დაინგრევა სტერეოტიპი? ჯიუტი პეპი და მისი იდენტური შეცდომები
Aa Aa

დაინგრევა სტერეოტიპი? ჯიუტი პეპი და მისი იდენტური შეცდომები

2016 წელს „მანჩესტერ სიტის“ არც ისე მდიდარი ისტორია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა.

ფულით ისტორიას ვერ დაწერ და ვერც იყიდი, მაგრამ შეგიძლია ფულითა და კარგი პირობებით გუნდში ის მიიყვანო, ვინც ნულიდან დაიწყებს, სისტემას დანერგავს, შენ სახელს ბრენდად აქცევს და რა თქმა უნდა, ტიტულებსაც მოიგებს.

დიახ, ტიტულები ბოლოსაა ნახსენები, რადგან „სიტის“ მსგავს გუნდში, რომელიც მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ისე იცვლიდა როგორც მოთამაშეები ბუცებს, ფუნდამენტური ცვლილებების ერთ და ორ წელში მოხდენა წარმოუდგენელია.

„ქალაქელებმა“ რამდენიმე წლიანი მცდელობების შემდეგ, საბოლოოდ სწორ გზას მიაგნეს და მასში დიდი რესურსი ჩადეს. „სიტიმ“ კაპიტალი სწორი მიმართულებით დააბანდა და ამას უკვე ნათლად ვხედავთ - გუარდიოლას ფორმაციის „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე უმთავრეს ფავორიტთა შორის მოიაზრება, ხოლო პრემიერლიგაში ნებისმიერი სეზონის სტარტზე ნომერ პირველ ფავორიტად სახელდება.

„სიტი“ დღეს იმას აკეთებს, რაც წლების წინ „ბარსამ“ დაიწყო - მათი თამაში მეტოქეებს (ყველას არა) ტაქტიკის შეცვლას აიძულებს და საკუთარ სტილზე უარს ათქმევინებს, ეს კი შიში გახლავთ, რომელიც ყველაზე მძლავრი იარაღია.

პეპ გვარდიოლა, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო (ბევრისთვის საუკეთესოც) მწვრთნელია, ეს ისედაც ყველამ ვიცით. ახლა მინდა მის მეორე მხარეზე გესაუბროთ, რომელიც გენიალური სპეციალისტის მინუსებს ასახავს.

პეპის შეცდომები ბაიერნიდან დაიწყო

გუარდიოლა თავისი საფეხბურთო ხედვით, საქმისადმი მიდგომით და გადაწყვეტილებებით, ფეხბურთის მილიონობით ქომაგის სიმპათიას იმსახურებს, მათ შორის მეც ვარ, თუმცა პეპს ბევრი მინუსიც აქვს, რომელიც როგორც წესი, თავს ჩემპიონთა ლიგაზე იჩენს ხოლმე.

ესპანელი სპეციალისტისთვის 2011 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიუღწეველ მისიად რჩება. ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მას კრიტიკოსები სულ უფრო ემატება, რომლებიც ხაზს მესის ფაქტორს უსვამენ და ამბობენ, რომ პეპი მის გარეშე ამ ტურნირს ვერ მოიგებს. ეს უკვე სტერეოტიპადაც იქცა.

გვარდიოლამ „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, თავისი სათამაშო სისტემა კიდევ უფრო შემტევი გახადა და დაცვას ყოველ მომდევნო სეზონში უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.

პეპი „ბარსაში“ 4-3-3-ს იყენებდა, რომელშიც საყრდენი ბუსკეცის გვერდით ჩავი მოქმედებდა და მას აზღვევდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა გვარდიოლა ინიესტას შეტევაში წევდა და მოედანზე მე-4 ნახევარმცველს ამატებდა, რაც გუნდის თამაშს უფრო ალაგებდა და ბურთის კონტროლს მეტად ამარტივებდა.

„ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, გვარდიოლამ ჰაინკესის „ბაიერნი“ ჩაიბარა, რომელიც კლუბის ისტორიაში უდავოდ გუნდის საუკეთესო ვერსია იყო.

რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ასეთ გუნდში მისვლა რთული მომენტია. როცა გასულ სეზონში ყველაფერი გაქვს მოგებული, მომდევნო წელს მოტივაციის შენარჩუნება ძნელია, თუმცა გვარდიოლამ თავისი წილი შეცდომები საკმაო რაოდენობით დაუშვა.

პეპმა ნახევარდაცვაში დაცვითი ფუნქციების მთავარი შემსრულებელი ხავი მარტინესი თადარიგში გადასვა და ნახევარდაცვის ცენტრი ხშირ შემთხვევაში აი ასე გამოიყურებოდა ხოლმე.

