტრალური მცველების მინგესასა და ლენგლეს უაზრო მოქმედების შედეგად გავიდა.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს. გუნდს ფორმაში არყოფნის გარდა სხვა პრობლემაც აქვს და ის გაცილებით დიდია - ფსიქოლოგიურად ძალიან არამდგრადები არიან. სადაც ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, იქ გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შეცდომები ყოველთვის ჭარბადაა.

ამას კუმანს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე უკვე დიდი ხნის გასაშვებია, რაც კლუბის ხელმძღვანელთა პირდაპირი მოვალეობაა.

პირველი დიდი შეცდომა, რომელიც კუმანმა დაუშვა „იუვენტუსთან“ მატჩში შემადგენლობის გადახალისება იყო. მაშინ, როდესაც დაცვა საშინელ ფორმაშია და ზოგადად გუნდიც ცუდად გამოიყურება, ასეთი რამ არ უნდა გააკეთო.

კუმანმა „იუვეს“ პატივი არ სცა და შესაბამისად არ დააფასა, ვერ გათვალა, რომ 0-3-ის წაგება შესაძლებელი იყო.

გუნდის მინიმალური ამოცანა ტურინელებთან პირველ მატჩში ორბურთიანი ფორის შენარჩუნება იყო, რომ მათ ჯგუფში პირველი ადგილი გაენაღდებინათ, მაგრამ ამ ამოცანას თავი ვერც ფეხბურთელებმა და ვერც მწვრთნელმა ვერ გაართვა. შედეგად კი „ბლაუგრანას“ მერვედფინალში „პორტუს“ ნაცვლად თამაში პსჟ-სთან მოუწევს.

არსებული ვითარება - როგორი უნდა იყოს გუნდის ოპტიმალური შემადგენლობა?

იმ რესურსიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად კუმანის ხელშია და მისი 4-2-3-1 სქემის გათვალისწინებით, „ბარსას“ სასტარტო თერთმეტეულის ყველაზე ოპტიმალური ვერსია ასე გამოიყურება.

„ბარსელონა“ ყოველთვის კარგია, როცა ფლანგებიდან გამოკვეთილი გარემარბებით თამაშობს. ასეთ დროს მესიც გაცილებით ნაყოფიერია ხოლმე. ამას ანსუ ფატის თამაში გვიმტკიცებს.

გუნდს მეტი გაჰქონდა და მეტ მომენტსაც ქმნიდა, როცა მარცხნიდან ფატი უტევდა. მისი ტრავმის შემდეგ კუმანს გუნდის გადაწყობა მოუხდა. ფლანგზე კოუტინიო და პედრი გამოსცადა, თუმცა ამ პოზიციაზე ორივე მათგანი ინერტულია.

ფატის შემდეგ დაიმტვრა მეორე გარემარბი უსმან დემბელეც. ფრანციშკუ ტრინკაუ კი ჯერ მოლოდინს ვერ ამართლებს და მიცემულ შანსებს ვერ იყენებს ხოლმე.

ძირითადში მარტინ ბრაიტვეიტის გამწესებით კუმანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მას ცენტრფორვარდი სჭირდება და ამ პოზიციაზე მესისა და გრიზმანის გამოყენება ნაკლებად ეფექტურია.

მინდორზე 9-იანის ყოლა გუნდს განსაკუთრებით მაშინ სჭირდება, როცა ფატის ტრავმა აქვს.

„გუნდში 9 ნომრის ყოლა ყოველთვის კარგია. კარგია, როცა წინ კიდევ ერთი მოთამაშე გყავს, ეს მეტი არჩევნის საშუალებას იძლევა, თუმცა კარგად თამაში გამოკვეთილი ცხრა ნომრის გარეშეც შეგვიძლია“. - ამბობდა სეზონის სტარტზე კუმანი.

დასკვნა: არჩევნები მოდის - დროა ბარსამ ქაოსიდან კიბეზე ასვლა შეძლოს

24 იანვარს „ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული. ყველა მას ელოდება - მესიც, კუმანიც, ქომაგებიც, ყველა.

არჩევნებმა 2 მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაჭრას: პირველი - ახალმა პრეზიდენტმა მესის მომავლის პროექტი უნდა შესთავაზოს, რომელიც ძლიერ და ყველა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის შექმნას ითვალისწინებს. მეორე - კუმანი მინიმუმ 2 ტრანსფერს ითხოვს და მზადაა იანვრის ბოლო კვირამდე მოიცადოს, რათა ახალ პრეზიდენტს გაესაუბროს და სიტუაცია აუხსნას.

ფაქტია, რომ კატალონიელებს 1 ცენტრალური მცველი და 1 ცენტრფორვარდი სჭირდებათ. ყველაზე მეტად ერიკ გარსიასა და მემფის დეპაის გვარები ისმის. ორივე მათგანი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ იანვარში მათი შეძენა საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი, თუმცა არავინ იცის რამდენად შეძლებენ ისინი გუნდისთვის პრობლემების მოგვარებას.

კლუბში სიტუაცია უკიდურესად არის არეული. კეთდება უამრავი პირდაპირი და ხმამაღალი განცხადება. ბორდის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ღიად ამბობენ, რომ მესის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან, თუ ლეო ხელფასს კიდევ არ შეიმცირებს და მასთან კონსესუსს ვერ მიაღწევენ.

ამჟამინდელი „ბარსა“ სახლში მარტო დატოვებულ ბავშვებს ჰგავს, რომლებიც ყველაფერს თავდაყირა აყენებენ და მალე ხანძარსაც გააჩენენ, თუ მშობლები დროულად არ დაბრუნდებიან.

ფეხბურთელებმა ხელფასები უკვე ორჯერ შეიმცირეს. არავინ იცის რა იქნება სეზონის ბოლოს, გაყიდიან თუ არა მათ, წავა თუ არა გუნდიდან მესი, ვინ იქნება ახალი მწვრთნელი? ასეთი არასტაბილური სიტუაცია გუნდზე უარყოფითად მოქმედებს და ყველაფერი მატჩებში მინდორზე გასვლისას ჩანს.

ახალმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა "ბლაუგრანაში" არსებული არასტაბილლური გარემო უნდა დაალაგოს. თუ, ამ ყველაფერს 1-2 ტრანსფერიც დაემატა გუნდისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება. რაც შეეხება კუმანს, ის ვალდებულია მის ხელში არსებული რესურსი სწორად გამოიყენოს. გუნდის სათამაშო სქემაზე ზემოთ ვისაუბრეთ და აშკარაა, რომ ნიდერლანდელი რიგ მატჩებში თერთმეტეულს არასწორად არჩევს ხოლმე.

"ბარსა" რთულ ვითარებაშია, მაგრამ არა გამოუვალში. თუ, ყველაფერს ობიექტური თვალით შეხედავენ, შესაძლოა გუნდს ეშველოს კიდეც.

ზამთარი უკვე მოვიდა და „ბარსელონასთვის“ ის შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის გამოდგეს.

გაზიარება: