ფეხბურთის შესახებ პირველ რიგში რისი თქმაც შეიძლება, ეს არის ის, რომ იგი მეტია ვიდრე სპორტი.
ის არ არის უბრალოდ თამაში და სპორტის რიგითი სახეობა. ისტორიის მანძილზე ფეხბურთს ბევრი დიდებული საქმე გაუკეთებია, ომებიც კი გაუჩერებია. ალბათ ბევრმა იცით, რომ 2006 წელს კოტ-დივუარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, დიდიე დროგბამ ქვეყანაში დაპირისპირებულ ორ მხარეს მოუწოდა სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. რამდენიმე დღეში მონაწილეებმა იარაღი დაყარეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.
ეს და კიდევ ბევრი დიდებული საქმე უკავშირდება ფეხბურთს და მის დიდ გავლენას.
დიდებული შეგრძნებაა, როცა შენი გუნდი, კლუბი თუ ნაკრები სულ ერთია - როცა ის იგებს, სიხარულს განიჭებს და კვირიდან კვირამდე, ან თვიდან თვემდე ელოდები კონკრეტულ 90 წუთს, რომელიც შენთვის უბრალოდ გართობა და ლუდის სმა არ არის, ეს გაცილებით მეტია. ფეხბურთი ადამიანის ფსიქოლოგიაზე პირდაპირ მოქმედებს და მასზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.
როცა შენი გუნდი იგებს, თითქოს სხვა პრობლემები გავიწყდება, ან უბრალოდ ისინი იმდენად რთულად აღარ გეჩვენება.
ფეხბურთი ადამიანის მენტალიტეტზეც ახდენს გავლენას. როგორ? რატომ იყო თბილისის „ლოკომოტივის“ გამარჯვება მოსკოვის „დინამოსთან“ მნიშვნელოვანი?
ყველაფერი დაშვებიდან და წარმოსახვიდან იწყება. გამარჯვების წარმოსახვა არის პირველი ნაბიჯი. წარმოსახვა გადადის ქვეცნობიერ დაშვებაში, დაშვება რწმენაში, ხოლო რწმენა არის ნაბიჯის გარანტია რეალური გამარჯვებისკენ.
ამ პატარა გამარჯვებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ქვეცნობიერის გაჯანსაღებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსგავსი გამარჯვება რაც უფრო მეტი დაგროვდება, ერის პოტენციალი მით უფრო აიწევს, ხოლო პოტენციური ერი მიზანსწრაფული და მოქმედი ერია.
მცირე სიხარულს რამხელა ძალა აქვს. ერთმა მოგებამ ქვეყანა შეძრა. რაგბიში რუსებთან მოგებას ასე ვთქვათ „მუღამი“ აქვს დაკარგული, რადგან კლასში ჩვენ შორის დიდი სხვაობაა. როდის იყო ქართველს ჭიანჭველის გასრესა სიამოვნებას ანიჭებდა.
გამარჯვება მოგვენატრა და მარცხს დიდი ხანია ვუყურებთ. სპორტს შეუძლია გარემო შეცვალოს, ადამიანს მეტი პოზიტივი შემატოს და როცა კაცი საქმეს კარგი განწყობით აკეთებს, იქ ყველაფერი გამოდის. მივხედოთ სპორტს, ვენდოთ სპორტს, რადგან მას იმაზე მეტის შეცვლა შეუძლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ფოტო - FC Locomotive Tbilisi
არ მინდა, რომ მხოლოდ ჩასვრილ თბილისის „დინამოზე“ მესაუბრა. სწორედ ამიტომ გავშალე თემა და შევეცადე თქვენთვის მთლიანი სურათი მეჩვენებინა.
ახლა კი „დინამო“... ერთი ჩემი ძველი მეგობარი, რომელსაც ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარს ხუმრობით მეუბნება ხოლმე - მალე დინამო იმ 1981 წლის თასსაც წააგებსო. ამ ბოლო დროს ამ ხუმრობაზე არცერთს აღარ გვეცინება ხოლმე...
ცხოვრებამ ასე მოიტანა, „დინამო“ ჩვენთვის მხოლოდ თბილისის მთავარი კლუბი არ იყო. საბჭოთა კავშირში ყოფნისას ამ გუნდმა ეროვნული ნაკრების სტატუსი შეიძინა, რადგან 15 სახელმწიფოს შორის ისინი მთელ ქვეყანას წარმოადგენდნენ და მათი გამარჯვება ერის გამარჯვება იყო.
სწორედ ამიტომაც, „დინამოს“ ყოველი მარცხი ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული და გამაღიზიანებელია.
ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია და კონკურენციის გაწევა ყველა კლუბს უჭირს, თუმცა ჩვენი გუნდებისგან ევროშესარჩევზე გვახსოვს და გვინახავს ბრძოლა, თავდადება, მცირე სენსაციები და იმედის ნაპერწკალი, რომელიც ქომაგებს გულში ყოველთვის გვრჩებოდა ხოლმე.
„ზესტაფონი, „ამერი“, „დილა“, „ჩიხურა“, „ლოკომოტივი“ - თითქმის ყველა კლუბისგან გვახსოვს და გვიგრძვნია მცირე სიხარული. შესაძლოა საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიო და დამარცხდე, მაგრამ მოედანი თავაწეულმა უნდა დატოვო.
რას ვხედავთ და ვგრძნობთ ბოლო 10 წელია „დინამოს“ შემხედვარე? თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მომდის - სირცხვილი.
ჩვენმა ფლაგმანმა მიგვაჩვია მეზობელ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან მარცხს. ახლა უკვე ფარერებთანაც...
გარდა იმისა, რომ თბილისის „დინამოს“ სხვების ფონზე მეტი მოეთხოვება, ამ კლუბს სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით ფინანსურად საკმაოდ შეძლებული მფლობელი ჰყავს - რომან ფიფია.
„დინამოსა“ და სხვებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. სავარჯიშო პირობები, ფინანსური შესაძლებლობები და ყველაფერი, რაც კი შეიძლება საფეხბურთო კლუბს სჭირდებოდეს.
რაც „დინამოს“ აკლია და არ აქვს, ეს არის სწორი ხედვა, სწორი გეგმა, სწორი მენეჯმენტი, ნდობა, სტაბილურობა და კარგი მწვრთნელი. თურმე კიდევ ბევრი რამ ყოფილა საჭირო, რათა ღირსეულად იასპარეზო და ანგარიშგასაწევ ძალად იქცე.
რატომ არის ასე? ყველაფერი ზემოდან მოდის - კლუბის მფლობელმა არ იცის როგორ მართოს გუნდი და რა არის საჭირო წარმატებისთვის, მაგრამ ეს სამარცხვინო, ან დასაძრახი სულაც არ არის. შენ, შესაძლოა კონკრეტულ სფეროში ძლიერი არ იყო, მაგრამ მისი განვითარების სურვილი და ფინანსური შესაძლებლობა გქონდეს და საამისოდ გვერდით საჭირო პიროვნება დაიყენო, რომელიც წმინდა სპორტულ საკითხებს მიხედავს, შენ კი მხოლოდ კარგი მენეჯერი უნდა იყო, ფინანსები მართო და გუნდს უბრალოდ ენდო.
რომან ფიფიას მსგავსი ხალხი გვერდით არასდროს დაუყენებია. არცოდნა დანაშაული არ არის, მაგრამ როცა ერთი და იგივე შეცდომას ლამისაა 10 წელია იმეორებ და არავის უსმენ, ესეიგი აქ მხოლოდ არცოდნასთან არ გვაქვს საქმე...
კლუბში მისვლის დღიდან დღევანდელ დღემდე, „დინამომ“ 6 სპორტული დირექტორი, 7 გენერალრი დირექტორი და 16 მწვრთნელი გამოიცვალა. საუბარია არასრულ ათ წელზე. ეს ის შემთხვევაა, როცა ციფრები ყველაფერს თავადვე ამბობს...
„აი, ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, თქვენ ნახავთ - თუ "დინამოში" ჩამოვლენ ლეგიონერები, და ეს ისე მოხდება, რომ ჩვენ მიერ არჩეული გეზი, ახალგაზრდების ნდობის, არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ლეგიონერები უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იქნებიან. ვესაუბრე ჩემს მეგობრებს და მათი აზრიც მოვისმინე. მერწმუნეთ, თუ ლეგიონერი ჩამოვა, ჩამოვა ისეთი, რომ თქვენც გაგიხარდებათ...
კიდევ ერთხელ ვამბობ - გაძლევთ პირობას, რომ მომავალ წელს ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, თქვენც კმაყოფილნი დარჩებით“. - ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც 2017 წელს რომან ფიფიამ ქართულ სპორტულ გვერდ „სპორტალ ჯი“-ს მისცა.
გეგმის არქონა, ნდობის არქონა და ცრუ დაპირებები - ამ 3 რამის ერთობლიობა მიდის იმ შედეგამდე, რომელიც დღეს „დინამოს“ აქვს და რომელსაც მხოლოდ 1 სიტყვით ვაფასებთ - ფსკერი.
„დინამომ'' მიიღო ის, რასაც წლებია თესავს. რასაც კლუბის ხელმძღვანელები თესავენ თავიანთი მიდგომებით, შედეგიც შესაბამისია. 10 წელია კლუბის პრეზიდენტია რომან ფიფია, რომელსაც გვერდით ბევრი უფროსი და მრჩეველი ჰყავს. ყველა ქვეყანა და კლუბი წინ მიდის, მაგრამ ''დინამო'' უკან ეშვება. ყველაფრის სათავე თავიდან იწყება. მთავარი პასუხისმგებელი პირი რომან ფიფიაა“, - ეს სიტყვები „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს კახი გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.
1:6 მარცხის შემდეგ რევაზ ძოძუაშვილმა თქვა - „ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავს, მაგრამ დღეს ფეხბურთის ირგვლივ ინდაურები უფრო მეტნი არიან“. მე კი დავამატებ, რომ „დინამო“ ერთ დროს მართლაც არწივი იყო, დღეს კი დასაკლავად გამზადებული ინდაურია, რომელიც საცივისთვისაც არ გამოდგება.
„ჩისკოს ვაძლევ 3 წელს. იქნება პროგრესი? ჩისკო იმუშავებს 5 წელი. მე ამ დაპირებას ვიძლევი“, - ამჯერად ფიფია მორიგ დაპირებას იძლევა და გამოუცდელ ჩისკოს 3 წელს აძლევს, რათა შედეგი დადოს.
ჩისკოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირადადაც შევხვედრილვარ და ნამდვილად პოზიტიური, სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფეხბურთელობისას ნამდვილი პროფესიონალი იყო, თუმცა მას სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არ აქვს და ჯერ ბევრი რამ აქვს სასწავლი.
როცა საძირკველი არ გაქვს, იქ შენი მენტალიტეტიც სუსტია, ხოლო როცა მენტალიტეტი გაბახებული გაქვს, შემდეგ არაფრის აღარ უნდა გაგიკვირდეს. დღეს ჩვენც ასე ვართ - „დინამოსგან“ არაფერი აღარ გვიკვირს, უბრალოდ ვბრაზდებით და გვწყინს, მაგრამ არ გვიკვირს.
რა არის გამოსავალი?
„დინამოს“ სამარცხვინო წაგების შემდეგ, სოციალური ქსელები აფეთქდა. ირონიითა და ბილწსიტყვაობით გაჟღენთილ ბევრ პოსტს ნახავდით.
ჩემი ყურადღება უფრო დამცინავმა ტონმა მიიპყრო - გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:
„ეს არის პატარა მეთევზეთა სოფელი კლაკსვიკი, ფარერების ერთ-ერთ ჩრდილოეთ კუნძულოვან კლდეზე.
მთლიანად კუნძული თბილისზე 7-ჯერ პატარაა. ერთ-ერთ სანაპიროზე კი მეთევზეთა ეს დასახლებაა, 5000 მოსახლით.
თავისუფალ დროს, დასახლების მცხოვრებნი ფეხბურთს თამაშობენ.
ნუ ძაან მაგრადაც ვერა, ბოლო 20 წელში მარტო ერთხელ მოიგეს ფარერების ჩემპიონატი, ძირითადად სხვა კუნძულელები სჯობნიან ხოლმე.
ფეხბურთს ოქტომბრის მერე ვეღარ თამაშობენ, რადგან ზამთარში მზე თითქმის არ ამოდის და გაზაფხულამდე თოვლითაა დაფარული ყველაფერი.
ამათ გუნდთან წააგო დინამომ 6-1“.
მსგავს პოსტებს სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებოდით. გახსოვთ ალბათ, როცა 2013 წელს „დინამომ“ ფარერების „სტრეიმური“ 6:1 გაანადგურა, სტუმრად კი 3:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 9:2 დაამარცხა. 7 წლის შემდეგ კუნძულელებმა 6:1 აქეთ მოგვიგეს.
ფარერებზე პროგრესი მართლაც განიცადეს, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ „დინამომ“ რეგრესი განიცადა. კლუბში ფიფიას მისვლის დღიდან ეს ტენდენცია თვალშისაცემია.
რა გამოსავალია და როგორ უნდა მოშორდეს გუნდი ამ ფსკერს? ჩემი აზრით მხოლოდ ორი გზაა: პირველი - ფიფიამ კლუბის მართვა ამ სფეროში ვინმე გამოცდილ პიროვნებას, ან მსგავსი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს უნდა ჩააბაროს და თავად მხოლოდ ფინანსურ საკითხებს მიხედოს. მეორე - კლუბი დატოვოს, გაყიდოს, გადააბაროს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია „დინამო“ ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს, ვისაც ფეხბურთი ესმის და კლუბს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს, გულშემატკივრების ნდობას დაიბრუნებს და სულში ჩაფურთხების ნაცვლად ჩვენ გულებს ცოტათი მაინც გაალღვობს.
რატომღაც მგონია, რომ ბატონი რომანი პირველ გზას არ დაადგება. ფაქტი ჯიუტია და განვილილი წლები ამას მიდასტურებს.
თითქმის 10 წელი - საკმაოდ დიდი დროა, რომ გუნდს ხელი დაატყო და რაღაც ელემენტარული გეგმა მაინც შეიმუშავო, რომ შენ მიმართ ექსპერტებსა, თუ გულშემატკივრებს რაღაც წარმოდგენა შეექმნათ. „დინამოში“ ასეთი რამ არ არსებობს და დიდი ეჭვი მაქვს ფიფიას ხელში ოდესმე ვიხილოთ.
ფიფიას დამსახურებით კლუბს უდაოდ დიდებული ბაზა და ძალიან კარგი აკადემია აქვს, რომელმაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა. შემდგომში კი ისინი ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ. ამის არდანახვა არასწორი იქნება, მაგრამ პირველ გუნდს ამ კაცმა ვერაფერი მოუხერხა. მისი ყოველი ნაბიჯი სირცხვილითა და „დინამოს“ სახელის შებღალვით სრულდება.
თქვენთვის ამის თქმა მსურდა და იმედია ჩემი აზრი ცოტა მკაცრი ტონით, მტკივნეულად, მაგრამ ზუსტად გადმოვეცი...
ბოლოსკენ მინდა ისევ ფეხბურთის გავლენას დავუბრუნდე. ალბერ კამიუმ თქვა - „ადამიანის მორალურობასა და პასუხისმგებლობაზე ყველაფერი ფეხბურთიდან შევისწავლე“.
როგორც სტატიის თავში აღვნიშნე, მივხედოთ სპორტს, ვენდოთ სპორტს, რადგან მას იმაზე მეტის შეცვლა შეუძლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.