ელ კლასიკოს წინ - ტაქტიკური განხილვა და 8 საინტერესო ფაქტი
Aa Aa

ელ კლასიკოს წინ - ტაქტიკური განხილვა და 8 საინტერესო ფაქტი

24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე 2020-2021 წლების სეზონის პორველი „ელ კლასიკო“ შედგება.

„კამპ ნოუზე“ გასამართი მატჩი 2 ფაქტის გამო განსხვავებულ მოლოდინს ქმნის. პირველი - შეხვედრა ისტორიაში პირველად მაყურებელთა გარეშე ჩატარდება. მეორე - საყოველთაო მოსაზრებით, ასეთი სუსტი „ბარსა“ და „რეალი“ ბოლო წლებში არ გვინახავს.

ორივე გუნდის დაცვის ხაზი საკმაოდ უსუსურად გამოიყურება და ამ ფაქტმა შესაძლოა უხვგოლიანი „ელ კლასიკო“ მოგვცეს.

რთულია წინასწარ გამოიცნო რას იზამს კუმანი და ზიდანი, რომელ სათამაშო სქემას აირჩევენ, თუმცა შევეცდები ფაქტებისა და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, შესაძლო სცენარი შემოგთავაზოთ. გამართლდება, თუ არა ჩემი ვარაუდი ამას დრო გვიჩვენებს.

სავარაუდო შემადგენლობები და სათამაშო სქემები

დასაწყისისთვის მინდა ერთ ფაქტს ხაზი გავუსვა და თქვენი ყურადღება გავამახვილო - რონალდ კუმანი ყველა მატჩს 4-2-3-1 სქემით იწყებს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის მისი გუნდის მეტოქე. ნიდერლანდელი სპეციალისტი ყოველთვის მისი სქემის ერთგულია.

რაც შეეხება ზიდანს, ის მეტოქიდან და გუნდის იმჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ტაქტიკას ხშირად ცვლის და ერთდროულად რამდენიმე სქემის გამოყენება შეუძლია.

ბოლო წლებში ზიზუმ პრინციპული მატჩების დიდი ნაწილი 4 ნახევარმცველით ითამაშა. ამჯერადაც იგივეა მოსალოდნელი.

„ბარსას“ კარს კვლავ ნეტო დაიცავს, რადგან ტერ შტეგენი სრულად მომჯობინებას ვერ ასწრებს. კუმანისთვის სასიხარულო ის გახლავთ, რომ გუნდს ხორდი ალბა დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

დაცვის ცენტრში პიკესა და ლენგლეს დუეტს ფლანგებიდან სავარაუდოდ ალბა და დესტი შეუერთდებიან.

თუ, ალბა სათამაშოდ 100%-ით მზად იქნება მარცხენა ფრთაზე აუცილებლად ის ითამაშებს. კუმანის სათადარიგო გეგმა მარცხნივ დესტის გადაწევა და მარჯვენა ფლანგზე სერხი რობერტოს გამწესებაა, რასაც ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოლო მატჩებში მიმართავს კიდეც. ყველაფერი უშუალოდ მატჩის დღეს გადაწყდება.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ კითხვის ნიშნები არ გვაქვს - ბუსკეცი, დე იონგი და კოუტინიო კუმანის რჩეული სამეულია. ჯერჯერობით მირალემ პიანიჩი სასურველ ფორმაში არ არის და ამ დონის მატჩში მას ძირითადში არ უნდა ველოდოთ.

შეტევის მარცხენა ფლანგზე ანსუ ფატის ვიხილავთ, ცრუ ცხრიანად ლეო მესის, აი მარჯვენა გარემარბად ვინ იქნება, ეს ჯერჯერობით თავად კუმანმაც არ იცის.

„ვცდილობთ, რომ ყოველი მატჩისთვის საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიოთ. „ფერენცვაროშთან“ მარჯვენა ფორვარდად ტრინკაო გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში კი დემბელემაც ითამაშა. გრიზმანის უთამაშებლობა „ელ კლასიკოს“ წინ არაფერს ნიშნავს.

ვნახოთ რა მოხდება შაბათს. ჩემი მოვალეობა გუნდის მომზადება და საუკეთესო შემადგენლობის შერჩევა გახლავთ“. - აღნიშნა კუმანმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ.

გრიზმანის პრობლემის შესახებ ყველამ კარგად იცის. როცა ანტუანი ძირითადშია, მარჯვენა ფლანგი ზედმეტად ინერტულია და გუნდი იქედან ხიფათს ვერ ქმნის. ახალგაზრდა ტრინკაომ კი თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობები გამოავლინა და ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა. ასევე სასარგებლო იყო უსმან დემბელეც, რომელიც ნელ-ნელა უმატებს.

რთული სათქმელია, თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს კუმანი. „ელ კლასიკოს“ წინ გრიზმანმა ყველაზე მეტი დაისვენა. შესაძლოა მწვრთნელი მას კიდევ ერთხელ ენდოს და „რეალის“ წინააღმდეგ 1 ტაიმი მაინც ათამაშოს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტრინკაო 20 წლის არის და ამ დონის მატჩებში თამაშის გამოცდილება არ აქვს. დემბელე კი ჯერჯერობით სასურველ ფორმაში არ არის. აქედან გამომდინარე, კუმანმა შესაძლოა გრიზმანს დააწყებინოს და შემდეგ მეორე ტაიმში რომელიმე მათგანით შეცვალოს.

ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. საერთოდ არ არის გამორიცხული კუმანმა გარისკოს და როგორც სეზონის სტარტიდან მიგვაჩვია, ახალგაზრდებს ამჯერადაც ენდოს.

რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ამჟამად მისი მთავარი თავსატკივარი სერხიო რამოსი გახლავთ. თუ, კაპიტანმა მომჯობინება ვერ მოასწრო და მატჩი გამოტოვა, სტატისტიკა გვეუბნება, რომ „რეალი“ 90-%-იანი ალბათობით წააგებს.

როცა „რეალს“ რამოსი აკლდა, მადრიდელებმა 8 ასეთი მატჩიდან 7 წააგეს.

თუ, რამოსი ვერ ითამაშებს მას ედერ მილიტაო შეცვლის, რაც ზიზუსთვის კარგი ამბავი ნამდვილად არ იქნება. ბრაზილიელმა „შახტარის“ წინააღმდეგ ძალიან სუსტად ითამაშა.

მადრიდელებმა ოპტიმალური შემადგენლობითაც წააგეს. გასულ ტურში „კადისთან“ შეხვედრაში უამრავი შეცდომა დაუშვეს და მეტოქემ კურტუას კართან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. „სამეფო კლუბი“ ამჟამად სასურველი ფორმისგან აშკარად შორსაა.

ზიდანს ასეთ მომენტებში გუნდი არაერთხელ გადაურჩენია. სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მადრიდელები თამაშს არ გახსნიან და 4-4-2 სქემით ითამაშებენ.

კურტუას წინ დაცვაში მარსელო, რამოსი (მილიტაო), ვარანი, ნაჩო (მენდი) ოთხეულს უნდა ველოდოთ.

თუ, რამოსის შემთხვევაში კითხვის ნიშნები ტრავმის გამო არსებობს, მარჯევნა ფლანგზე კარვახალისა და ოდრიოსოლას არყოფნის შემდეგ, რთული გამოსაცნობია, თუ ვის ენდობა ზიდანი - სტაბილურ და უნივერსალ ნაჩოს, თუ უფრო მეტად შეტევაში აქტიურ, გაცილებით სწრაფ მენდის, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია.

ზიზუმ მენდი საპირისპირო ფრთაზე უკვე გამოსცადა და შაბათს გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს კარვახალის ფლანგს.

ნახევარდაცვაში პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდეს ოთხეულს ვიხილავთ. ისკომ ზიდანის მიერ მიცემული შანსები ვერ გამოიყენა და ნაკლებად ველი, რომ ზიზუ მას „ელ კლასიკოში“ სასტარტოდან დააწყებინებს.

ინერტულად გამოიყურება ასენსიოც და როდრიგოც. ძირითადში არც მათ უნდა ველოდოთ. ტრავმის გამო ვერც მარტინ ედეგორი ითამაშებს.

შეტევაში მარცხენა ფლანგიდან ვინისიუსი იმოქმედებს, რომელიც ამჟამად ყველაზე კარგ ფორმაშია. ფორვარდი რა თქმა უნდა ბენზემა იქნება. მარჯვენა ფლანგიდან კი შეტევაში მონაცვლეობით ვალვერდე, მოდრიჩი და ნაჩო (ან მენდი) ჩაერთვებიან.

ედენ აზარიც ამ გუნდის წევრია. შესაძლოა ბევრს აღარც გახსოვდათ. ბელგიელი მოედანს 3-4 კვირის შემდეგ დაუბრუნდება... ან ვერ დაუბრუნდება. მის შემთხვევაში გადაჭრით რაიმეს თქმა უკვე რთული გახდა.

როგორ მატჩს უნდა ველოდოთ? გუნდების პლუსები და მინუსები

ბოლო მატჩებმა დაგვანახა - მიუხედავად იმისა, რომ კუმანმა კარგად იმუშავა და „ბარსა“ აშკარად გამოაცოცხლა, კატალონიელებს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.

„სევილიამ“ და „ხეტაფემ“ „ბარსელონას“ მძიმე, ჩაკეტილი და ხისტი ფეხბურთი დაუპირისპირა, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა და სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდა. შედეგად, „ბლაუგრანამ“ მომენტები ვერ შექმნა, გუნდს ასეთ დროს აშკარად 9 ნომერი სჭირდება და არა ცრუ ცხრიანზე მოთამაშე მესი, რომელიც მსგავს ჩაკეტილ თამაშებში პირიქით სიღრმიდან უნდა მოქმედებდეს და არა საჯარიმოში ტანმაღალი მცველების გვერდით.

კუმანმა იცის, რომ „რეალი“ მაღალი პრესინგის თამაშს შეეცდება და გახსნილ ფეხბურთს არ უნდა ელოდოს. აქედან გამომდინარე „ბარსა“ ტემპს მაქსიმალურად მოუმატებს და მეტოქის საჯარიმოსთან პრესინგს თავადაც მიმართავს.

ბოლო წლებში გამართული „კლასიკოებიდან“ სავარაუდოდ ეს იქნება პირველი მატჩი, როცა ორივე გუნდი აგრესიული და მაღალი პრესინგის გამოყენებას შეეცდება, რადგან ორთავეს დაცვის ხაზი სავალალო მდგომარეობაშია.

სავარაუდოდ ბურთის ფლობაში განსაკუთრებული უპირატესობა არცერთ გუნდს არ ექნება.

საინტერესო ფაქტი - რონალდუს „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, მესის „ელ კლასიკოში“ გოლი არ გაუტანია.

ინდივიდუალური ოსტატობის მხრივ „ბარსას“ უპირატესობა ექნება. ზიდანს მესის მსგავსი ლიდერი აღარ ჰყავს და უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, კუმანს კი გუნდურობასთან ერთად ლეოს იმედიც აქვს, რომელსაც შაბათს ყველაზე კარგი შანსი ექნება „ელ კლასიკოში“ თავისი უგოლო სერია შეწყვიტოს. მადრიდელთა დაცვის ხაზს ასეთ ცუდ კონდიციებში იშვიათად თუ ვიხილავთ.

8 საინტერესო ფაქტი

"რეალი" ერთ გუნდთან ზედიზედ ორჯერ საკუთარ მოედანზე ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს 2018-19 წლების სეზონში "ბარსელონასთან" მოხდა.

***

მესის გამოჩენამდე "რეალი" "ბარსას" ურთიერთშეხვედრებში 87-66-ს ამარცხებდა. არგენტინელის გამოჩენიდან დღეის ჩათვლით კი ასეთი მდგომარეობაა - "ბარსელონა" 96-96 "რეალი".

***

"ბარსა" ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ლა ლიგის ეგიდით "რეალი" მადრიდში ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა.

***

ბოლო 5 წელიწადში "რეალმა" მხოლოდ 2 "ელ კლასიკოს" მოგება შეძლო, "ბარსელონამ" კი 7-ჯერ იმარჯვა.

***

"რეალის" ისტორიაში რამოსი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 20 "ელ კლასიკოს" წაგება მოახერხა.

***

ბოლო 20 "ელ კლასიკოდან" "ბარსელონამ" 10 მოიგო, 5 "რეალმა", 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

***

ბოლო 20 "ელ კლასიკოდან" ნათამაშები 5 ფრედან 4 "კამპ ნოუზე" დაფიქსირდა. მადრიდში კი მხოლოდ 1.

***

ზინედინ ზიდანი "რეალის" ისტორიაში არის პირველი მწვრთნელი, რომელსაც "კამპ ნოუზე" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 2 მოგება და 3 ფრე.

***

რა ცუდ ფორმაშიც უნდა იყოს „რეალი“, ზიდანს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოძვრომა შეუძლია. 24 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში მადრიდელთა მთავარი იმედი არა რამოსი, არა ბენზემა, ან ვინისიუსი, არამედ ზიზუ იქნება.

გაზიარება: