ბარსელონა სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. კატალონიელებმა ბოლო წლებში ბევრი სულელური ტრანსფერი განახორციელეს, თუმცა არც ადრე აკლებდნენ.
მიზეზები და გარემოებები, რატომ გამოდგა ესა თუ ის ტრანსფერი გაუმართლებელი? გთავაზობთ კლუბის ბოლოდროინდელ ისტორიაში 10 ყველაზე ცუდ შენაძენს.
დმიტრო ჩიგრინსკი - შახტარიდან, 25 მილიონ ევროდ
2009 წელს, „ბარსამ“ დაცვის ცენტრის გაძლიერება გადაწყვიტა. კატალონიელებმა დონეცკის „შახტარის“ უკრაინელი უკანახაზელი დმიტრო ჩიგრინსკი 25 მილიონ ევროდ შეიძინეს.
რა თქმა უნდა, ყველას გაუკვირდა მისი ფასი, რადგან კლასის მიხედვით ის ამდენი არ ღირდა.
საბოლოოდ, გულშემატკივართა მოლოდინი გამართლდა და ჩიგრინსკის „ბარსელონური“ კარიერა კრახით დასრულდა.
14 ჩატარებული მატჩის შემდეგ, უკრაინელი მცველი უკან დონეცკში დაბრუნდა. 10 მილიონის სანაცვლოდ „შახტარმა“ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
როგორც ხედავთ, „ბარსამ“ თავისი არასწორი პოლიტიკის გამო 15 მილიონი იზარალა.
ალექსანდრ გლები - არსენალიდან, 17 მილიონ ევროდ
2008 წელს, „ბარსას“ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ლონდონის „არსენალის“ ბელორუსი შემტევი ალექსანდრ გლები იყო.
გლები 17 მილიონად იქნა შეძენილი. საკმაოდ ნორმალური სტარტის შემდეგ, ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის მოშუშებასაც დიდი დრო დასჭირდა. შემდეგ ფორმის აღდგენაც გაიწელა.
გვარდიოლას „ბარსაში“ ფეხის მოკიდება ურთულესი რამ იყო. გამონაკლისი არც გლები ყოფილა. მისი კარიერა ფაქტიურად დაინგრა.
ჩავის, ინიესტას, კეიტას, ანრის და სხვების ფონზე გლებმა ის დონე ვერ აჩვენა, რომელსაც კლუბი ელოდა. შემადგენლობაში მისი ადგილი აღარ რჩებოდა და ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი იყო...
„როდესაც წარსულში ვიხედები ვხვდები, რომ "ბარსელონაში" გადასვლა დიდი შეცდომა იყო.
კარიერის საუკეთესო წლები სწორედ იქ დავკარგე, სადაც შესაძლებლობა არ მომეცა, რომ ჩემი საუკეთესო თამაში მეჩვენებინა“.
ბელორუსი შემტევი, „შტუტგატში“ გადაბარგდა, რის შემდეგაც მისი გვარი არც ისე შესამჩნევი გახდა.
ემანუელ პეტი - არსენალიდან, 14 მილიონ ევროდ
2000 წელს, ლონდონის „არსენალიდან“ 14 მილიონის სანაცვლოდ, „ბარსელონამ“ ემანუელ პეტი შეიძინა.
ფრანგი ფეხბურთელი 2000 წლის ზაფხულში, მარკ ოვერმარსთან ერთად შეუერთდა გუნდს.
პეტი აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა, „ჰაიბერის“ „კამპ ნოუში“ გაცვალა იყო. თავის ბიოგრაფიულ წიგნში ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის გაუგებრად რჩებოდა, თუ რომელ პოზიციაზე თამაშობდა გუნდში.
ემანუელ პეტიმ „ბარსას“ მაისურით, მხოლოდ 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც ძირითადად სკამიდან. მან კატალონია მალევე დატოვა და ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდა.
ალექს სონგი - არსენალიდან, 19 მილიონ ევროდ
2012 წელს „ბარსამ“, „არსენალის“ მორიგი ფეხბურთელი შეიძინა.
19 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბლაუგრანამ“ კამერუნელი საყრდენი ალექს სონგი დაიმატა.
„მეთოფეებში“ ნაყოფიერად მოთამაშე სონგმა, „ბარსელონას“ დონე ვერ დააკმაყოფილა და სათადარიგოთა სკამზე ღრმად გაიდგა ფესვები.
ბუსკეცის ფონზე სონგს შანსი არ ჰქონდა. კარიერის პიკში მყოფი ფეხბურთელი თადარიგში ყოფნით ვერ კმაყოფილდებოდა.
კატალონიაში თავიდან მიაჩნდათ, რომ სონგის შეძენით მათ „რეალზე“ მეტად იხეირეს, თავად მადრიდელებმა პარალელურად ლუკა მოდრიჩი გაიფორმეს. ვინ როგორ იხეირა მგონი თავადაც კარგად ხვდებით...
სონგმა 2 სეზონის განმავლობაში, სულ 39 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც არენდის წესით „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გადაბარგდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ინტერიდან, 69.5 მილიონ ევროდ
2009 წლის 26 ივლისს, გასული სეზონის ტრიუმფატორმა და 6-დან 6 ტიტულის მომგებმა „ბარსელონამ“ მეგატრანსფერი განახორციელა და „ინტერიდან“ ზლატანი გაიფორმა.
ბევრისთვის ამ ტრანსფერი დეტალები მიუღებელი იყო, რადგან კლუბმა იბრას სანაცვლოდ 20 მილიონი და სამუელ ეტოო გადაიხადა. კამერუნელი „ბარსას“ ლეგენდა გახლდათ და მის მიმართ ასე მოპყრობა ნამდვილად უსამართლო იყო.
იბრას კატალონიური კარიერა არც ისე ცუდად დაიწყო. გუნდმა მისი გოლით „ელ კლასიკოც“ მოიგო, თუმცა ეს სეზონი გარდამტეხი გახლდათ, რადგან მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშს სულ უფრო მეტად „ამუღამებდა“ და იბრასთვის მოედანზე სივრცე აღარ რჩებოდა.
შვედს 9 ნომბრის პოზიციაზე თამაში უნდოდა და ზოგადად, მას სხვაგან არც არასდროს უთამაშია. მესი კი ყველაფერს აკეთებდა - ქმნიდა და გაჰქონდა კიდეც.
ზლატანის შედეგიანობამ იკლო. გუნდში 2 ლიდერი ვერ იქნება, ეს ფეხბურთის დაუწერელი კანონია. დღევანდელი უკან დახეული მესი იბრაჰიმოვიჩს ნამდვილად კარგად შეეწყობოდა, თუმცა იმ დროს არგენტინელი სხვაგვარად თამაშობდა, რამაც „იბრაკადაბრას“ მთელი სივრცე შეუჭამა.
ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერის“ წინაარმდეგ ჩატარებული ორი უფერულო მატჩი პეპ გვარდიოლასთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და მან, ზლატანის გაყიდვა გადაწყვიტა.
46 მატჩი, 22 გოლი, 13 საგოლე გადაცემა - რამდენიმეს გარდა, ზლატანი ძირითადად უმნიშვნელო მატჩებში ბწრყინავდა.
იბრამ გუნდის დატოვების შემდეგ გვარდიოლას მისამართით კრიტიკა გაამძაფრა: „ტელევიზორში გვარდიოლა ყოველთვის მაგარი კაცის როლს ირგებს, მაგრამ როცა ის მართლაც მაგარ კაცს ხვდება, იმალება. როგორც მწვრთნელი პეპი მართლაც ფენომენია, მაგრამ როგორც კაცი...
გასახდელში შესვლისას სრული სიჩუმე სუფევდა ხოლმე. ჩავი, ინიესტა და მესი პატარა ბავშვებივით იყვნენ, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნდათ“.
იბრამ სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა, „ბარსამ“ დავიდ ვილა შეიძინა, რომელმაც მოლოდინი გაამართლა და გუნდმაც მორიგი საოცარი სეზონი ჩაატარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დააგვირგვინეს.
არდა თურანი - ატლეტიკოდან, 35 მილიონ ევროდ
2015 წლის ზახფულში „ბარსელონამ“ ფორმის პიკში მყოფი არდა თურანი გაიფორმა.
იქედან გამომდინარე, რომ არდა ძირითადის მოთამაშედ არ ითვლებოდა და რეალურად არც ყოფლა, მისი ბარსელონური მონაგარი არც ისე ცუდად გამოიყურება: 55 მატჩი, 15 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.
მესი, ნეიმარი, სუარესის ტრიოს ფონზე თურანს ძირითადად სკამზე ჯდომა უწევდა. აქედან გამომდინარე მწვრთნელმა მისი „გადაკეთება“ მოინდომა და საკმაოდ ხშირად ლუის ენრიკე მას მოედნის ცენტრში ათამაშებდა, რაც დიდი შეცდომა იყო.
თურქი ფეხბურთელი მთელი კარიერა ფლანგზე თამაშობდა და მისი გამოყენება ყველაზე კარგად 4-4-2 სქემის დროს იყო შესაძლებელი, როგორც „ატლეტიკოში“ ვიხილეთ.
ენრიკეს წასვლისა და ვალვერდეს დანიშვნის შემდეგ, „ბარსამ“ თამაში სწორედ 4-4-2 სქემით დაიწყო, თუმცა იმ დროს არდას გუნდი უკვე დატოვებული ქონდა.
რაც ჩვენ ვალვერდეს დროს ვიხილეთ, იქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბასკი სპეციალისტი თურანს მის სქემაში ნამდვილად გამოიყენებდა.
ჯამში უნდა ითქვას, რომ არდას ტრანსფერი წარუმატებელი იყო, რადგან იმ დროს „ბარსელონას“ არა ექსპერიმენტები, არამედ ის მოთამაშე სჭირდებოდა, რომელიც MSN-ის დუბლიორობას შეითავსებდა, ან ნახევარდაცვის გაძლიერებას შეძლებდა, თურანი კი სადღაც ამ ორს შორის იყო მოქცეული და ნორმალურად ვერცერთი გააკეთა.
ანდრე გომეში - ვალენსიადან, 36 მილიონ ევროდ
პორტუგალიელი ნახევარმცველი 2016 წლის ზაფხულში „ბარსამ“ „ვალენსიადან“ დიდი იმედებით იყიდა.
მესი, ნეიმარი, სუარესის შემხედვარე კლუბი ცდილობდა ნახევარდაცვის ხაზი გაეძლიერებინა, რომ გუნდი უფრო სრულყოფილი გამხდარიყო, თუმცა ბართომეუ და მისი გუნდი უკვე მცდარ გზაზე იდგა და ამ ყველაფერს ნელ-ნელა ყველა ამჩნევდა.
გომეში „რეალში“ გადასვლასთან საკმაოდ ახლოს იყო და მადრიდული Marca ამ გარიგებას თითქმის ოფიციალურადაც თვლიდა, თუმცა ბოლო მომენტში „ბარსელონამ“ „ღამურებს“ დაახლოებით 10 მილიონით მეტი შესთავაზეს და პორტუგალიელი გაიფორმეს.
გომეშის ტრანსფერი კატალონიურმა გამოცემებმა დიდი სიამაყით გამოაცხადეს და სათაურებად გამოიტანეს, რომ მათ „რეალს“ ბოლო მომენტში აჯობეს და ფეხბურთელი ცხვირ წინ ააცალეს.
ლუის ენრიკემ გომეში არდას მსგავსად მოედნის ცენტრში გამოიყენა, თუმცა „ბარსაში“ არსებული მოთხოვნებისა და დონის გათვალისწინებით, ანდრემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, რაც მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან იგი იმ კალიბრის მოთამაშე არასდროს ყოფილა, რომ ამ დონის გუნდში მოედნის ცენტრში „ბურთი გაეგორებინა“.
არდასა და გომეშის მსგავსად „ბარსელონა“ თავის აღზრდილ დენის სუარესსაც იდენტურად ეპყრობოდა. ისიც ფლანგის მოთამაშე იყო, თუმცა „ბლაუგრანაში“ მასაც „ჩავის“ როლი მოარგეს.
ანდრე გომეში „ვალენსიაში“ 4-4-2 სქემაში ფლანგის ნახევარმცველს თამაშობდა, რომელიც შეტევის მსვლელობისას ცენტრისკენ იწეოდა და თავის საკმაოდ კარგ დარტყმას იყენებდა. პორტუგალიელს 4-3-3 სქემაში ცენტრალურ ნახევარმცველად არასდროს ჰქონდა ნათამაშები.
ლუის ენრიკე რიგ მატჩებში მას საერთოდ საყრდენის პოზიციაზეც კი იყენებდა, მაგალითად ჩეპიონთა ლიგაზე ტურინში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ (0:3), რაც სრული აბსურდი იყო და ეს ყველაფერი შესაბამისი შედეგითაც სრულდებოდა ხოლმე.
78 მატჩი, 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა - ასეთი იყო გომეშის ბარსელონური კარიერა, რის შემდეგაც მან თავისი კალიბრის გუნდს მიაშურა და ამჟამად „ევერტონის“ ღირსებას იცავს.
ფელიპე კოუტინიო - ლივერპულიდან, 145 მილიონ ევროდ
2018 წლის 6 იანვარს, „ბარსელონამ“ დიდი წვალებისა და ომის შემდეგ, „ლივერპულიდან“ ფელიპე კოუტინიო გაიფორმა.
ტრანსფერი ზაფხულში უნდა შემდგარიყო, თუმცა ინგლისელებმა მოლაპარაკებები გაართულეს და ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად ის მაინც არ გაყიდეს.
ყველას კარგად ახსოვს კოუტინიოს რეაქცია ამ ყველაფრის შესახებ - ბრაზილიელმა ამბის გაგების შემდეგ იტირა.
საბოლოოდ, მოსახდენი მაინც მოხდა და „ლივერპულმა“ ბრაზილიელი 145 მილიონად დათმო, რითიც თუ ვინმემ ისარგებლა ეს მხოლოდ „ენფილდის“ ბინადრები იყვნენ. ამ თანხით კლუბმა ვან დეიკი შეიძინა და ზოგადად, ფული საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენეს.
კოუტინიოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ შეეძლო და მან სეზონის დარჩენილი ნახევარი მხოლოდ ლა ლიგაში გაატარა.
2017-2018 წლების სეზონში ვალვერდე გუნდს 4-4-2-ით ათამაშებდა, რომელშიც კოუტინიო თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა და თითქოს ყველაფერი კარგადაც მიდიოდა.
2018-2019 წლების სეზონის სტარტი ბრაზილიელს ნორმალური ჰქონდა. მან არც ისე ურიგოდ ითამაშა „ელ კლასიკო“, რომელშიც გოლი გაიტანა. საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონში „ტოტენჰემთან“, რომელიც ჩემი აზრით ვალვერდეს „ბარსელონას“ საუკეთესო თამაში იყო, რაც გვინახავს.
მეორე წრის მოახლოებასთან ერთად კოუტინიოს პრობლემები შეექმნა. ის 4-3-3 სქემაში ბოლომდე კარგად ვერ ჯდებოდა და ეს ნელ-ნელა მეტოქეებმაც გამოიყენეს. მისი განეიტრალება საკმაოდ მარტივი გახდა.
ვალვერდემ უპირატესობა დემბელეს მიანიჭა, რომელსაც თუ ტრავმა არ ჰქონდა, ყოველთვის ძირითადში თამაშობდა, კოუტინიო კი სკამზე რჩებოდა.
შემდეგ იყო დემბელეს ტრავმა, რასაც კოუტინიოს ძირითადში დაბრუნება არ მოჰყვა. ვალვერდემ გუნდი 4-4-2-ს დაუბრუნდა, თუმცა ეს უფრო „ატლეტიკოს“ მსგავსი სქემა იყო, რომელშიც ოთხივე ნახევარმცველი ცენტრალური გახლდათ.
„ბარსელონას“ ნახევარდაცვას პრობლემები ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაეწყო და ეტაპობრივად ეს სულ უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.
როცა კოუტინიო ცენტრში ინიესტას პოზიციაზე თამაშობდა, გუნდი ბევრ გოლს უშვებდა და მოედნის ცენტრიდან ხშირი იყო კონტრშეტევები. ბრაზილიელი პრესინგს ჩავიესტას მსგავსად ვერ ფლობს, სიღრმიდან თამაში და ბურთის დაჭერაც დიდად არ გამოსდის, ის უფრო გამამწვავებელია - მას სივრცის გამოყენება უყვარს, ინიესტა კი სივრცეს ქმნიდა. სწორედ ეს სხვაობა (არამარტო ეს) იყო ამ ორს შორის.
ფლანგის ფორვარდად გამწესებისას კი კოუტინიოს სისწრაფე და ცივსისხლიანობა არ ჰყოფნიდა, რადგან იგი ამ პოზიციაზე თამაშს მიუჩვეველი იყო.
ამ ყველაფერს დაემატა ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ვერ გაუძლო და ფეხბურთის თამაში შეწყვიტა. კოუტინიომ ვერც „ბაიერნში“ ითამაშა და ზოგადად საეჭვოა იგივე დონეზე თამაში სადმე შეძლოს.
საბოლოოდ, „ბარსელონამ“ 145 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი გაანათხოვრა და ისტორიაში ასეთი უცნაური პრეცედენტი შექმნა. ამჟამად კი მის გაყიდვას 80 მილიონად ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდით.
პაკო ალკასერი - ვალენსიადან, 30 მილიონ ევროდ
2015-2018 წლებში „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დიდი რაოდენობით უაზრო ტრანსფერები განახორციელა, მათ შორის იყო პაკო ალკასერიც, რომელიც გუნდს 2016 წელს შეუერთდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ბლაუგრანა“ MSN-ის ფონზე თადარიგში მყოფ ფორვარდს ეძებდა, რომელიც მცირე სათამაშო დროს დათანხმდებოდა და მას გამოიყენებდა კიდეც.
„ბარსელონას“ რამდენიმე საინტერესო ვარიანტი ჰქონდა. მაგალითად, მუდმივი კანდიდატი როდრიგო მორენო, რომლის შეძენაც პრაქტიკულად ყოველ ზაფხულს სურთ, მაგრამ საბოლოოდ უარს ამბობენ. ანალოგიურად იყო ურუგვაელი კრისტიან სტუანიც, რომელიც ასევე არ შეიძინეს.
ასევე იყო ფერნანდო ლორენტეს ვარიანტიც, რომელიც ასაკიდან გამომდინარე სკამზე ჯდომას არ იუარებდა და ლა ლიგასაც კარგად იცნობდა.
ყველაზე კარგი ვარიანტი „ბარსას“ რობინ ვან პერსის სახით ჰქონდა, რომელიც 2016 წელს „ფერნერბახჩეში“ თამაშობდა და „კამპ ნოუზე“ თამაშის სურვილს თავადვე აფიქსირებდა. მისი ფასი სულ რაღაც 3 მილიონი იყო.
პერსიმ 2019 წლამდე ითამაშა და კარიერა „ფეიენოორდში“ დაასრულა. „ფენერშიც“ და ნიდერლანდებშიც მან საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა - ჯამში 82.
კატალონიელებს სწორედ ასეთი ფორვარდი სჭირდებოდათ, რომელიც მათ სტილს მოერგებოდა და თან კლასიც საკმაოდ ექნებოდა. ამავდროულად თადარიგში ჯდომასაც არ ითაკილებდა.
საბოლოოდ, პაკო ალკასერმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მისი უნარები გუნდს ვერ გამოადგა. ის, უბრალოდ „მომენტის კაცია“, რომელიც თავის შანსს ელის და არც თუ ისე ცუდად იხსნება, მაგრამ „ბარსას“ უფრო მეტი სჭირდებოდა, რომელიც ესპანელმა ვერ აჩვენა.
50 მატჩში 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა - ესპანელმა კარიერა „დორტმუნდში“ გააგრძელა, ამჟამად კი კვლავ ლა ლიგაშია და „ვილიარეალის“ რიგებში ასპარეზობს.
არტურ მელო - გრემიოდან, 31 მილიონ ევროდ
2018 წელს, „ბარსამ“ „გრემიოდან“ ახალ ჩავიდ შერაცხული არტურ მელო შეიძინა, რომელმაც ქომაგების გული მალევე მოინადირა.
არტური ბურთს ჩინებულად ფლობდა და მას პრაქტიკულად არ კარგავდა. მისი მოძრაობები ჩავის სტილს ძალიან წააგავდა.
საბოლოოდ, ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ ეს უბრალოდ მორიგი „ფეიკ“ ვერსია იყო. ბრაზილიელი ტრავმებისკენ ძალიან იყო მიდრეკილი. დემბელეს შემდეგ, გუნდში ყველაზე მეტ ტრავმას იღებდა.
რაც შეეხება მის თამაშს, არტურს მოედნის ცენტრიდან კრეატიულობა და თამაშში სიმწვავის შეტანა ევალებოდა, რასაც მისგან ძალიან, ძალიან იშვიათად ვხედავდით. გვერდით პასი, უკან პასი - სულ ეს იყო.
არტურს სითამამე ძალიან აკლდა, ნაკლებად რისკავდა და 90 წუთს მოედანზე ძალიან იშვიათად ატარებდა. ამ ყველაფერმა კლუბს მის მიმართ არსებული იმედები გადაუწურა. შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით - ბრაზილიელი პიანიჩში გაიცვალა.
ცნობისთვის, ბოლო 10 წელიწადში მირალემ პიანიჩმა ტრავმის გამო მხოლოდ 19 მატჩი გამოტოვა. არტურ მელომ კი „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ანუ ბოლო 2 წელში ტრავმის გამო 22 შეხვედრა გამოტოვა. ეს სტატისტიკა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
საინტერესოა რამდენად გაართმევს არტური თავს, უფრო უხეშ და უფრო მძიმედ მოთამაშე სერია ა-ს...
74 მატჩი, 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა - არტურმა „ბარსელონაში“ სულ ეს მოასწრო.
აშკარაა, რომ მის ნაცვლად და მის პოზიციაზე მოთამაშე „ლა მასიელი“ რიკი პუჩი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს და კლუბი მასზე უფრო დიდ იმედებს ამყარებს.
P.S. ამ სიას შესაძლოა მალე გრიზმანი და დემბელეც დაემატოს, თუმცა შესაძლოა ჩავიმ მიუსწროს და მათი ტრანსფერებიდან კლუბმა რაიმე სარგებელი ნახოს.