მსგავსი შემადგენლობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც მიუნხენელებმა 0:4 წააგეს და პირველი რაც მაყურებელს თვალში მოხვდებოდა, „ბაიერნის“ ნახევარდაცვის ცენტრი იყო, რომელსაც მადრიდელები ისე ცდებოდნენ, თითქოს იქ არც არავინ იყო.

რა თქმა უნდა, ანჩელოტის მასტერკლასის უგულველყოფა არ შეიძლება. კარლომ პეპს ტაქტიკური დუელი პირწმიდად მოუგო.

გვარდიოლამ მორიგი შეცდომა მეორე სეზონში დაუშვა, როცა ტონი კროოსი გაყიდა და ფილიპ ლამის ნახევარმცველად გადაკეთება დაიწყო.

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგა უმარტივესად მოიგო და ის, ამას ყოველ წელს აკეთებდა, თუმცა კლუბმა მას ამხელა რესურსი იმისთვის არ ანდო, რომ მუზეუმში კიდევ ერთი ვერცხლის სინი დაედოთ.

გვარდიოლას „რეკორდმაისტერიდან“ წასვლა ლოგიკური იყო. პეპმა თითქოს მისთვის იდეალურ გუნდს მიაგნო...

სიტი და იდენტური შეცდომები

ნოვატორული იდეები და ზედმეტად შემტევი სტილი გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიშიც“ გაჰყვა.

ჩემპიონთა ლიგაზე „სიტის“ გამოვარდნა ძალიან ჰგავდა „ბაიერნის“ ფიასკოებს. გვარდიოლა ინგლისურ კლუბში პირველ სეზონებში 1 ჩამშლელით და სილვა-დე ბრუინის წყვილით თამაშობდა, რაც პრემიერლიგაში ამართლებდა და იქ გუნდმა რეკორდებიც დაამხო, თუმცა ევროსარბიელზე პეპის პრობლემა კვლავ უცვლელი რჩებოდა - სუსტი დაცვა და ზედმეტად შემტევი ნახევარდაცვა, რომელიც უკანა ხაზს ვერ ეხმარებოდა.

სილვა-დე ბრუინის წყვილიდან არცერთი არ არის ჩავის სტილის, რომ საყრდენის გვერდით იმოქმედოს და მისი დაზღვევა შეძლოს. ორივე მათგანი ძირითადად შეტევაზეა ორიენტირებული და დაცვითი ფუნქციების შესრულება მათ პლუსს ნამდვილად არ წარმოადგენს.

წარმოიდგინეთ - მთელი სეზონი თამაშობ კონკრეტული სქემით, რომელიც ამართლებს და შიდა ჩემპიონატში იგებ. გამარჯვებებს იფორმებ ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ დგება რთულ მეტოქესთან გამკლავების მომენტი, რა დროსაც შენი გუნდის დაცვას პრობლემები ექმნება, შენი ტაქტიკა კი ამისთვის მზად არ არის...

„მონაკოსთან“ მარცხიც ამ შეცდომების შედეგი იყო. „ეტიჰადზე“ მოგებული 5:3-ის შემდეგ, საფრანგეთში პეპმა კვლავ ზედმეტად შემტევი თერთმეტეული გაიყვანა, რითიც ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ისარგებლა და 3:1 მოიგო.

გასულ სეზონში კი, „ტოტენჰემთან“ დრამატული 4:3-ის დროს, გვარდიოლამ ნახევარდაცვის ცენტრში ჩამშლელი საერთოდ არ გამოიყენა და გიუნდოგანი-სილვა-დე ბრუინის სამეული გაამწესა, რამაც პოჩეტინოს გუნდს სწრაფი, ეფექტური და შედეგიანი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მისცა.

ამ მატჩში „სიტის“ არ გაუმართლა და მოგებასთან ძალიან ახლოსაც იყო. ბევრის აზრით მათი მარცხი დაუმსახურებელი გახლდათ, თუმცა ერთი რამ ნათელია - გვარდიოლამ კვლავ იდენტური შეცდომა დაუშვა და კონკრეტული მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ზედმეტად შემტევი თერთმეტეული გამოიყენა, რასაც მათ კარში ბევრი გოლის გაშვება მოჰყვა.

"ქალაქელების" უკანა ხაზი ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა, რაც მწვრთნელს ასევე ხშირ როტაციას აიძულებს. არის მატჩები, როცა დაცვის ცენტრში თამაში ფერნანდინიოს უწევს ხოლმე. ასეთ დროს, მცველებს ნახევარდაცვის ხაზი უნდა ეხმარებოდეს და აბალანსებდეს, რაც "სიტიში" არ ხდება.

ის, რაც ზინედინ ზიდანმა მიმდინარე სეზონში გააკეთა ამის კარგი მაგალითია. პირველ წრეში მადრიდელთა დაცვის ოთხეული არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, უშვებდა ბევრ გოლს და იკარგებოდა ქულები. ზიზუმ პრობლემა ნახევარმცველთა რაოდენობის გაზრდით და მეტი პრესინგის გამოყენებით გადაჭრა.

პეპმა ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო

გვარდიოლას სიჯიუტემ რამდენიმე წელს გაძლო, შემდეგ კი პეპმა პოზიციები დათმო და სქემაში ცვლილებები შეიტანა.

მან სილვა-დე ბრუინის დუეტი დაშალა. გუნდში როდრის მისვლის შემდეგ საყრდენის პოზიციაზე ის კადრი თამაშობს, რომელიც მწვრთნელს ყველაზე მეტად სურდა. გვარდიოლამ ნახევარდაცვაში ილკაი გიუნდოგანი უცვლელ წევრად აქცია, შეტევის გამწვავება და დირიჟორობა სრულად დე ბრუინს დაევალა.

ამ ცვლილებამ ცენტრი დააბალანსა, რამაც გუნდის თამაში უფრო დამაჯერებელი გახადა. ყველაზე კარგად „სიტის“ ნახევარდაცვის ტრიოს როლი მადრიდში „რეალის“ წინააღმდეგ მატჩისას გამოჩნდა.

ზიდანის გუნდთან და მის ნახევარდაცვასთან გამკლავება ადვილი საქმე არ არის. კარგად ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზიზუ შუა ხაზს პრინციპულ მატჩებში, რასაც შედეგი თითქმის ყოველთვის მოაქვს. სწორედ ეს „თითქმის“ იყო „სიტისთან“ მატჩიც.

მიმდინარე სეზონში „ბაიერნთან“ ერთად „ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებიან. ასეთი სტატუსი „სიტის“ აქამდე ჯერ არ ჰქონია…

პეპის პრობლემა - სათადარიგო გეგმა, რომელიც არ არსებობს

როგორც უკვე ვისაუბრეთ, გუარდიოლა გადააწყდა პრობლემას, რომელიც მისთვის უცხო სულაც არ არის, თუმცა პეპი ამ პრობლემის გადაჭრას „ბარსელონადან“ წამოსვლის შემდეგ ვერ ახერხებს.

„ბაიერნში“ მუშაობის პერიოდში მან ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 ნახევარფინალი წააგო, რასაც „სიტისთან“ ერთად თითქმის იდენტური მარცხები მოჰყვა.

ტიკი-ტაკა, ლამაზი ფეხბურთი და დიდებული შეტევები - ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა გეგმა არ ამართლებს სქემა უნდა შეცვალო, რამე სიახლე შემატო, რაიმე არაორდინალური და მოულოდნელი, რაც მეტოქის შეცდომას გამოიწვევს.

პეპს ასეთი გეგმა არ აქვს. რთულ მომენტებში ის პოზიციურ ცვლიებებს აკეთებს, ან ერთ ნახევარმცველს ხსნის და შემტევი შემოჰყავს.

გუარდიოლა თავის სტილს არასდროს ღალატობს და საწყის სქემას არ ცვლის, რის გამოც ხშირად აგებს ხოლმე. ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე.

შორეული დარტყმები, საჯარიმოში ტანმაღალი ფორვარდის ყოლა - მსგავსი რამ პეპის არსენალში არ მოიძებნება. ეს მას არ სჭირდება. მისი მოთამაშეები თითქოს ყველანი ერთმანეთს გვანან.

სეზონის გადამწყვეტ მომენტში „სიტის“ პრობლემები ექმნება და ეს შემთხვევითი სულაც არ არის. ხომ არ არის ხასიათის პრობლემაც?..

ამ კითხვაზე პასუხს მიმდინარე სეზონში ვიხილავთ, თუმცა იქამდე გვარდიოლას გუნდმა ჯერ ესპანეთის უკვე მოქმედი ჩემპიონი უნდა დაამარცხოს...

„მე ვცდილობდი, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მექცია, ამ დროს კი მან საუკეთესო მწვრთნელად მაქცია“. - პეპს მესის გარეშეც აქვს რაღაცები დასამტკიცებელი...

გაზიარება: