ოქროს ბურთი - ვის ეკუთვნოდა და ვის არა | მუდამ სადავო თემა
Aa Aa

ოქროს ბურთი - ვის ეკუთვნოდა და ვის არა | მუდამ სადავო თემა

ოქროს ბურთი ფეხბურთის ქომაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. ვინ იმსახურებს ამ პრიზს კონკრეტულ სეზონში? რატომ იმსახურებს და რა კრიტერიუმებით?

ამ თემაზე დავა დაუსრულებლად გრძელდება, რაც თავად ოქროს ბურთის გაურკვეველი კრიტერიუმების ბრალია.

დღემდე ზუსტად არავინ იცის, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმით ანიჭებენ ფეხბურთელებს სეზონის საუკეთესოს წოდებას.

დღეს, შევეცდები ეს თემა უფრო მეტად გავშალო, რამდენიმე საინტერესო მოსაზრება შემოგთავაზოთ და ასევე, რამდენიმე ფაქტი უახლოესი წარსულიდან. საბოლოოდ კი თავადვე შევეცადოთ ცოტათი მაინც, ამ თემის ირგვლივ არსებული ბურუსი შეძლებისდაგვარად გავფანტოთ.

2002-03 წლების სეზონი და პაველ ნედვედი - როცა ყველაფერი მკაფიო იყო

ხსენებული სეზონი პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ობიექტური და მისაღებია. რატომ? შევეცდები გასაგებად ავხსნა.

2002-03 წლების სეზონში ტურინის „იუვენტუსმა“ სერია ა ისტორიაში ოცდამეშვიდედ მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც შთამბეჭდავად იასპარეზა, თუმცა განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში გუნდის ლიდერი პაველ ნედვედი დაკარგა.

აბსოლუტურად უწყინარი სიტუაცია და გაუაზრებელი ყვითელი ბარათი, რომელმაც ჩეხს საოცნებო ფინალი გამოატოვებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ნედვედმა ფინალში „მილანის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა და „იუვენტუსმა“ ის წააგო, ოქროს ბურთის მფლობელი მაინც ჩეხი გახდა.

დღეს ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. ხსენებულ სეზონში ნედვედის სტატისტიკა ასეთი იყო - ყველა ტურნირზე ჯამში 46 მატჩი, 14 გოლი, 17 საგოლე გადაცემა.

ამ წელს, ოქროს ბურთის ათეული ასე გამოიყურებოდა: 1 - პაველ ნედვედი, 2 - ტიერი ანრი, 3 - პაოლო მალდინი, 4 - ანდრეი შევჩენკო, 5 - ზინედინ ზიდანი, 6 - რუუდ ვან ნისტელროი, 7 - რაული, 8 - რობერტო კარლოსი, 9 - ჯანლუიჯი ბუფონი, 10 - დევიდ ბექჰემი.

მიუხედავად იმისა, რომ ნედვედის სტატისტიკა არც ისეთი შთამბეჭდავი იყო და პლუს ამას, მან ფინალიც გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა წააგო, ჩეხმა ოქროს ბურთი სრულიად დამსახურებულად მიიღო, რადგან გუნდის თამაშზე მისი გავლენა გადამწყვეტი გახლდათ.

ნედვედი „იუვენტუსის“ თამაშს ქმნიდა და მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ეს იყო დრო,  როცა საუკეთესოს სტატუსს მხოლოდ გოლები არ განსაზღვრავდა. მთავარი გახლდათ ის, თუ რამდენად დიდი იყო შენი როლი გუნდის წარმატებაში და რამდენად დიდი იყო შენი გავლენა შედეგზე.

ნედვედს, რომ ფინალურ მატჩში მონაწილეობა მიეღო, შესაძლოა მატჩი სულ სხვა შედეგით დასრულებულიყო, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს...

რატომ ვეღარ იგებენ მცველები ოქროს ბურთს? კანავაროს ფენომენი

2006 წელს, ფაბიო კანავაროს აღიარების შემდეგ, ოქროს ბურთი მცველს აღარ მოუგია. ბევრი თვლის, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

"დროა, რომ ოქროს ბურთის რეფორმირება მოხდეს. ეს უკვე მოსაწყენი და ერთფეროვანია. ყველაფერი თავდამსხმელებს შორის პოპულარულობის კონკურსს დაემსგავსა". - ფილიპ ლამი.

ლამის პოზიცია გასაგებია. 2006 წელს, კანავარომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაცვაში თამაშის დღემდე არნახული ოსტატობა გამოავლინა.

შესაძლოა მასზე მაღალი დონის მცველებიც არსებობენ, რომლებიც კარიერულად უკეთესები არიან, თუმცა, გერმანიის მუნდიალზე რა თამაშიც კანავარომ აჩვენა, ისტორიაში მსგავსი დონის ტურნირი არცერთ მცველს არ ჰქონია.

„სკუადრა აძურას“ ჩემპიონობაში ბუფონთან ერთად კანავაროს როლი განუსაზღვრელად დიდი იყო. სწორედ ეს გახდა ოქროს ბურთის მიღების მთავარი განმაპირობებელი.

ალბათ გახსოვთ, რა სეზონი ჩაატარა რონალდინიომ 2005-06 წლებში. „გაუჩომ“ „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კარიერაში ცალსახად პიკი ჰქონდა, თუმცა მუნდიალი ჩააგდო და ამ ფაქტის გამო ის ოქროს ბურთის საუკეთესო სამეულშიც ვერ მოხვდა. ფიფას ჯილდოზე კი მას მხოლოდ მე-3 პოზიცია ხვდა წილად.

გასულ სეზონში კი იყო დიდი კამათი - რატომ არ გადასცეს ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დეიკს?

ბოლო წლებში ოქროს ბურთის კრიტერიუმები აშკარად შეიცვალა, თუმცა არ ვიცით კონკრეტულად როგორ და რატომ.

დღეს, შენ დაცვაში კარგი თამაშის გამო ოქროს ბურთს არავინ მოგცემს, თუ კანავაროს დონის თამაში არ აჩვენე და ისიც მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გააკეთო.

თანამედროვე ფეხბურთში მცველებს რაღაც უფრო მეტსაც თხოვენ...

ბოლო ათწლეულში, თუ რომელიმე მცველი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში სერხიო რამოსია.

მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა - რამოსი როგორც მცველი კარიერულად კანავაროს, მალდინის და ნესტას დონეზე არ იმყოფება, თუმცა როგორც ფეხბურთელი მათ სჯობს.

თანამედროვე ფეხბურთში მცველებისგან გაცილებით მეტს ითხოვენ. რამოსს აქვს უდიდესი ქარიზმა და ლიდერის თვისებები. მას გუნდის აყოლიება შეუძლია. საჭირო დროს ის თანაგუნდელებს მუხტავს და ძალიან ხშირად გადამწყვეტი გოლებიც გააქვს. დაცვაში კი „რეალი“ მის გარეშე უკიდურესად სუსტად გამოიყურება. გავიხსენოთ თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი მატჩი „აიაქსთან“. რა დღეში ჩააგდეს ამსტერდამელებმა მადრიდელთა უკანა ხაზი, რომელიც კაპიტნის გარეშე თამაშობდა...

10-15 წლის წინ სხვა მოთხოვნები იყო, დღეს კი სულ სხვა არის. რამოსიც დროს უწყობს ფეხს და ეს შესანიშნავადაც გამოსდის. ყოველმხრივ იდეალური არავინ არის, თუმცა ესპანელი მათ შორის ყველაზე დაბალანსებული ცენტრალური მცველია, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთში უთამაშია.

სწორედ ამიტომ არ გადასცეს ვან დეიკს ოქროს ბურთი. ის მესის ხვდა წილად, რომელიც თვლიდა, რომ სამეულში ყოფნას ვირჯილის თანაგუნდელი სადიო მანე იმსახურებდა:

"სირცხვილია მანემ მეოთხე ადგილი რომ დაიკავა. წლეულს ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო და ერთი ფეხბურთელის გამორჩევა რთული ზუსტად ამიტომ გახლდათ. მანეს თამაში მომწონს და The Best-ის დაჯილდოებაზე ხმა მას მივეცი. მანეს "ლივერპულთან" ერთად წარმატებული წელიწადი ჰქონდა და ის სწორედ ამიტომ ავირჩიე".

ეს უკვე ცალკე თემაა და პიარის ფენომენია. არ მგონია, რომ მანე „ლივერპულისთვის“ ვან დეიკზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ან არის, თუმცა სამეულში მისი ადგილი ვერ მოიძებნა.

მესი და რონალდუ - რატომ ისინი და რატომ არა სხვები?

ამ ორი მონსტრის კარიერაში იყო რამდენიმე სეზონი, როცა ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი თვლიდა, რომ მათ ოქროს ბურთი არ ეკუთვნოდათ.

2010 წელს, მესიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, ლა ლიგა მოიგო, ითამაშა ჩვეულ სტილში არანორმლაურად მაგრად, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა, კარგად ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, მაგრამ ოქროს ბურთი მაინც მას ერგო, რაც დიდად გასაკვირი არც ყოფილა. იმ სეზონში მის დონეზე არავის უთამაშია.

ბევრის აზრით, პრიზს ანდრეს ინიესტა, ან უესლი სნეიდერი იმსახურებდნენ. რატომ? ესპანელმა ლა ლიგასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გუნდის ლიდერიც იყო. გადამწყვეტი გოლიც მის ანგარიშზეა.

სნეიდერმა საკლუბო დონეზე „ტრებლი“ შეასრულა და ყველაფრის მოგება შეძლო, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა და მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

2013 წელი, მიუნხენის „ბაიერნმა“ საოცარი სეზონი ჩაატარა და ყველა ტურნირი მოიგო, რომელზეც თამაშობდა. რიბერი გუნდის ლიდერი იყო და ბევრი ელოდა, რომ ოქროს ბურთსაც მიიღებდა, თუმცა პრიზი რონალდუს ერგო.

"ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თითქოს ჯილდო მომპარეს. რა თქმა უნდა, ჩემ ქვეყანაში ხალხის ნაწილი მხარდაჭერას მიცხადებდა, მაგრამ არა მთელი საფრანგეთი. ჩემი თანამემამულეები რონალდუს საჯაროდ უჭერდნენ მხარს. როგორ გგონიათ, პორტუგალიაში რომელიმე ადამიანი მე ან მესის, რონალდუზე წინ დააყენებდა? რა თქმა უნდა, არა. 2013 წელს ყველაფერი მოვიგე და ვთვლი, რომ ტიტულს ვიმსახურებდი".

რატომ გადაეცა ეს ორი საკამათო ოქროს ბურთი მესისა და რონალდუს? ბოლო 10-12 წელიწადში ამ ორმა თამასა ძალიან მაღლა აწია.

გოლები, სტატისტიკები, რეკორდები - რაც ადრე კარგ შედეგად ითვლებოდა, დღეს მესი-რონალდუს შედეგების ფონზე სასაცილოდ მოსჩანს.

მათი მინდორზე ყოფნა გუნდის თამაშზე იმდენად დიდ გავლენას ახდენს, როგორიც ამ საუკუნეში ჯერ არ გვინახავს.

უმაღლეს დონეზე თამაშობდა ინიესტაც, სნეიდერიც და რიბერიც, თუმცა უეფამ და ფიფამ მესისა და რონალდუს გამოჩენის შემდეგ, კრიტერიუმებს გადახედეს და ისინი შეცვალეს.

არც ჩემპიონთა ლიგა და არც მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა პრიზი მაინც მათია. როდესაც რონალდუ, ან მესი სეზონის მთავარ ტურნირს იგებს, ცხადი ხდება, რომ ოქროს ბურთი მათი იქნება, მაგრამ 2010 და 2013 წლებში განსხვავებული რამ ვიხილეთ.

იმ მომენტში უეფა და ფიფა მზად არ აღმოჩნდნენ, რომ მათთვის პრიზის გადაცემაზე უარი ეთქვათ. თუმცა, მოგვიანებით ამაზე დაფიქრდნენ...

ხალხი უკვე შეეჩვია მათი რეკორდების ცქერას და სხვა ფეხბურთელების შედეგებს არ აფასებს, რაც გასაგებიც არის. მსგავს ეპოქას კიდევ მოვესწრებით, თუ არა არავინ იცის.

როგორც აღვნიშნე, „ზემოთ“ ნელ-ნელა დაფიქრდნენ და რაღაცები შეცვალეს. შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვანი რამ მოხდა - რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ოქროს ბურთი მის თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩს გადაეცა.

ეს იყო წლების მანძილზე დაგროვილი ეჭვები და უამრავი მოსაზრების ნაზავი, რომელმაც საბოლოოდ იფეთქა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

მოდრიჩმა ყველა ის ტიტული მოიგო, რაც რონალდუმ. შესაძლოა გუნდში მისი როლი პორტუგალიელის მსგავსი არ იყო, თუმცა „რეალის“ თამაშზე ლუკას გავლენა უდიდესი გახლდათ.

შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯერიც დადგა, სადაც მოდრიჩმა და ხორვატიამ ფინალამდე მიაღწია, ლუკა იქაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, რონალდუმ კი გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა.

ფეხურთელთა დაუფასებლობა - France Football-ი დაფიქრდა და ცვლილებები დაიწყო. რატომ გადასცეს პრიზი მოდრიჩს?

„ეს სტატია გამოსაქვეყნებელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ დიდი ხნის წინ შევთანხმდით, რომ ინიესტას ნომინანტთა შორის არ ყოფნა შეცდომა იყო.

ის (ინიესტა) არ ყოფილა უბრალოდ ფეხბურთელი, იგი დიდებული მოთამაშე გახლდათ.

მისი გუნდზე ორიენტირებული თამაში ინიესტას ოქროს ბურთის მოგების შანსებს უმცირებდა. მან დაამტკიცა, რომ ტვინი არის ყველაზე მთავარი რამ, როდესაც საქმე ჩემპიონობასთან გვაქვს.

როცა ოქროს ბურთის გამარჯვებულებზე ვსაუბრობთ, ინიესტა არის უდიდესი დანაკლისი. ჩვენთვის ეს მტკივნეული თემაა.

იმედი გვაქვს, რომ შენ მსოფლიო ჩემპიონატზე ღვთაებრივი პერფორმანსი გექნება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ „დემოკრატიული ანომალია“ აღვადგინოთ“.

ეს სიტყვები France Football-ის მთავარ რედაქტორს პასკალ ფერეს ეკუთვნის, რომელმაც ამ წერილის გამოქვეყნებით უპრეცედენტო რამ გააკეთა.

ინიესტამ და ესპანეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოიგეს და რა თქმა უნდა, ანდრესი ოქროს ბურთის გარეშე დარჩა.

ეს არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მიიღო ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩმა. France Football-მა გააკეთა ის, რაც ინიესტას შემთხვევაში ვერ შეძლო.

ამ ნაბიჯით, მათ საფეხბურთო სამყაროს დაანახეს, რომ მოვიდა დრო მესისა და რონალდუს ეპოქალურ ჭიდილში ვინმე ჩაერიოს.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აზრი ორად გაიყო, თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მოდრიჩი კი გამოხმაურებებმა გააღიზიანა და ასეთი რამ თქვა: „თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელის სათამაშო ხარისხზე და შესაძლებლობებზე და ოქროს ბურთს მხოლოდ ამ კრიტერიუმებით გადავცემთ, ამ შემთხვევაში ჯილდოსთვის მხოლოდ მესი და რონალდუ იბრძოლებენ.

როგორც ვიცით, ოქროს ბურთს კონკრეტულ სეზონში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გადასცემენ. ამას მწვრთნელები, ლეგენდარული ფეხბურთელები და აკრედიტირებული ჟურნალისტები გადაწყვეტენ. თუ ისინი ახლა შეცდნენ, ესეიგი გამოდის, რომ ყოველთვის ცდებოდნენ?

არ შეიძლება იმ აზრის დაშვება, რომ ვინც ხმის მიცემის პრივილეგიას ფლობს, 10 წლის განმავლობაში ნდობას იმსახურებდნენ და ახლა, როცა ხმა მე მომცეს იმწამსვე თაღლითები და მატყუარები გახდნენ“.

ეს უკვე ისტორიის ნაწილია და როგორც შემდეგ ვიხილეთ, ოქროს ბურთისთვის ბრძოლა ჯერ არც მესის და არც რონალდუს დაუსრულებიათ. ისინი დომინირებას კვლავ განაგრძობენ და ჩვენ მათი კარიერის ბოლო წლებით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ.

ერთი რამ ნათელია - 15-20 წლის წინ, ოქროს ბურთი ძალიან არაპროგნოზირებადი გახლდათ. წინასწარ არავინ იცოდა, ვინ მიიღებდა პრიზს. ახლა კი 4-5 თვით ადრე ყველამ ყველაფერი იცის.

ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - კრიტერიუმები შეიცვალა, რომლებზეც გავლენა მესი-რონალდუს ეპოქამ მოახდინა. ფეხბურთის უმაღლეს ეშელონებში მყოფი ადამიანები მიხვდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდათ საქმე.

ჩემი აზრით, ბოლო წლებში ფეხბურთელთა საერთო დონე დაეცა. ადრე გაცილებით მეტი და მაღალი დონის მოთამაშე იყო, თუმცა ამ ეპოქას მესი და რონალდუ ჰყავს, რომლებმაც ყველანაირი საზღვარი გადაკვეთეს და წესები შეცვალეს.

რა იქნებოდა მათ, რომ ცოტათი ადრე ეთამაშათ? ან, იმ დროინდელი ვარსკვლავებიდან, რომელიმეს დღეს ეთამაშა? რივალდო თავის შეხედულებას გვიზიარებს:

„ჩემ დროს ყველაფერი სხვანაირად იყო. ოქროს ბურთზე პრეტენზიას ბევრი მოთამაშე აცხადებდა - ფიგუ, ტოტი, დელ პიერო. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. რა მოხდებოდა დღეს, რომ მეთამაშა? გეტყვით, რომ მესისა და რონალდუს კონკურენციას გავუწევდი, რადგან ჩემ დროს ფეხბურთის თამაში გაცილებით რთული იყო".

რივალდოს პოზიცია საინტერესო და სადაოა. ამაზე აზრის დაფიქსირება თქვენთვის მომინდია...

ის, რაც აუცილებლად დასახვეწია

2019 წელს ოქროს ბურთის მფლობელი ლეო მესი გახდა. France Football-მა 176 ჟურნალისტის ხმა მიიღო. თითოეულმა რესპოდენტმა თავისი რჩეული ხუთეული დაასახელა. ბუნებრივია უმეტესობამ არჩევანი მოწინავე სამეულში მყოფ მოთამაშეებზე შეაჩერა, თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ.

გვატემალის წარმომადგენლით დავიწყოთ, რომელმაც ლიონელ მესი თავის ხუთეულში არ შეიყვანა. მან ალისონ ბეკერი, ვან დეიკი, ფრენკი დე იონგი, რობერტო ფირმინო და მოჰამედ სალაჰი გამოარჩია, ზუსტად ამ თანმიმდევრობით. ალბათ მარტივად გამოიცნობთ რომელი გუნდის ქომაგია ის... გვატემალელს ხორვატმა კოლეგამაც მიბაძა: 1 - რონალდუ, 2 - ალისონი, 3 - აგუერო, 4 - ვან დეიკი, 5 - მბაპე.

ლიბანის წარმომადგენელმა პირველი ადგილი მესის მიაკუთვნა, მაგრამ მეორე პოზიცია რიად მაჰრეზს არგუნა. სერბმა ჟურნალისტმა ტოპ 5-ში დუშან ტადიჩი შეიყვანა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ, ტადიჩი ხომ სერბია, მაგრამ მის ხუთეულში რონალდუ და ვან დეიკი არ იყვნენ - მესი, ალისონ ბეკერი, ლევანდოვსკი, ტადიჩი, მაჰრეზი.

სერბი კოლეგის სულისკვეთება სამრეთ კორეელმაც გაიზიარა და სონი გამოარჩია. ტოგოელმა ჟურნალისტმა მესამე ადგილი უგო ლორისს მისცა, მაგრამ შრი ლანკის წარმომადგენელს მაინც ვერავინ შეედრება. ამ უკანასკნელის ხუთეული ასე გამოიყურება: 1 - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, 2 - ობამეიანგი, 3 - გრიზმანი, 4 - ლევანდოვსკი, 5 - ტერ შტეგენი.

საკმაოდ ხშირად გვინახავს მსგავსი უცნაური და არაადეკვატური გადაწყვეტილებები, რაც ასეთი დონის ჯილდოსთვის შეუფერებელია.

კარგად გვახსოვს, თუ როგორ მისცა (არაერთხელ) თავისი ხმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ უეინ რუნის, როცა უმთავრესი კანდიდატები მესი და რონალდუ იყვნენ.

მსგავსი რამ ხდება ოქროს ბურთის შემთხვევაშიც. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი მარტივია. როდესაც მოწინავე სამეული გამოვლინდება, შემდგომში ხმის მიცემისას ყველა ჟურნალისტმა თავისი ხმა მხოლოდ მთავარ 3 კანდიდატს უნდა მისცეს, რაც გაცილებით ობიექტური იქნება.

ბოლოს კი კითხვის დასმით დავასრულებ, რომ შემდგომ პოლემიკა თქვენ განაგრძოთ...

იმედია ამ თემასთან დაკავშირებით ფაქტები და მოსაზრებები ამომწურავად გადმოგეცით. საინტერესო იქნება, თუ რას ფიქრობთ თქვენ მკითხველები - რამდენად ობიექტურია ოქროს ბურთის ამჟამინდელი კრიტერიუმები და რომელი წლის გამარჯვებულს თვლით უსამართლოდ?

გაზიარება: