ძლიერი ფსიქოლოგი, ვინც ცოდნისკენ ისწრაფვოდა და პრინციპებს უერთგულა
Aa Aa

ძლიერი ფსიქოლოგი, ვინც ცოდნისკენ ისწრაფვოდა და პრინციპებს უერთგულა

2004-05 წლების სეზონში 39 წლის გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა თბილისის ''დინამომ'' უეფას თასის (ევროპა ლიგის) სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ბორისოვის ''ბატეს'', პრაღის ''სლავიასა'' და კრაკოვის ''ვისლას'' დამარცხებით ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, რაც დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა. სტატია  წარმატების მთავარ შემოქმედებსა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის განმაპირობებელ ფაქტორებზე დავწერე, თუმცა მეტწილად გია გეგუჩაძეზე ვამახვილებ ყურადღებას.

თეორიული განხილვისას ნერვი არ უტოკდება და კონკრეტულ ფეხბურთელს დავალებას იმდენად დაწვრილებით უხსნის, მოთამაშეს კითხვა არ რჩება. სიმშვიდეს არ კარგავს მედიასთან შეხვედრისას, დიპლომატიურ პასუხებს ანიჭებს უპირატესობას და მკაცრი შეფასებებისგან თავს იკავებს, თუმცა ზოგჯერ პრობლემის საფუძვლიანი ახსნით მშრალ ამბებზე ფიქრის ალტერნატივას გვთავაზობს და მსოფლიო თუ ქართულ ფეხბურთში კრეატივის შემცირებას ქუჩის ფეხბურთის გაქრობით ხსნის. ვფიქრობ, არ მოსწონს თანამედროვე ფეხბურთი იმდენად, რამდენადაც 80-იან ან 90-იან წლებში, თუმცა მიხელსთან და კრუიფთან ერთად გუარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფიისადმი დიდ სიმპათიას არასდროს მალავს. აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, მოსწონს, როცა მისი გუნდები დომინირებენ, კომპრომისებზე წასვლა უჭირს და კლუბის მართვა მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით სურს.

განსხვავებული მოცემულობებია სამწვრთნელო კარიერის სტარტი წარმატებული ფეხბურთელის ბექგრაუნდით და ამ ძალიან მნიშვნელოვანი წარსულის გარეშე, მხოლოდ საბჭოთა კავშირის მესამე ლიგაში თამაშის გამოცდილებით დიდი სამწვრთნელო ამბიციების რეალობად გარდაქმნა ძალიან დიდი გზის გავლას მოითხოვს. როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ 30-წლიან პერიოდს მოიცავს, უმნიშვნელოვანესია მაგალითები. პრინციპების და შემტევი ფეხბურთის ერთგულმა, ვინც 90-იანი წლების საქართველოში დავით ყიფიანის ასისტენტის როლში წლები გაატარა, ე.წ. ‘‘სელფ მეიდ მენის’’ მაგალითი შექმნა, რომ 90-იანი წლების მძიმე დროშიც შესაძლებელი იყო ენთუზიაზმისა და ცოდნის გაღრმავების დიდი სურვილის შენარჩუნება, შემდეგ კი პროგრესი და იდეების პრაქტიკაში განხორციელება.

ნემსაძე - გამოცდილი ოსტატი ლიდერის ამპლუაში

ჩვენი აზრების უმრავლესობა თანხვედრაშია, თუმცა მაკვირვებდა, როცა ქართველ ფეხბურთელებზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდა და ლეგიონერის გარეშე ზესტაფონის ევროპული წარმატების სჯეროდა. მისი ფორმაციის ზესტაფონს გამოცდილი და მაღალი დონის შემსრულებელი რომ ჰყოლოდა, ჩემპიონთა ლიგის საოცარ ჰიმნს საქართველოშიც მოვისმენდით. დინამოსგან განსხვავებით ზესტაფონისთვის მეტი დრო და ენერგია, უფრო დიდი ცოდნა გაიღო, თუმცა ამ გზას მაღალი დონის შემსრულებლის გარეშე მიუყვებოდა და დინამოსგან განსხვავებით ზესტაფონში გიორგი ნემსაძის დონის ფიგურა არ ჰყავდა.

ეროვნული გუნდის ექს-კაპიტნის ევროპული გამოცდილება და ყველაზე რთულ მომენტში პასუხისმგებლობის აღება თბილისის ''დინამოს'' წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ნემსაძე საქართველოში მაშინ არ ჩამოსულა, როცა მისი ევროპული კარიერა რეგრესს განიცდიდა, არამედ კარიერის საუკეთესო წლების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ კლუბში და თავადაც აღიარებს, რომ შესაძლებლობები საუკეთესოდ ''დანდიში'' კაპიტნის ამპლუაში გამოავლინა. უკეთ რომ ავხსნა, სამშობლოში დაბრუნდა მაშინ, როცა ყველაზე მაგრად თამაშობდა.

გიორგი ნემსაძე წარმატების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ

ლიდერის ფსიქოლოგიური მომზადება ყოველთვის აისახება გუნდურ სულისკვეთებაზე, ფეხბურთელებს მწვრთნელის ხედვები გარკვეული მონახაზის ქვეშ მოაქცევთ, რა ცოდნაც გეგუჩაძემ დავით ყიფიანთან მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ დააგროვა, პრაქტიკაში იმდენად კარგად გამოიყენა, წარმატებულად განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპების 6 მატჩში გაშვებული 10 გოლი დაცვაში არსებულ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად გაოცებულს მტოვებდა თუ როგორ შეეძლოთ ქართველ ფეხბურთელებს ნებისმიერი ანგარიშის მიუხედავად სათამაშო დისციპლინის დაცვა და თუ იმ მატჩების მხოლოდ ერთი სიტყვით შეფასებას მთხოვდნენ, ეს სიტყვა იქნებოდა - სიმშვიდე, საფეხბურთო ენაზე კი - გააზრებული, შინაარსიანი თამაში, სადაც არ იყო ქაოსი, მაგრამ წლების შემდეგ გეგუჩაძის გუნდის იმდენად ცუდი მატჩებიც მინახავს, ჯორჯ ბესტის ძალიან ცნობილი სიტყვები მახსენდებოდა: ''ინგლისის ნაკრებს ჩემი სახლის უკან ბაღში რომ ეთამაშა, ფანჯრებზე ფარდებს ჩამოვაფარებდი.'' ეს ხდებოდა მაშინ, როცა ''ზესტაფონს'' ქმნიდა და გუნდის შენებას არასანახაობრივი ფეხბურთი ახლდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ევროპული წარუმატებლობის მიუხედავად, იმერული გუნდის სახით ქართული რეალობისთვის საინტერესო პროდუქტი შეიქმნა და ერთადერთი გუნდი, სადაც სრული ფიასკო განიცადა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები იყო.

ერთადერთი ადამიანი, ვისი გულწრფელი აზრი გია გეგუჩაძის შესახებ მაინტერესებს, ცოცხალი არაა და ეს კაცი დავით ყიფიანია. არა იმიტომ, რომ დავით ყიფიანი დიდი ფეხბურთელი იყო და ქართველ ქომაგს გამორჩეულად უყვარს, არამედ მაინტერესებს რას იფიქრებდა მის მოსწავლეზე, უკვე ჩამოყალიბებულ მწვრთნელ გია გეგუჩაძეზე, რომელიც თვლის რომ ერთი კონკრეტული მწვრთნელის მიმდევარი არაა და მისი ხედვა აზრთა ჭიდილში ჩამოყალიბდა.

გეგუჩაძის აზრით ეს წარმატება მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო. ''დინამო'' პირველ მატჩს სტუმრად ''ბატესთან'' 2:0-ს აგებდა, მაგრამ 2:3 მოიგო. მეორე ეტაპზე თბილისური კლუბი პრაღის ''სლავიასთან'' 3:1 დამარცხდა, მაგრამ თბილისში 2:0 გაიმარჯვა. ასევე, კრაკოვში 4 გოლი 16 წუთში გაუშვა, მაგრამ ამის მიუხედავად მატჩი მისაღები ანგარიშით დაასრულა და თბილისში გაიმარჯვა. გუნდის სიძლიერე ვლინდება მაშინ თუ როგორ თამაშობს გოლის გაშვების შემდეგ და რაც უფრო რთული ვითარებიდან ახერხებს თავის დაღწევას, უფრო ნათლად ჩანს გუნდის, როგორც ერთიანი ორგანიზმის სიძლიერე.

მატჩი კრაკოვში და გამარჯვება გადამწყვეტ შეხვედრაში

კანკავას გასროლა, რიკოშეტი და გოლი. მახსოვს კადრი, ნემსაძის პასი, როცა კრაკოვში დაცვის ხაზი ‘‘მოტეხა’’ და ალადაშვილმა გაიტანა. იმ მომენტში, ჩემთვის, ნემსაძის მთელი უცხოური კარიერა ამ პასმა გადაწონა. უბანში ვიღაც ფანმა გოლის აღსანიშნავად ღია ფანჯრიდან იღრიალა, ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი იყო და ‘‘დინამო’’ ვარშავაში ორი გოლით წინ გავიდა. მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, ქართული კლუბებისთვის კარგად ნაცნობი ქაოსი დაბრუნდა, მეკარე ზოიძემ ტრავმა მიიღო და 16 წუთში 4 გოლი გავუშვით. მახსოვს მამალაძის გრძელი ხელების უშედეგო მცდელობები და ბურთი როგორ ეხვეოდა ბადეში. მეგონა ვისლა 10 გოლს გაიტანდა, კომენტატორები მხოლოდ ჟურავსკის და ფრანკოვსკის გვარებს იმეორებდნენ, მაგრამ ბოლოს კვერკველიამ რიკოშეტით შეაგდო და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის იმედი დაბრუნდა.

თბილისში ყველაზე მეტად შიშს გამოცდილი მეკარის, ირაკლი ზოიძის არყოფნა ქმნიდა, რომელმაც კრაკოვში ტრავმა მიიღო და გადამწყვეტ შეხვედრაში ზურაბ მამალაძემ ითამაშა, მაგრამ ''დინამოში'' სხვა არაერთი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც შემდგომში ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდრეს, თუმცა იმ გუნდიდან ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი კვალი ჯაბა კანკავამ დატოვა, რომელმაც უკრაინაში ორწლიანი მძიმე პერიოდის შემდეგ ტრავმებს თავი დააღწია, ნემსაძის მსგავსად ეროვნულ გუნდს კაპიტნის ამპლუაში წლები მიუძღვნა, ევროპა ლიგის ფინალსა და საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშა, თუმცა უკრაინაში ასპარეზობისას ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა, რაზეც მისი ექს-თანაგუნდელი სანდრო კობახიძე საუბრობს: ''ჯაბას შესახებ იმდენი ისტორიაა, შეგვიძლია წიგნი დავწეროთ. მაშინ, როცა ბევრი ფეხბურთელი თავს დახრიდა, ჯაბა ''უბერავდა,'' ძალიან ბევრს ვარჯიშობდა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ტრავმა ჰქონდა და ექიმები კარგად ვერ მკურნალობდნენ. ის არ გაჩერებულა და თავი არ დაუხრია.''

წლების შემდეგ გია გეგუჩაძემ ერთ-ერთ გადაცემაში ჯაბას შესახებ ისაუბრა: ''სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მომიწია ჯაბა კანკავასთან მუშაობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ერთ ეტაპზე ვთანამშრომლობდით. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა, რომელიც დღემდე გრძელდება.''

თბილისის ''დინამოს'' წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი, თბილისური კლუბის ექს-ფორვარდი ლევან მელქაძე კრაკოვის ''ვისლასთან'' საპასუხო მატჩს, გადამწყვეტ შეხვედრას იხსენებს და საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, როცა გია გეგუჩაძემ თეორიული გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად ფეხბურთელებს ზურაბ ზვიადაურის რუს მეტოქესთან გამარჯვების კადრები ჩაურთო, რაც მოთამაშეთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე დადებითად აისახა.

ლევან მელქაძე: ''გია გეგუჩაძის ხელში დაიწყო ჯაბა კანკავამ ფეხბურთის თამაში.''

იმ კლუბიდან ორი მნიშვნელოვანი ფიგურა ცოცხალი არაა. კლუბის მფლობელი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 52 წლის ასაკში, 2008 წლის ზამთარში ლონდონში გარდაიცვალა, მისი სიკვდილის ამბავს ბუნდოვანება დღემდე მოჰყვება, ხოლო კლუბის მმართველი დირექტორი დავით პეტრიაშვილი 46 წლის ასაკში თბილისში ტრაგიკულად გარდაიცვალა, 2015 წლის 22 დეკემბერს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა, თუმცა ''დინამოდან'' წასვლის შემდეგ უეფაში ძალიან წარმატებულად მოღვაწეობდა და ქართული ფეხბურთისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

არ ვქმნი დიდი წარმატების ილუზიას, ძალიან ბევრი ფაქტორის თანხვედრას იღბალიც ახლდა, თუმცა ქართველი მოთამაშეებით მენტალურად ასეთი ძლიერი გუნდი აღარ შექმნილა.

როცა ზაფხული მოდის და როცა ქართული ფეხბურთის ფანატიკოსები ოცნებებს გვიმხელენ, ევროსეზონს მაინც პესიმისტური მოლოდინით ვხვდები. ფინანსებს მოაქვს სტაბილურობა, ცოდნას შედეგი და პლუს გამოცდილება. თუ ამ სამი ფაქტორიდან თუნდაც ერთის გარეშე რჩები, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შენს ძალებს აღემატება. ამიტომ გაიყვანა გია გეგუჩაძემ ''დინამო'' უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე და ამიტომ ვერ განხორციელდა მისი მიზნები ''ზესტაფონთან'' მიმართებაში.

ჩემს წარმოდგენებში გეგუჩაძესთან მიმართებაში თითქმის არაფერი შეცვლილა, ''ვისლასთან'' გამარჯვების შემდეგ დღეს რომ გავიღვიძე იმდენად დიდი ემოციების ქვეშ ვიყავი, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი არ მახსოვდა, მაგრამ მახსოვდა როგორ დავხუჭე თვალები პენალტის დროს და ქომაგებმა გამარჯვების ნიშნად როგორ მოუკიდეს გაზეთებს ცეცხლი.

ბევრისთვის ეს გამარჯვება ყველაზე მეტად მთავარ მწვრთნელთან და გიორგი ნემსაძესთან ასოცირდება, თუმცა გუნდის თითოეული წევრის როლი მნიშვნელოვანია, როცა ფეხბურთელები, მწვრთნელები და მთელი კლუბი ერთ მიზნისკენ მიდიან.

გიორგი შაშიაშვილი ხსნის თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის როლს საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში. იხსენებს ბადრი პატარკაციშვილთან პირველ შეხვედრას, ''დინამოში'' განხორციელებულ ცვლილებებს, როცა ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე ფეხბურთელებისთვის იდეალური გარემო შეიქმნა.

შაშიაშვილი პატარკაციშვილის როლზე, ფინანსებსა და ფსიქოლოგიაზე

 

 

გაზიარება: