ისტორიაში ასე ახლოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრასთან არასდროს ყოფილა. ერთა ლიგის შექმნამ სუსტ საფეხბურთო ნაკრებებს დიდ ფორუმზე მოხვედრის გზა გაუადვილა. 70-იან წლებში დაბადებული ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ძლიერ ევროპულ საფეხბურთო ჩემპიონატებში თამაშობდნენ, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა აუხდენელ ოცნებად დარჩა, რადგან გრანდების დამარცხება და ამ გზით შესარჩევი ციკლის წარმატებით გავლა მათ შესაძლებლობებს ცდებოდა, თუმცა ერთა ლიგის შექმნამ დამოუკიდებელ საქართველოში აღზრდილ თაობებს საბჭოთა დროის წარმატებების დავიწყების შესაძლებლობა მისცა და რომ ღარიბ, მაგრამ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს ფრაგმენტული გამარჯვებების გარდა ერთსულოვანი გუნდის შექმნა და დიდი საფეხბურთო ოცნების ნამდვილ ამბავად ქცევა შეუძლია, თუმცა ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს ყოფნა მხოლოდ ფორმატის ცვლილებამ არ განაპირობა, საქართველოს ნაკრებმა ისწავლა და შეძლო თუ როგორ უნდა დაამარცხოს დაახლოებით მისი დონის საფეხბურთო ნაკრებები, რაც ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლით დამტკიცდა.
გასული თვეებიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ალბათ ასეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძის შემდეგ ქართულ ფეხბურთს არ ჰყოლია. ლეონიდ სლუცკისთან მუშაობით 19 წლის ტალანტი ძალიან გაიხსნა და წარმოუდგენელი მგონია ბელარუსის დაცის ხაზი მას გაუმკლავდეს. გიორგი ჩაკვეტაძემ სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ტრავმა მიიღო და ნაკრებს კვლავ არასასურველ ფორმაში შეუერთდა. ''გენტის'' ნახევარმცველისგან განსხვავებით თორნიკე ოქრიაშვილმა მძიმე ტრავმების შემდეგ სტაბილურობა დაიბრუნა, თუმცა ხანგრძლივმა პაუზებმა მის კრეატივს დაღი დაასვა. მას კვლავ გააქვს გოლები, თუმცა ეს გოლები შთამბეჭდავი და განსაკუთრებული სილამაზის არაა, ''მაკრატელა'' დარტყმებიც თითქოს წარსულში დარჩა, თუმცა პროფესიული კუთხით დაშვებული შეცდომებიც დაივიწყა და მთელი ძალისხმევა კარიერული წარმატებისკენ მიმართა: ''დღეს მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა, სხვა საერთოდ არაფერი. მსურს, რომ ჩემი ეს ''მინდა'' ბელარუსთან გადამწყვეტი იყოს''.
ზოგადად საქართველოს ნაკრები მეტოქეს რომ აჯობებს და ბურთის ფლობის უპირატესობა ექნება, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ეს თამაში ვაისის გუნდმა უნდა მოიგოს და სხვა შედეგი დიდ ფიასკოდ ჩაითვლება. საქართველოს ნაკრები ფავორიტია, როგორც გუნდის სიძლიერიდან, ასევე ინდივიდუალურად ფეხბურთელთა საშემსრულებლო დონიდან გამომდინარე.
ფეხბურთელთა დიდი მოტივაცია ბელარუსთან მატჩისადმი პირად საუბრებსა თუ ინტერვიუებში იგრძნობოდა. შესაბამისად, თითოეული მათგანი კლუბში პროდუქტიულ გამოსვლას ცდილობდა, მათი მონდომება დიდი იყო, რაც მათ მიერ კლუბში ჩატარებული ბოლო მატჩებიდანაც კარგად გამოჩნდა. ოქრიაშვილი-კვარაცხელიას დუეტის გარდა შემტევებიდან ლევან შენგელია, გიორგი ქვილითაია, ელგუჯა ლობჯანიძე და ნიკა კაჭარავა კარგ ფორმაში არიან, რასაც ვერ ვიტყვით ვაკო ყაზაიშვილზე, რომელიც ბოლო მატჩებში ''სან ხოსეს'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ანალოგიურად ფორმაში არაა გურამ კაშია, თუმცა ვაისის თქმით კაშიასა და კანკავას გარეშე საქართველოს ნაკრები სრულფასოვანი გუნდი არაა. კანკავას მსგავსად კარგ ფორმაშია ოთარ კიტეიშვილი და დიდი ალბათობით მოედნის ცენტრში მათ დუეტს ვიხილავთ. სექტემბრის თვეში მარცხენა მცველის პოზიცია პრობლემატური იყო, მაგრამ ჯიმი ტაბიძე დაბრუნდა და სავარაუდოდ სასტარტოში ვიხილავთ. გიორგი ლორია შეუცვლელია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფორმაშია, რადგან ''ბაზელთან'' მატჩში დამაჯერებლობა აკლდა, რაც განსაკუთრებით პირველი გოლისას გამოიკვეთა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კვლავ ოთარ კაკაბაძეს ვიხილავთ, მაგრამ კარგია, რომ მას ნიჭიერი კონკურენტი გამოუჩნდა ნიკა მალის სახით. დაცვის ცენტრში დიდი ალბათობით კაშია-კვერკველიას დუეტს ვიხილავთ.
ვლადიმირ ვაისი: ''ბოლო პერიოდში გურამ კაშიას თამაში არ უწევდა. ბევრმა მითხრა, რომ სხვებისთვის მიმეცა ამ პოზიციაზე თამაშის შანსი. კანკავა და კაშია ნაკრების სული და გული არიან. კაშია ყოველთვის იდეალურადაა მომზადებული. მოკლედ, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე ჩვენ სრულფასოვანი გუნდი არ ვართ''.
მატჩი ქომაგთა გარეშე
კორონავირუსმა შეცვალა ადამიანთა ცხოვრება და არავინ იცის როდემდე სტადიონმა იმ ადგილის ფუნქცია დაკარგა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ და ემოციებს გასცემენ, რასაც ხელი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, UEFA-მ შეუწყო. არასახელმწიფო ორგანიზაციებმა და მატჩის ორგანიზატორებმა თავად უნდა მიიღონ ქომაგთა დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დისტანციის დაცვა და ჰიგიენური წესების შესრულება ვირუსის გავრცელების შემაკავებელი მეცნიერული მტკიცებულებებია. სხვა მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. აქედან გამომდინარე თუ მატჩი რეგულაციებით, შესაბამისი რეკომენდაციებით გაიმართებოდა და მატჩის ორგანიზატორები ამ პასუხისმგებლობას აიღებდნენ, რატომ თვლიან UEFA-ში, რომ სხვა ადგილობრივი უწყების ფუნქციაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება? UEFA-ს გადაწყვეტილებაში მყარი არგუმენტი არ ჩანს და მეორეს მხრივ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ადამიანთა შეკრების უფლებას, ფეხბურთის ქომაგებს ჩაგრულ მდგომარეობაში ამყოფებს, რაც ცხადია ორმაგი სტანდარტია და თავისუფლების შეზღუდვის იდეალური მაგალითია.
პირველი მატჩი ბელარუსთან
საქართველო-ბელარუსის პირველი დაპირისპირება 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, ''დინამო არენაზე'' შედგა. 20 წლის თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლით თემურ ქეცბაიამ გიორგი კონდრატიევს სამწვრთნელო დუელი მოუგო. გოლის ეპიზოდში ''ოქრიმ'' სამი ბელარუსი მცველი ''მოტეხა'', მათ შორის ''კრასნოდარის'' კაპიტანი ალექსანდრ მარტინოვიჩი. 2016 წელს ''მარსელში'' ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ოქრიაშვილმა ''კრასნოდარი'' აირჩია და მარტინოვიჩის თანაგუნდელი გახდა. წლების შემდეგ ოქრიაშვილი ხუმრობით იხსენებდა, როცა მარტინოვიჩი კაპიტნის როლიდან გამომდინარე შენიშვნებს მაძლევდა, ბელარუსთან გატანილ გოლს ვურთავდიო.
ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი
ხიზანიშვილის შეცდომა და მარცხი ბელარუსში
ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ბელარუსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ქეცბაიას გუნდს 2:0 სძლია. ამ მატჩიდან ყველაზე მეტად საკუთარ საჯარიმოში ზურაბ ხიზანიშვილის ძალიან უხეში შეცდომა მახსენდება, რასაც ბრესანის გოლი მოჰყვა. მე-6 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ვითარება ვერ შეცვალა. ტაიმის ბოლოს მეორე გოლი დრაგუნმა შეუგდო ლორიას. იმ შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელთაგან დღევანდელ ეროვნულ გუნდში ოქრიაშვილი, დაუშვილი, გრიგალავა, კანკავა და კაშიაა.
მატჩი ქუთაისში
როცა ბუდუ ზივზივაძის ნაკრებში გამოუძახებლობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, ანალოგიური სახის კითხვა ირაკლი სიხარულიძესთან მიმართებითაც უნდა დავსვათ, რომელმაც ევროპა ლიგაზე კრაიოვას ''უნივერსიტატეასა'' და მოსკოვის ''დინამოს'' გაუტანა და საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარა. სიხარულიძეს ეროვნულ გუნდში ვაისი რეგულარულად იწვევდა, თუმცა შემდეგ მისი უცხოური კარიერა ვერ აეწყო და სლოვაკის რჩეულთა შორის ვეღარ ხვდებოდა.
2017 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში, ''რამაზ შენგელიაზე'' საქართველო-ბელარუსის ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან პირველი გოლი სიხარულიძემ შეაგდო, მეორე გოლი კი - ლაშა დვალმა. აღნიშნული შეხვედრა ახალწვეულებისა და იმ ფეხბურთელების გამოცდას გულისხმობდა, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაში ხშირად არ უწევთ.
მას შემდეგ ბელარუსის ნაკრებში ბევრი საკადრო ცვლილება განხორციელდა, თუმცა მეტოქე აქცენტს კვლავ დაცვით და ძალისმიერ ფეხბურთზე აკეთებს და სტილის თვალსაზრისით თითქმის არაფერი შეცვლილა.
პარალელები და შედეგები
მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებსა და საუკუნის დასაწყისში ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა, ძლიერი გუნდის შექმნა ვერცერთმა მწვრთნელმა შეძლო. ამ გუნდის წევრი ლევან კობიაშვილი იყო, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდურობის თვალსაზრისით მოედანზე თუ მოედანს მიღმა ურთიერთობებში, ისეთი ერთიანი გუნდი არასდროს გვყოლია, როგორიც გვყავს დღეს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას, მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული ვაისის გუნდი დამარცხდა ბევრ შეხვედრაში, არაერთხელ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, იმედგაცრუებებიც გამოიარა, მაგრამ დაახლოებით საქართველოს ნაკრების დონის გუნდებთან გამარჯვებები მოიპოვა. ასევე, ნაკრებთან მიმართებაში გაქრა საჯარო თუ კულუარული კონფლიქტები და თითქმის არცერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით არ გაჩენილა ეჭვი, რომ ნაკრებში თამაშს თავი აარიდა. ბოლო წლებში ერთადერთი გამონაკლისი ჯანო ანანიძე იყო, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევში შვეიცარიასთან საშინაო მატჩის შემდეგ ნაკრებს ირლანდიაში არ გაყვა და ორი დღის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგაში სასტარტოში ითამაშა, თუმცა ზოგადი სურათი ნაკრების ერთსულოვნებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია.
90-იან წლებში და შემდგომშიც ევროპის ძლიერ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით ძლიერი საქართველოს ნაკრები ვერ შეიქმნა. ეს იყო ძალიან არასტაბილური გუნდი, რომელიც იღებდა მოულოდნელ ქულებს, ამწარებდა ჯგუფის ფავორიტებს, მაგრამ სადაც წარმატების მეტი შანსი ჰქონდა, შედეგს ვერ აღწევდა. ასე რომ ძალიან გადაჭარბებული მგონია არველაძეებისა თუ კალაძის თაობის ფეხბურთელებზე ნოსტალგიური წარმოდგენა, რომ მათი დროის საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი იყო. გუნდის სიძლიერე შედეგით განისაზღვრება და თუ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლას გავიხსენებთ, ევრო 1996-ის შესარჩევის გარდა სატურნირო ცხრილში აუტსაიდერის პოზიციაზე ვართ.
ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში, როცა საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ბულგარეთი დაამარცხა, მოლდოვამ ჩივაძის გუნდთან 6 ქულა აიღო. ევრო 2000-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა, ჯგუფის ყველა მონაწილესთან ერთხელ მაინც დამარცხდა (ნორვეგია, საბერძნეთი, ალბანეთი, სლოვენია, ლატვია) და 5 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. ანალოგიურად, როცა ევრო 2004-ის შესარჩევში რუსეთთან უპრინციპულეს შეხვედრაში გამარჯვება ვიზეიმეთ, ჯგუფის ყველა გუნდმა ერთხელ მაინც მოგვიგო (შვეიცარია, რუსეთი, ირლანდია, ალბანეთი) და 7 ქულით ბოლო ადგილზე გავედით. ასევე ძალიან წარუმატებელი გამოვიდა ევრო 2008-ის შესარჩევი ციკლი, როცა იტალიამ, საფრანგეთმა და ლიეტუვამ ორივე მატჩში გვძლიეს, უკრაინასთან მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ, თუმცა შოტლანდიას ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დავუკარგეთ, თბილისში მაკლიშის გუნდთან 3 ქულა ავიღეთ. აღნიშნული შესარჩევი ციკლი სწორედ ამ მატჩითაა დასამახსოვრებელი. ამ ფაქტორის მიუხედავად შედეგი კრიტიკას ვერ უძლებდა, ტოპმიოლერის გუნდმა მხოლოდ ფარერის კუნძულების ნაკრებს აჯობა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე იყო და ქულაც ვერ მოიპოვა. ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ქეცბაიას გუნდმა მხოლოდ ბოლოადგილოსან მალტას გაასწრო, ძალიან ცუდი შედეგის მიუხედავად ხორვატიას ვძლიეთ და ეს მატჩი ქომაგებისთვის დაუვიწყარია. გამონაკლისი ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი არ ყოფილა, მხოლოდ გიბრალტარს გავუსწარით, შოტლანდიას თბილისში ამჯერადაც მოვუგეთ, თუმცა დანარჩენ შეხვედრებში ქულაც არ აგვიღია (ირლანდია, შოტლანდიასთან სტუმრად, გერმანია, პოლონეთი).
მეტოქის შესახებ
ბელარუსის ნაკრების შემადგენლობაში მცველთა შორის სამი ლეგიონერია: მარტინოვიჩი (კრასნოდარი), ზოლოტოვი (ურალი), პოლიაკოვი (ქაირათი), ნაუმოვი (ჟეტისუ). ანალოგიურად, ნახევარდაცვაშიც ბელარუსის ჩემპიონატის გარდა მხოლოდ რუსეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატის მოთამაშები ფიგურირებენ: ივან მაევსკი და მაქს ებონგი (ორივე ასტანა), ვალერი გრომიკო და იური კოვალიოვი (ორივე ტულას არსენალი). ბელარუსის ნაკრებში ერთადერთი ლეგიონერი ფორვარდი 22 წლის ვიტალი ლისაკოვიჩი, რომელიც მოსკოვის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობს. ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელები უცხოეთში მხოლოდ რუსეთსა და ყაზახეთში ასპარეზობენ. ამ მხრივ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში განსხვავებული ვითარებაა. ვლადიმირ ვაისის გუნდში 29 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ 4 მოთამაშეა რუსეთის პრემიერ ლიგიდან და 3 ყაზახეთის ჩემპიონატიდან.
2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაილ მარხელია, რომლის ხელმძღვანელობით ბელარუსმა 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ესტონეთი და ყაზახეთი სტუმრად დაამარცხა, საკუთარ კედლებში ნიდერლანდებთან და ალბანეთთან დამარცხდა, ხოლო სტუმრად გერმანიასთან შეხვედრაში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. სექტემბრის თვეში ერთა ლიგის მეორე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ბელარუსმა შინ ალბანეთთან 0:2 წააგო, თუმცა სტუმრად ყაზახეთი დაამარცხა (1:2). აღნიშნული მატჩის არბიტრი ქართველი გიორგი ყრუაშვილი იყო და გამარჯვების გოლი 22 წლის ვიტალი ლისაკოვიჩმა შეხვედრის მიწურულს შეაგდო. ლისაკოვიჩი ბელარუსული ფეხბურთის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეა და მასზე დიდ იმედს ამყარებენ.
ფოტო: gettyimages