10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებმაც ვერ გაამართლეს
Aa Aa

10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებმაც ვერ გაამართლეს

მსოფლიოს მასშტაბით ტრანსფერებში ასტრონომიული თანხები იხარჯება. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც მათში გადახდილი კოლოსალური თანხა გაამართლეს, მაგრამ ჩაფლავებულებიც ბევრი არიან. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 10 ისეთ ფეხბურთელს, რომლებმაც ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ წარმოაჩინეს.

10. რობი კინი 

2008 წელს "ლივერპულმა" ირლანდიელი ფეხბურთელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ტოტენჰემიდან" შეიძინა. იმ დროს ხსენებული თანხა საკმაოდ ძვირი ჩანდა. სამწუხაროდ კინმა "მერსისაიდელებში" მხოლოდ 6 თვე დაჰყო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უკან "დეზებში" დაბრუნდა. ჯამში რობიმ "ლივერპულის" მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

9. ხუან სებასტიან ვერონი

სერ ალექს ფერგიუსონი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მსოფლიო დონის ვარსკვლავს ეძებდა და საბოლოო არჩევანი ვერონზე შეაჩერა. მაშინ არგენტინელი პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო (42 მილიონი ევრო).

როგორც აღმოჩნდა ხუანმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მეტიც, მეორე სეზონში ტრავმა მიიღო და საკმაო რაოდენობის მატჩები გამოტოვა. "წითელი ეშმაკების" შემდეგ ვერონი "ჩელსიში" გადაბარგდა. "არისტოკრატებმა" არგენტინელში 21 მილიონი გადაიხადეს.

8.  დენილსონი

1998 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი, ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. "ბეტისმა" მასში 21.5 მილიონი ევრო გადაიხადა. დენილსონის პირველ სეზონში კლუბი "პრიმერა დივიზიონიდან" გავარდა. დე ოლივეირას მომდევნო სეზონები უკეთესი ჰქონდა, მაგრამ მისი 7 წლიანი "ბეტისური" კარიერა მაინც წარუმატებლად შეფასდა. 186 ჩატარებული მატჩი და მხოლოდ 13 გატანილი გოლი. გარემარბისთვის კი ეს ნამდვილად არასახარბიელო სტატისტიკაა.

7. კარლოს ტევესი

არგენტინელი ფეხბურთელი 2017 წელს ჩინეთში, კერძოდ კი შანხაი "შენჰუაში" გადავიდა. ჩინელებმა ტევესში 71.6 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ვეტერანი ფეხბურთელი აზიურ ფეხბურთს პროფესიონალურად არ მოეკიდა. ხშირად ამბობდნენ, რომ კარლოსი ჩინეთში გასართობად წავიდა. "ბოკა ხუნიორსის" ამჟამინდელმა ფეხბურთელმა "შენჰუაში" 20 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

6. გაისკა მენდიეტა

ფეხბურთელი, რომელსაც ისტორიაში დიდი ასოებით ჩაწერა შეეძლო. 2001 წელს მენდიეტა "ლაციოში" 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მისი კარიერის უკუსვლა, სწორედ იტალიაში დაიწყო. ესპანელმა ფეხბურთელმა 31 შეხვედრა ჩაატარა და ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა. ამის შემდეგ გაისკა "ბარსელონაში" გადავიდა, მაგრამ ფეხის მოკიდება ვერც იქ შეძლო. კარიერის დასრულებამდე, ვეტერანმა ფეხბურთელმა "მიდლსბროს" მიაშურა, მაგრამ ვერც ინგლისში გაიბრწყინა. ფეხბურთი დაუნდობელი სპორტია. მენდიეტას "ვალენსიური" შესანიშნავი კარიერა დავიწყებას ძალიან მალე მიეცა.

5. ფერნანდო ტორესი

ტორესმა ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალი ნათლად დატოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" ფერნანდო 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულიდან" შეიძინა, შეიძლება ითქვას, რომ ესპანელს კარგი ფეხბურთი აღარ უთამაშია.

მიუხედავად იმისა, რომ მან "ლურჯებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მისი ლონდონური კარიერა წარმატებულად მაინც არ ითვლება. თუმცა, "ჩელსის" გულშემატკივრებს ტორესი, "ბარსელონასთან" გატანილი გოლის გამო ძალიან უყვართ. 

4. ტომას ლემარი

ლემარმა სახელი "მონაკოში" თამაშით გაითქვა. ფრანგი ფეხბურთელით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა და მასში 55 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ტომასმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

ორი სეზონის განმავლობაში მან 72 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. შემტევი ფეხბურთელისთვის კი ეს საშინელი სტატისტიკაა. შეგახსენებთ, რომ ლემარი კვლავ "როხიბლანკოს" ღირსებას იცავს.

3. ანხელ დი მარია

მადრიდული ფენომენალური კარიერის შემდეგ,  2014 წელს, დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" 59.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. არგენტინელმა თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, ლუის ვან გაალთან საერთო ენა ვერ გამონახა. სეზონის ბოლოს დი მარია "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა. 32 ჩატარებული შეხვედრა და 4 გატანილი გოლი. ასეთია არგენტინელი ფეხბურთელის მანჩესტერული სტატისტიკა.

2. ალექსის სანჩესი 

ჩილელმა ფეხბურთელმა "არსენალში" შესანიშნავად წარმოაჩინა თავი, რის შემდეგაც მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა. მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ალექსისი "ეშმაკებს" 59.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

31 წლის ფეხბურთელმა ვერ გაამართლა და არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "იუნაიტედში" გატარებული პერიოდი, მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი ეტაპი იყო. ორი სეზონის მანძილზე მან 45 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ჩილელი ახლა "ინტერის" საკუთრებაა.

  1. კაკა

    არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი გულშემატკივარია. კაკას თამაშის ყურება ყველას სიამოვნებას ანიჭებდა და მისი კარიერის უკუსვლა არავის გახარებია. 2009 წელს, ფლორენტინო პერესმა, ბრაზილიელი "მილანისგან" 67 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ის ზიდანის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეში "სამეფო კლუბმა" კრიშტიანუ რონალდუ 100 მილიონად დაიმატა და ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერიც გაიჩარხა. რიკარდო "რეალში" ტრავმებმა გააწამეს და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჟოზე მოურინიო მას არ ენდო. კაკამ "სამეფო კლუბის" მაისური 120-ჯერ მოირგო და მხოლოდ 29 გოლის გატანა მოახერხა. 2013 წელს იგი "მილანში" დაბრუნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ფეხბურთი აღარ უთამაშია...


გაზიარება: