ოფიციალურად - ლოჩოშვილი ვოლფსბერგერში ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად - ლოჩოშვილი ვოლფსბერგერში ითამაშებს

თბილისის „დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ვოლფსბერგერში" გააგრძელებს. ავსტრიულმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლოჩოშვილმა კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

„ლოჩოშვილმა, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დინამოს მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და მონაწილეობა ტირანას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ მატჩშიც მიიღო. იგი თბილისის დინამოს აღზრდილია, საიდანაც კიევის დინამოში გადავიდა, რომელმაც იგი სლოვაკეთის ჟილინაში გაანათხოვრა. ლოჩოშვილი უკრაინაში ერთი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. 2020 წლის იანვარში კი უსასყიდლოდ თბილისის დინამოს შეუერთდა“, - ნათქვამია „ვოლფსბერგერის“ განცხადებაში.

ლოჩოშვილი ავსტრიულ კლუბში 44-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და მის შესახებ მოკლე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმაც გააკეთა: „ლუკა ახალგაზრდა მცველია, რომლის გამოყენება, როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე შეიძლება. მან საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ოსტატობა უკვე დაამტკიცა და მოხარულნი ვართ ბოლოს და ბოლოს მისი გაფორმება რომ შევძელით. მადლობა ყველას, ვინც ტრანსფერში გახლდათ ჩართული“.

შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბერგერი“ გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები