თავდადებული | მისაბაძი | თანამედროვე - ის რაც გვაქვს და მეტად დაგვჭირდება
Aa Aa

თავდადებული | მისაბაძი | თანამედროვე - ის რაც გვაქვს და მეტად დაგვჭირდება

საქართველოს ნაკრებზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია. პანდემიამ და იძულებითმა ცვლილებამ მთელი ქვეყნის დიდი მოლოდინი რამდენიმე თვით გადადო - რამდენიმე თვით გადაიდო ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული მატჩ(ებ)ი (იმედია), რომლებიც შემოდგომაზე შედგება.

დღეს მინდა ჩვენი ნაკრების 3 წევრზე გესაუბროთ. არა იმიტომ, რომ მათ ყველასგან გამოვარჩევ, ან რაიმე პირადი სიმპათიების მსგავსი, უბრალოდ მათ რამდენიმე თვისებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც შემოდგომაზე აუცილებლად დაგვჭირდება და რაც სასურველია, რომ გუნდში ყველას ჰქონდეს.

თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა და ოთარ კიტეიშვილი - მინდა მათზე გესაუბროთ.

თავდადებული - ოქრი ნაკრების უსაზღვრო სიყვარულით

ქართულ ფეხბურთს ბევრი ნიჭიერი და დიდი ტალანტის მქონე მოთამაშე ახსოვს, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინეს, ამას კი მიზეზები ჰქონდა, რომლებიც იყო განსხვავებულიც და ნაცნობიც.

დღეს, გაფლანგულ და გამოუყენებელ ნიჭზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს გაცვეთილი და ბანალური თემაა...

ორმაგად დასაფასებელი საქციელია, როდესაც ადამიანს მეორე ადამიანში მისი დადებითი მხარის დანახვა და ამ დადებითის წინა პლანზე წამოწევა შეუძლია. როცა ყურადღებას პოზიტივზე ამახვილებ და ამით ცდილობ ის კონკრეტული პიროვნება სხვების თვალში კარგად წარმოაჩინო, რაც საბოლოოდ და ვფიქრობ პირველ რიგშიც კი - დადებითად შენზე მეტყველებს.

ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვაფასებდი. მართალია, სამწუხაროდ ბევრს არ ვიცნობდი, მაგრამ ვისაც შევხვედრილვარ ამითაც ბედნიერი ვარ.

ადვილია ნეგატივზე დაწერა, საუბარი, გაშუქება, რადგან ნეგატივი ყველას ყურადღებას იპყრობს იმიტომ, რომ ის მარტივი გასაგებია, ხოლო რაც მარტივია ის ადვილად გაყიდვადია.

დღეს „მარტივად გაყიდვად პროდუქტზე“ საუბარს არ ვგეგმავ. მინდა ამ ბიჭების უკეთეს მხარეზე გესაუბროთ.

თორნიკე ოქრიაშვილის ნიჭის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, ისიც ვიცით, რომ მას უკეთესი საკლუბო კარიერა უნდა ჰქონოდა.

მის კარიერაში იყო უიღბლობის მომენტებიც და მისივე შეცდომებიც, რომელთა ერთობლიობამ დადო ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. „ოქრი“ ნაკრებში და „ოქრი“ კლუბში პირადად ჩემთვის ორი სხვადასხვა ფეხბურთელია.

ჩვენი მრავალჭირნახული ნაკრების მატჩები უკვე 20 წელია არ გამომიტოვებია. ყველა შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, რომელიც ტელევიზიით გადაიცა - ყველა მათგანი ვნახე და ყოველთვის, ჩვენი გუნდის წევრებიდან ყველაზე მეტად მონდომებას და თავდადებას ვაფასებდი.

რატომ უყვარს ხალხს ალექსანდრე იაშვილი ასე გამორჩეულად? ის, მინდორზე სულს და გულს დებდა, ყველაფერს ტოვებდა და გასახდელში მხოლოდ ამის შემდეგ შედიოდა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა თბილისში მიჯრით ორი უგოლო ფრე ითამაშა ჯერ დანიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან. ამ მატჩების ცქერით საფეხბურთო ზეიმი ნამდვილად არ გვინახავს, თუმცა ოქრიაშვილის მონდომებამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

„ოქრი“ ტრავმის შემდეგ ფორმაში საერთოდ არ იმყოფებოდა და „ანორთოსისში“ ძველ კონდიციებს ნელ-ნელა იბრუნებდა, თუმცა ვლადიმირ ვაისმა ის მაინც გამოიძახა, ენდო და ძირითადშიც დააყენა. მას კონკრეტული გეგმა მისცა, რომელიც მან მეტწილად შეასრულა.

ამ ფეხბურთელში ყოველთვის ვხედავდი ნაკრებისადმი უსაზღვრო სიყვარულს და მოედანზე გასვლის შემდეგ უდიდეს მონდომებას.

დანიასთან და ირლანდიასთან ოქრიაშვილმა, რომელსაც თავისი ტექნიკური არსენალი „ცარიელი“ ჰქონდა, მინდორზე იშრომა, იწვალა, ოფლი დაღვარა და მწვრთნელის გეგმას ბოლომდე მიჰყვა. ბევრი მას უბრალოდ არ ათამაშებდა, ან ნაადრევად გამოცვლიდა და ეს ლოგიკასმოკლებული არც იქნებოდა, თუმცა ვაისისთვის „ოქრი“ სანდრო კადრია.

მისი დაღლილი სახე, ბრძოლა, წვალება, შეტევაში გადასვლის მცდელობები - ორივე შეხვედრაში ოქრიაშვილმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი დადო, რაც დასაფასებელია.

ჩვენ ნაკრებში მის მიერ ჩატარებული მატჩები და გოლები ყველას კარგად გვახსოვს. ქეცბაიას ფორმაციის გუნდში „ოქრი“ ნათელი წერტილი იყო, რომლისგანაც გულშემატკივრები რაღაც ლამაზს და ეფექტურს ელოდნენ, რასაც ის გვაძლევდა კიდეც.


ჩემი დიდი სურვილია, რომ მთელმა ნაკრებმა „ოქრის“ მსგავსად ითამაშოს. ყველა ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურის მორგების შანსი მიეცემა, მისი მსგავსი მონდომებით ითამაშოს.

შემოდგომაზე სწორედ ასეთი ოქრიაშვილი და ასეთი თამაში დაგვჭირდება, რათა ქართული ფეხბურთის ისტორია დავწეროთ. იმედია ამას ერთად ვიზამთ და ცარიელი ტრიბუნების ყურება არ მოგვიწევს...

მისაბაძი - კანკავა კაპიტანი, რომლის ყოლაც ყველას ოცნებაა

ყველა გუნდს ჭირდება ლიდერი, რომელიც საჭირო დროს მათ დამუხტავს და გამოაცოცხლებს - ფეხბურთელი, რომელიც რთულ მომენტში ფსიქოლოგის როლს იტვირთავს და თანაგუნდელებს მენტალურად გააძლიერებს.

ლიდერები ორი ტიპის ვიცით - ერთი ის, ვინც რთულ მომენტში გოლს ქმნის და მეორე, რომელიც გუნდის ხასიათს აუმჯობესებს, მას საბრძოლოს ხდის და ოპტიმიზმს გადასდებს.

ფეხბურთის ისტორიაში გვინახავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ამ ორივე უნარს ფლობდნენ, თუმცა ეს დიდი იშვიათობაა და დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

ჯაბა კანკავა არის კაპიტანი, რომელიც ნებისმიერ გუნდს ღირსეულად ულიდერებდა. მინდორზე მისი ქმედებები სამაგალითოა და ის სამუშაო, რომელსაც იგი ასრულებს უბრალოდ ფასდაუდებელია. ჩვენ ნაკრებს მისი შეცვლა ძალიან გაუჭირდება...

როდესაც მოედანზე ასეთი კაპიტანი გყავს, მისგან სწავლის მეტი არაფერი დაგრჩენია.

კანკავა თავის „პერიმეტრს“ ყოველთვის იდეალურად აკონტროლებს და გუნდის თამაშს მოედნის ცენტრში უფრო მარტივს ხდის.

2004 წლის 8 სექტემბერს ეროვნულ ნაკრებში კანკავას დებიუტი შედგა და მას შემდეგ, იგი ნელ-ნელა გუნდის შეუცვლელ ფიგურად ყალიბდებოდა, რომლისგანაც საბოლოოდ ნამდვილი ლიდერი მივიღეთ.

ვლადიმირ ვაისს ბურთის კონტროლზე ორიენტირებული (მეტოქიდან გამომდინარე) ფეხბურთის თამაში უყვარს, რაც კანკავასნაირ კაპიტანთან ერთად ერთიორად ადვილი ხდება. ბურთის დასაჭერად, ჯერ ის უნდა მოიპოვო, რასაც ჯაბა იდეალურად აკეთებს.

რისკის მოყვარული, ხისტი, აგრესიული - ეს მისი თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც შემოდგომაზე ჩვენი ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„სხვა ფეხბურთელად რეინკარნაცია რომ შემეძლოს, ბუსკეტსი ვიქნებოდი“, - ეს სიტყვები ლეგენდარულმა ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობის დროს წარმოთქვა. პირადად მე კი ვიტყვი -  ფეხბურთელად რეინკარნაცია რომ შემეძლოს, ჩვენი ნაკრების წევრებიდან დაუფიქრებლად კანკავას დავასახელებდი.

ბოლო წლებში ფეხბურთი შეიცვალა, უფრო მეტად დაიხვეწა ნახევარდაცვის ცენტრი, რომელიც საბოლოოდ თამაშზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. კანკავას მსგავს დომინანტ ჩამშლელს გვერდით თანამედროვე ტიპის შუახაზელი სჭირდება, რომელიც ჩვენ ნაკრებს აქამდე არ ჰყავდა, თუმცა უკვე გვყავს - ოთარ კიტეიშვილამდეც მივედით...

თანამედროვე - ბიჭი, რომლის გამოჩენაც გვჭირდებოდა

თუ, გინდა რომ წარმატებას მიაღწიო შენი ნახევარდაცვა არ უნდა იყოს ზედმეტად დაცვითი სტილის და არც ზედმეტად შემტევი - შენ დაბალანსებული ცენტრი უნდა გყავდეს.

მოედნის ცენტრში სამი შუახაზელიდან ერთი დაცვითი სტილის და ჩაშლაზე ორიენტირებული, მეორე უფრო მეტად მომენტების შემქმნელი, მესამე კი ყველაფერს აკეთებდეს.

საყრდენის გვერდით მდგომი შეტევის წამომწყები მოთამაშე - ასეთზე პირველად ალბათ ბევრს ლუკა მოდრიჩი ახსენდება.

თანამედროვე ფეხბურთი მოითხოვს, რომ შემადგენლობაში მინიმუმ ერთი უნივერსალი გყავდეს. ხორვატი ფეხბურთელის მსგავსად კიტეიშვილი ჩვენი ნაკრებისთვის ნელ-ნელა იგივე მნიშვნელბის მოთამაშედ ყალიბდება, რაც ცალსახად მისასალმებელია.

„კიტე“ ვაისმა უკვე სამ პოზიციაზე გამოსცადა - მარცხენა ნახევარმცველად, შემტევ ნახევარმცველად და ცენტრალურ ნახევარმცველად. მას თავი არცერთხელ შეურცხვენია.

მასში მონდომება, შრომისუნარიანობა და ნიჭი ერთიანდება. ვაისის ფორმაციის ნაკრებში ალბათ ნახევარდაცვის იდეალური სამეული კანკავა-კიტეიშვილი-გვილიას ტრიოა.

ჩემ პოზიციაზე დღესდღეობით საუკეთესოდ კევინ დე ბრუინს ვთვლი“. - ამბობს კიტეიშვილი, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ვაისმა იგი უფრო სიღრმიდან გამოიყენა და მას კანკავას გვერდით იდეალური პოზიცია მოუძებნა.

მისი სისწრაფე, პრესინგი, დაცვაში სწორი თამაში და ბურთის სწრაფი ამოტანა გუნდს ფასდაუდებელ საქმეს უკეთებს.

ერიკსენის წინააღმდეგ კიტეიშვილის თამაში მსჯელობას უფრო გასაგებს ხდის...


საქართველოს ნაკრები ქეცბაიას დროს 2 სრულად დაცვაზე ორიენტირებული საყრდენით თამაშობდა ხოლმე, შემდეგ კახა ცხადაძემ კანკავას გვერდით ჯანო ანანიძე ჩაწია, რამაც გაამართლა და გამოჩნდა, რომ სწორია, როცა საყრდენის გვერდით ბურთის დამჭერი და ტექნიკური მოთამაშე დგას.

შემდეგ იყო ნიკა კვეკვესკირის ვარიანტი, რომელმაც მოვალეობას თავი საკმაოდ კარგადაც გაართვა, თუმცა ის ზუსტად რომ ვთქვათ, ეგრეთწოდებული უკან დაწეული გამთამაშებელია. უფრო ადვილად, რომ ავხსნათ, მსგავსი სტილის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ანდრეა პირლო იყო.

ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე კანკავას გვერდით კიტეიშვილის ყოფნა ყველაზე ოპტიმალური არჩევანია.

„კიტე“ წინსვლას არ წყვეტს. იმედია „ფენერბახჩეში“ მისი ტრანსფერი შედგება და ჩვენი უნივერსალი ბიჭის პროგრესი გაგრძელდება.

რატომ ეს სამეული?

ოქრიაშვილის გულიანი თამაში, კანკავას მენტალიტეტი და კიტეიშვილის მრავალფეროვნება - ეს სამი რამ შემოდგომაზე ჩვენი ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ერთა ლიგისთვის ძველი და ფორმაში მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილოთ. ეს ხომ ყველას უნდა? ამაზე საუბარი ცოტა ბანალურად მომეჩვენა და ჩვენ მარგალიტზე ყურადღება სწორედ ამიტომ არ გავამახვილე.

ასევე, არ გვისაუბრია ხვიჩა კვარაცხელიაზეც, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში ჩინებულად ასპარეზობს და ეჭვგარეშეა, რომ ჩაკვეტაძესთან ერთად მისი სახით საქართველოს ნაკრებს 2 უნიჭიერესი კადრი ჰყავს.

იმედს ვიტოვებ, რომ შემოდგომისთვის ჩვენ მოთამაშეებს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ნაკლები ტრავმა ექნებათ. ვირუსული მდგომარეობა კი უფრო მეტად კონტროლირებადი იქნება და „დინამო არენას“ გავავსებთ, რადგან წარმოუდგენელია (ფიქრიც არ მინდა), რომ ეს მატჩები მაყურებელთა გარეშე ჩატარდეს...

გაზიარება: