''როცა ცსკა-სთან კონტრაქტს აფორმებდა, სამშობლოზე ფიქრობდა'' - ბოისა შენგელიას ტრანსფერზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდი ვლადიმირ ბოისა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს ეხმაურება. ბოისას თქმით შენგელია რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისას საქართველოს ნაკრებზე ფიქრობდა, რადგან მხოლოდ ცსკა-ში თამაშის შემთხვევაში აქვს ევროლიგის სეზონის მიმდინარეობისას ეროვნულ გუნდში თამაშის შესაძლებლობა.
''ნებისმიერი სპორტსმენის დიდი შრომა მიმართულია ერთი მიზნისკენ - მოიგოს უმაღლესი ტიტულები. თორნიკე შენგელიასთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ეროვნული ნაკრები და საქართველო. ევროპაში თამაშობდა თუ NBA-ში, იგი ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოდიოდა სანაკრებო მატჩებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ცსკა-სთან კონტრაქტს რომ აფორმებდა, საქართველოს ნაკრებზე ფიქრობდა, რადგან სწორედ ამ გუნდიდან ექნება ევროლიგის სეზონის მსვლელობისას ნაკრებში ჩამოსვლის შესაძლებლობა.
მივესალმები თოკოს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდში გადასვლას, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიდერად მიდის. ვამაყობ, რომ ასეთი კალათბურთელის გვერდით მითამაშია და წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუნდში.''
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს და რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას კვლავ აგრძელებს, საქართველოს მტრის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა გააკრიტიკა.
თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.
შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.