შენგელიას ბრწყინვალე გოლი ჯარიმიდან და გამარჯვება საოცარ მატჩში
თურქეთის სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში ''ქონიას'' ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამ სტუმრად ''ტრაბზონს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ 81-ე წუთამდე ''ტრაბზონი'' 3:1-ს იგებდა, თუმცა 81-ე წუთზე შენგელიამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა. 88-ე წუთზე მან პენალტი გამოიმუშავა, მისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი სკუბიჩმა შეაგდო, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე შენგელიას საგოლე პასს ტურამის გამარჯვების გოლი მოჰყვა.
ქართველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 39-ე წუთზე ჩაერთო და მეორე ტაიმის დასკვნით 10-წუთიან მონაკვეთში გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
''ტრაბზონი'' თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მთელი სეზონის განმავლობაში ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ბოლო ხუთი ტურიდან მხოლოდ 1 მოიგო, მეორე ადგილს დასჯერდა და ჩემპიონი ''ბაშაქშეჰირი'' გახდა.
ამ გამარჯვებით ლევან შენგელიას გუნდმა ელიტაში ადგილი გაინაღდა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გასავარდნ ზონას 4 ქულით გაუსწრო.
შენგელიას ბრწყინვალე გოლი, მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა. თბილისის ''დინამოს'' ექს-ფეხბურთელმა ''ტრაბზონის'' გარდა ''ანკარას'' გაუტანა.
''ქონიასგან'' განსხვავებით საბა ლობჟანიძის ''ანკარა'' უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ბოლოსწინა ტურში ''ანკარა'' შინ ''ანთალიასფორთან'' 0:1 დამარცხდა და შემდეგ სეზონს რანგით მეორე ლიგაში გაატარებს. ლობჟანიძის გუნდმა 33 ტურში მხოლოდ 29 ქულა მოაგროვა და ბოლო ტური ქართველის გუნდისთვის ფორმალობას წარმოადგენს. ლობჟანიძემ სასტარტოში ითამაშა და 86-ე წუთზე ატილა თურანმა შეცვალა.