ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელიც ამჟამად ''თელავის'' მწვრთნელია, ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი 20 წლის ასაკში, კუნძულ კვიპროსზე, სლოვაკეთთან ჩაატარა, როცა საქართველოს ნაკრებს დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის დუეტი წვრთნიდა და როცა ეროვნულ გუნდში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი ინდივიდუალისტები თამაშობდნენ. ზურაბ მენთეშაშვილის დებიუტსა და ეროვნულ გუნდში დამკვიდრებას გარკვეულწილად იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ უფრო მეტად დაცვითი სტილის მოთამაშე იყო და იმ პერიოდის ქართველ ძლიერ შემტევებთან კონკურენციაში შესვლა არ უწევდა, თუმცა წლების შემდეგ ტოპმიოლერისა თუ კუპერის მწვრთნელობისას შემტევი სტილის ფეხბურთელისთვის დამახასიათებელ უნარებსაც ავლენდა.
''შოთა არველაძემ დამინახა:''მენთეშ, რა არის დაბადების დღე გაქვს?''
ყველაზე კომფორტულად თავს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობდა, თუმცა დაცვითი სტილის თვისებებს სხვა ამპლუაშიც ავლენდა. მაგალითად, 1997-98 წლების სეზონში სფფ-ის ვერსიით ეროვნული ჩემპიონატის 19-წლამდე მოთამაშეთა შორის საუკეთესო მარჯვენა მცველად დასახელდა, როცა მშობლიური ქალაქის, რუსთავის ''გორდას'' ღირსებას ბავშვობის განუყრელ მეგობართან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად იცავდა, თუმცა ისეთი მომენტებიც მახსოვს, როცა შეტევაში პროდუქტიული იყო, მისი გადაცემით 17 წლის ლევან მჭედლიძემ შოტლანდიას შეუგდო, 17 წლის ლევან ყენიამ კი - უელსს. განსაკუთრებით კარგი და ლამაზი კარდიფში შესრულებული საგოლე პასი გამოვიდა, როცა ერთი პასით მეტოქის მცველები და საყრდენები ''მოჭრა'' და იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, ცუდად გასახსენებელი, ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში შოვკოვსკისთან პირისპირ გავიდა, ვაგებდით და სავსე ტრიბუნები მხოლოდ გოლს ელოდნენ, მაგრამ უკრაინელს ვერ გაუტანა.
მენთეშაშვილის საგოლე პასი და ყენიას გოლი
მისი სანაკრებო კარიერიდან ეს სამი ეპიზოდი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, მაგრამ მკითხველისთვის არასაფეხბურთო მომენტებიც საინტერესოა. ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 40 მატჩი ჩაუტარებია და არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ უთამაშია, ინტერვიუს დაწყებამდე საკმაოდ ნერვიულობდა და ინტერვიუს მიმდინარეობისას ცდილობდა მაქსიმალურად აზრიანი და შინაარსიანი პასუხები გაეცა, რაც მას იმ ფეხბურთელებისგან განასხვავებს, რომლებიც მედიასთან საუბარს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და თუნდაც კარიერის დასრულების შემდეგ საინტერესო ფაქტების გახსენებისგან თავს იკავებენ.
1999-2002 და 2002-05 წლებში რიგის ''სკონტოში'' ლევან კორღალიძესთან ერთად თამაშობდა, სადაც მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვსი იყო. მისი ხელმძღვანელობით ლატვიის ნაკრებმა ევრო 2004-ზე ითამაშა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა.
მენთეშაშვილი ლატვიელ სპეციალისტს ასე ახასიათებს:''სტარკოვსი ძალიან მაგარი მწვრთნელი იყო. უპირველესად ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი იყო. მან იცოდა რომელი ფეხბურთელისთვის რა ეთქვა და როდის, რაც მწვრთნელისთვის ძალიან დიდი პლუსია''
ლევან კორღალიძე, ალექსანდრ სტარკოვსი და ზურაბ მენთეშაშვილი
მენთეშაშვილმა გერმანულ ''კაიზერში'' ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა, როცა კლაუს ტოპმიოლერი სპორტული დირექტორი იყო და გერმანულ კლუბში მენთეშაშვილი-ცქიტიშვილის დუეტის მიყვანას ცილობდა, სიტყვიერი შეთანხმება შედგა, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს. მიუხედავად ამისა, მენთეშაშვილის ბუნდესლიგაში თამაშის ოცნება არ ახდა, ტოპმიოლერმა ''კაიზერის'' სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა და ამ ფაქტორის გათვალისწინებით ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვეს.
გერმანულ კლუბში ჩაშლილი ტრანსფერის მიუხედავად 2009-10 წლებში ებრაული თელ-ავივის ''ჰაპოელის'' რიგებში ძალიან წარმატებული სეზონი ჩაატარა. აღსანიშნავია ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვენის ''რაპიდთან'' გატანილი ბრწყინვალე გოლი და სეზონის საოცრად დრამატული დასასრული - ბოლო ტურში მოპოვებული ისრაელის ჩემპიონობა.
''ტოპმიოლერს ვუთხარი:''თუ შენ გამოგიშვეს, მე შენს გვერდით ვარ, არც მე წავალ''
მისი სანაკრებო კარიერა 2000 წელს დაიწყო და 10-წლიანი გამოდგა, თუმცა ვიდრე ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვევდნენ, ევრო 1999-ზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვახტანგ კოპალეიშვილის გაწვრთნილ საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მაისურით ითამაშა, სადაც მისი თანაგუნდელები ლაშა ჯაკობია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კორღალიძე და სხვა მოთამაშეები იყვნენ. მენთეშაშვილი კოპალეიშვილზე ძალიან დადებითად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისგან ბევრი ისწავლა:''კოპალეიშვილი ჩვენთვის მწვრთნელიც იყო, მამაც და მეგობარიც''.
მან საქართველოს ეროვნულ გუნდში უკანასკნელი შეხვედრა 2010 წელს კამერუნთან ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი ყოფილი თანაგუნდელი, თემურ ქეცბაია იყო. საერთო ჯამში ეროვნულ გუნდში 40 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი 2000 წელს სომხეთს ამხანაგურ მატჩში შეუგდო და მისი გოლით ყიფიანი-ძოძუაშვილის გუნდმა გაიმარჯვა. გარდა ამისა, 2 საგოლე პასი შეასრულა უელსთან და შოტლანდიასთან.
ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 40 მატჩიდან მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ითამაშა. მათგან ყველაზე მეტად პორტუგალიელი დეკუს თამაშით აღფრთოვანდა, როცა ევრო 2008-ის დაწყებამდე პორტუგალიამ საქართველოს მოუტინიოსა და სიმაოს გოლებით სძლია.
მენთეშაშვილი კანკავაზე, დეკუზე, კოპალეიშვილსა და ტოპმიოლერზე