როდესაც ადამიანი რაიმე კარგს ნახავს, მისი ხელმეორედ ხილვა ბუნებრივი რეაქციაა, რადგან მის გემოვნებას აკმაყოფილებს. რამე კარგი წიგნი? წაიკითხე და ავტორმა მოგხიბლა, გინდა რომ მისი მორიგი ნაშრომი იხილო. რამე კარგი ფილმი ნახე? მისი რეჟისორის სხვა ნამუშევრებსაც გაეცნობი, რომ ის გრძნობა კიდევ ერთხელ განიცადო, რაც იმ მომენტში გქონდა. ასევეა სპორტშიც...
როდესაც, რომელიმე კლუბის, ან ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩს იხილავ და მისით მოიხიბლები, შინაგანად იგრძნობ, რომ ეს შენ გემოვნებასთან ახლოსაა, შემდეგ მათი მონაწილეობით სხვა შეხვედრებსაც ნახულობ და უკვე გულშემატკივრად ყალიბდები, თუმცა მუდმივი არაფერია და სპორტში ხდება ხოლმე, როცა შენი საყვარელი გუნდი იმ თამაშს ვეღარ აჩვენებს, რისთვისაც ის შეგიყვარდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა უღალატო და სხვის მხარეს გადახვიდე.
ბევრ გუნდს ჰქონია ჩავარდნა და შემდეგ ძველი დიდება დაუბრუნებიათ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ჩვენი გულები დაიპყრეს და შემდეგ, წლობით „გაუჩინარდნენ“ - მათგან მხოლოდ სახელი და მოგონებები დარჩა.
დაუსრულებელი კრიზისი, ჭაობი, რომელსაც ფსკერი არ აქვს - დღეს არგენტინის ნაკრებზე და მის პრობლემებზე მინდა ვისაუბრო, რომელიც გაცილებით ღრმაა და მხოლოდ ზედაპირულად შემადგენლობის სწორ და არასწორ შერჩევას არ ეხება.
„ალბისელესტეს“ ყოველთვის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა. მოედანზე დანთებული ცეცხლი ტანგოს ჰანგებით, რომელიც მილიონობით ადამიანის გულს ათბობდა და იპყრობდა. თუ, ერთხელ მაინც არგენტინის ნაკრების შესრულებით ის თამაში იხილე, რომელიც ბევრ ჩვენგანს ახსოვს, შემდეგ რთულია მათი სიყვარული გულიდან ამოიგდო. ეს ქალის შეყვარებასავით არის - როდესაც მის სილამაზეს სრულად იხილავ და შემდეგ, გულში სხვისთვის ადგილი აღარ გრჩება. დადიხარ „დამწვარი“ და თავში მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს - მისი კიდევ ერთხელ ნახვა, რათა ის განიცადო, რასაც გემო ერთხელ უკვე გაუსინჯე.
როცა ასეთ ემოციას განიცდი, შემდეგ კი წლების მანძილზე მის გარეშე რჩები, უყურებ იმ ფერებში მოთამაშე „ტიპებს“, რომლებიც შენში ტკბილ მოგონებებსაც კი ვერ აღვიძებენ...
1993 წელს, კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, არგენტინის ნაკრებს დიდ ტურნირებზე წარმატებისთვის აღარ მიუღწევია. რა არის ამის მიზეზი? ჩემი აზრით, მიზეზი ორია...
პირველი მიზეზი - არგენტინა და ზოგადად სამხრეთ ამერიკა ფეხბურთს ჩამორჩა
ბოლო 20 წელიწადში გამართულ დიდ სანაკრებო ტურნირებზე „ალბისელესტეს“ პრობლემები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მათ უბრალო გულშემატკივრებიც მარტივად ამჩნევდნენ და გამოსავალზე ყველა საუბრობდა, ვისაც არ ეზარებოდა.
არგენტინას ნიჭიერი თაობა ყველა ათწლეულში ჰყავს, თუმცა ფეხბურთმა 90-იანი წლებიდან განვითარება და ევოლუცია სწრაფი ტემპით დაიწყო, რასაც „ალბისელესტე“ ჩამორჩა. ისინი დროს ჩამორჩნენ.
ბოლო წლებში მწვრთნელებმა ტაქტიკა იმდენად დახვეწეს, რომ ძლიერი სპეციალისტის გარეშე, შენი ვარსკვლავური შემადგენლობა მინდორზე ბევრს არაფერს ნიშნავს და წარმატების გარანტად ვერ გამოდგება.
საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ლამაზად თამაშობდე, შენ გუნდი უნდა იყო. არგენტინა კი გუნდი უკვე დიდი ხანია აღარ არის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქმისადმი მიდგომა - რამდენად თავმდაბალი ხარ შენ, რამდენად უსწორებ თვალს პრობლემებს და მათ არსებობას აღიარებ, შემდეგ ობიექტურ გამოსავალს ეძებ. არგენტინულ ფეხბურთში დასაქმებული ხალხის დახასიათება ერთი სიტყვით შეიძლება - დილეტანტები.
როცა პრობლემის არსებობს აღიარებ, მისი გადაჭრა მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლება. არგენტინული ფეხბურთის მმართველები კი ჯიუტი ხეპრეები არიან, რომლებიც ძირითადად ფულის კეთებითა და თვალებში ნაცრის შეყრით კავდებიან.
კლაუდიო ტაპია - არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ახლახანს მეორე ვადით აირჩიეს. ეს კაცი მათთან არსებულ რეალობას იდეალურად გამოხატავს.
მათი მთავარი მიზანი არის გამდიდრება, მეტი ფულის შოვნა და საამისოდ ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამასთან ერთად შედეგის იმედიც აქვთ, რადგან მესი ჰყავთ.
ფულის კეთების ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდი ფეხბურთელებით ბიზნესის წარმოებაა. როგორ? „ალბისელესტეს“ განაცხადში ხშირად შევხვდებით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ადგილობრივ ჩემპიონატში ასპარეზობენ და ბევრს არაფერს წარმოადგენენ.
მსგავსი ტიპის ფეხბურთელების ეროვნული ნაკრების დონეზე გამოჩენა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - მათი, რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვას.
ასეთ ხერხს პატარა და არც ისე ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებში მიმართავენ ხოლმე, მათ შორის საქართველოშიც. 21-ე საუკუნის პირველ ათლწეულში ასეთი რამ ჩვენ ნაკრებშიც შეინიშნებოდა.
რა თქმა უნდა, მსგავს თემაზე ღრმად საუბარი რთულია, რადგან პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ამაზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს, ვისაც ფეხბურთი უყვარს და სტკივა.
არ არის აუცილებელი შერლოკ ჰოლმსი იყო, რომ ეს ყველაფერი დაინახო. ნაკრებში არის ბევრი მაღალი დონის მოთამაშე, ასევე არიან საშუალო დონის გამოსადეგი კადრებიც, მაგრამ მწვრთნელი, რომლის დონეც ფსკერთან ახლოსაა, რატომღაც იძახებს სრულიად უცნობ მოთამაშე(ებ)ს და მას მნიშვნელოვან შეხვედრაში შანსს აძლევს. არენტინელთა შემთხვევაში ამის ყველაზე კარგი და ნათელი მაგალითი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ხორხე სამპაოლის გადაწყვეტილებები იყო.
მაქსიმილიანო მესას 2018 წლის მუნდიალზე გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცა, ვიდრე პაულო დიბალას...
დიახ, შესაძლოა მწვრთნელმა გარისკო, ახალბედას შანსი მისცე და მან გაგიმართლოს, ან ვერა. ამას რისკი ქვია და ის ფეხბურთში აუცილებელი რამ არის, მაგრამ, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებები წლები გრძელდება და თან აბსოლუტურად ყველა მათგანი კრახით სრულდება - აქ უკვე ადამიანს გონივრული ეჭვი გიჩნდება, რომ საქმე არაპროფესიონალიზმთან და კორუფციასთან გაქვს.
არგენტინული ფეხბურთი ჭაობშია და უკვე დიდი ხანია სფერკზე იმყოფება. იმდენად ღრმად არიან ჩაფლულები, რომ იქიდან ამოსვლას წლები დასჭირდება, თუმცა ტაპია მეორე ვადით აირჩიეს და მეეჭვება „ალბისელსტემ“ და ლეო მესიმ უახლოეს წლებში რაიმე ღირებულს მიაღწიონ.
ედგარდო ბაუსა და ხორხე სამპაოლი - ეს სია მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს - ადვილად სამართავი, არც ისე მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ფედერაციის დავალებას ადვილად შეასრულებენ, რადგან უარის შემთხვევაში პოსტიდან მოისვრიან და ამ დონეზე მუშაობის მეორე შანსს ვერ მიიღებენ. ეს არის „კარგი“ შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს აწყობს.
მოკლედ, „გამოსადეგი იდიოტები“, როგორც ლენინი ამბობდა. ფეხბურთის ფედერაცია მარტივად სამართავ გამოსადეგ იდიოტებს შესანიშნავად იყენებს.
არგენტინის ნაკრების ტაქტიკურ მონახაზებზე სუაბარი დაუსრულებლად შემიძლია, თუმცა ეს დიდ დროს წაიღებს და არც არის საჭირო, რადგან 14 წლის ბავშვიც ხედავს, რომ ასე უაზრო სქემით თამაში „ფლეისთეიშენშიც“ კი გაუმართლებელია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა (და არამარტო) კიდევ ერთხელ, ყველაფერი მარტივად დაგვანახა.
არგენტინა რუსეთში ჩავიდა და მატჩიდან მატჩამდე მწვრთნელი გუნდისთვის შესაფერის ტაქტიკას ეძებდა. როდესაც 2 წლის მანძილზე შესაფერის სქემას და სასტარტო შემადგენლობას ვერ არჩევ, შემდეგ უშუალოდ ტურნირზე ამის გაკეთება გიწევს - ეს, ყველასათვის ნათელს ხდის, რომ ბევრს არაფერს წარმოადგენ და შენი დამარცხება მარტივია.
ასე, რომ ბრიყვი არგენტინელები სანამ მიწაში ჩარგულ თავებს არ ამოიღებენ და პრობლემებს არ დაინახავენ, შემდეგ მათ არ აღიარებენ, იქამდე მათ არაფერი ეშველებათ.
"ფეხბურთი ტანგოსავითაა. ჩვენი ნაკრები კი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრს და გაუაზრებლად დარბის. ასეთი სტილი ფეხბურთის ნომერ პირველი მტერია. ამის ყურება საშინელებაა. როგორც წესი, მატჩებისთვის ემზადებიან და მოწინააღმდეგის ტაქტიკას განიხილავენ, მაგრამ არგენტინას ასეთი არაფერი ეტყობა ხოლმე. როცა მესი ბურთს იღებს, წინ გარბის და ფიქრობს, შეიძლება თუ არა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშე მოატყუოს. ეს ძალიან რთულია.
მე გუნდის მდგომარეობა მაწუხებს, მესის გამო არ ვწუხვარ. მას კიდევ ვიღაც სჭირდება, ვინც დაეხმარება და გადამწყვეტ მომენტში ისე ითამაშებს, როგორც ამას „ბარსელონას“ ფეხბურთელი უნდა აკეთებდეს“, - სესარ ლუის მენოტი.
მენოტის მსგავსი მწვრთნელები და პიროვნებები არგენტინულ ფეხბურთს უკვე დიდი ხანია აკლია.
მეორე მიზეზი - „კვერცხების“ ნაკლებობა
არგენტინულ ფეხბურთში აღარ არიან დიეგო სიმეონეები (მარადონაზე არაფერს ვამბობ), არც მინდორზე და მითუმეტეს არც მწვრთნელის სკამზე.
სულით მებრძოლი ფეხბურთელი, რომელიც არ ტყდება და ბოლომდე იბრძვის. მინდორზე გუნდელებს უყვირის, ამხნევებს და შეიძლება თამაშით ვერა, მაგრამ ემოციურად მათ ლიდერობს.
ჩვენ, თანამედროვე ფეხბურთში გვინახავს შემთხვევები, როდესაც მოედანზე საჭირო დროს სიტუაცია ფეხბურთელებმა გამოასწორეს და მათ მწვრთნელის როლი ითავეს.
მაგალითად, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას კარგად ახსოვს, რომ საფრანგეთის ნაკრებში ჯგუფურ ეტაპზე განხეთქილება იყო. გუნდი ისე ვერ თამაშობდა, როგორც უნდა ეთამაშა. კოლექტივმა მწვრთნელის მიმართ ნდობა დაკარგა და პრობლემები თამაშზე მალევე აისახა.
ზინედინ ზიდანმა, პატრიკ ვიეირამ და კლოდ მაკელელემ სადავეები ხელში აიღეს და გუნდში სიტუაცია დაალაგეს. ამ ამბავმა გასახდელიდან მალევე გამოჟონა, რაც რთული დასაჯერებელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან „მამლების“ მაშინდელი მწვრთნელი რაიმონ დომენეში მაღალი დონის სპეციალისტი არასდროს ყოფილა.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მისი პოსტზე დატოვება, ფრანგებისთვის როგორც დასრულდა ყველამ კარგად ვნახეთ...
არგენტინის ნაკრებში ასეთი ტიპის ფეხბურთელების ნაკლებობაც არის. გუნდში „კვერცხებიანი ტიპების“ დეფიციტია.
მესი ამას თავის თავზე ვერ აიღებს, რადგან ის ასეთი არ არის. ლეო სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია. მას სხვა ხასიათი აქვს და იგი სიმეონე, ან მარადონა ვერასდროს იქნება.
მესიც ადამიანია და ისიც ითიშება, მისი დაკეტვაც შეიძლება, ისიც აფუჭებს ხოლმე ხელსაყრელ მომენტებს და ეს არც ისე რთული შესამჩნევია.
ტაქტიკური მონახაზი, სწორად შერჩეული შემადგენლობა, გუნდური თამაში, გააზრებული შეტევები და დროული ცვლილებები, გამომაფხიზლებელი მოთამაშე, რომელიც გუნდელებს საჭირო დროს შემოუძახებს - როგორც ხედავთ სიაში ბევრი რამ არის და „ალბისელესტეს“ აქედან არცერთი არ აქვს.
რაც არგენტინის ნაკრებს აქვს, ეს ვარსკვლავური გვარებია, რომლებიც ამ ყველაფრის გარეშე, წარმატებით მხოლოდ „ფლეისთეიშენში“ თუ ითამაშებენ.
იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელია. რამდენი მესიც არ უნდა გყავდეს გუნდში, გამორიცხულია, რომ იმ ფუნდამენტის გარეშე ვინმეს რამე მოუგო.
ფეხბურთი დღეს უკვე მეცნიერულად არის შესწავლილი. გუნდებში ყურადღებას ისეთ რაღაცებს აქცევენ, რომ ყველაფრის გაგების შემდეგ, შეიძლება პირდაღებული დარჩეთ. ვინ რამდენს დარბის, ვინ რას ჭამს, როგორ იქცევა სახლში, რას წერს სოციალურ ქსელში, როგორი ტანსაცმლით მოძრაობს, რა მანქანა ჰყავს, რამდენად ხშირად იცვლის ვარცხნილობას, როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და როგორ რეაგირებს ის კონკრეტულ მომენტებში - მოკლედ, ეს მცირე ჩამონათვალია და ჯამში ბევრი წვრილმანისგან შედგება, რომელიც საბოლოოდ მთლიან სურათს ქმნის.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ფულის შოვნაზე ორიენტირებული დილეტანტები მუშაობენ და რა თქმა უნდა, მათთან საქმის დაჭერა არც სიმეონეს, არც პოჩეტინოს და საერთოდ არცერთ მაღალი დონის არგენტინელ სპეციალისტს არ სურს.
ფეხბურთი დღეს ბიზნესია, თან ძალიან მოთხოვნადი, რომელშიც იმიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა, შენ ის შეგელახება, შემდეგ მის აღდგენას დიდი დრო ჭირდება, რაც ბუნებრივია არავის სურს.
დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ბრაზილიაშიც, თუმცა „პენტაკამპეონები“ ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ ჯამში „სელესაო“ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპულ გრანდებს შესაფერის წინააღმდეგობას ვერ უწევს და მათი ფავორიტთა შორის მოხსენიება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი უბრალოდ ბრაზილიას წარმოადგენენ და ყვითელი მაისურები აცვიათ, რაც სპორტის ამ სახეობაში ძალიან ბევრს ნიშნავს.
ბრაზილია დღეს ნეიმარივით არის - წლებია მათგან (მისგან) სპექტაკლებსა და დიდ გამარჯვებებს ელოდებიან, თუმცა საბოლოოდ, ხელში მხოლოდ იუთუბზე აწყობილი რამდენიმე სასიამოვნოდ საცქერი ვიდეო გვრჩება.
შესაძლოა ამ მომენტისთვის მათი შედარება და ერთ კონტექსტში მოხსენიება არასასიამოვნოც იყოს, თუმცა მაინც ვახსენე, რადგან ორივე მათგანი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის სახეს წარმოადგენს, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ შელახულია.
და ბოლოს - რა ეშველება არგენტინის ნაკრებს? უახლოეს წლებში ვფიქრობ არაფერი. პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციაში ნამდვილი პიროვნებები უნდა მივიდნენ და ვითარება შეცვალონ, რომ მათთან მუშაობის სურვილი მაღალი დონის მწვრთნელებსაც გაუჩნდეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა პროგრესიც ექნებათ.
ეს ომი არ არის, რომ ვინმეს პატრიოტობა მოსთხოვო. ეს ბიზნესია, ეს შენი ცხოვრებაა და არ ხარ ვალდებული, შენი შრომა, დახარჯული დრო და ნერვები კლაუდიო ტაპიას მსგავს დროსჩამორჩენილ უვიც, აფერისტ და ამავდროულად თავხედ პიროვნებას შესწირო, რომ შემდეგ შენი კარგი მუშაობით, მის სახელს წონა მოემატოს, ხოლო თუ არაფერი გამოვა, ასეთ შემთხვევაში შენი კარიერა დაინგრევა, ის კი რბილ სავარძელში დარჩება და მორიგი გამოსადეგი იდიოტის ძებნას დაიწყებს.