კრივის ისტორიაზე საუბრისას ჰარი გრების სახელს რატომღაც არავინ ახსენებს. არადა, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა. მისი ცხოვრება სავსეა შთამაგონებელი ისტორიებითა და საოცარი მიღწევებით, მაგრამ მის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.
გრების ყველაზე გამორჩეული მიღწევა, ალბათ, 1919 წელს უკავშირდება. მაშინ მსოფლიოში ესპანური გრიპის პანდემია მძვინვარებდა, რომელსაც 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა... უცნაურია, მაგრამ მსოფლიომ ეს პანდემია ზუსტად ისე მიივიწყა, როგორც კრივის ქომაგებმა ჰარი გრები მიივიწყეს. ამერიკელი მოკრივე 13 წლის განმავლობაში ჩხუბობდა და 298 ბრძოლა გამართა. მუჰამედ ალის გამოჩენამდე ბევრი ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ სწორე გრებს მიიჩნევდა.
გრების ცხოვრება იდუმალებითაა მოცული. მიუხედავად იმისა, რომ მან რინგზე უდიდეს წარმატებას მიაღწია, მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გრები 1894 წლის 6 ივნისს, პიტსბურგში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი მშენებლობაზე მუშაობდა და იმ მომენტში, როცა კრივში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, სამსახურში ანაზღაურების სახით კვირაში 12 დოლარს იღებდა. მაშინ ის 18 წლის იყო. სულ რაღაც 4 წლის შემდეგ კი, წელიწადში 33 000 დოლარს გამოიმუშავებდა. ეს საოცარი აქტიურობის დამსახურება გახლდათ. კარიერის სტარტზე გრებს სავარჯიშოდ ფული არ ჰქონდა და ხშირ-ხშირად სწორედ ამიტომ ჩხუბობდა. თანაც იგი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერდა. ჰარის ფულს უხდიდნენ, რითიც ვარჯიშს ახერხებდა და ჩვეულებრივი ბიჭის ისტორია, რომელიც ბრძოლიდან 3 დღის შემდეგ რინგზე ისევ გადიოდა, ძალიან პოპულარული გახდა.
გრების კარიერა არც თუ ისე კარგად დაიწყო. პირველი 7 შერკინებიდან მან 4-ში იმარჯვა, 2-ჯერ დამარცხდა და ერთი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გრები დამარცხდა მოკრივეებთან, რომლებიც გაბარიტებით მას ბევრად აღემატებოდნენ. ეს კი, იმით აიხსნება, რომ ჰარის სამოყვარულო კარიერა არ ჰქონია. ის ერთ დღეს უბრალოდ ადგა და ჩხუბი დაიწყო.
20-ე საუკუნის სტარტზე კრივი თანამედროვე კრივისგან ძალიან განსხვავდებოდა. გრები კრივით ცხოვრობდა, ყოველთვის ფორმაში იყო და ეჩხუბებოდა აბსოლუტურად ნებისმიერს, ვინც მის გამოწვევას გაბედავდა. ცუდი სტარტის შემდეგ, მან თავისი სტილი იპოვა. ის ნოკაუტების მეფე არ იყო, მაგრამ ფენომენალურ ხელის სისწრაფეს ფლობდა და მისი კომბინაციები ძალიან სახიფათო გახლდათ. გრების მთავარი იარაღი მარცხენა ხელით განხორციელებული დარტყმა იყო. არასტანდარტული სტილის გამო, მას მეტსახელად „ქარის წისქვილი პიტსბურგიდან“ შეარქვეს. ჰარი ანგელოზი ნამდვილად არ ყოფილა და ბრძოლებისას ბინძურ ილეთებს ხშირად იყენებდა.
პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დედამიწა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა პანდემიამ მოიცვა - ესპანური გრიპით 18 თვის განმავლობაში დედამიწის მაშინდელი მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი, დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 50-დან 100 მილიონს შორის მერყეობს.
ჰარი გრები ესპანურმა გრიპმა ვერ შეაშინა. პანდემიის დროს მას საყვარელ საქმიანობაზე უარი არ უთქვამს და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ პერიოდში 45 ბრძოლა გამართა. ის თითქმოს ყოველკვირეულად ჩხუბობდა და ხანდახან ბრძოლებს შორის შუალედი მხოლოდ 3 დღე იყო. ჰარიმ ყველა ბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა. იგი ერთროულად ორ წონით დივიზიონში, საშუალოში და ნახევრად მძიმეში გამოდიოდა. ხშირად მისი მეტოქეები გაბარიტებით მას ძალიან აღემატებოდნენ, მაგრამ ეს გრებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
იმ პერიოდში მსაჯებზე ყველაფერი არ იყო დამოკიდებული. თუ ისინი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებდნენ, საქმეში ჟურნალისტები ერთვებოდნენ. ეს კრივის ისტორიაში „გაზეთების გადაწყვეტილების“ სახელით შევიდა, თუმცა ოფიციალური ძალა ჰქონდა.
გრები სუპერვარსკვლავად 1922 წლის 23 მაისს იქცა, როცა მედისონ სქუეარ გარდენში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯინი ტანი დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში აშშ-ის ჩემპიონი გახდა. ტანისა და გრების დაპირისპირება ისტორიული იყო. ეს ჟურნალ The Ring-ის ისტორიაში, რომელიც 1922 წელს დაარსდა, პირველი ბრძოლა გახლდათ.
ჯინი ტანის კარიერაში ეს ერთადერთი მარცხია. მას შემდეგ ირლანდიური წარმოშობის ამერიკელს არცერთხელ წაუგია. გრებმა და ტანიმ კიდევ სამი ბრძოლა გამართეს. ორჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით ტანიმ იმარჯვა, ერთხელ შერკინება ფრედ დასრულდა და ჟურნალისტებმა გამარჯვება ტანის მიაკუთვნეს. გრების დამარცხების შემდეგ, მან ჯეკ დემპსის სძლია და ისტორიაში პირველი გახდა, ვინც The Ring-მა წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა. აი, ამ მოკრივეს მოუგო ჰარიმ და აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ გრებსა და ტანის შორის გაბარიტებში საგრძნობი სხვაობა იყო, რაც იმ პერიოდის კრივში უმნიშვნელოვანესი გახლდათ.
1923 წელს გრები საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. მან ტიტული ჯონი უილსონის დამარცხებით მოიპოვა და ქამარი 4-ჯერ დაიცვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი 1925 წელს, მიკი უოლკერის წინააღმდეგ გამართული ჯახია. აწონვის ცერემონიის დროს ჰარი მეტოქეზე 5.4 კილოგრამით მეტი აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიმე საათში ზედმეტი კილოგრამების დაგდება მოახერხა, რათა მისთვის ტიტული არ ჩამოერთმიათ. ჟურნალისტები წერდნენ, რომ წონის სწრაფად დაგდების გამო, იგი იმდენად გამოფიტული იყო, რომ ჰარის წარმომადგენლებს პირდაპირი მნიშვნელობით მისი ასაწონად წათრევა მოუწიათ. მომდევნო დღეს კი გრებმა სასწაული ჩაიდინა და მეტოქე დაამარცხა. მისი და უოლკერის ჯახი წლის საუკეთესო ბრძოლად დაასახელეს.
გრებს დიდი ხნის განმავლობაში ორი უსერიოზულესი ტრავმა აწუხებდა და ერთ-ერთი ფატალური გამოდგა. ერთ-ერთი ბრძოლისას მან მარცხენა ხელის ძვალი მოიტეხა მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 1921 წელს კი, მას მარჯვენა თვალში მეტოქის თითი მოხვდა, რამაც ბადურის დაზიანება გამოიწვია და საბოლოოდ მხედველობა დაკარგა. იგი ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა და მომდევნო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ცალი თვალით ჩხუბობდა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მას თვალი ამოუღეს და მის ნაცვლად იმპლანტი ჩაუდგეს. 1925 წელს იგი ავტოავარიაში მოჰყვა და ნეკნები მოიტეხა და სახის ძვლები დაიზიანა. მიუხედავად ამისა, მოკრივის კარიერა მაინც გააგრძელა.
1926 წელს, ტაიგერს ფლაუერსის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა გრებისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. შერკინებისას მიღებული ტრავმების გამო, იგი საავადმყოფოში წავიდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია. ქირურგიული ჩარევისას პრობლემები წარმოიქმნა და 1926 წლის 22 ოქტომბერს გრები 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1990 წელს იგი ერთ-ერთი პირველი მოკრივე გახდა, რომელიც კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს. Boxrec-მა იგი ყველა დროის საუკეთესო საშუალოწონოსანთა შორის მესამე ადგილზე, ხოლო კრივის ისტორიაში საუკეთესო მოკრივეთა შორის მე-17-ზე გაამწესა.
გრები ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი მოკრივე. მან კარიერაში 298 ბრძოლა ჩაატარა, 261-ჯერ იმარჯვა, 17 დამარცხდა და 19 შეხვედრა ფრედ დაასრულა.