ნანი: „კრიშტიანუს წყალობით წაგებაზე ალერგიული გავხდი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ნანიმ ექს-თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი მას ძალიან დაეხმარა. ნანის თქმით, კრიშტიანუს წყალობით, იგი გაცილებით კონკურენტუნარიანი მოთამაშე გახდა და მიხვდა, ფეხბურთში გამარჯვებისკენ სწრაფვას რამხელა მნიშვნელობა აქვს.
„მახსოვს, ჩემმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა კლუბების სახელები ჩამოწერა, მანჩესტერზე მიმანიშნა და მითხრა: „ჩემი აზრით, საუკეთესი გუნდი, რომელიც შეგიძლია აირჩიო, სწორედ ესაა. სერ ალექსს ვესაუბრე და მას სურს შენთან იგივე გააკეთოს, რაც კრიშტიანუ რონალდუსთან გააკეთა.
მენდეშის სიტყვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მანჩესტერში უკვე სახლს ვეძებდი. თავიდან სასტუმროში უნდა მეცხოვრა, მაგრამ ჟორჟემ კრიშტიანუსთან დარჩენა შემომთავაზა, რასაც უყოყმანოდ დავთანხმდი.
რონალდუსთან მანჩესტერის კიდევ ერთ ახალწვეულთან, ანდერსონთან ერთად ვცხოვრობდი. კრიშტიანუს საცურაო აუზი, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა და ჩოგბურთის კორტი ჰქონდა და ყოველდღე ერთმანეთს სხვადასხვა რამეში ვეჯიბრებოდით. როცა მე და ანდერსონმა კრიშტიანუს სახლი დავტოვეთ, წაგებაზე ალერგიულები ვიყავით“.
ცნობისთვის, ნანი „მანჩესტერის“ ღირსებას 2007-დან 2015 წლამდე იცავდა. „იუნაიტედის“ დატოვების შემდეგ, მან „ფენერბაჰჩეს“ მიაშურა, ამჟამად კი, MLS-ში თამაშობს და „ორლანდო სითის“ ღირსებას იცავს.