უნგრული კლუბი ლაკვეხელიანის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
საფეხბურთო კლუბი ''საბურთალო'' 21 წლის მცველის, ლუკა ლაკვეხელიანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას უნგრულ ''მეზოკოვეშდთან'' აწარმოებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ''მეზოკოვეშდი'' ''საბურთალოს'' ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მაინც არსებობს.
CrystalSport-ის ინფორმაციით გასული წლის მიწურულს ლაკვეხელიანის გადაბირებით ბელგიის უმაღლესი ლიგის ერთი კლუბი და პოლონეთის ექსტრაკლასას ''პოგონი'' ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველაზე მეტად უნგრულმა კლუბმა იაქტიურა.
გასულ სეზონში ''მეზოკოვეშდი'' უნგრეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და ფინალში ''ჰონვედთან'' დამარცხდა, რაც ევროსაგზურის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გასული სეზონი ''მეზოკოვეშდის'' რიგებში ბუდუ ზივზივაძემ გაატარა, სადაც ქართველი იმდენად შედეგიანი იყო, რომ ქვეყნის ერთ-ერთმა უმდიდრესმა კლუბმა ''მოლ ფეჰერვარმა'' გადაიბირა. ზივზივაძის წასვლის მიუხედავად არსებობს ალბათობა, რომ შემდეგ სეზონში ''მეზოკოვეშდის'' მაისურით ქართველი მცველი ვიხილოთ.
ლაკვეხელიანი ''საბურთალოს'' აღზრდილია. მან ძირითად გუნდში ადგილი 2017 წლის სეზონში დაიმკვირდა, როცა მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი იყო.
სწრაფ და ტექნიკურ მცველს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს.
''საბურთალოს'' 19-წლამდე გუნდის მაისურით უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო გასულ წელს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე საერთო ჯამში ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პერსპექტიული ფეხბურთელი 20 ოქტომბერს 22 წლის გახდება.