ქვეყნიდან გასვლის პირველი ნაბიჯი ფეხბურთელის პიროვნებაზე, მის მენტალიტეტზე წარმოდგენას გვიქმნის. ვინც პირველ ნაბიჯს რუსეთისკენ არ დგამს, ევროპული ტრამპლინისთვის ემზადება, გულში უფრო დიდი საფეხბურთო მიზნები და ოცნებები აქვს ვიდრე მას, ვინც კარიერის სტარტზე რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ აკეთებს, სადაც უზარმაზარი ფინანსები ერთგვარ ჭაობს ქმნის, საიდანაც ამოსვლა, თავის დაღწევა და ევროპაში წასვლა თითქმის არასდროს ხდება, თუ არ ჩავთვლით ძალიან იშვიათ გამონაკლისებს. აქედან გამომდინარე, კარიერის სტარტზე ევროპაში დამკვიდრების მცდელობა დიდ ფინანსურ შემოსავალზე უარის თქმას ნიშნავს, თუმცა შორეულ პერსპექტივაში საკუთარ თავს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ხედავ, სადაც კლუბები და ქომაგები ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის იდეალურ საფეხბურთო გარემოს ქმნიან.
''22 წლის ასაკში დიდ ფინანსურ შემოსავალზე, რუსეთში თამაშზე უარი ვთქვი და გერმანიაში წავედი, სადაც თითქმის 5 სეზონი გავატარე''
მაშინ როცა წარსულში არაერთმა, ბოლო წლებში კი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპულ ფეხბურთს რუსული არჩიეს, იმ დიდ რისკზე წავიდნენ, რაც ევროპულ ფეხბურთში მოხვედრას ართულებს. ცხადია, ბოლო ოცწლეულში რუსეთის ჩემპიონატი განვითარდა, მაგრამ პერსპექტიული ახალგაზრდები პირველ ნაბიჯს სწორედ ევროპული ლიგების სასარგებლოდ უნდა დგამდნენ, რადგან მხოლოდ იქ არის დიდი საფეხბურთო ოცნებების ახდენის შესაძლებლობა.
როცა 22 წლის დავით სირაძემ თბილისის ''ლოკომოტივიდან'' ბერლინის ''უნიონში'' კარიერა გააგრძელა, მეორე ბუნდესლიგაში მთავარ მწვრთნელად მიროსლავ ვოტავა დახვდა, დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან ერთად ევრო 1980-ის გამარჯვებული და დიდი გამოცდილების მქონე პერსონა, თუმცა ქართველ შემტევს ალტერნატიული არჩევანიც ჰქონდა რუსეთის ჩემპიონატის სახით. მიუხედავად იმისა, რომ სირაძის მთავარი მიზანი - ბუნდესლიგაში მოხვედრა აუხდენელ ოცნებად დარჩა, არჩევანის სისწორე მის სიტყვებიც კარგად ჩანს. კითხვაზე ყველაზე შთამბეჭდავი დღე გერმანული კარიერიდან, სირაძის პასუხი ასეთია: ''გერმანიაში ყოველი დღე განსაკუთრებული, ყოველი დღე შთამბეჭდავი იყო''.
ქომაგთა საჩუქრები, წერილები, არშემდგარი ტრანსფერები და გერმანული კარიერა
როცა შოთა არველაძემ სანაკრებო კარიერა ''ჰემპდენ პარკზე'' ბრწყინვალე გოლით დაასრულა, მისი სრულფასოვნად შეცვლა ვერავინ შეძლო, გამონაკლისი მხოლოდ დავით სირაძეა, რომელმაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრა და ეროვნულ ნაკრებში ქულების მომტანი გოლები შეაგდო. განსაკუთრებით კარგად ის გოლები მახსოვს, რომლებმაც მატჩის სურათი შეცვალეს. მაგალითად, ტოპმიოლერის მწვრთნელობისას ბლოხინის უკრაინასთან და ქეცბაიას სამწვრთნელო დებიუტისას ესტონეთთან. ქართულ კლუბებს და ნაკრებებს მატჩის მიწურულს გოლების გაშვება უფრო ახასიათებდათ ვიდრე გატანა და სირაძე ამ მოცემულობას ცვლიდა, მატჩის გადარჩენას ახერხებდა, როცა ქომაგის იმედი ქრებოდა. ეს არ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ როცა ხდებოდა, ძალიან სასიამოვნო იყო. ცხადია, მისი სანაკრებო კარიერა ისეთივე შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, როგორიც შოთა არველაძის იყო, მაგრამ ლეგენდარული ქართველი ფორვარდის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მის ამპლუაშია სირაძე ეროვნული გუნდის ყველაზე ნათელი წერტილი იყო. მოქმედი ქართველი ცენტრფორვარდების ფონზე პარადოქსია, რომ სანაკრებო კარიერის პარალელურად დავით სირაძე საკლუბო დონეზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე არ თამაშობდა, თუმცა ნაკრებში საჭირო გოლებით თავი დაგვამახსოვრა.
