Aa
Aa

მორიგი მეგა-კონტრაქტი MLB-ში - ბეტსი 12 წლის განმავლობაში 365 მილიონს მიიღებს

„ლოს ანჯელეს დოჯერსმა“ ამერიკული ლიგის ყოფილ MVP-სთან, მუკი ბეტსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 27 წლის აუტფილდერმა, რომელსაც გუნდის მაისურით ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია, „დოჯერსს“ საკუთარი მომავალი კიდევ 12 დაუკავშირა.

ბეტსი 12 წლის განმავლობაში საერთო ჯამში 365 მილიონ დოლარს მიიღებს, რასაც მიმდინარე სეზონში მისაღები 27 მილიონი აშშ დოლარი დაემატება. მისი კონტრაქტი MLB-ის ისტორიაში სიდიდით მეორეა. პირველ ადგილს „ლოს ანჯელეს ენჯელსის“ მოთამაშე, მაიკ ტრაუტი იკავებს, რომელმაც 2019 წელს გუნდთან 12-წლიანი, 426.5 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

კორონავირუსის პანდემიამდე იყო ვარაუდი, რომ ბეტსის კონტრაქტი 300 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნებოდა, თუმცა „დოჯერსის“ მესვეურებმა Covid-19-ით გამოწვეული კრიზისი არაფრად ჩააგდეს და თავიანთი ახალწვეული უზარმაზარი ხელშეკრულებით დააჯილდოვეს.

ლოს ანჯელესურმა გუნდმა ბეტსი თებერვალში გადაიბირა და მის სანაცვლოდ „ბოსტონ რედ სოქსს“ ალექს ვერდუგო და ჯიტერ დაუნსი დაუთმო. გასულ სეზონში ბეტსმა „ბოსტონის“ მაისურით 150 შეხვედრა ჩაატარა და 29 ჰოუმრანი და 80 არბიაი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები