ზუსტად 1 წლის წინ - ბასილაშვილმა ჰამბურგში ტიტული დაიცვა
ზუსტად 1 წლის წინ, 2019 წლის 28 ივლისს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ATP-ის 500-იან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა და 2018 წელს მოგებული ტიტული დაიცვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გათამაშების მიმდინარეობისას უგო დელიენი, ხუან იგნასიო ლონდერო, ჟერემი შარდი და ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი ნიჭიერ რუს ანდრეი რუბლიოვს 3 სეტში - 7:5; 4:6; 6:3 აჯობა.
როჯერ ფედერერის შემდეგ, რომელმაც ჰამბურგში ტიტული ზედიზედ ორჯერ 2004 და 2005 წლებში მოიგო, ბასილაშვილი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ამ გათამაშებაზე ტიტული დაიცვა.
ბასილაშვილმა ჰამბურგში ჩემპიონობით ATP-ის მე-3 ტიტული დაისაკუთრა - 2018 წელს ამავე კორტებზე მოგებული ჯილდოს გარდა, იმავე 2018 წელს პეკინის ასევე 500-იან ტურნირზე გაიმარჯვა.
ნიკა ამჟამად იმყოფება გერმანიაში, სადაც საერთაშორისო საგამოფენო ტურნირში მონაწილეობს. იგი გუშინ ადგილობრივ მიშა ზვერევთან ორ სეტში დამარცხდა, დღეს კი კიდევ ერთ გერმანელ ჯულიან ლენცს დაუპირისპირდება.