''არ ვიცი რა შეიძლება იყოს ნაკრებში თამაშზე დიდი ბედნიერება''
ყველაზე დიდი სიხარული იმ გოლებს მოაქვთ, რომლებსაც თამაშში გარდატეხა შეაქვთ, ემოციები უფრო მძაფრია და ასეთი მომენტები ქომაგზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ევრო 2012-ის შესარჩევში, როცა საქართველოს ნაკრები ბურთის ფლობის დიდი უპირატესობის მიუხედავად მალტას ვერ ამარცხებდა, უკანასკნელ წუთზე უკანაკსკნელი შანსი კალაძის პასით სირაძემ გოლად აქცია. ასევე, მან შეუგდო შოტლანდიას, როცა სკოტებს ევრო 2008-ზე მოხვედრის შანსი გავუქრეთ და როცა თურქებს დაძაბულობით სავსე თამაშში მოვუგეთ. საბოლოო ჯამში ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 26 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა, ის თითქმის ყოველ მეორე მატჩში ახერხებდა გოლის გატანას ან საგოლე გადაცემის შესრულებას.
ათმატჩიანი დაუმარცხებელი სერია
თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პირველი წელი სირაძის მაღალი შედეგიანობის დახმარებით ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ქეცბაიას გუნდმა ერთწლიან პერიოდში 10 მატჩი გამართა: 5 მოგება, 5 ფრე. აღნიშნული 10 თამაშიდან სირაძემ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა: 4 გოლი და 1 საგოლე პასი სპლიტში ბილიჩის ხორვატიასთან. შემდგომში ქეცბაიამ კობიაშვილი-იაშვილი-სირაძის ტრიოზე უარი თქვა და თაობათა ცვლის ფონზე რეგრესი დაიწყო.
''ქეცბაიას გავუგებდი, შეეძლო საერთო ენა გამოენახა, მაგრამ ასე არ მოიქცა, გული დამწყდა''
მან გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში (ბერლინის უნიონი, ტრირის აინტრახი, აუე, პადერბორნი) თითქმის ხუთი სეზონი გაატარა და გერმანიის ელიტაში ვერმოხვედრის შემდეგ ნაბიჯი რუსეთისკენ გადადგა. საკლუბო კარიერიდან ფეხბურთის ქომაგების უმეტეს ნაწილს თავი სწორედ ნალჩიკის ''სპარტაკში'' გატანილი გოლებით დაამახსოვრა. კარიერის მიმდინარეობისას რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობდა, ფლეიმეიქერად, მეორე ფორვარდად და ფლანგის შემტევად. სწორედ ამიტომ, მისი საკლუბო გოლების რაოდენობა მცირე და ცენტრფორვარდისთვის შეუსაბამოა, თუმცა ეროვნულ გუნდში თამაშიდან გამომდინარე, ქართველ ქომაგთა დიდ ნაწილს ცენტრფორვარდი დავით სირაძე დაამახსოვრდათ.
David #Siradze about Temur #Ketsbaia
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) November 22, 2020
Basic facts about @Siradze10
Full version: https://t.co/GN3nRgXABv#GeorgiaNationalTeam #AueErzgebirge @kicker_2bl_li
Photo: tamostouch pic.twitter.com/FMnR2G7AAL