ჩოლოს ამბავი - როგორ დათრგუნა რეალმა და რონალდუმ „კვერცხებიანი ბიჭი“
Aa Aa

ჩოლოს ამბავი - როგორ დათრგუნა რეალმა და რონალდუმ „კვერცხებიანი ბიჭი“

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა.

საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვის მქონე გუნდი მებრძოლ მანქანად იქცა.

„ჩოლომ“ „როხიბლანკოში“ ყველაფერი შეცვალა და კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ეპოქა შექმნა, თუმცა დღეს ჩვენ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ.

ყველამ კარგად იცის, თუ რა და როგორ გააკეთა სიმეონემ, მაგრამ ბოლო წლებში „ატლეტიკო“ შეიცვალა და თავისი ხელწერა დაკარგა, რაც ამ გუნდს იმდენად საშიშს აღარ ხდის, როგორადაც ვიცნობდით.

დიეგო სიმეონეს გუნდის გატეხვა ეტაპობრივად დაიწყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ.

ჩოლოს მძიმე 4-4-2 - რთულად გადასალახი კედელი, რომელიც ნელ-ნელა დაიშალა

თანამედროვე ფეხბურთში ბევრი საინტერესო ტაქტიკური მონახაზი გვინახავს. იყო ნოვაციები და ასევე გათანამედროვებული ძველი სქემებიც, სიმეონემ კი თავისი ხელწერა დანერგა - 4-4-2, მაგრამ არა კლასიკური გაგებით.

ნახევარდაცვის ხაზში სიმეონე ორივე ფლანგს იშვიათად იყენებს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოთხივე ნახევარმცველიდან ყველა მათგანი ამპლუით ცენტრალური იყო. ასეთ დროს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულდება.

სიმეონეს წყობა ძირითადად ასე გამოიყურებოდა

„ჩოლოს“ გუნდის ძალა ფიზიკური ორთაბრძოლების უდიდესი უპირატესობით მოგებაში მდგომარეობდა. მადრიდელები პრესინგს მოედნის ნებისმიერ წერტილში ბრწყინვალედ თამაშობდნენ.

შეტევაში „ინდიელთა“ მთავარი იარაღი სტანდარტულები იყო. შესანიშნავ ფორმაში მყოფი დიეგო გოშტა შექმნილი მომენტების უდიდეს ნაწილს იყენებდა, რასაც ემატებოდა კუთხურები და ჯარიმები, რომელსაც „ჩოლოს“ გუნდი ევროპაში ყველაზე სახიფათოდ ასრულებდა.

სიმეონეს გუნდი თამაშობდა ზუსტად ისე, როგორც თავად ფეხბურთელობისას - ბრძოლა ბოლო წამამდე, ხისტად და ემოციურად.

მძიმე ნახევარდაცვაზე უკვე ვისაუბრეთ. მოედნის ცენტრს სიმეონე დიდ ყურადღებას უთმობდა და უთმობს. „ატლეტიკო“ ამ პოზიციაზე ტრავმებისგან მუდამ დაზღვეული იყო. თუ გაბის, სუარესს, ან კოკეს რამე მოუვიდოდათ თადარიგში ტიაგო მენდეში და საულ ნიგესი იმყოფებოდნენ.

ნახევარდაცვაში ერთადერთი ვინც ძირითადად ფლანგზე თამაშობდა არდა თურანი იყო.

„ჩოლოს“ ჯოკერი უდაოდ რაულ გარსია გახლდათ, რომელსაც მოედანზე ერთი კონკრეტული პოზიცია არ ჰქონდა. ის ძირითადად დიეგო კოშტას უკან მოქმედებდა და ფიზიკური ორთაბრძოლების მოგების ნამდვილი დიდოსტატი იყო. ესპანელს გოლებიც საკმაოდ ხშირად გაჰქონდა.

ჩოლოს „ატლეტიკოს“ მთავარი პლუსი ფიზიკურად ძლიერი და უნივერსალი მოთამაშეები იყო. ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა.

მოედანზე მაღალი პროცენტით მოგებული ორთაბრძოლები და კარგად დამუშავებული სტანდარტები „ატლეტიკოს“ დიდ უპირატესობას აძლევდა, რაც ბოლო წლებში შეიცვალა.

გუნდმა ბევრი ტექნიკური და ფიზიკურად ნაკლებად ძლიერი მოთამაშე იყიდა. მაგალითად, დღეს სიმეონე არდას პოზიციაზე ხშირად ანხელ კორეას იყენებს, რომელიც შესაძლოა შეტევაში თურანზე მრავალფეროვანია, მაგრამ ნახევარდაცვაში არგენტინელი იმ სამუშაოს ვერ ასრულებს, რასაც თურქი იდეალურად აკეთებდა.

დიეგო სიმეონემ „რეალთან“ ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, სხვა სტილის მოთამაშეები შეიძინა და პროგრესის იმედი ჰქონდა, თუმცა უარესი მიიღო.

2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ატლეტიკოს“ არ გაუმართლა. სიმეონეს ტრავმის გამო არდა თურანი აკლდა. მე-9 წუთზე კი დიეგო კოშტა დაშავდა და გუნდმა წლის ყველაზე პრინციპული მატჩი 2 უდაო ლიდერის გარეშე ჩაატარა, მიუხედავად ამისა გამარჯვებამდე წამები დააკლდათ...

ამრიგად, ასეთი იყო სიმეონეს სახელგანთქმული „ატლეტიკო“, რომელმაც „ჩოლოს“ ეპოქის პირველ ნაწილში ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერ თასი, უეფას ევროპის ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მძიმე მარცხის შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა არასწორი რეფორმების გატარება დაიწყო.

კედლის დაშლის დასაწყისი...

პრობლემური დაცვის ფლანგები და „ახალი არდა თურანი“

„ჩოლოს“ მადრიდული ეპოქის მეორე ნახევარი, რომელიც დღემდე გრძელდება გაცილებით მოკრძალებულია.

2015 წლიდან დღემდე, „როხიბლანკომ“ მხოლოდ 2 ტიტული მოიგო - ევროპა ლიგა და უეფას სუპერ თასი.

ბოლო წლებში „ატლეტიკოს“ დაცვის ფლანგებზე პრობლემები აქვს. ფელიპე ლუისი და ხუანფრანი სიმეონეს სქემას სრულყოფილს ხდიდნენ, რადგან ორივე მათგანს მთელი ფლანგის გაკონტროლება შეეძლო, რაც შემტევ ნახევარმცველებს ცენტრისკენ შეწევის საშუალებას აძლევდა, ეს კი მეტოქე გუნდს ნახევარდაცვაში გადაადგილებას ურთულებდა.

„როხიბლანკოს“ ამჟამინდელი განაპირა მცველები, თავიანთი წინამორბედების მსგავსად დაკისრებულ მოვალეობას თავს იმავე დონეზე ვერ ართმევენ.

კლუბმა ბოლო დროს ბევრი ფორვარდი და შემტევი ნახევარმცველი შეიძინა, თუმცა ისინი შეტევაში იმდენ ხიფათს ვერ ქმნიან და დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებენ, რაც იმ შედეგს განაპირობებს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

კარასკო, კორეა, ვიტოლო, ლემარი, ჟოაო ფელიქსი - ეს ფეხბურთელები თავიანთ მოვალეობას შესაბამის დონეზე თავს ვერ ართმევენ, შედეგად მივიღეთ ის, რომ სიმეონე ნელ-ნელა ძველ სტილს უბრუნდება, რაც „ლივერპულთან“ მატჩში გამოიკვეთა.

„ჩოლომ“ არდა თურანის მოვალეობების შესრულება მარკოს ლორენტეს დაავალა, რომელმაც შეხვედრის მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ბევრისთვის მოულოდნელად ცვლილებაზე გამოჩენილი 25 წლის ესპანელი ნახევარმცველი მოედნის ცენტრს ამაგრებდა, მარჯვენა ფლანგიდან შეტევებში ერთვებოდა და დასკვნით ფაზაში ფორვარდების უკან მოქმედებდა - ზუსტად ისე როგორც თურანი.

ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, კარგი დარტყმის მქონე და დაცვით ფუნქციებში ძლიერი - ლორენტეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რომელიც „ჩოლოს“ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს 2013-2014 წლების სეზონში ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, „ლივერპულთან“ გამარჯვება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ობლაკის სოაცარმა თამაშმა და იღბალმაც, თუმცა სიმეონე ლორენტეს ბოლო რამდენიმე თვეა ანალოგიურად იყენებს, როგორც თავის დროზე არდას, რასაც შედეგი მოაქვს კიდეც.

ლორენტე, ტომასი და კოშტა - ეს სამეული მოედანზე გუნდის ხასიათს ქმნის, იმ ხასიათს, რომელიც მადრიდელებს უკანასკნელ სეზონებში აშკარად აკლდათ.

ფსიქოლოგიური პრობლემები - რეალი, რონალდუ და სტუმრად თამაშის სინდრომი

სიმეონეს „რეალთან“ მატჩებში ნელ-ნელა ფსიქოლოგიური პრობლემები ჩამოუყალიბდა.

„ატლეტიკო“ „რეალს“ ლა ლიგის შეხვედრებში უფრო ხშირად ამარცხებს ხოლმე, თუმცა როცა ფლეი-ოფია, ან როდესაც საქმე ტიტულის მოგებაზე მიდგება, „როხიბლანკო“ „სამეფო კლუბთან“ უშანსოდ რჩება.

ყველაფერი 2014 წლის ფინალიდან და რამოსის თავურიდან დაიწყო. იქედან მოყოლებული „რეალი“, ზიდანი და რონალდუ „ატლეტიკოს“ გამწარებას წარმატებულად განაგრძობენ.

2014 წლიდან დღემდე, ბოლო 6 სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკო“ 4-ჯერ „რეალთან“ დამარცხდა, 1-ჯერ ჯგუფში ჩარჩა, 1-ჯერ კი რონალდუს „იუვენტუსთან“ წააგო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მადრიდელებს ფსიქოლოგიური პრობლემები კიდევ უფრო გაუღრმავა.

კრიშტიანუს „ატლეტიკოს“ კარში 25 გოლი ქვს გატანილი და ვეჭვობ ამ რიცხვს პორტუგალიელი კიდევ გაზრდის.

მსგავსი რამ რთული გასახსენებელია, როცა ერთი კონკრეტული გუნდი და ფეხბურთელი ვინმეს ასე ძალიან ჩაგრავდეს და ამწარებდეს...

„ატლეტიკო“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ და „ატლეტიკო“ სტუმრად - ორი სხვადასხვა გუნდია. თუნდაც, „ლივერპულთან“ დაპირისპირება ავიღოთ. სიმეონეს ბიჭებმა საკუთარ კედლებში „მერსისაიდელებს“ უბრალოდ შანსი არ დაუტოვეს და ყველა სათამაშო ასპექტში დაჯაბნეს.

ასეთი იყო პირველი მატჩის სტატისტიკა

განმეორებით მატჩში საბოლოოდ „ატლეტიკომ“ მოიგო, თუმცა ეს გამარჯვება როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. სიმეონეს გუნდმა 90 წუთი ძალიან ცუდად ჩაატარა და ლოგიკურად 0:1-ზე მეტით უნდა წაეგოთ.

სიმეონეს ანალოგიური რამ მოუვიდა „იუვენტუსთან“ გასულ სეზონში, თუმცა მაშინ ვერ გამოძვრნენ, რადგან ტურინელებს რონალდუ ჰყავდათ, რომელიც „ატლეტიკოს“ ნამდვილ კოშმარად ჰყავს ქცეული.

დასკვნა - სიმეონეს ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი შანსი მიეცა

პანდემიის შემდეგ, ფეხბურთში ბევრი იძულებითი ცვლილება მოხდა. მათ შორის შეიცვალა ჩემპიონთა ლიგის ფორმატიც.

მერვედფინალების დასრულების შემდეგ, ლისაბონში რვათა ტურნირი შედგება. „ბენფიკასა“ და „სპორტინგის“ სტადიონებზე მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.

ერთმატჩიანი დაპირისპირებები ნეიტრლაურ სტადიონზე და მაყურებელთა გარეშე - ეს ფაქტორები ბევრ რამეს შეცვლის და არავინ იცის, რომელ გუნდზე როგორ აისახება.

„ატლეტიკოს“, რომელსაც სტუმრად თამაშის შიში ჩამოუყალიბდა, ამჯერად ნეიტრალურზე ითამაშებენ და თან ქომაგების გარეშეც. ასევე, საკმაოდ დიდი შანსია ტურნირი „რეალისა“ და რონალდუს გარეშე გაგრძელდეს.

ზიდანის გუნდი რთულ მდგომარეობაშია და „სიტისთან“ რამოსის გარეშე 1:2 აქვს მოსაბრუნებელი, ხოლო „იუვენტუსი“ „ლიონთან“ 0:1-ის აღმოფხვრას შეეცდება და ამის გაკეთება შესაძლოა ტრავმირებული დიბალას გარეშე მოუწიოს.

ტურნირის ბადიდან გამომდინარე რთული წარმოსადგენია, რომ „სიტისა“ და „ბაიერნის“ ფონზე ასე მოთამაშე „იუვენტუსმა“ ფინალმადე მიაღწიოს.

თავის მხრივ, „ატლეტიკოს“ „ლაიპციგის“ ბარიერი აქვს დასაძლევი, რის შემდეგაც პსჟ, ან „ატალანტა“ ელოდებათ, რომლებიც მბაპესა და ილიჩიჩის გარეშე არიან დარჩენილები.

მოკლედ, დიეგო სიმეონეს გუნდისთვის შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა დადებითად იმოქმედოს, თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი მოსალოდნელი ვარაუდებია, რომლებიც შესაძლოა არ გამართლდეს. ყველაფერი მალე გაირკვევა - ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოდან გვიბრუნდება.

გაზიარება: