8 ოქტომბერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის - თბილისს ბელარუსი ეწვევა და „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
მთელი ქვეყანა ამ მატჩს ელის და წარმომიდგენია რამდენად ნერვიულობს თითოეული თქვენგანი (ასევე მეც).
ამჯერად მინდა, რომ ტაქტიკურ ჭრილში წინასამატჩო განხილვა შემოგთავაზოთ. რა დაგვანახა ბოლო ორმა შეხვედრამ, რა შეიცვალა ხსენებული მატჩების შემდეგ და რას უნდა ველოდოთ უშუალოდ ბელარუსთან დაპირისპირებისას ვლადიმირ ვაისისგან - ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.
რა დაგვანახა ბოლო მატჩებმა და რა შეიცვალა მას შემდეგ?
ესტონეთთან და მაკედონიასთან გამართულმა მატჩებმა ვაისის გუნდის მინუსები კარგად გამოაჩინა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკურად რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც ბელარუსთან არ უნდა განმეორდეს.
პირველ რიგში აღსანიშნავია დაცვის ხაზი. ცენტრში კვერკველიასა და ხოჭოლავას დუეტი ზედმეტად ერთი სტილის იყო. შეტევის წამოწყება და ეგრეთწოდებული „პირველი პასი“ არცერთ მათგანს გამოსდის. ამ მხრივ ნაკრებში გურამ კაშია შეუცვლელია.
„სან ხოსეს“ ქართველ ლეგიონერს საკმაოდ კარგი გრძელი პასი აქვს და ბურთის ამოტანის დროსაც თამამად მოქმედებს. კაშია თამაშს კარგად კითხულობს და ამ თვალსაზრისით იგი ჩვენ ცენტრალურ მცველებს შორის საუკეთესოა.
კარგია, რომ ეს პრობლემა ამჯერად გადაჭრილი იქნება, რადგან გურამი ნაკრებთან ერთად იმყოფება და როგორც ვაისმა აღნიშნა, იგი მას ენდობა:
„ბოლო პერიოდში გურამ კაშიას თამაში არ უწევდა. ბევრმა მითხრა, რომ სხვებისთვის მიმეცა ამ პოზიციაზე თამაშის შანსი. კანკავა და კაშია ნაკრების სული და გული არიან.
კაშია ყოველთვის იდეალურადაა მომზადებული. მოკლედ, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე ჩვენ სრულფასოვანი გუნდი არ ვართ.
კაშიამ ინდივიდუალურად ივარჯიშა, ის კარგად გამოიყურება“.
რაც შეეხება დაცვაში არსებულ მეორე პრობლემას - მარცხენა მცველის პოზიცია. ესტონეთთან საკმაოდ კარგად ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც ამპლუით საერთოდ ნახევარმცველია, მაგრამ უნივერსალი გახლავთ და ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ესტონეთი ძალიან სუსტია და საზომად ეს მატჩი არ გამოდგება.
მაკედონიასთან ვაისმა ამჯერად ამპლუით მცველი, მაგრამ მარჯვენაფლანგელი ნიკა მალი გამოიყენა და შეცდა კიდეც, რაც შემდგომში თავადვე აღიარა.
„საბურთალოს“ განაპირა მცველმა კარიერაში პირველად ითამაშა დაცვის მარცხენა ფრთაზე და თან ეროვნულ ნაკრებში. შედეგად მალი ერთ ეპიზოდში შეცდა და ეს გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. აღსანიშნავია, რომ მეტოქეს ამის გარდა საგოლე მომენტი მთელი მატჩის განმავლობაში არ ჰქონია.
მიუხედავად ყველაფრისა, მალი ძალიან ნიჭიერი და იმედისმომცემი მცველია, რომელსაც სამომავლოდ შანსი საკუთარ პოზიციაზეც მიეცემა და ამ ერთი შეცდომის გამო მისი გაკრიტიკება არასწორი იქნება.
რაც შეეხება ბელარუსთან შეხვედრას, დიდი ალბათობით მარცხენა მცველის პოზიციას ამჯერად ჯიმი ტაბიძე დაიკავებს, რადგან მას ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. პლუს ამას სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდის.
გადავინაცვლოთ ნახევარდაცვაში. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა სწორედ აქ გვქონდა. მაკედონიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ კანკავასა და კვეკვესკირის წყვილი ზედმეტად უკნიდან მოქმედებდა და შემტევ ნახევარმცველებთან საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებდნენ.
ჩვენი საყრდენები მეტოქის საჯარიმოსთან ბურთით ძალიან იშვიათად ადიოდნენ, რის შედეგადაც გუნდი მცირე ძალებით უტევდა და სიმწვავე იკარგებოდა.
სავარაუდოდ, ნიკა კვეკვესკირს ბელარუსთან ოთარ კიტეიშვილი შეცვლის.
გადავიდეთ შემტევებზე. ესტონეთთან და მაკედონიასთან გამოჩნდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სასურველი ფორმისგან შორსაა. მას სასტარტოში ბელარუსთან არ უნდა ველოდოთ.
