სომხეთთან ნაჩვენებმა თამაშმა 3 ქულა ვერ მოგვაპოვებინა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაგვიშალა და კარგად დაგვანახა, რომელიც წესითა და რიგით ვლადიმირ ვაისმა სამომავლოდ უნდა გამოიყენოს.
ეს იყო შეხვედრა, რომელშიც შანსი თითქმის ყველა ფეხბურთელს მიეცა. ერთი მათგანი ალბათ მეტ ნდობას იმსახურებდა. ამაზე ოდნავ მოგვიანებით...
ჩემი აზრით, პოლონეთში გამართულმა შეხვედრამ 2 რამეს ნათელი მოჰფინა:
პირველი - კაჭარავა მნიშვნელოვან შეხვედრებში მწვრთნელმა არ უნდა გამოიყენოს. ბევრ მომენტს აფუჭებს და გოლის გატანა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ვინმემ ბურთი თავზე „დაასვა“ და თან მეკარემაც განსაკუთრებული რეაქცია ვერ გამოავლინა. პირადად მე ველოდი, რომ სომხების წინააღმდეგ უფრო კარგად ითამაშებდა, თუმცა შევცდი. დიახ, მომენტებში ნიკა ეფექტურად მოქმედებს და თავისი აღნაგობიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი ტექნიკური არსენალიც აქვს. სხვა საქმეა, რომ იშვიათად გამოსდის და იყენებს. ამ მომენტისთვის კაჭარავა საქართველოს ნაკრებში არის ფორვარდი, რომელიც ყველაზე მეტ მომენტს აფუჭებს.
მეორე - ლევან შენგელია საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და მომატებაც შეუძლია. მარჯვენა გარემარბად მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელია და იმედია ვაისი ამას დაინახავს, გაიაზრებს და საკუთარ ჯიუტ შეხედულებებს გადააბიჯებს.
შენგელია კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, საკმაოდ სწრაფია, ტექნიკურია, კარგი პასი აქვს, კარგი დარტყმა და კომბინაციურ ფეხბურთსაც მშვენივრად თამაშობს. რაც მთავარია - მარჯვენა გარემარბის პოზიცია მისთვის ზედგამოჭრილია.
ალბათ, ბევრ თქვენგანს გაუჩნდა ერთი ლოგიკური კითხვა - ამ ყველაფრის ფონზე, რატომ არ უნდა მიეცეს შანსი შენგელიას თუნდაც მომდევნო მატჩში მაკედონიასთან და რატომ არ უნდა ათამაშოს ვაისმა კვარაცხელია თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე? ამ ერთხელ მაინც, უბრალოდ გამოსაცდელად...
ლოგიკას, მიზეზს და ვერაფერს ვხედავ საწინააღმდეგოდ, რომ 14 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში ფლანგებიდან შენგელია-კვარაცხელიას დუეტით არ შევუტიოთ...
„შესაძლოა ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს, მაგრამ ნაკრებში მასზე უკეთ მარჯვენა ფლანგზე ვერავინ თამაშობს.
ამავდროულად საქართველოს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე ბევრი მოთამაშე კარგად თამაშობს და აქედან გამომდინარე ვაისის გადაწყვეტილების მესმის. მარჯვენა ფლანგზე თამაში შენგელიასა და ლობჟანიძეს შეუძლიათ, მაგრამ მათ გამოცდილება აკლიათ“. - ეს კომენტარი არჩილ არველაძემ ბელარუსთან მატჩის შემდეგ გააკეთა და მის ნათქვამში რაღაც ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.
შენგელიას შესახებ კი არველაძეს ვერ დავეთანხმები, რადგან მას არც გამოცდილება აკლია და არც კლუბში სათამაშო პრაქტიკა. პლუს ამას, შენგელია ამ მომენტისთვის ყაზაიშვილზე უკეთეს ფორმაში იმყოფება და ვაკოს მარცხნივ დაყენებას, ლევანის მარჯვნიდან გამოყენება სჯობს, რაც ხვიჩას თავის პოზიციაზე თამაშის საშუალებას მისცემს.
ყაზაიშვილი უნივერსალია და მისი გამთამაშებლად გამოყენებაც შეიძლება.
დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას გადაწყვეტს, შესაძლოა ფრედ ვითამაშოთ და პირველადგილოსნის ბედი ბოლო ორ ტურში გაირკვეს. ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
14 ოქტომბრის მატჩი უფრო მეტად დაზვერვა იქნება, ვიდრე 3 ქულისთვის ბრძოლა. ამის მიზეზი 12 ნოემბერს თბილისში გასამართი ფინალია, რომელიც ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს და ამიერიდან ჩვენთვის და მაკედონიელებისთვის ყოველი ნაბიჯი, ყოველი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გასამართ ფინალს ემსახურება.
დანაკლისი, რომელიც შესაძლოა საჩვენოდ გამოვიყენოთ
მაკედონიაში საქართველოს ნაკრებს ტრავმებისა და გაფრთხილების გამო ძირითადის 4 მოთამაშე არ ეყოლება - გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე მცირე დაზიანებებს იშუშებენ, ჯაბა კანკავას კი ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს ამოწურული.
ასევე ვერ ითამაშებენ ხოჭოლავა და აბურჯანიაც.
დანაკლისი რა თქმა უნდა სოლიდურია, მაგრამ ვაისს მის ხელში არსებული რესურსით წარმატების მიღწევა მაინც შეუძლია.
ეს მატჩი, რომ დაზვერვა იქნება ამაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ. ჩვენ მწვრთნელს აქვს შანსი, რომ მეტოქეს თავგზა აუბნიოს და სათამაშო სქემაში ცვლილებები შეიტანოს. მსგავსი ნაბიჯი ჩვენი მეტოქისგანაც მოსალოდნელია.
შენგელიასა და კვარაცხელიას გარემარბებად გამწესებაზე უკვე აღვნიშნე. კარგი იქნება, თუ ვაისი რამე ახალს გამოცდის და უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება.
დანაკლისი ჩვენ მეტოქესაც საკმაოდ აქვს და სრული შემადგენლობით არც ისინი იქნებიან.
უმჯობესია, თუ 12 ნოემბერს გასამართი მატჩის წინ მაკედონიელებს არ ეცოდინებათ, რომელი სქემითა და შემადგენლობით ვითამაშებთ. ბოლო შეხვედრებში ვაისის გუნდი ადვილად პროგნოზირებადი გახდა. მარჯვენა ფლანგიდან კვარაცხელია გამწვავებას იწყებს, ცენტრისკენ შემოდის და საგოლე მომენტს ქმნის. სულ ერთი და იგივე.
ხვიჩა კი არა ერთ კონკრეტულ მატჩში, როცა საჭირო იყო მარადონა, მესი და რონალდუც დაუკეტავთ. ცოტა მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეტოქემ იცის, რომ ხელში ჯოკერი აუცილებლად გვეჭირება, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე გადანახული ტუზიც გვქონდეს, რომლის შესახებაც მათ არაფერი ეცოდინებათ.
კომბინაციური თამაში და სტანდარტულები - გადაუჭრელი პრობლემა
ჩვენ ნაკრებში საკმაო რაოდენობის ინდივიდუალურად ძლიერი და გუნდურად მოთამაშე ფეხბურთელები არიან. ზოგ მათგანს კარგი პასის კულტურა აქვს, ზოგს კარგი დრიბლინგი, ზოგიც ართმევაზეა ძლიერი (სამწუხაროდ გოლის ალღოს მაჩვენებელი ყველას დაბალი აქვს).
ესტონეთი იქნება, თუ მაკედონია, საქართველოს ნაკრებს გააზრებული შეტევის განხორციელება უჭირს და ძირითადად ჩაკვეტაძის, ან კვარაცხელიას გარღვევების იმედად ვართ. შემადგენლობის მხრივ ლოგიკურად ამის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
ვაისმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი თავიდან ბოლომდე ჩაკვეტაძის ინდივიდუალური შესაძლებლობებით გაიარა და ყველა მატჩი მისი დიდებული თამაშის შედეგად მოვიგეთ. ამჯერად კი „ჩაკვეს“ არყოფნაში მწვრთნელმა გუნდი კვარაცხელიაზე გადააწყო. მაკედონიასთან და ბელარუსთან გატანილი ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა.
რომ არა კორონავირუსის პანდემია და ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები დაგეგმილისამებრ 26 და 31 მარტს გამართულიყო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. რატომ? ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმის შემდეგ ძალიან ცუდ ფორმაში იყო და სამწუხაროდ დღემდე ასეა. კვარაცხელია იმ დროს ასეთ ფორმაში და ამ დონეზე არ იყო. რას იზამდა ვაისი? რას იზამდა ჩვენი ნაკრები? დარწმუნებული ვარ თვალწინ საკმაოდ რთული სურათი დაგიდგათ...
1 კაცზე დამოკიდებულება არც ისე სანდო და მოსაწონი არჩევანია. იმის ფონზე, რომ ტექნიკური მოთამაშეები გვყავს, ნახევარდაცვაში კანკავას, კვეკვესკირის და კიტეიშვილის მსგავსი მოთამაშეებით ვართ, ცოტა უფრო მეტად გააზრებული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
როცა მინდორზე გავალთ, ქომაგისთვის და მეტოქისთვის მატჩის სცენარი მოსალოდნელი არ უნდა იყოს. ახლა კი ყველაფერი წინასწარ ვიცით - ხვიჩამ ფლანგიდან უნდა წამოიღოს, ცენტრში შემოიწიოს და შემდეგ „რამე“ იქნება.
თანამედროვე ფეხბურთში სტანდარტულები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია. ისეთი გუნდებიც არსებობენ, რომლებიც მთელ თამაშს სტანდარტულებზე აგებენ. მაგალითად მუდამ უსახური ირლანდიის ნაკრები, რომელიც ფეხბურთის გარდა ყველაფერს თამაშობს, მაგრამ შედეგს ძირითადად სულ აღწევდნენ. რაც ჰქონდათ და რაც იცოდნენ, იმას იყენებდნენ და იმ გზით მიდიოდნენ, ჩვენც თითქმის ყოველთვის ამ სტილში გვიგებდნენ.
ჩვენ ნაკრებში საკმაოდ ბევრი ტანმაღალი და თავით კარგად მოთამაშე ფეხბურთელია. ჩამოთვლა საჭირო არ არის, თქვენც კარგად იცით, ვინ როგორ გამოიყურება. რატომ არ ხდება ვარჯიშებზე ამ კრიტერიუმის დახვეწა? რთულ სიტუაციებში ხომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია.
კუთხურები, ჯარიმები ისე წოდდება, რომ ხიფათს ოდნავადაც ვერ ვქმნით. კარგი იქნება, თუ ვაისი ვარჯიშებზე ამ მხრივ მომზადებას მეტ დროს დაუთმობს.
14 ოქტომბერს გასამართი მატჩი იდეალური შანსია იმისთვის, რომ ჩვენმა მწვრთნელმა რაიმე ახალიც სცადოს.
ნუ ვიქნებით პროგნოზირებადები და ერთფეროვნები - ვიყოთ უფრო მეტად მოულოდნელი, მრავალფეროვანი, კრეატიული და გამბედავი გუნდი.
სათადარიგოები - ვინ რა დროს არის გამოსადეგი
სომხეთთან მატჩს დიდი დატვირთვა ნამდვილად არ ჰქონია. ამ თამაშში ვინმეს გაკრიტიკება ზედმეტად მიმაჩნია და არ მგონია სწორი გადაწყვეტილება, თუმცა მატჩმა რაღაცები დაგვანახა.
მაგალითად, ასეთ შეხვედრაში სადაც გახსნილი თამაშია და ტემპიც მაღალია, გრიგალავას ტიპის მცველმა არ უნდა ითამაშოს, რადგან მას ბურთის ამოტანა არ გამოსდის, ძალიან ცუდი პასი აქვს და ხშირად ცდება ხოლმე.
უფრო ჩაკეტილ და მძიმე შეხვედრებში გრიგალავა გაცილებით გამოსადეგია. ვაისმა მას რამდენიმეჯერ შანსი უკვე მისცა და დაცვითი ფუნქციებისას თავი ნამდვილად არ შეურცხვენია, მაგრამ ასეთი ტიპის შეხვედრაში მისი გამოყენება არ შეიძლება. სომხეთთან მატჩში მისი გადაცემების შედეგად ბურთი ხშირად იკარგებოდა.
დღეს მის წონაზე და ფიზიკურ კონდიციებზე საუბარი არ გვინდა. სოციალურ ქსელებში ბოლო 2 დღეა ეს ისედაც „განხილვის“ მთავარი თემაა...
გიორგი აბურჯანიასგან გაცილებით მეტს ველით. მეორე გოლის მომენტში მისი პასი ნამდვილად სასიამოვნო საცქერი იყო. ამ ფეხბურთელს ნიჭი ნამდვილად აქვს, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ ეძლევა, რაც მის თამაშს დაღს ასვამს.
გამოჩნდა, რომ ვაკო გვილია 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. მისი ცვლილებაზე გამოყენება გაცილებით ეფექტურია.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჯაბა ჯიღაური უნივერსალი მოთამაშეა და მისი გამოყენება ბევრ პოზიციაზე შეიძლება, თუმცა პრინციპულ შეხვედრებში დაცვაში არ გამოგვადგება.
ლევან შენგელიზე ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ. ეს ბიჭი მეტ ნდობას იმსახურებს.
გიორგი ქვილითაიას სავარაუდოდ მაკედონიაში ვიხილავთ. მამუკა კობახიძისთვის ნაკრები ამ ეტაპზე ნაადრევი მგონია. გიორგი ნავალოვსკი შეტევაში აქტიური იყო, თუმცა დაცვაში თამაშს ძალიან მოუკლო და მისი ასაკიდან გამომდინარე გასაგებიც არის.
საბა ლობჟანიძე - მას რატომღაც ყოველთვის ბოლო წუთებზე თამაში უწევს. ოლე გუნარ სულშერი, რომ იყოს გასაგები იქნებოდა, მაგრამ არ არის.
საბას სათამაშო პრაქტიკა აქვს, ტრავმა არ ჰქონია, ფიზიკურად ყოველთვის კარგად არის მომზადებული და ძალიან სწრაფიც არის. სომხეთთან რა ტიპის თამაშიც იყო, ლობჟანიძისნაირი შემტევი სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვიყენოთ ხოლმე.
რას ველით 14 ოქტომბერს - განწყობა და შესაძლო სცენარი
ამ მატჩიდან პირველ რიგში სიახლეებს ველი. ტაქტიკურად რამდენიმე ცვლილების მოლოდინი მაქვს. შეიძლება ეს სურვილი უფროა, ვიდრე რეალობა, მაგრამ მაინც დაველოდოთ.
კარგი იქნება, თუ მეტოქეს ბევრ მომენტს არ შევაქმნევინებთ. ფინალის წინ ფსიქოლოგიურად კარგი განწყობა მნიშვნელოვანია. თბილისში დასრულებული 1:1-ის დროს მაკედონიელებმა მხოლოდ ერთი მომენტი შეგვიქმნეს და ისიც ნიკა მალის შეცდომის წყალობით.
როცა კონკრეტულ გუნდს 3 თვეში 3-ჯერ ხვდები და პირველ ორ შეხვედრაში უპირატესობა არ გქონია, ბევრი მომენტიც ვერ შეუქმენი - ფინალის წინ ეს შენზე გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასეთი სცენარი ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა.
ფეხბურთს მხოლოდ ფეხები და სირბილი არ იგებს - მთავარი ყოველთვის ტვინია. როგორი განწყობა გაქვს, ფსიქოლოგიურად ვინ უფრო კარგად არის მომზადებული. ასეთ დროს ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია.