დოჯერსმა ტამპა ბეი დაამარცხა და ჩემპიონობამდე ერთი მოგება დარჩა
MLB-ის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა „ლოს ანჯელეს დოჯერსის“ გამარჯვებით დასრულდა. ნაციონალური ლიგის ტრიუმფატორმა „ტამპა ბეი რეისი“ 4-2 დაამარცხა და სანუკვარ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.
„დოჯერსის“ გამარჯვება ლოს ანჯელესელთა სუპერვარსკვლავი პიჩერის, კლეიტონ კერშოუს დამსახურება გახლდათ. ამ უკანასკნელმა მოედანზე 5 ინინგი და 2 აუტი გაატარა, 6 სტრაიკაუტი გაიფორმა და მეტოქეს მხოლოდ 2 ქულის დაგროვების საშუალება მისცა. კერშოუს დაწყებული საქმე მეიმ, გონსალესმა და ტრაინენმა დაამთავრეს და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანეს.
„დოჯერსის“ რიგებში შედეგიანი დარტყმები სიგერმა, მანსიმ, ბელინჯერმა და პედერსონმა გაიფორმეს. მანსიმ და პედერსონმა მეორე და მეხუთე ინინგში სოლო ჰოუმ რანები მიითვალეს. „ტამპა ბეის“ მხრიდან კი თითო-თითო არბიაი აქტივში დიასმა და აროზარენამ ჩაიწერეს.
შეგახსენებთ, რომ 5 მატჩის შემდეგ „ლოს ანჯელეს დოჯერსი“ 3-2-ს იგებს და სერიის დახურვის საშუალება აქვს. ფინალური დაპირისპირების მეექვსე შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 04:08-ზე დაიწყება.