ამ დონის შეხვედრაში ფორმაში არმყოფი და სათამაშო პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელებისთვის ნდობის გამოცხადება დიდი რისკია და მეეჭვება ვაისმა ცეცხლთან თამაში გადაწყვიტოს.
წინა მატჩებისგან განსხვავებით უკეთეს ფორმაში იმყოფება ოქრიაშვილი და ქვილითაია. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ სათამაშო პრაქტიკა ორივე მათგანს ეძლევა და გოლების გატანაც დაიწყეს. ბელარუსთან ორივეს ძირითადში უნდა ველოდოთ.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით დიდი პლუსია ვაკო ყაზაიშვილის დაბრუნება, რომელსაც გამთამაშებლის პოზიციაზე დადგომა და ბურთის დაჭერა ყველაზე კარგად გამოსდის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ მოვალეობას თავი ვერც ჩაკვეტაძემ და ვერც ოქრიაშვილმა ვერ გაართვეს. წესით ვაისი ექსპერიმენტზე არ წავა და მისი არჩევანი პროგნოზირებადი იქნება.
რას უნდა ველოდოთ ბელარუსთან - ტაქტიკური მონახაზი
ხუთშაბათს გასამართი მატჩისთვის ჩვენ ნაკრებში რამდენიმე პოზიტიური ცვლილებაა, რომლებზეც უკვე ზემოთ მოგახსენეთ. ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ სლოვაკი სპეციალისტი 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს და ჩვენი თერთმეტეული ასეთი იქნება:
რატომ ასე? შესაძლოა ვცდები და ვაისმა ოდნავ განსხვავებული ძირითადი დააყენოს. მე, შევეცდები ჩემი მოსაზრება არგუმენტებით გავამყარო.
ვაისი გიორგი ლორიას ძალიან ენდობა და ასეთი მატჩის წინ არამგონია მეკარის პოზიციაზე ცვლილება განახორციელოს.
რაც შეეხება დაცვას. კაკაბაძე უალტერნატივოა. ცენტრში კვერკველია-კაშიას დუეტს ერთად თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ეს სწორედ ის არის, რაც მსგავს შეხვედრაში გვჭირდება.
პლუს ამას, ხოჭოლავასა და კვერკველიას დაცვის წყვილზე ზემოთ ვისაუბრეთ, თუ რა მინუსი აქვს მათ ტანდემს. ასევე, რამდენად ენდობა ვაისი კაშიას. მგონი ყველაფერი ნათელია.
მარცხენა მცველის პოზიციაზე ნაკრებში გიორგი ნავალოვსკიც გამოძახებულია, მაგრამ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში უკვე დიდი ხანია არ უთამაშია, პლუს ამას მისი ფიზიკური მომზადება იგივე დონის არ არის, როგორც 2 წლის წინ იყო.
ტაბიძეს სათამაშო პრაქტიკა აქვს და ის კარგ ფიზიკურ ფორმაშიც იმყოფება. დაცვაში ძალიან საიმედოა და შეტევაში მის ნაკლებად ეფექტურობას სწორედ ამ კომპონენტით ფარავს.
თუ, შეტევის გაძლიერება საჭირო გახდა, შესაძლოა ნავალოვსკი ცვლილებაზე ვიხილოთ. ყველაფერს მატჩის სცენარი გვიჩვენებს.
რატომ ასეთი ნახევარდაცვა? ბელარუსი საკმაოდ მძიმე და პრაგმატული გუნდია. ისინი სიღრმიდან ითამაშებენ და თავიანთ შანსს დაელოდებიან. მეტოქე პირველივე წუთებიდანვე არ შეგვიტევს და ზონებს არ გახსნის.
„ბელარუსს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც დისციპლინა გაამკაცრა და ტაქტიკაში ცვლილებები შეიტანა, აქცენტს დაცვით ფეხბურთზე აკეთებენ“. - ამბობს ვაისი.
კანკავა უკონკურენტოა და თან ჩინებულ ფორმაშიც იმყოფება. ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მან გოლის გატანაც შეძლო.
ჯაბას გვერდით აუცილებლად კიტეიშვილმა უნდა ითამაშოს, რომელიც ართმევაზე კარგად თამაშთან ერთად შეტევაშიც შესანიშნავად გადადის. მისი სხარტი აზროვნება, დრიბლინგი და სიმწვავე ნახევარდაცვის ცენტრში იყო ის ფაქტორი, რომელიც გასულ 2 შეხვედრაში ძალიან გვაკლდა.
ჯაბასა და „კიტეს“ დუეტის წინ სავარაუდოდ ყაზაიშვილი ითამაშებს. ვაკოს გამთამაშებლად თამაში შეუძლია. ბურთის დაჭერა, განაწილება, ასევე ეგრეთწოდებული „ბურთის თრევა“ მას კარგად ეხერხება, რაც მსგავს შეხვედრებში მნიშვნელოვანია.
წინა მატჩებისგან განსხვავებით ამეჯრად კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და კვარაცხელია ერთად გვეყოლება - ყველა მათგანი ტონუსშია და ყველას შეუძლია მეტოქის ნახევარზე ბურთის დაჭერასთან ერთად, კარზე იერიშიც მიიტანოს. ასეთ მძიმე დაპირისპირებაში ეს უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ.
ჩემი აზრით შემტევი სამეული ამჯერად ყველაზე პროგნოზირებადია. ხვიჩა ხელშეუხებელია, ასევე ოქრიაშვილიც, რომელიც 1 თვის წინანდელთან შედარებით ახლა უკეთეს ფორმაშია. რაც შეეხება ქვილითაიას, მას ვაისი ყოველთვის ენდობოდა.
მაკედონიასთან მწვრთნელმა ის ძირითადში მაშინ დააყენა, როცა სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა. ამჯერად კი „ანორთოსისში“ ქვილითაიამ 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. მას სათამაშო დროც სტაბილურად ეძლევა.
რას უნდა ველოდოთ ცვლილებებზე
ნახევარდაცვაში კორექტივების შესატანად ვაისს თადარიგში გვილია, კვეკვესკირი და აბურჯანია ეყოლება, რაც მას დიდ არჩევანს აძლევს.
შეტევის გასაძლიერებლად პირველი ორი კანდიდატი ჩაკვეტაძე და შენგელია იქნება.
თუ, „ჩაკვეს“ შემთხვევაში მისი ტალანტის იმედი გვაქვს, შენგელია მისგან განსხვავებით კარგ ფორმაშიც იმყოფება, სტაბილურადაც თამაშობს და ამ ბოლო მატჩებში დუბლის შესრულებაც შეძლო.
საბა ლობჟანიძის სახით ვაისს კიდევ ერთი ვარიანტი აქვს. თურქული „ანკარაგუჯუს“ ლეგიონერი სწრაფია და ორივე ფლანგზე გამოსადეგია, თუმცა მისი თამაშის შანსები ამჯერად არც ისე დიდია.
რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, აქ ყველა ერთი სტილის ფორვარდი გვყავს. ქვილითაიას გარდა გამოძახებული ნიკა კაჭარავა და ელგუჯა ლობჯანიძე გახლავთ. პოლონური „ლეხისა“ და ყაზახური „კაისარის“ ლეგიონერებს სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ორივე მათგანის მთავარი პლუსი სიმაღლე და მეორე სართულზე თამაში გახლავთ.
ვაისს კიდევ ერთი ვარიანტიც აქვს - ყაზაიშვილის ცრუ ცხრიანზე გამოყენება და გამთამაშებლად მის ნაცვლად ვინმე სხვამ ითამაშოს, მაგალითად გვილიამ. მსგავსი ვარიანტი ვაისმა ადრე გამოსცადა და ურიგო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მატჩის სცენარზე და მის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული.
ექსპერიმენტების დრო არ არის - აგრესია, სიმწვავე და სიზუსტე გვჭირდება
8 ოქტომბერს გველის მატჩი, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.
აქ ექსპერიმენტებისა და პირადი სიმპათიების დრო არ არის. ვაისმა უნდა დააყენოს ოპტიმალური შემადგენლობა და ფეხბურთელებს შესაბამისი პოზიციები მოუძებნოს. წინა შეხვედრებში ჩვენმა მწვრთნელმა რამდენიმე ტაქტიკური შცდომა დაუშვა და ამის დანახვას პროფესიონალის თვალი ნამდვილად არ სჭირდებოდა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ იმ პოზიციებზე, სადაც თავიანთი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენას შეძლებენ.
ასევე, დიდი მნისნელობა ექნება სწორ დროს განხორციელებულ სწორ ცვლილებას. მაკედონიასთან ვაისი შეცვლებისას შეცდა, დააგვიანა და მცდარი არჩევანი გააკეთა. ახლა ეს აღარ გვეპატიება.
ჩვენ მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი ფავორიტებად არ მიიჩნევიან. ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარება აქვთ და ამის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ნაკრებს ჩამოშორებულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათი მხრიდან თბილისში მიღწეული წარმატება ორმაგად დიდი გმირობა იქნება.
ასეთ მძიმე გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა სწრაფად, აგრესიულად, ეფექტურად და ზუსტად უნდა ითამაშოს. შეცდომები მინიმუმამდეა დასაყვანი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ძირითადი შემადგენლობის შერჩევას. სწორად დაყენებული თერთმეტეული ასეთ დროს საქმის ნახევარს აკეთებს.
„ბელარუსთან მატჩში მონდომებას ქართული ტექნიკა უნდა დავამატოთ. ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
შეხვედრა მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. ხელი ჩამოვართვი ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს. ვერ წავიდოდი ამ მატჩის გარეშე და ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. 5 წელია საქართველოში ვმუშაობ და მინდა ეს ყველაფერი წარმატებით დავასრულო“. - იმედი ვიქონიოთ ვაისი თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც დაგეგმილი იყო.