ჯიუტი კაცი და მისი ბიჭები - როცა კავშირი წყდება, სიმწვავე იკლებს
Aa Aa

ჯიუტი კაცი და მისი ბიჭები - როცა კავშირი წყდება, სიმწვავე იკლებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C ჯგუფში 2 მატჩი ჩაატარა და 4 ქულა მოიპოვა. ორივე შეხვედრამ მაყურებლის აზრი ორად გაყო. ისმის კრიტიკაც, ისევე როგორც პოზიტიური შეფასებები.

დღეს შევეცდები ვლადიმირ ვაისის გუნდის ბოლო ორი შეხვედრა განვიხილო და რამდენიმე ფაქტორი გამოვყო, რომლებიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო.

კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, რადგან სათქმელი ყოველთვის უნდა ითქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში გარემო არაობიექტური გახდება, ხოლო როცა ობიექტურობა იკარგება, იქ პროცესი არაჯანსაღი ხდება, რაც შედეგზე ცუდ გავლენას ახდენს.

ნებისმიერ ვითარებაში და შემთხვევაში, კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი, სწორი და მიუკერძოებელი. უადგილო კრიტიკა დამაზიანებელია, ისევე როგორც ყველაფერზე თვალების დახუჭვა.

დანაკლისი, რომლებსაც ლოგიკური პრობლემები მოჰყვა - მაგრამ გვილია...

ვაისის ხელში ჩვენი ნაკრები ძირითადად 3 ნახევარმცველით თამაშობს ხოლმე. სლოვაკი სპეციალისტი აქცენტს ბურთის დაჭერაზე აკეთებს (მეტოქიდან გამომდინარე), თუმცა ამ ორ მატჩში დანაკლისის და მწვრთნელის მცდარი ნაბიჯის გამო ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის შესაბამისი კონტაქტი არ იყო - წყვეტის გამო გუნდმა სიმწვავე დაკარგა.

კანკავასა და კვეკვესკირის დუეტს ერთი მინუსი აქვს - ორივე მათგანი ზედმეტად უკნიდან თამაშობს და შეტევებისას მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ძალიან იშვიათად მოქმედებენ.

შეტევების წამოწყებისას, მოედნის ცენტრში საყრდენი ზონიდან ბურთის ამოტანას და რამდენიმე მეტრის გარბენას ჩვენი ჩამშლელები იშვიათად ახერხებდნენ. მათ ნაცვლად უკან ჩასვლა ოქრიაშვილს და კვარაცხელიას უხდებოდათ.

ჩვენ შემტევებს ბურთის მეტოქის საჯარიმომდე მიტანა თავადვე უწევდათ, რისთვისაც ხშირად დრიბლინგის გამოყენება სჭირდებოდათ, შემდეგ კი დასკვნით ფაზაში ენერგია და რიცხობრივი უმცირესობა თავისას შვებოდა. საბოლოოდ იერიშებს სიმწვავე ეკარგებოდათ.

ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ კანკავა ჩვენი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა, მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. როცა ყველა მოთამაშე მწყობრში იქნება, კაპიტნის გვერდით კიტეიშვილმა და გვილიამ უნდა ითამაშონ. ასეთ შემთხვევაში გუნდს ბურთის დაჭერა და მოკლე გადაცემებით საჯარიმომდე მისვლა უადვილდება, იქ კი ჩვენი ნიჭიერი შემტევები თავიანთ მოვალეობას უფრო ადვილად შეასრულებენ.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სასურველ ფორმაში არ იმყოფებოდა. მისგან გუნდმა ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა. ასევე დავინახეთ, რომ ზურიკო დავითაშვილისთვის ჯერჯერობით ძირითადში თამაში ძალიან ადრეა.

„ოქრიმ“ თავისი საქმე ასე თუ ისე გააკეთა. ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ბოლომდე იბრძოდა და რამდენიმე ეფექტური მომენტიც შექმნა, თუმცა მის ტექნიკურ არსენალს კიდევ უფრო უკეთესი მომზადება სჭირდება, რომელსაც იმედია 1 თვის შემდეგ ვიხილავთ.

ამ მომენტამდე კითხვის ნიშნებია ვაკო გვილიას ირგვლივ. ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ის სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ მისი ხილვა მხოლოდ სარბენ ბილიკზე გახურებისას შევძელით.

კანკავასა და კვეკვესკირის წინ გვილიას უნდა ეთამაშა. ასეთ შემთხვევაში ბურთის კონტროლი და შეტევების უფრო ჭკვიანურად წარმართვა გაცილებით ადვილი იქნებოდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის შესახებ ცალკე ვისაუბრებ, რადგან მის ტალანტსა და უსაზღვრო შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტურად, სწორად და დროულად გამოყენება სჭირდება, რაც ამ მატჩებში ვერ ვნახეთ...

ჯიუტი ვაისი - კვარაცხელიას პოზიცია და ბევრი კითხვის ნიშანი

ვაისმა მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, კვარაცხელიას სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „შესაძლოა, ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ვიხილოთ. მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებიც მზად არიან“.

მწვრთნელის პასუხი ამომწურავი არ ყოფილა და მან კვარაცხელიას ირგვლივ არსებულ დიდ ინტერესს თავი აარიდა.

შესაძლოა მისი მარჯვენა ფლანგზე გამოყენება უბრალოდ გამოცდა იყო, რომელიც ბელარუსთან მატჩისთვის მოსამზადებლად დაიტესტა და 1 თვის შემდეგ ხვიჩას თავისთვის ობიექტურ პოზიციაზე ვიხილავთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ...

ხვიჩამ დაამტკიცა, რომ მას ხიფათის შექმნა მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, თუმცა მაინც უცნაურია, თუ რატომ არ მიეცა მას 30 წუთი მაინც, რომ ორი შეხვედრის ჯამში თავის პოზიციაზე ეთამაშა, საიდანაც ცალსახად უფრო მეტ ხიფათს შექმნიდა.

ჩვენ ნაკრებში მარჯვენა ფორვარდის პოზიცია პრობლემატურია. ეს ყველამ იცის. ამ პოზიციაზე მოთამაშე ნაკრებში მხოლოდ შენგელია იყო, რომელსაც ვაისი ძირითადში არ მოიაზრებს.

ხშირად გვინახავს, რომ ჩვენმა მწვრთნელმა მარჯვნიდან ოქრიაშვილი გამოიყენა, ასევე რამდენიმეჯერ ვაკო ყაზაიშვილმა და საბა ლობჟანიძემაც ითამაშეს. 1-2-ჯერ ჩაკვეტაძემაც.

ვაისის სიტყვებიდან და იგნორიდან გამომდინარე, უფრო მეტი ეჭვი არსებობს, რომ იგი ხვიჩას ძირითადად მარჯვნიდან მოიაზრებს, რაც დიდი შეცდომაა.

როდესაც 3 ქულის მოპოვებას გეგმავ, გყავს ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ მას თავისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე იყენებ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტს ამცირებ. მარცხენა ფლანგზე კი ათამაშებ ფეხბურთელებს, რომლებიც 100%-ით მზად არ არიან... რატომ?

ყველა გუნდში, ყველა მწვრთნელი ცდილობს, რომ მის ლიდერს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და გუნდი მასზე გადააწყოს. ჩვენ შემთხვევაში კი კვარაცხელია გაიწირა და ექსპერიმენტულ პოზიციაზე გამწესდა. მის ადგილას კი ითამაშეს მათ, ვინც საუკეთესო კონდიციებში არ იყვნენ.

გასულ შესარჩევ ციკლში ირლანდიასთან და დანიასთან შეხვედრებში ვაისმა ოქრიაშვილი მარჯვენა ფლანგზე დააყენა და 90 წუთი იქ ათამაშა. მაშინ „ოქრი“ არასასურველ ფორმაში იყო, ისევე როგორც ამჯერად ჩაკვეტაძე.

მოკლედ, იმედი დავიტოვოთ, რომ ვლადიმირ ვაისი ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებისთვის ობიექტურად იმოქმედებს და ხვიჩას შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს. ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტებისა და უთამაშებელი, ან ტონუსში არმყოფი ფეხბურთელებისთვის მოედანზე კომფორტის შექმნის დრო ნამდვილად არ იქნება...

შეცდომები - 9 ნომერი და გაუაზრებელი ცვლილებები

ამ ორი მატჩისთვის მხოლოდ 2 ფორვარდი იყო გამოძახებული - ნიკა კაჭარავა და გიორგი ქვილითაია.

ვინ უნდა იყოს გამოძახებული და რატომ, ამაზე ქვემოთ გესაუბრებით...

ესტონეთთან შეხვედრაში კაჭარავას გოლით მოვიგეთ, თუმცა მისი თამაში დამაჯერებელი ნამდვილად არ ყოფილა. ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ ვაისმა შეცვალა.

მაკედონიასთან კი ძირითადში ქვილითაია ვიხილეთ, რომელსაც „გენტში“ საერთოდ არ ათამაშებენ. მან, გასული სეზონი სათადარიგო სკამზე დაასრულა, ახალ სეზონში კი ჯერ მოედანზე წუთითაც არ გასულა. შედეგიც სახეზე იყო - საწყის 1 საათში შეიძლება ითქვას მოედანზე 10 კაცით ვთამაშობდით.

ქვილითაიამ ყველა საჰაერო ორთაბრძოლა წააგო, თითქმის ვერცერთი ბურთი ვერ გააჩერა და შემტევ ნახევარმცველებს ვერაფერში ეხმარებოდა, ვერც მეტოქე გუნდის მცველებს აწუხებდა.

გამოჩნდა, რომ ესტონელებისგან განსხვავებით მაკედონიელთა ცენტრალური მცველები მეორე სართულზე ბრძოლისას არც ისე დამაჯერებლები ჩანდნენ. მოედანზე გამოსვლის შემდეგ, კაჭარავამ რამდენიმე ორთაბრძოლა მალევე მოიგო და ეს საკმაოდ ადვლად გააკეთა.

„ანორთოსისის“ ფორვარდის 85-ე წუთზე შეყვანა დაგვიანებული იყო. ასეთ მძიმე მატჩში, როცა მეტოქე ნელ-ნელა უკან იხევდა და დროც გაყავდა ტარანის ტიპის ფორვარდი, მის მიერ მოგებული ორთაბრძოლები უდაოდ გამოსადეგი იქნებოდა.

მთელი შეხვედრა ფლანგებიდან ვუტევდით და საბოლოოდ, მაკედონიამ ეს სქემა გაშიფრა. ბოლოსკენ უკვე კვარაცხელიას ეფექტურობაც შეზღუდეს.

კაცის გაძევების შემდეგ განხორციელებული ცვლილებები კი დაგვიანებულთან ერთად მცდარიც იყო.

შეტევაში ზედმეტად ბევრი და ერთი ტიპის მოთამაშეები იყვნენ, რომლებმაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძირითადად ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და აშკარა იყო, რომ სივრცეც არ ჰყოფნიდათ. ნახევარდაცვაში კი მხოლოდ კანკავას დატოვებამ, შეტევების ორგანიზება შეუძლებელი გახადა. კვეკვესკირის კაჭარავათი შეცვლა შეცდომა გახლდათ. თუ, ნიკა მოედანს დატოვებდა, მის ნაცვლად გვილიას უნდა ეთამაშა, რომელზეც მწვრთნელმა მატჩამდე თქვა, რომ მწყობრში იყო.

ამდენმა მცდარმა გადაწყვეტილებამ, ბოლო 10-15 წუთში მეტოქის კართან შტურმის მოწყობის საშუალება არ მოგვცა. ვაისი ასეთი სცენარისთვის მზად არ აღმოჩნდა.

რატომ არ ენდობა ვაისი ბუდუ ზივზივაძეს?

ბოლო დროს და შეიძლება ითქვას ბოლო 1 წლის მანძილზე, ქართველი ფორვარდებიდან, თუ ვინმე ელემენტარულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და შეუძლია ჩვენ ნაკრებში 9 ნომრის როლი მოირგოს, ეს პირველ რიგში უნგრეთის ვიცე-ჩემპიონის „მოლ ფეჰერვარის“ ფორვარდი ბუდუ ზივზივაძეა.

ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ იღებს ზივზივაძე ეროვნულ ნაკრებში დამსახურებულ შანსს...

26 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „მეზოკოვეშდის“ რიგებში გაატარა და პირველ უნგრულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფორვარდი ბომბარდირობისთვისაც იბრძოდა და ზოგადად, ჩვენი ნაკრების პოტენციური წევრებიდან ერთადერთი თავდამსხმელია, რომელსაც ბოლო დროს პროგრესი ჰქონდა.

ვაისმა ბუდუს შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „ბუდუ ზივზივაძის თამაშს თვალს ვადევნებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ქვილითაია უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია".

ყველას თავისი შეხედულება აქვს. შესაძლოა, იდეაში, პერსპექტივაში, საერთო ჯამში ქვილითაია ბუდუზე მაღალი დონის ფორვარდი იყოს (საკამათოა), თუმცა ვაისს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის მთავარია, თუ ვინ არის მზად კონკრეტული მატჩისთვის. აშკარაა, რომ სლოვაკი სპეციალისტი თავისივე ნათქვამის საპირისპიროდ მოქმედებს - ქვილითაია შეხვედრებისთვის მზად საერთოდ არ ყოფილა.

„გენტის“ ფორვარდისთვის 2020 წელი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო, თუ ყველაზე ცუდი არა. ბუდუ ზივზივაძისთვის კი გასული სეზონი, შესაძლოა კარიერაში საუკეთესო გახლდათ.

დანარჩენი თავად შეაფასეთ...

უიღბლობის მომენტი და იმედისმომცემი უახლოესი მომავალი

ყველა მარცხენა მცველისა და პლუს გურამ კაშიას არყოფნის მიუხედავად, ჩვენმა დაცვამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა.

ნიკა მალის ბავშვური შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით და ამ შეცდომამ 2 ქულის დაკარგვა გამოიწვია, თუმცა „საბურთალოს“ მარჯვენა მცველს ცუდად არ უთამაშია და მისთვის ხაზის გადასმა დიდი შეცდომა იქნება. ეს ბიჭი თავის სიტყვას მომავალში აუცილებლად იტყვის.

„შეცდომის მიუხედავად ნიკა მალი კარგი ბიჭია. შესაძლოა, ეს ჩემი შეცდომა იყო, რომ მალის ნაადრევად მივეცი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დებიუტი“. - ეს ვაისის სიტყვებია. მწვრთნელმა მისი შეცდომა აღიარა და მეტად ამ თემაზე საუბარი აღარ ღირს.

მაკედონიამ მთელ მატჩში მხოლოდ ეს მომენტი გამოიყენა. მათ მეტი ვერაფერი შექმნეს. ბურთი დაიჭირეს, მაგრამ მათი თამაში იყო „პასი პასისთვის“. არანაირი ხიფათი.

ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და არაერთხელ დამტკიცდა, რომ ლა ლიგაში, თუ სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან, ტოლსწორად და უკეთესადაც თამაში შესაძლებელია, თუ შენ სწორად იმოქმედებ და შენ ხელში არსებულ რესურსს სწორად გამოიყენებ. (კარგად გვახსოვს რა დღეში ჩააგდო ცხადაძის ფორმაციის გუნდმა შოტლანდიის ნაკრები, რომელიც პრემიერლიგის მოთამაშეებით იყო დახუნძლული).

პანდემიისა და არეული სეზონის გამო ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არ იმყოფება, ბევრსაც ტრავმა აქვს. აქედან გამომდინარე 1 თვის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გაცილებით კარგ ფორმაში უნდა იყოს, თუ ტრავმებმა ტრადიციულად ზურგში დანა არ ჩაგვცა.

უამინდობამ მაკედონიასთან მატჩს დაღი დაასვა. მხოლოდ ჩემი აზრია - კარგ პირობებში და მშრალ მინდორზე ჩვენი გუნდის ტექნიკური არსენალი კარგად გამოჩნდებოდა და უფრო მეტ მომენტსაც შევქმნიდით.

ფინალში გასვლის შემთხვევაში, „დინამო არენაზე“ ასეთი მაკედონია, თუ გვესტუმრება, წესით ვაისის ბიჭებს გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ. ჩვენ მეტოქეს 8 სექტემბერს საფეხბურთო ფორტუნა ზედმეტად სწყალობდა და მეეჭვება მომავალშიც იგივე განმეორდეს.


დასკვნა - ის, რისი დახვეწაც ვაისს მართებს

ნაკრების თამაშში შეინიშნებოდა კომბინაციებისა და გააზრებული შეტევების ნაკლებობა, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ეს მწვრთნელის უშუალო მოვალეობაა და 1 თვის შემდეგ, გუნდმა გაცილებით გააზრებულად უნდა ითამაშოს.

გამოჩნდა, რომ 3 სუპერშემტევი - კვარაცხელია, ოქრიაშვილი და ჩაკვეტაძე, რომლებიც სამივენი მარცხენა გარემარბები არიან, ერთად არც ისე კარგად თამაშობენ.

სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანს სამომავლოდ თადარიგში დარჩენა მოუწევს, რადგან მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერა და გააზრებულად გათამაშებაა საჭირო.

კანკავასა და კვეკვესკირის წინ, ხსენებული სამეულის გამწესებამ, სწორედ იმ კავშირის გაწყვეტა გამოიწვია, რომელზედაც ზემოთ ვსაუბრობდი. ასეთი თერთმეტეული დაუბალანსებელი იყო და ეს თამაშებმაც დაგვანახა.

ვაისმა თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს და შანსი იმათ მისცეს, ვინც ფორმაშია და არა ვინც მას მოსწონს და უფრო მაღალი დონის მოთამაშედ თვლის. თუ, ფეხბურთელი ფორმაში არ არის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მაღალი დონისაა იგი ზოგადად.

საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენ ხელშია - 1 თვის შემდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და ფეხბურთელებიც უფრო უკეთეს ფორმაში უნდა შევიდნენ, მწვრთნელიც თავის შეცდომებს გაანალიზებს და იმედია მაყურებელთა ნაწილს მაინც ტრიბუნებზე შესვლის უფლებას მისცემენ.

ფოტომასალა - GFF

გაზიარება: