მიმდინარე სეზონის პირველმა „ელ კლასიკომ“ ტაქტიკური თვალსაზრისით რამდენიმე საინტერესო დეტალი დაგვანახა. იყო შეცდომები, იყო კარგი გადაწყვეტილებებიც, საბოლოოდ კი ორ საკმაოდ სუსტ ფორმაში მყოფ გუნდს შორის მოიგო იმან, რომელიც კონკრეტულად ამ მატჩისთვის უკეთ მოემზადა.
ზიდანმა კუმანს ტაქტიკური დუელი მოუგო. ამის თქმა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ მინდა თქვენთვის რამდენიმე დეტალი უფრო ღრმად განვიხილო და ისეთ ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ, ან უბრალოდ ემოციურ ფონზე ყურადღება არ მიგიქცევიათ.
ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვები და შეხვედრის საკვანძო მომენტებს დეტალურად შემოგთავაზებთ.
შემადგენლობები - ზიდანის სწორი და კუმანის არასწორი გათვლა
რონალდ კუმანმა თავის პირველ „ელ კლასიკოში“ პირველი შეცდომა თერთმეტეულის შერჩევისას დაუშვა.
არავინ, საერთოდ არავინ ელოდა და არცერთ ავტორიტეტულ გამოცემას აზრადაც არ მოსვლია, რომ წინასამატჩო სავარაუდო შემადგენლობაში ანსუ ფატი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაემწესებინათ.
კუმანმა ამ მხრივ ნამდვილად გაგვაოცა და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც გარკვეულწილად იმუშავა კიდეც. ფატიმ გაიტანა და საკმაოდ აქტიური იყო, ნეტოსა და სერჟინიო დესტთან ერთად 17 წლის ტალანტი კატალონიელთა შორის საუკეთესო გახლდათ.
რონალდ კუმანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას ცენტრფორვარდის შეძენა უნდა და გუნდს 9 ნომერი სჭირდება.
„რეალის“ დაცვა საკმაოდ ცუდ ფორმაშია. რამოსი და ვარანი პოზიციურად ხშირად ცდებიან და უკან სივრცეს ტოვებენ, რაც წინა მატჩებში მადრიდელთა მეტოქეებმა გამოიყენეს კიდეც.
კუმანმა ამ პლუსის გამოყენება სცადა და მოულოდნელად ფატი 9 ნომრის პოზიციზე გადაწია. „ბარსას“ ძირითადი ასე გამოიყურებოდა.
რას ვხედავთ აქ უცნაურს? ფელიპე კოუტინიო მარცხენა გარემარბის პოზიციაზე იმყოფება, იქ სადაც ბრაზილიელი ვერ თამაშობს.
ერნესტო ვალვერდე მას სწორედ მარცხენა ფრთაზე იყენებდა და ყველამ ნახა, რომ ეს მცდარი არჩევანი იყო. კუმანმა კი წინასასეზონო მზადებიდან მოყოლებული, „ელ კლასიკომდე“ კოუტინიო გამთამაშებლის პოზიციაზე დააბრუნა, სადაც თავისი უნარები უკეთ გამოავლინა და მისი თამაშით ყველა კმაყოფილი იყო.
„რეალთან“ მატჩში ფელიპე მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე არადამაჯერებელი გახლდათ. ბევრი უაზრო დრიბლინგი ჰქონდა, ბევრი პასი გაუცუდდა.
ეს არ ყოფილა კუმანის ერთადერთი შეცდომა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ბუსკეცისა და დე იონგის წინ ათიანზე ლეო მესი დააყენა. არგენტინელი მიმდინარე სეზონში ცრუ ცხრიანად და მარჯვენა გარემარბად მოქმედებს.
კუმანმა სეზონის წინ გარკვევით აღნიშნა, რომ მას სურდა მესის მეტოქის საჯარიმოსთან რაც შეიძლება ახლოს ეთამაშა და ბურთის ამოსატანად საკუთარ ნახევარზე ჩასვლა არ დასჭირვებოდა. საამისოდ მან ბუსკეცი-დე იონგი-კოუტინიოს ტრიო შექმნა, რომელიც თავის საქმეს არც ისე ცუდად ასრულებდა.
„ელ კლასიკოში“ კუმანი თავის სქემას არ ენდო, მოთამაშეებს პოზიცია შეუცვალა, გუნდის ყველა შეტევა ისევ მესით იწყებოდა და ცენტრიდან ყველა გამამწვავებელი პასი არგენტინელს უნდა შეესრულებინა.
კოუტინიოსა და პედრის ფლანგებზე დაყენებამ გუნდის შემტევი პოტენციალი გაანახევრა. ფელიპეს შესახებ უკვე გესაუბრეთ, იგივე პრობლემაა პედრის შემთხვევაშიც. 17 წლის ესპანელი ამპლუით გამთამაშებელია და ასეთი დონის მატჩში, თან მისთვის სადებიუტო „კლასიკოში“, ექსპერიმენტალურ პოზიციაზე გამწესებამ „ბარსას“ არანაირი სარგებელი არ მისცა.
მესის უკან ჩამოწევამ გუნდს პრესინგის თამაში გაურთულა. „ბარსამ“ ნახევარდაცვა პირწმიდად წააგო. ფლანგებზე კოუტინიომ და პედრიმ დაზღვევაზე შესაბამისად ვერ ითამაშეს, მესიმ კი დე იონგს და ბუსკეცს ვერანაირი დახმარება ვერ გაუწია, რაც მოსალოდნელი და ლოგიკურიც იყო.
ამ ყველაფრის ერთობლიობამ კუმანს მოუტანა ის, რომ გუნდი ძალიან ბევრ სივრცეს ტოვებდა, კონტრშეტევაზე გადასული „რეალი“ კი ამას სწორად იყენებდა და მომენტებსაც ქმნიდა.
„ბარსას“ ასეთი თერთმეტეულითა და განლაგებით პრესინგის თამაში უჭირდა და ფლანგებიდან შეტევებიც ნაკლებად სახიფათო იყო.
კუმანმა თავისი წინამორბედების შეცდომები გაიმეორა და დამარცხდა კიდეც. აი ზინედინ ზიდანმა „კამპ ნოუზე“ კვლავ არ წააგო და თავისი დიდი გამოცდილება სწორად გამოიყენა.
ზიზუს თერთმეტეული ასეთი იყო:
ბევრი და მათ შორის მეც ველოდი, რომ ზიდანი 4-4-2-ს გამოიყენებდა და მოედანზე ასენსიოს ნაცვლად მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ ფრანგმა სწორი გათვლა გააკეთა, რაც დიდი რისკიც იყო, თუმცა ზიზუმ იცოდა, რომ მეტოქე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იმყოფებოდა და ასეთ დროს რისკი გამართლებულია ხოლმე.
მოდრიჩის არასასურველი ფორმიდან გამომდინარე ზიდანმა ნახევარდაცვის ყველაზე მოძრავი სამეული შეარჩია და „ბარსას“ ცენტრში თამაში წაართვა, ლუკა კი საჭირო მომენტში შეუშვა და ამან შედეგიც მისცა.
ზიდანმა მის ხელში არსებული რესურსი სწორდ გამოიყენა. 2 მარჯვენა მცველის ტრავმის შემდეგ, „რეალმა“ მატჩის მსვლელობისას ნაჩოც დაკარგა და დაცვაში თამაში ლუკას ვასკესს მოუწია, თუმცა გუნდს ეს არ დაეტყო, რაც ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად სწორ მუშაობაზე მიუთითებს.
საკვანძო შეცდომები - დეტალები, რომლებიც ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება
საწყის 8 წუთში 2 გოლი ვიხილეთ. მე-5 წუთზე შეტევაში ასულმა ხორდი ალბამ დაცვაში თავის ზონაში დიდი სივრცე დატოვა, „რეალის“ კონტრშეტევა კი სწრაფი და ეფექტური იყო.
ალბას დასაზღვევად ლენგლე გადავიდა, რომელმაც მოქმედება დააგვიანა, ლენგლე კი პიკემ დააზღვია, რომელმაც პოზიცია არასწორად შეარჩია და ზურგსუკან ზედმეტად დიდი თავისუფალი სივრცე დატოვა. ბენზემაზე 2 კაცის გადასვლის აუცილებლობა არ იყო და მასთან უფრო მეტი დისტანცია უნდა დაეჭირა. პიკემ სიტუაცია არასწორად შეაფასა.
ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს, თუ რამდენად ცუდად მოქმედებს „ბარსელონა“ კონტრშეტევის დროს. სერხიო ბუსკეცი პირველი გოლისას ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირია. მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში შეჭრილი ფედე ვალვერდე სწორედ მას უნდა აეყვანა და ბოლომდე გაყოლოდა. ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რა ტყუილად მიძუნძულებს იგი და ისე მოქმედებს თითქოს არაფერი ხდება.
ეპიზოდი დინამიკაში
„ბარსელონამ“ დროა საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დე იონგს ჩააბაროს, რომელიც ასეთ მომენტებში კარგად მოქმედებს და მან ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა იტალიის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე იასპარეზა. აშკარაა, რომ კატალონიელებს 1 ახალი ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდებათ. კუმანი ვაინალდუმს თავიდანვე ითხოვდა და ახლა გასაგებია თუ რატომ.
ახლა „ბარსას“ გოლის დროა. დაცვაში შეცდომები „რეალსაც“ ჰქონდა. მესის დიდებული გადაცემის შედეგად ალბამ მარცხენა ფლანგიდან შეირბინა, ვარანი თამაშგარეში ჩარჩა, შემდეგ რამოსმა პოზიცია დაკარგა და ფატი გაექცა. ყველაფერი გოლით დასრულდა.
ეპიზოდი დინამიკაში
1-1-ზე „ბარსას“ გატანის კარგი შანსი ჰქონდა. რამოსმა პოზიცია დაკარგა, თუმცა სერხიომ მესის მაინც ჩაუსწრო, შემდეგ ლეომ მადრიდელთა კაპიტანი ერთი მოძრაობით ლამაზად ჩამოიტოვა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა აშკარად ჩანს, რომ „ლა პულგას“ კოუტინიოს მისამართით პასი უნდა გაეკეთებინა, რომელიც ფაქტობრივად ცარიელ კართან იდგა.
ეპიზოდი დინამიკაში
დიახ, შესაძლოა ყველაფერი თამაშგარით დასრულებულიყო, თუ მესი პასს გააკეთებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. რაკურსი არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 100%-ით ვთქვათ იქნებოდა, თუ არა თამაშგარე, ან ბოლო მომენტში როგორ პოზიციას შეარჩევდა კოუტინიო.
მესიმ სუსტი ფეხით დაარტყა, ასეთ მომენტებში ლეო თითქმის ყოველთვის უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს პასს უკეთებს ხოლმე.
რამოსი აშკარად გადარჩა, რომ მისი არასწორი მოქმედების შედეგად გუნდმა მეორე გოლი არ გაუშვა.
ვიდეო რეფერი - საკამათო მომენტი და პენალტი
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის სტარტზე უპირატესობას „ბარსა“ ფლობდა, თუმცა კუმანის გუნდმა გოლამდე მისვლა ვერ შეძლო, 63-ე წუთზე კი ერთი ჩვეულებრივი სტანდარტის შემდეგ, „რეალმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.
ამ ეპიზოდს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც და ასევე სოციალურ ქსელებშიც, რომელიც დღემდე გრძელდება.
რამდენად იყო ამ მომენტში პენალტი დასანიშნი? იყო 100%-იანი პენალტი? არა. შეეძლო მსაჯს ამ ეპიზოდში პენალტის დანიშვნა? კი. დიახ, უდაოდ ჩახლართული და რთული შემთხვევაა.
ლენგლემ რამოსს მართლაც დაქაჩა და რომ არა ეს მომენტი, „რეალის“ კაპიტანი დიდი ალბათობით ბურთზე ითამაშებდა. დინამიკაში პენალტი იყო.
შევხედოთ სხვა რაკურსითაც. ეპიზოდის დასაწყისში რამოსი ლენგლეს ფეხს უდებს და ცდილობს მას წონასწორობა დააკარგვინოს, შემდეგ კი ხელით უბიძგა, რასაც ლენგლემ მაისურზე დაქაჩვით უპასუხა. რამოსი აშკარად საპირისპირო მიმართულებით ეცემა და ცხადია, რომ მომენტი გააფორმა. სერხიოს უფრო ბუნებრივად წაქცევაც შეეძლო.
მსგავსი ეპიზოდები საჯარიმოში სტანდარტებისას უამრავჯერ გვინახავს. მცირე კონტაქტი, ბიძგი, მაისურზე მოქაჩვა, თუმცა ყველა მომენტში პენალტი არ ინიშნება. „ელ კლასიკოს“ დონის მატჩში, როცა მეორე ტაიმია და ანგარიში 1:1 არის, თანაბარი თამაში მიდის და მსგავს უწყინარ ეპიზოდში პენალტი ინიშნება, აშკარაა, რომ კონკრეტულ გუნდს სოლიდური უპირატესობა ეძლევა. დაწინაურების შემდეგ, „რეალმა“ თამაში მოკლა, ზონები დაკეტა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
ხსენებული ეპიზოდი ცნობილმა ესპანელმა არბიტრმა ანდუხარ ოლივერმა მადრიდულ Marca-სთან საუბრისას შეაფასა:
"საჯარიმოში მცირე შეხებები პენალტის დანიშვნის მიზეზი არ გახლავთ. თუ ყველა ასეთ მომენტს გავითვალისწინებთ, მაშინ მსგავს შემთხვევაში მატჩის მსვლელობისას თამაშის 40-ჯერ შეჩერება მოგვიწევს.
რამოსის ეპიზოდს არანაირი საერთო არ აქვს სანაბრიას (ბეტისი) შემთხვევასთან „რეალ სოსიედადთან“ მატჩში, სადაც მაისურზე შეხება და თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო".
„ბეტისისა“ და „სოსიედადის“ შეხვედრაში მსგავსი ეპიზოდი ვიხილეთ, თუმცა იქ სანაბრიას ისე მოქაჩეს, რომ მაისური შემოეხა და ისიც ლოგიკური მიმართულებით დაეცა, თუმცა ვიდეო რეფერიმ მომენტის განხილვის შემდეგ პენალტი არ დანიშნა.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსაჯმა პენალტის დანიშვნით რაიმე წესები არ დაარღვია და არაფერი გამოუგონია. მას წესების მიხედვით ვერავინ მოედავება, თუმცა ასეთი დონისა და ასე დაძაბულ შეხვედრებში ყოველთვის სასურველია პენალტის მომენტში მსაჯს მისი დანიშვნის საფუძველი 100%-ით ჰქონდეს.
კონტროლი და სცენარის შეცვლა - ზიდანს გამოუვიდა, კუმანს არა
პირველი ტაიმის შემდეგ ცხადი იყო, რომ რომელი გუნდიც დაწინაურდებოდა, შემდეგ ტემპს დააგდებდა, ზონებს დაკეტავდა და თამაში მისი კარნახით წარიმართებოდა. რატომ? იმიტომ, რომ „ბარსაც“ და „რეალიც“ ამჟამად საკმაოდ სუსტ ფორმაში იმყოფებიან და ევროპის მასშტაბით ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში არცერთი მოიაზრება.
კუმანმა ძირითადი თერთმეტეული არასწორად შეარჩია, შემდეგ ცვლილებები დააგვიანა. 81-ე წუთზე სამმაგი შეცვლა უკვე ძალიან გვიანი იყო, ზიდანს მატჩზე სრული კონტროლი ჰქონდა დაწესებული და „ბარსა“ მომენტებს ვეღარ ქმნიდა.
„ბლაუგრანას“ აშკარად ეტყობა, რომ კლასიკური 9 ნომერი სჭირდება. როცა მეტოქე თამაშს უკეტავს, კუმანის გუნდს ზეწოლის მოხდენა უჭირს და საჭირო სივრცეების შექმნას ვერ ახერხებენ.
კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ 2 ნახევარმცველის წინ მესის დაყენება დიდი შეცდომაა. ლეო შესაბამისად არ დარბის, ვერ აპრესინგებს და კონტრშეტევებისას გუნდი ცუდ დღეში ვარდება.
„ბარსას“ ნახევარდაცვაში დე იონგის გვერდით ეგრეთწოდებული Box to Box სტილის ნახევარმცველი სჭირდება. მაგალითად, როგორებიც არიან ჟორჟინიო ვაინალდუმი, ბლეზ მატუიდი, არტურო ვიდალი, როგორიც იყო პაულინიო. „რეალს“ ასეთი ფედე ვალვერდე ჰყავს, რომელიც ერთდროულად კაზემიროსაც აზღვევს და შეტევაში ჩართვებსაც შესანიშნავად ახერხებს.
კუმანი ბუსკეცისა და პიანიჩის ტიპის შუახაზელებით შორს ნამდვილად ვერ წავა. რა დავალებებსაც ნიდერლანდელი სპეციალისტი მის მოთამაშეებს აძლევს სწორია და ვერ ვიტყვით, რომ ის ცუდად მუშაობს, თუმცა გუნდი ამ ყველაფრის შესრულებას სტაბილურად ვერ ახერხებს. უხეშად, რომ ვთქვათ „ბარსა“ 6 მატჩიდან კარგად მხოლოდ 2-ში გამოიყურება.
ზინედინ ზიდანის პლუსი კი ყოველთვის იყო მისი შუახაზელების იდეალურად გამოყენება და მნიშვნელოვან მატჩებს სწორედ ნახევარდაცვის ჩინებული თამაშით იგებდა.
„უნდა დატკბეთ იმით, რასაც "რეალის" ნახევარმცველები აკეთებდნენ." - თქვა ზიზუმ მატჩის შემდეგ.
ვარანი რამოსის გარეშე - ანუ პიკე-ლენგლეს წყვილი
რატომ ვერ თამაშობს რაფაელ ვარანი სერხიო რამოსის გარეშე? „რეალმა“ კაპიტნის არყოფნისას 8 მატჩიდან 7 წააგო. ეს შემთხვევითობა არ არის.
ყოველთვის სასურველია, რომ 2 ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთი დამზღვევი იყოს, მეორემ კი პოზიციურად ითამაშოს. მაგალითად, პიკე კარგად მაშინ თამაშობდა, როცა მის გვერდით პუიოლი და მასკერანო იყვნენ, რომლებიც მას აზღვევდნენ.
იგივე სიტუაციაა ვარანის შემთხვევაშიც - მას რამოსი აზღვევს, მილიტაო, ან ნაჩო ამას ვერ აკეთებს.
სწორედ ამიტომ არის პიკე-ლენგლეს წყვილი საშინლად ცუდი. ორივე მათგანი ერთი სტილისაა და კონტრშეტევისას, ან თანაგუნდელის დასაზღვევად გადასვლისას, ერთმანეთის ზონების გადაკეტვას ვერ ახერხებენ. ორივე საკმაოდ ნელია.
დასკვნა - მიმდინარე სეზონში ორივე გუნდს გაუჭირდება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობა ორივე გუნდს დასჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლა შეძლონ.
ლა ლიგაში „ბარსაც“ და „რეალიც“ საშუალო დონის გუნდებთან უკვე საკმაო რაოდენობის ქულებს კარგავენ და ვფიქრობ პირველ წრეში კიდევ ბევრს დაკარგავენ.
ზიდანს კუმანთან შედარებით საქმე ოდნავ უკეთ აქვს, რადგან გუნდს უფრო კარგად იცნობს. ზიზუს გასულ სეზონშიც იდენტური კონტიგენტი ჰყავდა და იცის როდის რა უნდა მოიმოქმედოს. პლუს ამას, მადრიდელებს მალე ედენ აზარიც დაუბრუნდება და იქნებ ბელგიელმა ტრავმა მეტად აღარ მიიღოს...
კუმანისთვის ეს სეზონი სადებიუტოა. გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და „ბარსას“ აშკარად შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება.
კატალონიელებს მინიმუმ 1 ცენტრალური მცველი, 1 ცენტრალური ნახევარმცველი და 1 ცენტრფორვარდი სჭირდებათ, რომ წელს რომელიმე ტიტულისთვის ბრძოლა შეძლონ. ამჟამინდელ ვითარებაში კიდევ, რომ „ბაიერნს“ გადაეყარონ მორიგი ისტორიულად მტკივნეული შედეგი გარანტირებული აქვთ.