Aa
Aa

პირველი No-Hitter მიმდინარე სეზონში - ჯიოლიტომ პიტსბურგთან გაიბრწყინა

MLB-ის სეზონში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოკლებულია, პირველი  No-Hitter ლუკას ჯიოლიტომ გაიფორმა. „ჩიკაგო უაით სოქსის“ პიჩერმა თავი საშინელ ფორმაში მყოფი „პიტსბურგ პაირეთსის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

26 წლის მოთამაშემ აქტივში 13 სტრაიკაუტი ჩაიწერა და „მეკობრეებს“ 9 ინინგის განმავლობაში წარმატებული დარტყმის განხორციელების უფლება არ მისცა. „პიტსბურგმა“ ჯიოლიტოს ვერაფერი დაუპირისპირა და პირველი ჰიტის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს მეცხრე ინინგის ბოლოს იყო. ერიკ გონსალესმა ბურთს კარგად დაარტყა, მაგრამ ადამ ენგელმა თანაგუნდელი გადაარჩინა.

„პიტსბურგთან“ გაფორმებული No-Hitter ჯიოლიტოს კარიერაში პირველი, ხოლო „ჩიკაგო უაით სოქსის“ ისტორიაში მე-19-ეა. ჩიკაგოელთა მაისურით მოასპარეზე პიჩერმა უშეცდომო მატჩი ბოლოს 2012 წელს ჩაატარა. MLB-ში კი ბოლო No Hitter 2019 წლის პირველ სექტემბერს დაფიქსირდა და მისი ავტორი ჯასტინ ვერლანდერი გახლავთ.

ცნობისთვის, ბეისბოლში ჰიტი ეწოდება დარტყმას, რომლის შემდეგაც ბურთი თამაშში რჩება, დაცვა აუტს ვერ აკეთებს და მოთამაშე ბაზას მეტოქის შეცდომისა, ან მოწინააღმდეგის მიერ გაკეთებული არჩევნის გარეშე იკავებს.

ცხელი ამბები