ჯერვონტა დევისი - ჩემპიონი, რომელიც კრივმა გადაარჩინა
Aa Aa

ჯერვონტა დევისი - ჩემპიონი, რომელიც კრივმა გადაარჩინა

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამდენს მივაღწევდი. დედაჩემი ნარკოტიკებს მოიხმარდა... მამაჩემი ციხეში იჯდა... ბებიაჩემს დაახლოებით სამი წელი დასჭირდა, რათა ჩემი და ჩემი ძმის დაბრუნება მოეხერხებინა. ამ პერიოდში, რამდენიმე მიმღებ ოჯახში ვიყავით და ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა, თითქოს ბორკილები გვედო და არაფერი შეგვეძლო.

მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, რომ მეგონა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ურთულესი პერიოდი გამოვიარე. კრივმა ჩემი და კიდევ უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აქ სრულდება. ჩვენ უკან ბევრი ბავშვი დგას, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და მათ არ უნდა ვუღალატოთ“. ეს სიტყვები ბალტიმორელ მოკრივეს, ჯერვონტა დევისს ეკუთვნის და დღეს სწორედ მის შესახებ მოგიყვებით.

28 წლის ამერიკელმა, მეტსახელად „ტანკმა“, ურთულესი გზა გაიარა და წარმატების მისაღწევად უამრავი დაბრკოლება გადალახა. დევისი დღესდღეობით, ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება. მას 29 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ნოკაუტის გაფორმება მხოლოდ ორჯერ ვერ მოახერხა. რამდენიმე საათის წინ, მან რაიან გარსია დაანოკაუტა და უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება...

დევისი რომ ცოცხალია, დიდი სასწაულია. იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქალაქში, ბალტიმორში, დაიბადა და უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა. მისი მშობლები კოკაინს მოიხმარდნენ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები კი უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვის გადაბირებას აქტიურად ცდილობდნენ.

„ბალტიმორი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ვიღაცებს უნდოდათ, მათ მხარეს ვყოფილიყავი და რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდეც. ბავშვობაში ქუჩაში ან სკოლაში ყოველდღე ვჩხუბობდი. იყო შემთხვევები, როცა მონაწილეობას ჩემი ძმის ჩხუბებშიც ვიღებდი. ასეთი ცხოვრება მქონდა და მას გვერდს ვერ ავუვლიდი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ბიძაჩემმა დამინახა და რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა, რომ აუცილებელი იყო ნეგატივი პოზიტივად გვექცია“.

ბიძამისისა და მეორე ბიძის ფინანსური დახმარების წყალობით, ჯერვონტამ კრივის ეკიპირება შეიძინა და სპორტდარბაზში სიარული დაიწყო. არ ვიცი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი, The Wire ნანახი გაქვთ თუ არა, მაგრამ იქ არის ერთი პერსონაჟი, სახელად, დენის „ქათი“ უაიზი, ვისი შექმნაც სცენარისტებს კელვინ ფორდმა, იმ სპორტდარბაზის მფლობელმა შთააგონა, რომელსაც ახალგაზრდა დევისი ესტუმრა.

ფორდმა რეკეტისა და წინასწარი განზრახვით ჩადენილი ჯგუფური დანაშაულის გამო, გისოსებს მიღმა 10 წელი გაატარა. ციხის დატოვების შემდეგ კი, ცხოვრების შეცვლა სცადა. მან, სპეციალურად ღარიბი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, სპორტდარბაზი გახსნა, სადაც ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა შეგირდებმა მის მიერ დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ და სწორი გზით იარონ.

„დევისი პირველივე დღიდან ჩემთან ერთად იყო. გუშინდელივით მახსოვს, რომ 7 წლის იყო, როცა დარბაზში შემოაბიჯა. იმ პერიოდში ჩემი შვილი, ქაადირი ჩემთან ვარჯიშობდა და მითხრა, ჯერვონტა მენახა, რომელიც მისი თქმით, ელვასავით სწრაფი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ მე და დევისმა რაღაც მხრივ ერთმანეთის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ამჟამად, სპორტდარბაზში 80-მდე ბავშვი დადის და ტანკის წყალობით, მათ იმედი აქვთ! მათ სჯერათ, რომ შეძლებენ იგივე გზა გაიარონ, რაც დევისმა გაიარა და უმაღლეს მწვერვალზე ავიდნენ“, - აცხადებს კელვინ ფორდი.

„ტანკი“ ბალტიმორის ქუჩებში იზრდებოდა. ნარკოტიკები, იარაღი და ძალადობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. კრივი ერთადერთი იყო, რასაც მისი გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ბალტიმორის კრიმინალურ სამყაროს გავლენა კრივზე და ფორდის სპორტდარბაზზეც ჰქონდა. დევისის თანაგუნდელები, რომლებიც მასთან ერთად ვარჯიშობდნენ, სპორტდარბაზს ერთიმეორეს მიყოლებით ტოვებდნენ. მათი ნაწილი კრივზე უარს ამბობდა და კრიმინალურ ცხოვრებას ირჩევდა, დანარჩენებისთვის კი ყველაფერი ფატალურად სრულდებოდა და ისინი ბალტიმორის სასტიკი ცხოვრების მსხვერპლი ხდებოდნენ.

„სპორტდარბაზში, რინგს მიღმაც ხშირად ვჩხუბობდი, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს იქ ყოფნისას იმ სიყვარულს ვიღებდი, რომელიც სახლში ძალიან მაკლდა. სკოლის შემდეგ, დაახლოებით, 14:30-ზე პირდაპირ სპორტდარბაზში მივდიოდი და ყოველთვის პირველი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი 16:30-ზე იღებოდა, გული მხოლოდ მისკენ მიმიწევდა. ყველაზე პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად ვჩხუბობდი და მეტოქეები სერიოზულ საფრთხედ აღმიქვამდნენ. კრივი და ფორდის სპორტდარბაზი რომ არა, ბალტიმორის ქუჩებში გიჟივით ვირბენდი და არავინ იცის, ჩემი ცხოვრება როგორ დასრულდებოდა. საბედნიეროდ, ბრძოლების უმეტესობაში ვიმარჯვებდი და ტურნირებში მონაწილეობას ხშირად ვიღებდი, რის გამოც ბალტიმორისგან შორს დიდ დროს ვატარებდი. 

იყო მომენტები, როცა კელვინის სახლში მეძინა და ხანდახან მის სამსახურშიც ვიძინებდი. ის ყველანაირად გვერდში მედგა... მახსოვს, სპორტდარბაზში დადიოდნენ ბავშვები, რომლებიც ქუჩაში დიდ დროს ატარებდნენ და კელვინი მათ ეუბნებოდა: „არ შეიძლება, ცალი ფეხი ქუჩაში ჰქონდეთ და ცალი ფეხი - აქ! მთელი ყურადღება საკუთარ მიზნებზე უნდა გადაიტანოთ“. იმ ბიჭებმა მას არ დაუჯერეს და ყველა მათგანის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ჩემ გარშემო ასეთი ხალხი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, დღეს ცოცხალი მეც არ ვიქნებოდი.“.

ჯერვონტა დევისი თავდაუზოგავად მუშაობდა და სხვებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. 10 წლის ასაკში იგი Silver Gloves-ის ტიტულს დაეუფლა, 2013 წელს კი, პროფესიონალურ დონეზე ბედის ცდა გადაწყვიტა. სამოყვარულო დონეზე „ტანკმა“ 206 ბრძოლაში იმარჯვა და მხოლოდ 15-ჯერ დამარცხდა.

„პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ წარმატებას მიაღწია, მართლაც ასე იყო. მახსოვს, სამოყვარულო დონეზე გამართულ მის ბოლო ბრძოლას 2000 გულშემატკივარი დაესწრო. ტანკი სხვებისგან განსხვავებული იყო და მას მხოლოდ სპორტდარბაზში ყოფნა აინტერესებდა. იგი ნამდვილი მებრძოლია და ყოველთვის უნდოდა, ნომერ პირველი ყოფილიყო“ - იხსენებს ფორდი.

დევისმა სადებიუტო ბრძოლა 2013 წელს გამართა და დესი უილიამსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მალევე მან ფლოიდ მეივეზერის კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. 2017 წელს „ტანკმა“ IBF-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ორი წლის შემდეგ კი მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა. ბალტიმორში, რიკარდო ნუნესის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლის წინ, ბალტიმორის მერმა, მას ქალაქის გასაღები გადასცა.

„მთავარი მიზეზი... რის გამოც ბალტიმორში დაბრუნება და ბრძოლის გამართვა გადავწყვიტე, გახლდათ ის, რომ აქ უამრავ ადამიანს კლავენ. მინდა, ხალხმა დამინახოს, როგორც იმედის სიმბოლო და მათი გაერთიანება შევძლო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ქალაქის გასაღებს გადმომცემდნენ. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და მინდა, ბალტიმორის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო. მინდა, ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩას შეეკედლნენ და გამოსავალს ვერ ხედავენ, დავარწმუნო, რომ სხვა გზაც არსებობს.

კრივი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბალტიმორში უამრავ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც კრივს მისდევდნენ, მაგრამ ქალაქში არსებულ ძალადობას ემსხვერპლნენ. ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი, რომ სპორტდარბაზში დასარჩენად საჭირო ძალა მომცა და დამეხმარა, მოკრივე გავმხდარიყავი“. 

დევისმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და კრივმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ არ გეგონოთ, რომ კრიმინალური წარსული მას თავს ანებებს.

2017 წელს სასამართლომ დევისის დაკავების ორდერი გასცა. დევისს ბრალს ახალგაზრდა პირისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში სდებდნენ. ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ „ტანკის“ წინააღმდეგ სარჩელი მისი ბავშვობის მეგობარს, ენტონი უილერს შეუტანია. 2017 წლის ოქტომბერში სასამართლო სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც, უილერმა საქმის გაგრძელება აღარ ისურვა და სარჩელი გამოიტანა.

2018 წლის 14 სექტემბერს, დევისი ვაშინგტონის პოლიციამ დააპატიმრა. სამართალდამცველების მიხედვით, მან და კიდევ ერთმა მამაკაცმა ქუჩაში ჩხუბი დაიწყეს. ამერიკული პრესის მიხედვით, დამნაშავეებმა პოლიციის მისვლამდე შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

2020 წლის 1-ელ თებერვალს, დევისი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ყოფილი მეგობარი გოგონას წინააღმდეგ იძალადა. ინციდენტი მაიამის უნივერსიტეტში მდებარე საკალათბურთო დარბაზში, ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას მოხდა...

2022 წლის დეკემბერში დევისი დააპატიმრეს და ბრალად ქალბატონზე ძალადობა ედებოდა.

2023 წლის 16 თებერვალს დევისმა საგზაო წესების დარღვევა აღიარა. მათ შორის 2020 წელს მომხდარი ინციდენტი, რომლის შემდეგაც დაზიანება 4-მა ადამიანმა მიიღო. ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონი გახლდათ. ამ საქმეზე ჯერვონტას განაჩენს 5 მაისს გამოუტანენ.

ფორდის თქმით, დევისი შუქურაა, რომელიც ახალგაზრდებს გზას უნათებს, მაგრამ სამწუხაროდ, არის მომენტები, როცა ამერიკელი მოკრივე ისე ვერ ანათებს, როგორც საჭიროა.

გაზიარება: