ოქრიაშვილი: ''ემოციებმა იმძლავრა, მას პატივს ვცემ და მისგანაც იგივეს ვგრძნობ''
Aa
Aa

ოქრიაშვილი: ''ემოციებმა იმძლავრა, მას პატივს ვცემ და მისგანაც იგივეს ვგრძნობ''

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი" 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქვილითაიას მსგავსად ქეცბაიას გუნდის სასტარტოში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ვიხილეთ. ''ანორთოსისის'' რიგებში ოთხივე ქართველმა შეუცვლელად იასპარეზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ქართველმა მწვრთნელმა თორნიკე ოქრიაშვილს გარკვეული სახის შენიშვნა მისცა, რამაც თორნიკე ძალიან გააღიზიანა და ქეცბაიას მწვავედ შეეპასუხა.

მატჩის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი CrystalSport-ს ესაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა და მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს.

''ჩვენს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ვიკამათეთ ზოგადად თამაშთან დაკავშირებით და კამათი ერთ კონკრეტულ ეპიზოდს არ ეხებოდა. ფეხბურთს თან ახლავს ემოციები, ავყევით ერთმანეთს... ამ თემას არაფერი მოჰყოლია.

უბრალოდ ეს კამათი ხალხმა ნახა და ეგონათ, რომ რაღაც მოხდა, არადა უბრალოდ მცირედით წავიკამათეთ. ამაზე ბევრად დიდი კონფლიქტი მოგვსლია, მაგრამ არავის უნახავს და არაფერი მოჰყოლია.

თემურს დიდ პატივს ვცემ და მისგანაც იგივეს ვგრძნობ. შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით''.

''ანორთოსისმა'' 7 ტურში 16 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულაა მესამეადგილოსან აეკ-ის ანგარიშზე, თუმცა აეკ-მა 8 მატჩი ჩაატარა. პირველ პოზიციას ''აპოლონი'' 19 ქულით იკავებს, რომელიც დაუმარცხებელია და 7 ტურიდან 6 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

კვიპროსის ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' შემდეგ მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად ''ახნასთან'' ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები