ბოლო წლებში „ბარსელონა“ სოლიდური თანხების ხარჯვის მხრივ სიაში ისეთი გუნდების გვერდით იმყოფება, როგორებიც „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ არიან.
თუ, უკანასკნელ 10-15 წელიწადში „ბარსა“ სულელურ ტრანსფერებს იშვიათად აკეთებდა და მხოლოდ რამდენიმე ჩავარდნილი შენაძენის გახსენება შეიძლება, ამჟამად სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.
კლუბმა 140 მილიონად კოუტინიო შეიძინა, რომელიც 1.5 წლის შემდეგ გაანათხოვრა, 120 მილიონად დემბელე გაიფორმა, რომელიც ტრავმებისკენ მიდრეკილი აღმოჩნდა და ფრანგი მატჩების 70%-ს აცდენს. ბოლოს იყო გრიზმანის 120 მილიონიანი ტრანსფერი, რომელიც ასევე სრული კრახით მიმდინარეობს. ამ ზაფხულს კი კატალონიელებს 111 მილიონად შეფასებული ლაუტარო მარტინესის დამატება სურთ, თუმცა პანდემიის შემდეგ „ბლაუგრანას“ ამხელა თანხების გადახდა ჯერჯერობით უჭირს.
რა დაემართა „ბარსელონას“, როგორ, როდის და რა თანმიმდევრობით, ამაზე ადრე გესაუბრეთ, ახლა კი მინდა გრიზმანის თემას შევეხო, რომელიც მესისთან და ზოგადად გუნდის ცუდ თამაშთან პირდაპირ კავშირშია.
საუბარი ცოტათი უკნიდან დავიწყოთ და რამდენიმე წლით უკან დავიხიოთ.
ნახევარდაცვის პრობლემა, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო
„ბარსას“ მოედნის ცენტრში პრობლემები ჯერ კიდევ ლუის ენრიკეს ბოლო სეზონიდან დაეწყო.
„ლუჩოს“ პირველ სეზონში გუნდმა ტრიპლეტი შეასრულა, მომდევნო წელს წავიდა ჩავი, თუმცა ინერციით და MSN-ის ჯადოქრობებით მაინც კარგად იასპარეზეს და ლა ლიგაც მოიგეს, ბოლო მე-3 სეზონში კი ნახევარდაცვაში არსებული დანაკლისი თვალშისაცემი გახდა.
მიუხედავად ასაკის მატებისა და ძველი კონდიციების დაკარგვისა, „ბარსას“ თადარიგში მყოფი ჩავი გუნდისთვის დიდი ფუფუნება იყო, რომელიც ინიესტა-რაკიტიჩის დუეტს იდეალურად აზღვევდა.
ლეგენდის წასვლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე ნახევარმცველი მიიყვანა, საკმაო რაოდენობით თანხები დახარჯა, რომელიც სრულიად უშედეგო გამოდგა.
ანდრე გომეში, დენის სუარესი, რაფინია ალკანტარა, არდა თურანი - ოთხივე მათგანი სრულიად განსხვავებული სტილის მოთამაშეა და მათგან მოედნის ცენტრში მხოლოდ რაფინია და გომეში თამაშობდნენ, დანარჩენეი ორი თავის დროზე ფლანგზე კარგი თამაშით გახდნენ ცნობილები.
კლუბმა რატომღაც ჩათვალა, რომ ხსენებული ფეხბურთელები გარდაქმნას შეძლებდნენ და ნახევარდაცვის ცენტრში თამაშით „ბარსას“ სტანდარტებს დააკმაყოფილებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ცდებოდნენ.
ამ შეცდომების ფონზე ყველა ელოდა, რომ კლუბი მორიგ მცდარ ნაბიჯს აღარ გადადგამდა და ნახევარდაცვას მათთვის შესაფერისი კადრებით გააძლიერებდნენ, მაგრამ მოლოდინი ამჯერადაც გაცრუვდა.
ინიესტას წასვლის შემდეგ, გუნდმა არტურ მელო შეიძინა, რომელიც უკვე დღეს, „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამ ფეხბურთელს მისტირის.
გასაგებია, რომ 23 წლის არტურის 30 წლის პიანიჩში გაცვლა და არც ისე დიდი ფინანსური მოგების ნახვა კლუბის ხელმძღვანელობის მორიგი სუსტი ნაბიჯია, თუმცა ამ შემთხვევაში ბრაზილიელის სათამაშო კლასზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
დიახ, ის „ბარსას“ სტილში ჯდება, ბურთს კარგად აკონტროლებს და ზუსტ გადაცემებში მუდამ მაღალი პროცენტი აქვს, თუმცა მისი პასების აბსოლუტური უმრავლესობა უკან, ან გვერდით კეთდება. არტური მოედნის ცენტრიდან თამაშს თითქმის ვერასდროს ამწვავებს, ვერ გამოირჩევა კრეატიულობით და შეტევების წარმართვის უნარს საერთოდ ვერ ფლობს. 90 წუთის თამაშს კი ვერ „ქაჩავს“, რადგან ფიზმომზადების მხრივ კლუბმა მას ვერაფერი მოუხერხა, ბრაზილიელი დღემდე „გრემიოს“ დონეზე რჩება.
არტურის ტრანსფერი ბოლო წლებში ბარსას მწვრთნელების შერჩევას ჰგავს. ისინი თითქოს კლუბის სტილში ჯდებიან და მათ დეენემს აკმაყოფილებენ, თუმცა რეალურად საქმე მხოლოდ მსგავსებასთან და ცუდ კოპირებასთან გვაქვს.
კლუბის არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ყოველი წლის შემდეგ, გუნდი მესიზე დამოკიდებული უფრო მეტად ხდება.
ბოლო წლებში „ბარსა“ თავისი თავის ნაცვლად, უფრო მეტად არგენტინის ნაკრებს ემსგავსება.
ერთი ტურის წინ, „სევილიაში“ ნათამაშები 0:0 მორიგი ნათელი დასტურია იმისა, რომ გუნდს რთულ მომენტებში არაფრის გაკეთება არ შეუძლია გარდა მესისთვის ბურთის შეტენვისა, რომელიც მასპინძლებმა საკმაოდ საიმედოდ ამოკეტეს.
ანდალუსიელებმა ზონები კარგად დაკეტეს, საკუთარ ნახევარზე გამაგრდნენ, საპასუხოდ კი „ბარსამ“ მათ ვერაფერი დაუპირისპირა, არანაირი სიმწვავე, არანაირი მაღალი ტემპი, არანაირი რისკი.
მესი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ბურთს ამ პოზიციაზე იღებდა. როგორც წესი, ლეო ასე არგენტინის ნაკრებში თამაშობს ხოლმე, რასაც თავისი მიზეზები აქვს, თუმცა კლუბში მას ასე მოქმედება იშვიათად უწევდა.
"მოედნის მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაშისას ვრისკავთ. პესიმიზმის დრო კიდევ დადგება, ახლა კი მე ვამბობ, რომ კარგ რამეებს ვაკეთებთ“, - ეს, „სევილიასთან“ მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან კიკე სეტიენის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი ფრაზა გახლავთ...
თანამედროვე ფეხბურთში კარგი დაცვა და აქტიური პრესინგი უმაღლეს დონეზეა დახვეწილი. ერთი კონკრეტული მოთამაშის დაკეტვა პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენადაც მაგარი არ უნდა იყოს მესი, მისი ამოკეტვაც შესაძლებელია და ეს არაერთხელ გვინახავს.
ბუსკეცი ერთ თვეში 32 წლის ხდება, რაკიტიჩი 32-ის არის, ვიდალი 33-ის, არტური როგორც მოგახსენეთ 90 წუთს საერთოდ ვერ უძლებს და ზოგადად ფიზიკურ კონდიციებში ძალიან მოიკოჭლებს. გასაკვირი არ არის, რომ ამ გუნდს პრესინგის თამაში უჭირს და ამ მხრივ პრობლემები აქვთ. ნათელი წერტილი მხოლოდ ფრენკი დე იონგია.
ამ პრობლემას ემატება ნახევარდაცვაში ლიდერის არყოფნა, რაც დღემდე გადაუჭრელი თემაა და ცოტა გასაკვირია, თუ რატომ არ ისახავს კლუბი მიზნად მაღალი დონის შუახაზელის შეძენას...
გასული სატრანსფერო ფანჯარა „ბარსამ“ ნეიმარს გადააყოლა, წელს სავარაუდოდ ლაუტარო მარტინესს გადაყვებიან, რადგან ბრაზილიელის ყიდვა უკვე არარეალურია.
სუარესის შემცვლელის ყიდვა გასაგებია და ლოგიკურია, თუმცა ამჟამად ეს მათი ნომერ პირველი პრობლემა ნამდვილად არ არის. მაშინაც კი, როცა გუნდში ნეიმარიც იყო, ლუის ენრიკეს ბოლო სეზონში იგრძნობოდა, რომ შემტევ ტრიოს ნახევარდაცვიდან შესაბამისი დახმარება არ ჰქონდა, MSN--ის დაშლის შემდეგ კი, ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური და თვალშისაცემი გახდა.
ამ მომენტისთვის „ბარსა“ არის გუნდი, რომლის ნახევარდაცვა ვერანაირ ხიფათს და კრეატივს ვერ ქმნის. შემტევი ტრიოდან კი ერთ-ერთი, მთელი მატჩი მოწყენილი სახით მოედანზე ტყუილად დაიარება.
მესის ასაკი ემატება და არ აკლდება. თუ, „ბარსამ“ მისი როლის შემსუბუქება არ დაიწყო, ყოველი მომდევნო სეზონი ლეოსთვის გაცილებით რთული იქნება.
მივედით გრიზმანის პრობლემამდეც...
რატომ ვერ იყენებს ბარსა გრიზმანს სწორად?
ამ გუნდის ქომაგებისთვის სიტყვა რისკი და სითამამე მგონი ყველაზე მარტივად გასაგები რამ არის. ბოლო წლებში „ბარსა“ საერთოდ აღარ რისკავს, რაც მწვრთნელების ფილოსოფიასთან პირდაპირ კავშირშია.
ანტუან გრიზმანის ტრანსფერი თავიდანვე დიდი შეცდომა იყო, რადგან როგორც „ბლაუგრანა“ თამაშობს, მათი სქემიდან გამომდინარე ფრანგის ადგილი მოედანზე აღარ რჩება, რადგან მის სივრცეს მესი სრულად ითვისებს.
ფლანგზე თამაში კი გრიზმანს არ შეუძლია. არც ცხრა ნომრის პოზიციაზე მოაქვს რაიმე სარგებელი.
ანტუანს „ატლეტიკოში“ ფორვარდის უკან მოქმედება ევალებოდა, თუმცა მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა მიცემული.
ნაკრებში კი დეშამმა ის უფრო მეტად ნახევარმცველად აქცია. გრიზმანმა გამთამაშებლის ფუნქციები შეითავსა და ეს იდეალურად გააკეთა, თუმცა ამ სქემამ რატომ და როგორ იმუშავა, ეს თავიდან ბოლომდე მწვრთნელის დამსახურება იყო.
დეშამმა გრიზმანი ნახევარდაცვის სიღრმეში ჩაწია და პოგბასთან მაქსიმალურად ახლოს დააყენა. უარი თქვა მარცხენა ფლანგიდან აგრესიულ და ეფექტურ შეტევებზე. ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე მან მატუიდი გამოიყენა.
თავდაპირველ სქემაში მატუიდი მარცხენა ნახევარმცველად გვევლინებოდა, თუმცა როდესაც ფრანგები თავს იცავდნენ ის მესამე ცენტრალური ნახევარმცველი ხდებოდა და კანტეს აზღვევდა, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა.
ამ მანევრებმა გრიზმანს გამთამაშებლად თამაშის საშუალება მისცა, შეტევაში კი 2 ფორვარდი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. რა უნდა ქნას „ბარსამ“ იმისთვის, რომ გრიზმანი ამგვარად გამოიყენოს?
„ბარსელონას“ მატუიდის ტიპის ნახევარმცველი არ ჰყვას და მოედნის ცენტრში მესის სრული „დიქტატურა“ აქვს დამყარებული.
ნათლად ჩანს, რომ ყველაფრის გადაწყვეტა მესის ყოველთვის არ შეუძლია და ეს არც არის საჭირო. ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ასაკიდან გამომდინარე სასურველია, რომ მესიმ მეტი დრო საჯარიმოსთან ახლოს გაატაროს და მასთან ბურთი სხვებმა მიიტანონ, რაც გუნდს სახიფათო მომენტების შექმნას ერთიორად გაუმარტივებს.
გრიზმანმა თავისი კლასი და შესაძლებლობები ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა. ეს ფეხბურთელი ცოტა მეტ ნდობას და პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე უბრალო რიგით მარცხენა გარემარბად ყოფნას, რომელსაც მეორე ტაიმის შუაწელს გამუდმებით ცვლიან ხოლმე.
ანტუანს მოედნის სიღრმიდან თამაში გამოსდის და ამას „ბარსელონაშიც“ გააკეთებს, თუ მწვრთნელი მას ენდობა და სწორ გეგმას მისცემს. მეორეს მხრივ, მესიმ უფრო წინ უნდა აიწიოს. მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შესვლა ლეოს საყვარელი მანევრია, თუმცა მას, ამის გაკეთება ოდნავ უფრო წინაც შეუძლია და არ არის აუცლებელი მატჩის ნახევარი ბუსკეცის გვერდით დგომაში გაატაროს.
ამ მომენტისთვის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მატუიდის როლს ყველაზე კარგად გამოიყენებს არის ხორდი ალბა.
ესპანელი განაპირა მცველი კარიერის საწყის ეტაპზე ნახევარდაცვაშიც თამაშობდა. შეტევაში მისი ჩართვების შესახებ ყველამ კარგად იცის. ბოლო წლებში კი მან დაცვაში თამაშს მოუკლო. ვალვერდემაც და სეტიენმაც რამდენიმეჯერ ის ნახევარდაცვაში აწიეს, თუმცა ეს ძირითადად შეხვედრის მსვლელობისას ხდებოდა და არა პირველივე წუთებიდანვე.
თუ, კატალონიელები ფრანგულ მოდელს გამოიყენებენ და 120 მილიონიან გრიზმანს მეტ ნდობას გამოუცხადებენ, „ბარსას“ შემადგენლობა დაახლოებით ასეთი იქნება.
გამორიცხულია, რომ „ბარსელონამ“, რომელსაც ბოლო 3-4 წელია ვხედავთ 4-2-3-1 სქემით იმოქმედოს და მოედანზე მხოლოდ 2 ნახევარმცველით ითამაშოს, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, გუნდის ბოლო ორი დამრიგებლიდან რისკის დიდი მოყვარული არცერთი არ არის. აქედან გამომდინარე, მწვრთნელმა რაიმე სიახლე უნდა დანერგოს, უფრო მეტად კრეატიული.
„რომასთან“ და „ლივერპულთან“ შერცხვენის შემდეგ, გუნდში ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ გრიზმანია, რომელსაც ისინი ვერ იყენებენ და დიდი შანსია სეზონის ბოლოს ტრანსფერზეც დააყენონ, რაც კლუბის იმიჯისთვის მორიგი შემარცხვენელი ნაბიჯი იქნება.
არავინ ფლანგავს ამხელა თანხებს ასე გაუაზრებლად და არავინ ანათხოვრებს, ან სკამზე სვამს 140 და 120 მილიონიან მოთამაშეებს...
ფაქტი - გრიზმანს ბოლო 6 წელიწადში, ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს. ბოლო შვიდ შეხვედრაში, არათუ გოლი ვერ გაიტანა, არამედ საერთოდ არც ერთი გოლის შექმნაში მონაწილეობაც არ მიუღია...
მოძრაობის და სივრცის შექმნის პრობლემა - დამაიმედებელი ლა მასიელები
„ბარსას“ ოდნავ მაღალი დონისა და გამართულად მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ დიდი პრობლემები ექმნება. „სევილიასთან“ მატჩზე უკვე ვისაუბრეთ, მომდევნო რთული შეხვედრა კი „ბილბაოსთან“ ჰქონდათ, რომელიც ასევე გაჭირვებით მოიგეს, თუმცა ხსენებულ მატჩში ერთი რამ ნათლად გამოჩნდა.
მეორე ტაიმში, როცა „ბარსას“ გოლის გატანა უკვე აუცილებლად სჭირდებოდა, სეტიენმა თამაშიდან არტური და გრიზმანი მოხსნა, მათ ნაცვლად თინეიჯერთა წყვილი ფატი-პუჩი შეიყვანა.
„ლა მასიას“ აღზრდილებმა თამაში აშკარად გამოაცოცხლეს და მოედანზე მესის მეტი სივრცეც შეექმნა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა. რა იყო ამის მიზეზი?
ანსუ ფატი ტიპიური ფლანგის ფორვარდია - სწრაფი, ტექნიკური, ფეთქებადი, თამაშის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია. მისი გარღვევები და ცრუმოძრაობები მცველთა ყურადღებას იპყრობს.
რიკი პუჩი ამპლუით ზუსტად ინიესტას პოზიციაა. ცენტრიდან თამაშის გამწვავება თავის ასაკობრივ გუნდში ძალიან კარგად გამოსდიოდა და ნელ-ნელა პირველ გუნდშიც ავლენს უნარებს.
ტანმორჩილმა, სწრაფმა და თამამმა მოთამაშემ მოედნის ცენტრიც გამოაცოცხლა, რამაც როგორც უკვე აღვნიშნეთ მესის სივრცეები შეუქმნა.
„ბარსელონას“ თამაში ამ საუკუნეში მეტწილად ასეთი გახლდათ - 4-3-3, სამი ფორვარდი, ორი ფლანგზე, ერთი ცხრიანი, ნახევარმცველთა ტრიოდან ერთი შემტევი და დომინანტი სტილის იყო. კატალონიელები წარმატებას თითქმის ყოველთვის მსგავსი სათამაშო სქემით აღწევდნენ.
ეს წლევანდელი სეზონია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის.
„ბარსას“ მხრიდან ბურთის ასე ლამაზად ამოტანა უკვე რახანია აღარ გვინახავს, არადა ეს მათი ხელწერა იყო, თუმცა გუნდი უკვე დიდი ხანია დამძიმებულ და გახუნებულ ავტომობილს დაემსგავსა, რომელსაც ნაწილების შეცვლა აღარ უშველის - მას მთლიანი ძრავი აქვს გამოსაცვლელი და საჭესთანაც მათთვის შესაფერისი „მძღოლი“ უნდა დაჯდეს...