კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა - კარდინალსი Covid-19-ს ებრძვის
ბეისბოლის უმაღლესი ლიგის გუნდ „სენტ ლუის კარდინალსში“ კორონავირუსი გავრცელდა. MLB-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გასულ კვირაში Covid-19 ორგანიზაციის 13 წევრს დაუდგინდა.
როგორც ირკვევა, მათგან 7 მოთამაშეა, ხოლო 6 ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი გახლავთ. „სენტ ლუისი“ ხუთშაბათიდან კარანტინში იმყოფება და უახლოეს პერიოდში მილუოკიში დარჩება, სადაც კორონავირუსზე ტესტებს ყოველდღიურად ჩაატარებს.
„კარდინალსის“ პრეზიდენტის, ჯონ მოზელიაკის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანებიდან 5 ასიმპტომატურია, ხოლო 8-ს თავის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნება. მოზელიაკის თქმით, 13-ვე მათგანი სენტ ლუისში დაბრუნდა და მკურნალობას გადის.
კორონავირუსის გავრცელების გამო MLB-მ „კარდინალსის“ მონაწილეობით 2 სერიის გადადება გადაწყვიტა. „სენტ ლუისს“ „მილუოკი ბრიუერსისა“ და „დეტროიტ ტაიგერსის“ წინააღმდეგ საერთო ჯამში 7 მატჩი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ Covid-19-ის გამო კალენდარში ცვლილებები შევიდა. MLB-ის განცხადების მიხედვით, „კარდინალსი“ რეგულარულ სეზონს 8 აგვისტოს, „ჩიკაგო კაბსის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრით განაახლებს.